«მამულების გამიჯვნის უკეთ მოწყობისათვის» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 19:38

ტფილისი, 6 მარტი

ჩვენს გაზეთში იყო თქმული, რომ მთავრობას საჭიროდ დაუნახავს, ააჩქაროს ჩვენს ქვეყანაში აქამდე ტაატით მოარული გამიჯნავება მამულებისა. ეს ამბავი დიდად სასიხარულოა ყველა იმისათვის, ვინც კი იცის, რა დიდი დაბრკოლებაა განუსაზღვრელობა კუთვნი-ლებისა მეურნეობისათვის, ერისათვის და თვით სა-ხელმწიფოსათვისაც, რომელსაც ამის გამო აუარებელი საქმეები უჩნდება, როგორც სასისხლო სამართლით გასარჩევი, რადგანაც ხშირად მამულის გამო ჩხუბს დანაშაულებიც მოსდევს ხოლმე, ისე სამოქალაქო სამართლითაც, რადგანაც დავიდარაბა ყოველთვის გასარჩევად და გადასაწყვეტად სასამართლოებამდე ადის და უამათოდ არა თავდება.

რადგანაც გასამიჯნავად დადგენილის წესისა და რიგისამებრ ყველას ნება ეძლევა _ არც შეიძლება არ მიეცეს, _ რაც თავის დღეში არ უდავნია, იმასაც ხელი წაატანოს და სადავოდ გაჰხადოს, ამიტომაც რაკი მოხელე მამულის გასამიჯნავად მივა სადმე, ყველანი ჰსწრაფობენ, დავა გამოაცხადონ, ისინიც კი, რომელთაც მანამდე ფიქრადაც არა ჰქონიათ წაედავნონ ვისმე რამე. ამის გამო საცა ორი და სამი საბუთიანი დავაა მემამულეთა შორის, იქ ათი და ოცი უსაბუთო, “იქნებაზედ” დამოკიდებული დავა თავს წამოჰყოფს ხოლმე. ეს გარემოება ამრავლებს საქმეებს და რასაკვირველია, ძლიერ აბრკოლებს გამიჯვნის სვლასა ჩვენში. ამ უსაბუთოდ დავის ატეხას კერძო კაცისაგან,  არა ეშველება რა, რაც უნდა დიდი ჯარიმა გაუჩინოთ ბოლოს გადასახდელად ტყუილის დავისათვის. რაც მერე, ბოლოს იქნება ის ისე არ აშინებს კაცსა, როგორც დღეს აქეზებს “იქნებაზედ” დამოკიდებული იმედი. უსაბუთოდ მოდავეს კი წინადვე ვერ აუკრძალავს კანონი, ნუ იდავებო. ეგ სამოქალაქო უფლების ჩამორთმევა იქნება და ამას კანონი თავის დღეში არ მოინდომებს.

ჩვენში ჰდავობენ მამულებს არამცთუ მარტო კერძო მემამულეთა და ხაზინისა ერთმანეთში. იმ ჩვენს გაზეთში მოხსენებულ ამბავიდამა სჩანს, რომ მთავრობას განუზრახავს აქ ჩვენში საკუთარი ვექილები იყოლიოს სახაზინო კუთვნილების დასაცავად, თუ ვინიცობაა მამულების გამიჯვნის დროს კერძო კაცთაგან რაიმე დავა ასტყდაო. რასაკვირველია, ეს კარგი საქმეა სახაზინო საქმეთათვის, თუ კერძო კაცმა ხაზინას დავა აუტეხა. აკი ვსთქვით, აქ კერძო კაცსა უსაბუთო დავისათვისაც კი გზა ვერ გადაეღობება, თუმცა სანატრელია, თუ რომ ეს შესაძლებელი იყოს როგორმე, ხოლო ჩვენ ეს უნდა ვთქვათ, რომ მრავალი საქმეა თვითონ ხაზინისაგან დაწყებული; მრავალი საქმეა, საცა თვითონ ხაზინა ედავება კერძო კაცსა და არა კერძო კაცი ხაზინასა. თქმა არ უნდა, რომ ვერც ხაზინას დაეშლება თავისი კუთვნილება ეძიოს კერძო კაცის ხელისაგან. მაგრამ ხაზინასა და კერძოს კაცს შორის დიდი განსხვავებაა. ხაზინა, სახელმწიფო, როგორც უმაღლესი მფარველი მართლისა, არ იკადრებს თუ არ საბუთზეც, სხვა რასმეზედ დაემყაროს დავის ასატეხად, ან სხვა რომელსამე გულის თქმას აჰყვეს, კერძო კაცს კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირად სიხარბე წააცდენს და აიყოლიებს ხოლმე. რაკი ესეა, ნუთუ ამ მხრით მაინც შეცოტავებას დავიდარაბისას არა ეშველება რა?

ჩვენის ფიქრით, ამ მხრივ შესაძლოა დიდძალი რიცხვი საქმეებისა მოშორდეს სასამართლოებსაცა და ქვეყანასაც და ამით გაადვილდეს გამიჯვნის საქმის სვლა. რომ ეს ასე მოხდეს, აი, ჩვენის აზრით, რა არი საჭირო: სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ არ უნდა მიანდოს, როგორც აქამდე წინასწარ, განურჩევლად დავის გამოცხადება “ლესნიჩის” ან ცალკე მოხელისა, რომელმაც ხშირად არც კი იცის საგანი დავისა და რა საბუთი მიუძღვის ხაზინას დავის გამოსაცხადებლად. გამიჯვნის სასამართლო ყოველ წლივ რამდენისამე თთვით წინ ატყობინებს ხალხს, რა დროს და რა ადგილას შეუდგება მოქმედებას მამულების გასა-მიჯნავად. სახელმწიფო ქონებათა გამგეობას რომ კოლეჯია ჰყვანდეს სამის მცოდნე მოხელესაგან შემდგარი და ვიდრე დავას ასტეხდა სადმე, ამ კოლე-ჯიამ თავისად გამოიძიოს: გასამიჯნავად დანიშნულ მამულებში, სად ვის რა ედავოს, რა მიჯნებში და კუთვნილების საბუთი აქვს რაიმე შესაწყნარებელი და ხელის მოსაკიდებელი, თუ არა. ამ გამოძიების შემდეგ დაადგინეს: ღირს და საბუთია თუ არა, დავა დაიწყოს და თუ ღირს და საბუთია, მხოლოდ მაშინ გამგეობამ ვისაც ჰსურს, იმას მიანდოს დავის გამოცხადება. ამის შემდეგ, ვინ არის მართალი და ვინ არა, ხომ სამართალი გაარჩევს, ამ გზით ბევრი უსაბუთო საქმე თავსაც არ გამოიჩენს. ყველა მოდავე რომ ეგრე ჯერ თვითონ სამართლიანად და მიუდგომლად ჩაუკვირდეს საქმეს და მერე, თუ სინიდისი ეტყვის, დაიწყოს დავა, მაშინ ხომ ნახევარზედ მეტი საქმე თავშივე მოსწყდება, _ და ზნეობიანი კაცი ყოველთვის ეგრედ იქცევა კიდეც. ხოლო ძნელი ეს არის, რომ ყოველს ცალკე კაცს ეგ ვერ მოეთხოვება და სახელმწიფოსათვის კი ყოვლად შელაძლებელია და ადვილად შესასრულებელი იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამისთანაებრში წინ მარტო მართალი და საბუთი მიუძღვის და სხვა არა რა, უსაბუთო დავას სახელმწიფო არავის არ უწონებს და თვით რად იკადრებს მაგისთანა დავასა.

ჩვენ ეს გზა ვაჩვენეთ, მაგრამ შესაძლოა ამ აზრის მისაღწევად სხვამ უფრო კარგი გზა აჩვენოს; ჩვენ იმაზედ ვდგევართ, რომ დიდ შეღავათს მისცემს ხალხსაც და სასამართლოებსაც, თუ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა წინასწარ თვითონ დარწმუნდებოდეს ხოლმე, რომ დავა საბუთიანია და ისე დაიწყებდეს საქმესა.


ილია ჭავჭავაძე