ხათუნა ტურძელაძე - ოქტომბერი 2007 Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 26 იანვარი 2010 18:27

Sonntag, 28. Oktober 2007

* * *

შემოდგომა ლამაზ წითელ-ყვითელ ფერებს
გადააბნევს ბალახს, გადააბნევს ხეებს,
აამღერებს ქარს და ღრუბლებს წვიმად დაცრის,
ფოლით მორთავს ქუჩებს, ნისლს ფარდებად გაშლის.
აივსება სევდით მდინარეთა ხმები,
ჩაეფლობა ფიქრში ბუმბერაზი მთები,
მდუმარება მოვა, დაიბუდებს ხევში,
ტყე ხანდახან როგორც ბერიკაცი ხვნეშის...
დაბნელდება... სუსხი იბატონებს ღამით,
და სიმკაცრით ალბათ შემაშინებს მაინც.
სიქათქათე წაშლის მერე ირგვლივ ყოველს...
ოღონდ ეხლა არა... გთხოვ, ნუ მიმატოვებ...



Freitag, 19. Oktober 2007

* * *

მაოცებს მზერა მაგ თვალების აღსავსე ფიქრით,
მაოცებს სევდა უსასრულო, სულში რომ მალავ,
შენ რომ არა თქვა, სულ ყველაფერს თვალები იტყვის,
ბაგეც კი გაგთქვამს, გაიხსნება ისე ლამაზად.
ასწი წამწამნი, შემომხედე, რომ მე მათ ჩრდილში,
ყოველი აზრი ზედმიწევნით ამოვიკითხო...
თუ დავიკარგე უგზო-უკვლოდ შენსა ღიმილში,
გაფიცებ ყოველს, არასოდეს არ მომიკითხო!