აკაკი წერეთელი - გაზაფხული Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 19:23

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

“გაზაფხული! გაზაფხული!”

გულს იმედი დამესახა.


მივდექ სარკმელს, გადვიხედე,

არემარე მესხვაფერა! -

სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამიძგერა!


სუნი მეცა გაზაფხულის,

უცნაური ვიგრძენ ძალი...

ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?

ახლოს არის მომავალი!


“მოვესწრები, რაც მინდოდა

ზამთრისაგან დაჩაგრულსა:

ვნახავ ქორწილს ბუნებისას,

გავიგონებ მის მაყრულსა.


“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად “ტია, ტიას!”


1881 წ.