ხათუნა ტურძელაძე - მარტი 2008 Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 26 იანვარი 2010 18:34

Freitag, 14. März 2008

* * *

გაქრნენ ფიქრები, გაქრა მუზა, გაქრა ოცნება,
გაქრა ღიმილი, გაშრა ცრემლი, სევდასაც ვერ ვგრძნობ,
დავცარიელდი! ვაი, როგორ დავცარიელდი...
სულში ბოროტად მომღიმარი წყვდიადი მეფობს.
გაქრნენ სიტყვები, გაქრა მზერა და მოლოდინი,
გაქრა ყოველი... შენთან ერთად ყოველი გაქრა...
ირგვლივ სიცივე, ისევ წვიმა და სიმარტოვე...
მე მხოლოდ ღამის ყრუ ჩურჩულით ვერთობი ახლა...



Mittwoch, 12. März 2008

* * *

ვითარც სამოსი მომეხვია სიჩუმე ღამის
და ღელვა ამ ზღვის ჩამისახლდა სულის სიღრმეში,
რომ მოხვიდოდე ეხლა ჩემთან თუნდ ერთი წამით,
რომ მოხვიდოდე ისე უცებ, როგორც ფიქრებში,
გავგიჟდებოდი უფრო მეტად ვიდრე ზღვა ქარში,
ავტირდებოდი უფრო ძლიერ ვიდრე შავი ცა,
გაგიღიმებდი უფრო ნაზად ვიდრე მზე მარტში
და დავიწყებდი სულ ყველაფერს ისევ თავიდან...