«ტრაგედია რკინიგზაზე» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 23:24

ტფილისი, 26 მარტი

ჩვენის გაზეთის მკითხველებმა უკვე იციან _ რა უბედურება მოხდა რკინიგზის გზაზედ წიფასა და ფონას სადგურებს შუა. ზვავი მიწისა მორღვეულა, დასცემია საყარაულოსა, მიუნგრევ-მოუნგრევია საყა-რაულო, საცა სძინებია თორმეტ მუშა-კაცსა, ქვეშ გაუტანია ყველა ესენი და გამოუსალმებია წუთის-სოფლისათვის თავისიანთა და მახლობელთა დაუტირებლად.

საცოდავნი!... შიმშილისა და წყურვილისაგან საიდამ სად წასულან სამუშაოდ, უწყალო ბედმა სად გაუთხარა სამარე? კორრესპონდენტები იწერებიან, საცოდავებს ცოლები და წვრილშვილნი დარჩენიათ. სწორედ ამ ცოლ_შვილის, გაჭირების მაყურებელთა ვეღარ აიტანეს ნაკლებულობა და მწუხარება, ცოლ-შვილს გამოეთხოვნენ იმ აზრით, რომ  წავალთ, გავირჯებით, ორიოდ გროშს ვიპოვით და აღდგომა დღეს მაინც მაძღრობისას და სიხარულისას გაგითენებთო, მაგრამ მათმა შავ-ბედმა ისე იმუშავა, რომ იგინი შეაკლა ამ იმედს. ჩვენი კორრესპონდენტი იწერება.

ასე უეცრად გამოესალმნენ ეს საცოდავნი ამ წუთისოფელს და ნათესავთა და ცოლ-შვილთა ცრემლი არ ეღირსათ. ათას გაჭირებას გაუძლეს იმ იმედით, რომ სააღდგომოდ მაინც ვნახავთ ჩვენს ცოლ-შვილს და გავახარებთ ჩვენის ნამუშევარითაო. მაგრამ ისე თქვენმა მტერმა გაიხაროს, როგორც მათი ცოლ-შვილი გაიხარებს ამ ამბის გაგონებაზედ!...

იმედმა ორიოდე Dდღის გამძღრობისამ ისე უმტყუნა, რომ სამუდამო წყარო საზდოებისაც სრულად დაუშრო მათს დამშეულს ცოლ-შვილსა, სიხარული აღდგომისა საუკუნოდ მიძინების გლოვად გადაუქცია. აღდგომის ცისკრის ზარი მათთვის გლოვის ზარი იქნება, სიხარული აღდგომისა მათთვის ტირილი და თავში ცემა იქნება. ყველანი იტყვიან ყოველთა ქრისტიანთა სასიხარულო სიტყვას: ქრისტე აღსდგაო და იმათ კი თავში ცემით, პირთა ხოკვით, ვიშით და ვაით უნა სთქვან: პატრონი მოგვიკვდაო. მათთვის საფლავი გაირღვა მკვდარის აღდგომისათვის კი არა, ცოცხალის დამარხვისათვის!...

მათ მარტო საყვარელი ქმარი, მამა, ძმა კი არ მოუკვდათ, მოუკვდათ ლუკმის მომაწვდენელი კაცი, მოუკვდათ ის, ვისზედაც დამოკიდებულია ხუთისა, ექვსისა და იქნება მეტისაც გამოზდა, გამოკვება, ჯან-მრთელობა, სიცოცხლე.

საყვარელის ქმარის, მამის ანუ ძმის გლოვა სულის მწუხარებაა. აქ ჩვენ ვერც ამის სიმწვავეს გავუნელებთ ჭირისუფალთა და ვერც ტკივილს დანაკარგისას დავაყუჩებთ. ეგ სულის ვაებაა და აქ მოყვასი მოყვასს ხელს მაგრერიგად ვერ მიაწვდენს: ვერც სიტყვა ნუგეშისა სჭრის საკმაოდ, ვერც ცრემლი გულ-შემატკივარობისა. თუ აქ ვერას ვუშველით ჭირი-სუფალთა, ეს ხომ ჩვენს ხელთ არის, რომ მათი ცოლ-შვილნი, მათი უსუსურნი წვრილშვილნი, მათი დაობ-ლებული ოჯახი მათს შემდეგ ორიოდე დღე მაინც შევინახოთ უშიმშილოდ, უმწყურვალოდ. თუ სამუდამოდ არა, სააღდგომოდ მაინც მივაწოდოთ თითო ლუკმა, რომ მათმა ბალღებმა ამ საუფლისწულო დღეს მაინც არავის შეჰნატრონ, არავის შესტორონ: გვშიან, პური მოგვიტეხეთო. ამას ითხოვს კაცთმოყვარეობა, ამას ითხოვს იგი ღმერთი, რომელიც ღარიბთა და გაჭირებულთათვის ჯვარს ეცვა და რომლის სადიდებლადაც აღდგომა დღეს მთელი ქრისტიანობა სიხარულით იგალობებს: ქრისტე აღზდგაო.

ქრისტეს აღზდეგის სახელით მივმართავთ ყველას, რომ თავისი წვლილი შესწირონ ეგრე უბედურად გარდაცვალებულების ოჯახებსა და წვრილშვილსა. ჩვენის გაზეთის რედაქცია ყოველთვის ღია იქნება შემწირველთათვის. ყოველივე შემოწირულობა თავ-თავის დროზედ გამოცხადებული იქნება გაზეთშივე.


ილია ჭავჭავაძე