«გამოფენის მოწყობის უპერსპექტივობა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:15

ტფილისი, 22 აპრილი

ვისაც კი ცოტად მაინც თვალ-ყური უდევნებია მისთვის თუ, რა მდგომარეობაშია ეხლანდელი სამრეწ-ველო და სამეურნეო წარმოება სრულიად რუსეთისა, ეცოდინება, რომ ამჟამად ბევრმა რუსეთის ეკონო-მისტებმა ყველამ ყურადღება მიიქცია, თავიანთი კარაბადინები გადაშალეს და წამლისა და მალამოს რჩევა დაიწყეს. თვითვეული ამას ამბობდა და ამბობს: თუ ჩემ მიერ ნარჩევს გზას დაადგებიან, საეკონომიო წალკოტი სრულიად რუსეთისა მთლად გადიშლება და აყვავდებაო.
სხვათა და სხვათა კარაბადინებში ნაპოვნ მალამოთა შორის, რომლითაც ან ერთს, ან მეორეს ჰსურს წყლული სამრეწველო და სამეურნეო წარმოებისა გაამთელოს, გამოფენების გამართვაა. მართლადა, წლევანდელს წელიწადს ყველა ამ გამოფენამ გაიტაცა და თითქო შესაყარი და გადამდები რამ სენიო, დიდსა და პატარას ენაზედ სულ ეგ აკერია. ჯერ ეს წელიწადი იმითი დაიწყო, რომ მოსკოვში მეთევზეობა და თევზეულობის გამოფენა გაიმართა; აპირობენ გამართვას “სრულიად რუსეთის სამეურნეო გამო-ფენისას” ხარკოვში,  “ურალის სამრეწველო გამოფე-ნას”, ეკატერინებურგში; განზრახვა იყო გაემართნათ პეტერბურგში “თევზის მოშენებისა და თევზის ჭერის გამოფენა სრულიად რუსეთისა”, მაგრამ ჯერხანად სახელმწიფო ქონებათა სამინისტრომ შეაყენა და სამერმისოდ გადასდვეს. არც ჩვენი მხარე გადურჩა ამ გამოფენის წყურვილსა.
ჩვენც, ჩვენის მხრით, კავკასიის სამეურნეო გამოფენა გავმართოთო, ბრძანა ბ-ნმა დინ გელშტეტმა და არამცთუ ბრძანა, მთელი მოხსენება წაიკითხა ამ საგანზედ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში და ჰსურდა ამავე 1887 წელს გამართულიყო ტფილისში სრულიად კავკასიის გამოფენა.
რით და რის გამოა სანატრელი გამოფენა? ამბობენ, რომ გამოფენა მწარმოებელს იმით ახალისებს, აქეზებს თავისი ნაწარმოები გამოიტანოს გამოფენაზეო, რომ თუ მოსაწონია, ჯილდოს მიიღებს. ამ ჯილდოს იმედით ყველა ეცდება, ნაწარმოები, რაც შესაძლოა, განა-კარგოს და ამ გზით განკარგდება თვით წარმოებაცაო. რაკი ყველა, თუ უმეტესი ნაწილი გამოიტანს გამოფე-ნაზე თავის ნაწარმოებს, ჩვენი ინტელიგენციაც დაინახავს სრულს სურათს იმ მდგომარეობისას, რა-შიაც იმყოფება სასოფლო და სამრეწველო წარმოებაო. სამზღვარგარეთიდამაც გვეწვევიანო, ჰნახვენ ჩვენს ავლა-დიდებას, ჩვენს მშვენიერს ნაწარმოებს და აღებმიცემობას გაგვიმართვენო. თვითონ მწარმოებელიც ერთმანეთს დაინახვენ, თავის მეზობელ და მოძმეს გაიცნობენ ერთმანეთის ავსა და კარგს გაიგებენო და სხვანი და სხვანი.
ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუ მართლა ეგრეა. ეგრე კია? ეგრე მართალი მარტო მაშინ იქნება, თუ კაცს დაანახვებთ ერთს მშვენიერ რომელსამე სასახლეს ტფილისში და ამით აფიქრებინებთ, რომ მთელი საქართველოს ერი ამისთანა სასახლეებში ქეიფობს. მართალია, შვენიერად მორთულად უჯრებში მინის სახურავქვეშ გამოწყობილი იქმნება მშვენიერი, თეთრი და საოცარი მატყლი, საოცარი და მშვენიერი ხორბალი, ბამბა, აბრეშუმი, ღვინო, ჩითი, ნაქსოვი და სხვა საუცხოვოდ და საგანგებოდ გაკეთებული, ან მოყვანილი ნივთი რამ. ნუთუ ეს მართალი სურათი იქნება მისი, რაც მართლა და ნამდვილად არის? ის საოცარი ნივთები, რაც გამოფენაზედ გამოაქვთ, რომ სანთლით ეძებოთ გამოფენის სადგურის გარედ ხომ ვეღარსად ჰნახავთ! იგინი ხომ სულ ნიმუშებია და სანიმუშედ განგებ გაკეთებული თუ მოყვანილი; ხომ ამ ნიმუშის საქონელს ვერსად იპოვით საყიდლად იმიტომ, რომ ჩვენებური უთავბოლო ბაზარი სხვადასხვა მიზეზის გამო მაგ ქებათა ქების ღირს საქონელს მამინაცვლად ეკიდება და თვითონ საზოგადოებამაც და ერმაც კარგად იცის, რომ ყველა ეგ სახელისათვის არის და არა სახრავისათვის, ყველა ეგ ნამდვილი შვილი კი არ არის ჩვენის მეურნეობისა, არამედ გერია, აზიზად და სათუთად გაზრდილი მოკმაზ-მოპრანჭული მამინაცვლისაგან თავმოწონებისათვის.
ჩვენის ფიქრით, არამსოფლიო გამოფენის აზრი უმთავრესად და ყოველთ უწინარეს ის უნდა იყოს, რომ ვნახოთ იგი, რაც სახელწოდებულ ერის საეკონომიო საგზალს შეადგენს, რითაც ერი საყოველ-დღეოდ ჰრჩება, იკვებება, აღებმიცემობს და ჭირს და სიხარულს ამა ქვეყნისას ასე თუ ისე უძღვება. აქ იმისთანა ნიმუშია საჭირო, რომელიც ტიპად მისაღებია ამა და ამ ერის წარმოებისა, რომელიც გვანიშნებს სიკეთეს ზოგადის ნაწარმოებისა და არა მარტო განსაკუთრებულისას და საგანგებოდ ნამოქმედარისას. ერის საეკონომიო მდგომარეობის ცოდნისათვის მარტო ესეთი გამოფენაა საჭირო, თუნდ ამ გამოფენაზედ ერთიც არ იყოს ნიმუში საგანგებოდ გაკეთებულისა თუ მოყვანილისა. მხოლოდ მაშინ წარმოუდგება კაცს გამოფენაზე ერი თავის ორთა შუა ძალ-ღონით, თავის ეკონომიურ ყოფის მეტნაკლებობით, რადგანაც ამისი მაჩვენებელი მარტო შუა სახეა ნაწარმოებისა და არა ცალკე საგანგებო რამ.
შესაძლოა და საჭიროც, რასაკვირველია, საგანგე-ბოდ ნამოქმედარის ნახვაცა, რომ კაცს თვალწინ ჰქონდეს მაგალითი იმისი თუ, სადამდე მისაღწევია ამა და ამ დროს და ამა და ამ ადგილს განკარგება რომე-ლისამე ნივთისა, ან საქონლისა, თუ კაცი ცოდნით, გამჭრიახობით და ბეჯითად შეუდგება საქმეს. ხოლო ეგ ერის საეკონომიო ძალ-ღონის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ თვითვეულის ცალკე ოსტატისა, _ და ამისთანა ოსტატების ჩამოთვლას ჩვენში ადამიანის ათი თითიც ეყოფა. ჩვენთის, რომელთაც არა ვიცით რა ჩვენის ქვეყნისა, უფრო საჭიროა იმისთანა ნაწარმოების გამოფენა, რომელიც გვანიშნებს რაც ჩვენში საყოველდღეოა და არა იშვიათი და საგანგებო; რაც ჩვენში ათასში ცხრაასი მაინც არის და არა ათასში ერთია მარტო გამოსარჩევი და თითით საჩვენებელი.
ჯერ ერთი, ეს ვსთქვათ, რომ იმისთანა გამოფენაში რომელსაც მართვენ ხოლმე ვითომდა მწარმოებელის სახელითა და მის საცოდნელად და გამოსაკეთებლად, მწარმოებელი თითქმის წრეს გარეშე ჰრჩება და ამ გამოფენისაგან არც ეცივება და არც ეცხუნება. წამდაუწუმ კი მწარმოებელს ახსენებენ, მწარმოებელის საბედნიეროდ ჰნაღვლობენ და მართვენ გამოფენას. საინტერესოა შევიტყოთ, _ რა ნუგბარი ერგებათ ხოლმე თვით მწარმოებლებს? თქმა არ უნდა, კაი საქმეა უკეთესმა მწარმოებელმა ჯილდო მიიღოს, კაი საქმეა თუ თავისი არა, სხვისი კარგად ნაკეთები ჰნახოს და ისწავლოს, მაგრამ ერთი ეს ვიკითხოთ: რომელს გამოფენაში მიუღია მონაწილეობა თვით მწარმოებელს? ან როგორ მიიღოს, თუ გამოფენა მარტო საგანგებოდ ნაკეთებს ეგებება სიხარულით და საყოველდღეოზედ კი ცხვირს მაღლა იწევს? ამ შემთხვევაში გამოფენა იშვიათს ჰთხოულობს და მწარმოებელი კი საზოგადოდ იშვიათის მკეთებელი არ არის. იშვიათის გამომტანნი კი ცალკე კაცნი არიან და არა კრებული ზოგად მწარმოებელთა. ამიტომ მოხდება ხოლმე ის სასაცილო ამბავი, რომ გამოფენის ჯილდო ხშირად იმას შეხვდება ხოლმე, ვისაც დაჯილ-დოებულის საგნის შესაქმნელად ხელიც კი არ გაუნძრევია. ვინ არ იცის, რომ “სრულიად რუსეთის გამოფენაზედ” პეტრუს მაკაროვმა მიიღო ჯილდო კარგის კახურის ღვინისათვის და ვგონებთ არაერთხელ და ორჯელაც, მაგრამ ამასთან ვინ არ იცის, რომ პეტრუს მაკაროვს კარგის კახურის ღვინის ბრალი იმოდენად დაედება, რამოდენადაც ჩინეთის ბოღდიხანსა. რა ნუგეშია თვითონ ღვინის მწარმოებელისათვის, რომ სირაჯმა მისგან ნაყიდს ღვინოში ჯილდო გაიკრას! აბა, რა შუაშია აქ მწარმოებელი? სად არის იმისი სახელი?
ჩვენის ფიქრით, რაკი გამოფენა იმ აზრზედ იქნება მარტო აგებული, რომ საგანგებო ნაწარმოების კოლ-ლექციით ისახელოს თავი, მწარმოებელი, რომელიც საზოგადოდ ორთაშუა სიკეთის მქონებელს საქონელს ამზადებს, მორიდებული იქმნება და მარტო მექარ-ხნეები, ვაჭრები და ჩარჩები თუ გამოიყენებენ გამოფენას იმ მხრით, რომ სახელი გაითქვან, დუქანზედ დააწერონ “დაჯილდოებულია ამა და ამ გამოფენაზედ” და მუშტარი მოიპოვონ. აბა ამისთანა ჯილდომიღებულს ვაჭარს, მექარხნეს, თუ ჩარჩსა უთხარით: იმ ნიმუშის საქონელი მინდა ვიყიდო, რაც შენ გამოფენაზედ გქონდა და მამყიდეო, თუ სასაცილოდ არ აგიგდოთ, როგორც უგუნური მტრედი.


ილია ჭავჭავაძე