«შნებელეს საქმე» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:14

ტფილისი, 21 აპრილი

საფრანგეთის გაზეთი “Nატიონ”-ი, რომელიც სხვაზედ უფრო მშვიდობისმოყვარეობით ცნობილია, ამბობს:

“ის ამბავი, რაც პანიეში მოხდა, თუ რაიმე შეცდომის შედეგი არ არის, პირდაპირ ომში გამოწვევის ამბად უნდა ჩაითვალოს. გერმანია საომრად გვიწვევს და ჰსურს ომი ჩვენ დაგვაწყებინოს. ჩვენ ვერ წაგვიტყუებენ. ჩვენი პირველი ვალი ის არის, რომ თავი დავიჭიროთ და არ ავჩქარდეთ. თავის დაჭერა და გულმაგრობაა ყველაზედ უწინარეს საჭირო ჩვენთვისა! გაუფრთხილებელს სიტყვას ანუ მოქმედებას შეუძლიან საქმე ომამდე მიიყვანოს და საფრანგეთი იმ მახეში გაიბას, რასაც გერმანია უგებს. ევროპა თავის მხრითა ჰხედავს, რომ საფრანგეთს ომი არ ჰსურს. საფრან-გეთსა ჰსურს თავისის ღირსების საკადრისი მშვიდო-ბიანობა და არასგზით არა აიტანს, რომ სირცხვილი აჭამოს ვინმემ. საფრანგეთი ჰცდილობს ომს მოერიდოს, მაგრამ უკანასკნელს გროშს, უკანასკნელს ჯარისკაცს გამოიმეტებს, თუ მის პატიოსნებას, თავმოწონებას და დამოუკიდებლობას შეეხნენ”.

ამავე ამბავზედ ინგლისის გაზეთი “თიმეს”-ი ამბობს:

“ჯერ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ამბავი მალე სრულიად აიხსნება და რაც ეხლა გაუგებარია, მას შუქი მოეფინება, მაინცდამაინც კი ეხლა ძნელია, კაცმა თავი დაიჭიროს, ამ ამბის განმარტებას ხელი არ წაატანოს. თუ მართლა ყოველივე ეს მართალია, რასაც საფრანგეთში ჰლაპარაკობენ, აქ ხალხთა შორის მართებულობის დარღვევა ისეთი დიდია, რომ დაუყოვ-ნებლივ განთავისუფლება შნებელესი აუცილებელია და ამასთანავე გერმანიის მთავრობამ ბ-ნ გაუჩის მოქმედება უკანონო მოქმედებად უნდა აღიაროს, უამისოდ აუცილებელია, რომ სადიპლომატო უსიამოვნობამ თავი არ იჩინოს”.

რა არის პანიეში მომხდარი ამბავი? ვინ არის შნებელი, გაუჩი და რა მოხდა ისეთი, რომ ასე მკვახედ აალაპარაკა გაზეთები და შიშის ზარი იგრძნო ყველამა? შნებელი გახლავთ საფრანგეთის პოლიციელი კამისარი ზედ საფრანგეთის სამზღვარზედ და ეხლა 60 წლის კაცია. იგი თავდადებული, ერთგული მამულის-შვილია საფრანგეთისა და ამის გამო მეტად პატივცემული და ცნობილი საფრანგეთში. იგი საპატიო ლეგიონის ნიშანის მქონებელია, სარწმუნოებით პროტესტანტია. ბისმარკმა არაერთხელ შეაძლია დიდი თანამდებობა, ოღონდ გერმანიაში გადმოდი სამსა-ხურშიო, მაგრამ შნებელემ დაბალი თანამდებობა ირჩია საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში მაღალი. შნებელეს დიდი ხმა, გავლენა და კავშირი ჰქონდა ელზას-ლოტარენის მამულიშვილებთან და საფრანგეთშიაც ძალიან თანაუგრძნობდა და ჰშველოდა ეგრედწოდებულ “სამამულიშვილო ლიგასა”, რომელსაც ამ უკანასკნელ დღეებამდე მოთავედ ჰყვანდა სახელგანთქმული დერულედი და ეხლა ელზასელი სანბეფი ჰყავს, კაცი თავგამოდებული, გულმაგარი და გამბედავი, როგორც დერულედი გვარწმუნებს. ამ შნებელეს გერმანიელნი ავის თვალით უყურებდნენ, რადგანაც სწამებდნენ, ვითომ იგი აქეზებს ელზას-ლოტარენის მკვიდრთაგან გამოყვანილ ჯარისკაცთ, რომ გერმანიის ჯარებს მოჰშორდნენ და საფრანგეთში გამოიქცნენ. ამასთან ისიც მიზეზად დახვეული ჰქონდათ გერმანელებს, რომ ელზას-ლოტარენიდამ საფრანგეთის მომხრეობის გამო განდევნილს რეიხსტაგის დეპუტატს ანტუანს მასპინძლობა გაუწია და კარგად დაუხვდა.
გაუჩი გერმანიის პოლიციელი კამისარია, მზვე-რაობით “შპიონობით” ცნობილი. პანიე საბაჟო სადგურია, თითქმის ზედ სამზღვარზედ საფრანგეთისა და გერმანიის შუა, მეცთან ახლოს, სულ სამს გადანაცვლობის მანძილზედ. ამ საზღვარზედ, რასაკვირ-ველია, მიჯნის სანიშნავი ბოძებია დამწკრივებული. ერთი ამ ბოძთაგანი, გერმანიის მხრით გადაქცეულ იყო. რადგანაც წესისამებრ გადაქცეულის ბოძის ხელახლად აღდგენა მოსამზღვრეთა კამისარების თანადასწრებით უნდა მოხდეს, ამიტომაც გერმანიის კამისარს გაუჩს ბარათი მიუწერია შნებელესათვის და უთხოვნია, დაესწროს. შნებელე მისულა, მაგრამ გაუჩი არ დაჰხვედრია, რადგანაც ეცნობებინა ეხლა არა მცალიანო. ამის შემდეგ მეორედ მიუწერია და შნებელე ხელახლად მისულა. გაუჩი არ დახვედროდა და ამის ლოდინში შნებელე ბოლთის ცემას მოსდგომია და რამდენისამე ადლის მანძილზედ გადმოსცდენია სამზღვარს. მაშინ იქავ ახლო ვენახიდამ გამოცვივნულა ორი ჩასაფრებული კაცი და წაუტანებიათ ხელი დასაჭერად. შნებელე თურმე ძალიან ხელღონიერი კაცია და ორივე დაუცია დედამიწაზე; თითონ კი მოუკურცხლავს და საფრანგეთის კუთვნილს ადგილზედ გადასულა. ეს ორი კაცი წამომდგარა, გამოსდგომია, მოსწევნია და დაუჭერიათ შნებელე. რადგანაც აქაც გასძალებია, გაუყრიათ ხელ-ფეხში ბორკილი და ისე ზეზეულად წამოუღიათ. გერმანიელთ, რასაკვირველია, არც აცივეს და არც აცხელეს, აიღეს და პატივცემული შნებელე მეცის ციხეში ჩააბძანეს.
ეხლა ამბობენ, რომ სულ ყოველივე ესე წინ დაწყებული ოინბაზობაა გაუჩისაო: გამოიტყუვა შნებელე სამზღვარზედ და ხაფანგში მოამწყვდიაო. ამასაც ამბობენ, რომ თვითონ გაუჩი იმავე ვენახში ყოფილა ჩასაფრებული, საიდამაც ის ორი კაცი გადმომხტარა შნებელეს დასაჭერადა. ეს კი აშკარად დამტკიცებულია, რომ ის ორი კაცი სწორედ პრუსიის პოლიციელნი ყოფილან, მეხრეს ტანისამოსით განგებ ჩაცმულნი.
აი, ის პანიეს და შნებელეს ამბავი, რომელმაც ასე ააყაყანა ეხლა მთელი ჟურნალ-გაზეთობა ევროპისა და ფეხზედ დააყენა საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატია. ეხლა საფრანგეთის მხრითაც და გერმანიის მხრითაც დიდი გამოძიებაა ამ საგანზედ დანიშნული. ამ ამბავს ძალიან აუმღვრევია გული მთელის საფრანგეთისათვის და ბირჟაზედაც კი ბირჟის ქაღალდების ფასი ძირს დაუწევია. თვითონ ზემომო-ყვანილის “Nატიონ”-ის და “თიმეს” – ის სიტყვებისაგან სჩანს ამ თვალად პაწია საქმეს რა მნიშვნელობა აქვს დრევანდელ უამისოდაც გულამღვრეულ და შემრეზილ დღისათვის. თქმა არ უნდა, რომ გერმანიას დასჭირდება ბოდიშის მოხდა და თუ ამ გზით როგორმე გული არ მოუგო საფრანგეთსა და მის სამართლიანს თავმო-წონებას ნუგეში არა მისცა რა, შესაძლოა საქმე ხმალზედ მივარდეს. ამისთანა უკადრისობას ვერ აიტანს ვერა თავისთავის პატივმცემელი ერი და ნამეტნავად იმისთანა თავმომწონე, როგორიც საფრანგეთის ერია.


ილია ჭავჭავაძე