დაბეჭდვა

წყეული იყავ, სისაწყლევ,

შენში ცხოვრება ჭირია;

ჩემთვის არ არის განცხრომა,

სიმღერის ნაცვლად ვსტირია.

ერთიღა მხოლოდ მამხნევებს,

რომ შევისწავლე სტვირია;

ამას დავმღერი ჩემ შავ ბედს,

ვიდრე მომივა ძილია.

მაშინ ისვენებს ხელ-ფეხი,

მუდამ ტყავგადახდილია...

ავდგები, შრომას დავიწყებ,

მუშა ვარ, შრომა ტკბილია.

ვახსენებ მამა უფალსა,

არ ამარიდოს პირია,

ბოროტისაგან დამიცვას

და ამაშოროს ჭირია.

მოგვცეს ძმობა და ერთობა,

დაგვიფრთხოს უდროთ ძილია;

ორპირობისგან დაგვიხსნას,

მოგვცეს სულ ერთი პირია.

გვამრავლოს ყველა მუშები,

გიორგი, თუნდა ილია;

გვქონდეს სამყოფი მამული,

სახლები გვქონდეს თბილია.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.