დაბეჭდვა

1

    1.     ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა უდაბნოჲსა მთიებისა და მონაზონთა მოძღურისა ეფრემისი
    2.     ვიწყო შეწევნითა ღმრთისაჲთა და ძალითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და შოვამდგომელობითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ იგი არს დასაბამ და სრულება სიტყჳსა ამის ჩუენისა უძლურისა.
    3.     ესე არს დასაბამი: განგებაჲ წმიდისაჲ პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა მისისა ქალაქსა შინა კურთხეულსა ურაჰისასა, რომელ არს შოვამდინარისაჲ.
    4.     ესე წმიდაჲ ეფრემ იყო ნათესავად ასური, და მამაჲ მისი იყო ქალაქისაგან ნასიბინისა, რომელ-იგი არს მოსაზღვრე ბერძენთა და სპარსთაჲ, და მას ჟამსა არღა დაეპყრა იგი სპარსთა.
    5.     ხოლო დედაჲ მისი იყო ემიდელი.
    6.     და იყო მამაჲ მისი მთავარი ნასიბინს შინა და მსახურ კერპისა ერთისა, რომელსა სახელი ერქუა აპოლონ.
    7.     და შემდგომად ჟამთა დასცა იგი ივბიანოს, წმიდამან და კურთხეულმან მეფემან, და ჴელმწიფობასა წმიდისა კოსტანტინე მეფისა უშვა მამასა თჳსსა ჭაბუკი ესე, რომლისათჳს მნებავს მითხრობად სიტყჳსა ამის ჩუენისა, ვინაჲთგან გამოირჩია იგი ღმერთმან დედის მუცლით თჳსითგან, ვითარცა იერემია წინაწარმეტყუელი, რაჲთა ამხილოს ყოველსა საცთურსა მწვალებელთასა და უნათობდეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა ბრწყინვალებითა მოძღურებისა მისისაჲთა, რამეთუ გამოერჩია იგი მადლსა მას საღმრთოსა და დაცვულ იყო, რაჲთა არა ეზიაროს ნაზორევთა მათ შეგინებულთა და შესაკრებელთა საძაგელებისათა, რომელნი-იგი შეკრბებოდეს თაყუანისცემად კერპსა მას მამისა მისისასა, ეშმაკთა მათთჳს და სათნოებათა მათ საჩინოთა, რომელსა ხედვიდეს ჭაბუკისა ამის თანა, რამეთუ ყრმაღა იყო ჯერეთ, და ვერღარა შეუძლებდეს ეშმაკნი მიხედვად მისა მიმართ სახლსა შინა მამისა მისისასა, რამეთუ ვერ შემძლებელ იყვნეს მიდრეკად ნებისა მათისაებრ მადლისა მისგან, რომელი წინაჲსწარ ვაჴსენეთ მისთჳს, რომელიცა-იგი ჰფარვიდა მას.
    8.     და მის ზედა აღესრულა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ჭეშმარიტად ანანიაჲსა მიმართ პავლჱსთჳს, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: ჭურად რჩეულად გამომირჩევიეს ჩემდა იგი.
    9.     და დღესა შინა ერთსა იხილა იგი მამამან მისმან ქრისტეანესა ვისმე თანა ზრახვასა ქალაქსა შინა და აღივსო მისთჳს გულისწყრომითა და რისხვითა და სწავლა იგი უწყალოდ გუემითა.
    10.     და შემდგომად მისა ჰრქუა მას მამამან მისმან, რამეთუ: ესერა შევალ შენთჳს, რაჲთა შევწირნე შესაწირავნი ღმრთისა, რაჲთა შეგინდოს შენ.
    11.     და ვითარცა შევიდა და აღასრულა ზორვაჲ იგი მისი ჩუეულებისაებრ თჳსისა წინაშე კერპისა მის თჳსისა, მაშინ იწყო ეშმაკმან მან ბილწმან სიტყუად მისა მიმართ და ეტყოდა მას ესრჱთ, რამეთუ: მე უწყი შენთჳს, მრავალთა წელთა ზრუნავ ტაძრისა ამის ჩემისათჳს. ხოლო ვედრებაჲ ესე შენი ჩემდა მომართ ძისა შენისათჳს ვერ შემძლებელ ვარ მითუალვად შენგან, ვითარცა-იგი ვერ შესაძლებელ არს ყოფად ცაჲ ქუეყანად, ეგრჱთვე არცაღა ჩემი ეგების, რაჲთამცა მას შინა ნაწილი გინათუ განსუენებაჲ იყო.
    12.     ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა აღვასრულო ნებაჲ შენი, მაშა განაძე იგი და განდევნე სახლისა შენისაგან, რაჲთა არა იყოს იგი მჴდომად ჩემდა, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ძჱ ესე შენი განმდევნელი ღმერთთაჲ ყოფად არს.
    13.     და მეყსეულად გამოვიდა გარე მამაჲ მისი კერპისა მისგან და ჰრქუა ძესა თჳსსა: აღდეგ და ვიდოდე, ვინაჲცა გნებავს, სახლსა ჩემსა ნუმცა მიხილავ უკუნისამდე, რამეთუ მტერი ხარ ღმერთთაჲ.
    14.     მაშინ ყრმაჲ იგი აღივსო სიხარულითა დიდითა, რამეთუ თჳთ იგი ამისთჳს წადიერ იყო და მოხარულ.
    15.     მაშინ გამოვიდა სახლისაგან მამისა თჳსისა და არარაჲ აიღო მის თანა, ამისთჳს რამეთუ არა უწყოდა, თუ ვინაჲ წარვიდეს იგი ანუ ვისა მივიდეს.
    16.     არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი დამკჳდრებულ იყო მის თანა, სცვიდა მას და წარუძღუა მას ეკლესიად ქრისტეანეთაჲსა და მივიდა წმიდისა ამბა იაკობის ეპისკოპოსისა ნასიბინ ქალაქისა.
    17.     და იყო იგი სრული კაცი, მოშიში ღმრთისაჲ და შემკული ყოვლითა სათნოებითა.
    18.     და მადლი ღმრთისაჲ იქმოდა ძალთა და სასწაულთა დიდ-დიდთა მის მიერ, და წინაჲსწარ სცნობდა დაფარულთა საიდუმლოთა სულისა წმიდისა მიერ, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყო მის შოვრის.
    19.     და ვითარცა შევიდა წინაშე მისსა ნეტარი ესე ეფრემ და აუწყნა მას ყოველნი საქმენი მისნი, განიხარა მისთჳს ფრიად და შეიწყნარა იგი ყოვლითა სიყუარულითა და დაადგინა იგი სადგურსა მას წიგნის მსმენელთა თანა.
    20.     ხოლო ჭაბუკი ესე დღითი-დღედ ჰმატებდა წადიერებითა და მოსწრაფებით სწავლასა სარგებელისათჳს სულისა თჳსისა და მოსწრაფე იყო მარხვასა და ლოცვასა;


2

    1.     და წადიერად და გულსმოდგინედ მიისწრაფინ ეკლესიად, რაჲთამცა ისმინა წიგნთაგან წმიდათა.
    2.     და შევიდა წმიდისა ამის ამბა იაკობ ეპისკოპოსისა თანა საეპისკოპოსოს და ისწრაფდა მუნამდის, ვიდრემდის იქმნა ამბაძველ წმიდისა მის ღმრთისა ეპისკოპოსისა განგებასა მისსა.
    3.     და რაჟამს ხედვიდა წმიდაჲ იგი გამოწულილვასა და გამოძიებასა განგებისა მისისასა, აღივსებოდა მისთჳს სიხარულითა და მხიარულებითა და მარადის განამტკიცებდა საქმეთა თჳსთა სიტყუათაგან ცხორებისათა წიგნთაგან წმიდათა.
    4.     და არა თუ ხოლო წმიდასა მას თანა ოდენ საყუარელ იყო იგი, გარნა ყოველთა თანა შვილთა ეკლესიისათა.
    5.     და შემდგომად მცირედისა ჟამისა სრულ იქმნა ყოვლით კერძოვე ნათლითა და ღმრთისმოშიშებითა.
    6.     მაშინ სირცხჳლეულ იქმნა ეშმაკი, რომელმან-იგი გამოაძო სახლისაგან მამისა თჳსისა, და ვერღარა შემძლებელ იყო ხედვად მისა.
    7.     ხოლო ეშმაკმან წინა-აღმდგომებისა მისისათჳს და დაწუვისაგან – მის მიერ ინება, რაჲთამცა შთააგდო იგი ცუდად-დიდებულებასა, რაჲთამცა დააბრკოლნა შვილნი ეკლესიისანი და ყოველნი მორწმუნენი.
    8.     და აღაშფოთა კუალად ამბა იაკობცა ეპისკოპოსი და რომელ-იგი მტერობითა ღონჱ იძია მის ზედა ეშმაკმან მან წმიდასა ეფრემს ზედა, რაჲთამცა ავნო მას დიდისა მის პატივისა მისისათჳს, რომელი-იგი აქუნდა მას ყოვლისა ერისაგან.
    9.     მადლითა მით სულიერითა გამოეცხადა განგებაჲ წმიდისა მის ღმრთისა კაცისაჲ და უფროჲსღა ემატა მით სიყუარული მისი წინაშე პატიოსნისა მის ეპისკოპოსისა.
    10.     და ამაღლდა და დიდებულ იქმნა მის თანა პატივი და საქმჱ მისი უფროჲს პირველისა მის, რამეთუ იყო მუნ კაცი ეკლესიისა ნასიბინისა მნათჱ, და სახელი მისი ეფრემვე.
    11.     და ვითარცა იხილა, რამეთუ ეპისკოპოსმან და ყოველთა შვილთა ეკლესიისათა შეიყუარეს წმიდაჲ ესე, რამეთუ აღივსო იგი შურითა წინა-აღმდგომებად მისა.
    12.     და რომელთამე დღეთა შინა დაეცა მნათჱ იგი ერთისა ვისმე წარჩინებულისა მოქალაქისა ასულისა თანა ქალწულისა, და მიუდგა მის კანდელაკისაგან.
    13.     მაშინ ჰრქუა მან ქალსა მას: ოდეს შეგაცნას მამამან შენმან, არქუ მას, ვითარმედ ეფრემ ესე, რომლისათჳს იტყჳან, ვითარმედ წმიდაჲ არს იგი, შემოვიდა ჩემდა დღესა ერთსა და მან შემამთხჳა ესე.
    14.     და ვითარცა ეუწყა მამასა მის ქალისასა საქმჱ ასულისა თჳსისაჲ, ჰრქუა მას: ვინ არს, რომელმან იკადრა და გიყო შენ ესე საქმჱ?
    15.     მაშინ მიუგო და ჰრქუა მას: ეფრემ მიყო ესე, რომლისათჳს იტყჳან კაცნი, ვითარმედ წმიდა არს იგი.
    16.     და მეყსეულად წარვიდა იგი ეპისკოპოსისა და პირსა თჳსსა იცემდა და ჰრქუა მას, რომელ-იგი უთხრა მას ასულმან მისმან.
    17.     და ვითარცა ესმა ეპისკოპოსსა საქმჱ იგი ქალისა მის მამისაგან, მწუხარე იქმნა დიდად ფიცხლად.
    18.     ხოლო ეპისკოპოსსა ყოველნივე საჲდუმლონი საღმრთონი გამოეცხადებოდეს მადლითა მით, რომელ-იგი იყო მის თანა, გარნა საქმჱ იგი ქალისაჲ მის დაეფარა მისგან.
    19.     მაშინ ცნეს ყოველთა კაცთა, დაბრკოლდეს მისა მიმართ ყოველნივე.
    20.     მაშინ მოუწოდა ეპისკოპოსმან ნეტარსა მას და იწყო მხილებად მისა ამის საქმისათჳს.


3

    1.     ხოლო იგი შეურვებულ იქმნა.
    2.     და იწყო ნეტარმან მან გულისზრახვად გულსა შინა თჳსსა მისთჳს და არაჲ მიუგო მას სიტყუაჲ.
    3.     და შემდგომად მისა ჰრქუა: ჰე, მამაო, ვცოდე.
    4.     არამედ ვევედრები სიწმიდესა შენსა, რაჲთა მომიტეო და შემინდოთ ცოდვაჲ ესე.
    5.     ხოლო ეპისკოპოსსა, ამბა იაკობს, არავე ჰრწმენა ამის საქმისათჳს.
    6.     არა თუ იცოდა, გარნა ყოველნი საჲდუმლონი და განზრახვაჲ მისი უწყოდა მან.
    7.     და კუალად ამბა იაკობცა, ეპისკოპოსი ნეტარი, ევედრებოდა ღმერთსა რაჲთა გამოაცხადოს საქმჱ ესე, და დაუფარა მას იგი ღმერთმან, რამეთუ ღმერთი რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, უნდა, რაჲთამცა გამოაცხადნა საჲდუმლონი ამის წმიდისანი და ერსა გამოუცხადოს კეთილად სრბაჲ მისი და სათნოებანი, რომელნი მონიჭებულ იყვნეს მისა.
    8.     და ვითარცა შვა ქალმან ყრმაჲ იგი, აღიქუა მამამან მისმან ყრმაჲ და მოჰგუარა წმიდასა ღმრთისასა ეპისკოპოსსა.
    9.     მაშინ ბრძანა ეპისკოპოსმან მოწოდებაჲ ნეტარისა ეფრემისი.
    10.     და ვითარცა მოვიდა, ჰრქუა მას ქალისა მამამან: მიიღე აწ ძჱ შენი და განზარდე იგი, ვითარცა გნებავს.
    11.     მაშინ ნეტარი ეფრემ ტიროდა და თქუა: ჰე, მამაო, ვცოდე.
    12.     გარნა გევედრები, რაჲთა მომიტეოს სიწმიდემან თქუენმან.
    13.     და აღიქუა ყრმაჲ იგი და შევიდა ეკლესიად.
    14.     და ვითარცა იხილეს კაცთა ყოველთა, განკჳრვებულ იქმნნეს მისგან და შეცბუნდეს.
    15.     რომელნიმე იტყოდეს: უბრალო არს.
    16.     და რომელნიმე დაბრკოლდეს მისა მომართ.
    17.     ხოლო იგი მას შინა ტიროდა და იტყოდა: ევედრენით, ძმანო, ღმერთსა, საყუარელნო, რაჲთა მომიტეოს ცოდვაჲ ესე.
    18.     და ვითარ დაადგრა ამას ზედა დღე რავდენმე და იხილნა კაცნი, რამეთუ დაბრკოლებულ იყვნეს მისა მიმართ, შეშინდა სიტყჳსა მისგან, რომელსა იტყჳს სახარებასა შინა: წყეულ არს კაცი იგი, რომელმან დააბრკოლოს ერთი ძმათა მათ მცირეთაგანი, რომელნი ჩემდა მომართ მორწმუნენი არიან და დაბრკოლდეს.
    19.     და ვითარცა იხილა ღმერთმან ფრიადი მოთმინებაჲ მისი და იჭჳ კაცთაჲ მისა მიმართ (ხოლო იგი შეიწყნარებდა კდემასა და ყუედრებასა მათსა სიხარულით), ინება ღმერთმან, რაჲთა გამოუცხადნეს სათნოებანი მისნი სულიერნი და სიმდაბლჱ იგი მისი ჭეშმარიტი ყოველთა კაცთა, რაჲთა სირცხჳლეულ იქმნეს ეშმაკი და ნების-მყოფელნი მათნი.
    20.     იყო დღჱ კჳრიაკჱ.


4

     1.     და ვითარცა აღასრულეს მსახურებაჲ საიდუმლოჲსაჲ და ეზიარნეს კაცნი საიდუმლოთა ჴორცთა და სისხლთა პატიოსანთა ქრისტჱსთა, მაშინ წარმოდგა ნეტარი ეფრემ წინაშე ეპისკოპოსისა, და ყრმაჲ იგი ჴელთა მისთა სამჴართა ქუეშე, და ევედრა მას, რაჲთა უბრძანოს აღსლვაჲ საფსალმონეთა ზედა.
    2.     ხოლო ეპისკოპოსმან ბრძანა, რაჲთა აღვიდეს.
    3.     და ვითარცა აღვიდა საფსალმონეთა ზედა და დადგა შოვრის მისსა, ყრმაჲ იგი მის თანა გამოიღო გარე მარჯუენესა ჴელსა ზედა მისსა და პირი ყრმისაჲ აღმოსავალით მიაქცია და ჴმა-ყო ჴმითა მაღლითა და თქუა: შენ გეტყჳ-, ჵ, ყრმაო, და გაფუცებ სახელსა ღმრთისა ცხოველისასა, რომელ არს შემოქმედი ცათაჲ და ქუეყანისაჲ და ყოველნი, რავდენნი არიან მას შინა, აღაღე პირი შენი და უთხარ სამართალი: ვინ არს მამაჲ შენი?
    4.     მიუგო ყრმამან მან ჴმითა მაღლითა: ეფრემ მნათჱ არს მამაჲ ჩემი.
    5.     და ვითარცა ესმა ყოველთა კაცთა ჴმაჲ იგი ყრმისაჲ მის, დაეცა მათ ყოველთა ზედა შიში დიდი, და შეცბუნდეს ყოველნი მისგან და იწყეს ჴმობად და ღაღადებად, განკჳრვებულნი ივედრებოდეს ნეტარსა ეფრემს, რაჲთა მიუტეოს მათ.
    6.     ხოლო ყრმაჲ იგი მეყსა შინა ადგილსავე მოკუდა.
    7.     მაშინ მივიდა მამაჲ იგი ქალისაჲ მის და შეუვრდა ფერჴთა წმიდისა ეფრემისთა და ტირილით ევედრებოდა მას, რაჲთა შეუნდოს მას.
    8.     და ეუწყა ეპისკოპოსსა საქმჱ ესე.
    9.     მაშინ ყო ერსა ზედა ლოცვაჲ სალხინებელი, რომელ არს ილასმონი, წმიდასა ეკლესიასა შინა.
    10.     მიერ დღითგან იდიდა მონაჲ ღმრთისაჲ წმიდაჲ ეფრემ ყოველთა კაცთა თანა უმეტჱს პირველისასა, და სირცხჳლეულ იქმნა მიერითგან ეშმაკი და დაეცა.
    11.     ხოლო მნათჱ იგი ოტებულ იქმნა და მიერითგან არავინ იხილა იგი.
    12.     და განდიდნა კუალად ნეტარი ეფრემ წინაშე თუალთა წმიდისა ეპისკოპოსისათა და პატიოსან იყო მის წინაშე უფროჲს პირველისასა და მარადის მის თანა იმარხავნ და საზრდელსა ერთსახედ მიიღებნ.
    13.     და შემდგომად მცირედისა ჟამისა აღდგა არიოზ, მგმობარი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, და შემოქმედისა თჳსისა ზედა აღმოიღო ენაჲ თჳსი, ვითარცა მახჳლი.
    14.     და აღივსო ეგჳპტჱ ბილწებითა მისითა.
    15.     მაშინ შეკრიბა დიდებულმან და მორწმუნემან კოსტანტინე, მეფემან ბრწყინვალემან, ეპისკოპოსნი ყოველნი ნიკიოსა ქალაქსა შინა.
    16.     და ვითარ უწოდა წმიდასა ამბა იაკობს ეპისკოპოსსა, რაჲთა მივიდეს მუნ და მოყუასნი მისნი მის თანა, მაშინ ნეტარიცა ესე ეფრემ თანა-წარიყვანა წმიდასა კრებასა, რაჲთა ბრძოლა-უყოს სარწმუნოებისათჳს მართლისა, ვითარცა ერისთავმან რაჲ გუნდისამან წმიდისა საჴელმწიფოსა შინა ჰრომთასა.
    17.     და ვითარცა შეაჩუენეს არიოზ და განდევნეს იგი და ყოველნი, რომელნი იყვნეს მის თანა.
    18.     და მიექცა ძჳრი თჳსი თავსავე თჳსსა ზედა, და მიიღო მისაგებელი მისი მსგავსად უგუნურებისა მისისა ძალითა ღმრთისაჲთა.
    19.     ხოლო წმიდაჲ ეპისკოპოსი ამბა იაკობ და ნეტარი და რჩეული ეფრემ შემდგომად კრებისა მის განყრისა და ყოველნი კაცნი მიიქცეს ქუეყანადვე თჳსა.
    20.     მაშინ მოიქცა ამბა იაკობცა ეპისკოპოსი ქუეყანადვე თჳსა სიხარულითა დიდითა მსგავსად ერისთავისა, რომელმან-იგი სძლის მტერთა, და წმიდაჲ ეფრემცა მის თანა.


5

    1.     ხოლო ნეტარი ესე ეფრემ დღითი-დღედ ჰმატებდა და ისწრაფინ წარმატებასა ღმრთისმოშიშებითა და სათნო-ყოფითა მისითა და მარადის იკითხავნ წიგნთა წმიდათა და ერჩდა იგი წმიდასა ეპისკოპოსსა ყოველსავე ზედა, რაჲცა რაჲ ებრძანის მას საქმედ.
    2.     და შემდგომად მცირედისა ჟამისა შეისუენა კოსტანტინე, მეფემან დიდებულმან, და დაიპყრეს მეფობაჲ ძეთა მისთა.
    3.     და შემდგომად მისა, მათ ჟამთა, გამოვიდა საბურ, მეფჱ სპარსთაჲ, რამეთუ უდებ-ყვეს ძეთა კოსტანტინე მეფისათა დიდებულისა, და მოიწია ქალაქად ნასიბინისა აურაცხელითა ერითა მრავლითა და მარზაპნებითა და ძალითა მრავლითა, და ნათესავები, რომელთაჲ არა იყო რიცხჳ.
    4.     და ორად განყო ლაშქარი მისი და განაწყო და მოუჴდა ქალაქსა ბრძოლად შინა-მკჳდრთა ქალაქისათა.
    5.     და გარე-მოიცვა ქალაქი სამეოცსა დღესა და გარდააგდო მდინარჱ იგი, რომელი შემოვიდოდა ქალაქსა შინა, განკუეთა ზღუდისა ძირსა და შეაგდო ქუეშე სასუფეველსა ზღუდისასა და დაარღჳა ზღუდჱ იგი სიმრავლემან წყლისამან.
    6.     და ჰგონებდა საბორ, ვითარმედ უშრომელად შევიდეს ქალაქსა.
    7.     მაშინ ამბა იაკობ, პატიოსანმან ეპისკოპოსმან კურთხეულმან, და ნეტარმან ეფრემ და ყოველთა შვილთა ეკლესიისათა იწყეს ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მრავლითა ცრემლითა და სულთქუმითა ყოველთა დღეთა ბრძოლისათა.
    8.     მაშინ წმიდაჲ ამბა იაკობ, ეპისკოპოსი კურთხეული, დაადგრა შოვრის მჴედართა და მოქალაქეთა და ნუგეშინისცა მათ ყოველთა და აღაშჱნა ზღუდჱ იგი.
    9.     და აჰმართნეს ფილაკავნები და უშტეკავნები ზღუდესა ზედა და ესროდეს მათ და გააშორებდეს ლაშქარსა ქალაქისაგან.
    10.     ესრჱთ ყო წმიდამან ეპისკოპოსმან და ნეტარმან ეფრემ, და ვერ შეუძლეს მოახლებად ზღუდისა.
    11.     და ეკლესიასა შინა ევედრებოდეს ღმერთსა ამის ჭირისათჳს.
    12.     მაშინ მეფემან საბურ – არა თუ ზღუდისა მისთჳს, რომელი აღაშჱნეს, განკჳრვებულ იქმნა, – არამედ სხუაჲ სახილავი იხილა და მისგან შეშინდა შიშითა დიდითა და ზარგანჴდილ იქმნა ამისთჳს, რამეთუ იხილა მან კაცი, შემკობილი სამეუფოჲთა სამოსლითა, მდგომარჱ ზღუდესა ზედა და ზეწრითა ბრწყინვალითა და დიდებულითა.
    13.     და გულისხმა-ყო და განიზრახა თავსა თჳსსა, ვითარმედ ბერძენთა მეფჱ არს იგი, და არავის უთხრა მოყუასთა მისთა, რომელნი-იგი ეტყოდეს მას, ვითარმედ: არა არს აქა მეფჱ.
    14.     და რამეთუ რომელნიმე მარზაპანთაგანნი მოვიდოდეს ჰეჯიბთა მთავრისა მისისა თანა და ეტყოდეს, ვითარმედ: არა არს აქა მეფჱ, არამედ არს იგი ანტიოქიას ქალაქსა.
    15.     და იცოდა მეფემან საბურ სპარსთამან ნიშანები მისი და ესწავა, რომელი-იგი ჰბრძოდა ამათ წილ.
    16.     მაშინ ზარგანჴდილ იქმნა საწყალობელი იგი და უბრძანა ბანაკსა თჳსსა, რაჲთა ესროდიან მას ისრითა.
    17.     და არა იცოდა მან უსუსურმან გონებითა, ვითარმედ რომელი-იგი უჴორცო არს, ვერ ავნებს მას ისარი მისი.
    18.     და სირცხჳლეულ იქმნა, რაჟამს იხილა დიდებაჲ იგი.
    19.     მაშინ საკჳრველმან ეფრემ განთქმულმან ითხოვა ნეტარისა ამბა იაკობ ეპისკოპოსისაგან, რაჲთა უბრძანოს და განვიდეს ზღუდესა ზედა.
    20.     რაჲთა იხილნეს ბარბაროსნი იგი და ესროდის მათ ისრითა.


6

    1.     და ვითარცა ესმა ამბა იაკობს სიტყუაჲ ნეტარისა ეფრემისი, უბრძანა, რაჲთა აღვიდეს, რამეთუ იცოდა მადლი იგი, რომელი იყო მოცემულ მისა მის სასწაულისაგან, რომელიცა ყო მან.
    2.     ხოლო რაჟამს განვიდა ნეტარი რომელსამე ზღუდეთაგანსა და იხილნა ბევრის-ბევრეულნი კაცნი, აღიხილნა თუალნი თჳსნი ღმრთისა მიმართ და ითხოვა მისგან.
    3.     რაჲთა მიავლინოს მათ ზედა რისხვაჲ, მკალი და ბუზი, რაჲთა ამათ მჴეცთა უნდოთა მიერ კმა-უყოს მათისა ბრძოლისათჳს, და გულისხმა-ყოს საბურ სპარსთა მეფემან, საწყალობელმან უბადრუკმან, ძალი ღმრთისაჲ.
    4.     მაშინ ლოცვითა წმიდისა ეფრემისითა მოიწია მათ ზედა ღრუბელი და მკალი და ბუზი და დაესხა პილოთა ზედა, რამეთუ თმაჲ არა ასხს მათ.
    5.     და ფაქლი შევიდის ყურთა და ცხჳრთა შეუჴდის.
    6.     და დაესხა ბუზი იგი ცხენთა და პილოთა და სხუათაცა პირუტყუთა: ჯორთა და აქლემთა და ყოველთა საცხოვართა.
    7.     და ვერ დაუდგეს წინაშე რისხვასა მას, რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან მათ ზედა ლოცვითა ამის წმიდისა და ნეტარისა ეფრემისითა.
    8.     და აღჭრნეს ბუზთა მათ ჴორცნი ცხენთანი.
    9.     და სიმძაფრისაგან ტკივილისა, რომელცა-იგი იგუემებოდეს საჴედრები, გარდამოჰყრიდეს მჴედართა, და ვერ დაიდგმიდეს მჴედარნი ზურგთა ზედა ცხენთასა.
    10.     და აღაშფოთა ბანაკი იგი მათი, და დაყარეს კარვები მათი და წარივლტოდეს მიერ.
    11.     და ვითარცა გულისხმა-ყო მეფემან საწყალობელმან ძალი იგი ღმრთისაჲ, რომელ ჰმწყსის მორწმუნეთა ნების-მყოფელთა მისთა კეთილად მოღუაწეთა, მაშინ მეოტ იქმნა მეფჱ მუნით სირცხჳლეული, არარაჲ შეიძინა ყოვლისა მის განმზადებულებისა მისგან ძლევაჲ.
    12.     ლოცვისა მისგან წმიდისა და ნეტარისა ეფრემისა იჴსნა ღმერთმან ქალაქი იგი.
    13.     და შემდგომად ჟამთა მცირედთა სრულ იქმნა ცხორებაჲ ნეტარისა და კურთხეულისა ეპისკოპოსისაჲ ამბა იაკობისი, და მივიდა უფლისა თჳსისა სრული ყოვლითა სათნოებითა.
    14.     მაშინ ნეტარი ეფრემ მწუხარე იქმნა სიკუდილისა მისისათჳს ფრიად და ჴუებულ იქმნა მისთჳს და აიღო გუამი წმიდისაჲ მის და შემურა პატივითა დიდითა და დაჰმარხა.
    15.     და დაადგრა წმიდაჲ იგი ქალაქსავე ნისიბინისასა სპარსთა შეპყრობადმდე.
    16.     შემდგომად მცირედისა ჟამისა მეფემან კოსტანტინე მცირემან წარმოავლინა ივლიანე უღმრთოჲ ქუეყანად დაცვისათჳს.
    17.     და მისა შემდგომად შეისუენა კოსტანტინე მეფემან, და დაიპყრა მეფობაჲ ივლიანე წყეულმან.
    18.     და იქმნნეს ბრძოლანი და შფოთებანი ყოველთა ქალაქთა შინა.
    19.     და განახუნა საკერპონი ტაძრები იგი და წარვიდა სპარსეთისა ქუეყანად.
    20.     და დიდი შფოთი მოიწია ქრისტეანეთა ზედა ჟამთა მისთა.


7

    1.     და იქმნა ოჴრებაჲ და ბრძოლანი მრავალნი ქუეყანასა სპარსეთისასა.
    2.     და მუნ მიიღო მისაგებელი მისი ღმრთისაგან ქუეყანასა მას მტერთასა.
    3.     და შემდგომად მისა აღდგა სხუაჲ მეფჱ, რომლისა სახელი მისი ივბინიანოს.
    4.     და იყო მეფჱ კურთხეული და ბედნიერი მეფობასა შინა.
    5.     დაეგო საბურ მეფესა სპარსეთისასა, რამეთუ ივბინიანე მეფესა მორწმუნესა ექმნა საქმჱ კეთილი საბურ მეფისა თანა და აქუნდა მის თანა სიყუარული და კადნიერებაჲ და საყუედური, ვითარცა-იგი აქუს მეფეთა ჩუეულებაჲ კეთილისმყოფელთათჳს მისაგებელი, ეგრჱთვე საბურს თანა-ედვა პატივი მისი.
    6.     მაშინ შეკრბეს ორნივე ერთად: საბურ, სპარსთა მეფჱ, და ივბინიანე, მორწმუნჱ მეფჱ ბერძენთაჲ, და წარმოიღეს მათ თანა ივლიანე უშჯულოჲ სამკუდროჲთა შემოსილი და მოიღეს ქალაქად ნასიბინისა.
    7.     მაშინ შეაწონნეს მოოჴრებულნი იგი ქუეყანანი: რომელ-იგი მოეოჴრა სპარსთა ქუეყანაჲ ბერძენთაჲ, ეგრჱთვე კუალად რომელი ბერძენთა მოეოჴრა სპარსთა ქუეყანაჲ.
    8.     ხოლო რომელი-იგი ბერძენთა მოეოჴრა სპარსთა ქუეყანაჲ, უფროჲს იყო.
    9.     მაშინ მეფემან კურთხეულმან ივბინიანე მისცა ქალაქი ნასიბინისაჲ სპარსთა ნაცვალად მოოჴრებულისა მის წილ, ხოლო იგი საზღვრად დაიდვეს ბერძენთა და სპარსეთისა ვიდრე დღენდღელად დღედმდე.
    10.     და უბრძანა მოქალაქეთა, რაჲთა გამოვიდენ მიერ ქალაქისაგან და მისცენ იგი სპარსთა, რამეთუ მას ზედა ყვეს ზავი.
    11.     მაშინ ნეტარმან ეფრემ გამოთქუა საკითხავი უშჯულოჲსა ივლიანჱსთჳს და მწუხარებათა მათთჳს, რომელ-იგი შეემთხჳა ქრისტეანეთა და დღეთა მისთა მას ჟამსა.
    12.     შემდგომად მისა განვიდა წმიდაჲ ეფრემ მეფობასა ივბინიანე მორწმუნისასა ქალაქით თჳსით და მივიდა ქალაქად, რომლისა სახელი მისი არაბიაჲ, და მას შინა მოიღო წმიდაჲ ნათლისღებაჲ.
    13.     და იყო იგი ჰასაკითა ორმეოცდაათრვამეტისა წლისა დღეთა.
    14.     და ისწავლებოდა დავითსა და იკითხავნ წიგნთა წმიდათა სულიერთა მის თანა, რომლისა მიერ ნათელი მოეღო.
    15.     და ამისა შემდგომად აღდგა შფოთი დიდი მას ქუეყანასა შინა ეკლესიათა ზედა ღმრთისათა.
    16.     ხოლო იგი წარივლტოდა მუნით და მოვიდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ემიდი, და დაადგრა მას შინა და უნათობდა მათ, რომელნი-იგი დანთქმულ იყვნეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი საცთურებათა შინა ეშმაკისათა.
    17.     და დაადგრა მას შინა მცირედსა ჟამსა.
    18.     და ვითარცა გამოჴდა ზამთარი, მერმე წარმოვიდა ქალაქად ურჰაისა, რომელ არს შოვამდინარეთა.
    19.     და ვითარცა იხილა იგი შორით, განიხარა და თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: დავემკჳდრო ქალაქსა ამას შინა ვიდრე მიაღსასრულადმდე.
    20.     და ვითარ მიეახლა ქალაქსა და მიიწია მდინარესა, რომელსა ჰრქჳან დჱსამანისი (ხოლო იგი გარე-მოიცავს ქალაქსა), და იხილნა მას ზედა დედანი, რომელნი ჰრცხიდეს.


8

    1.     და დაადგრა მდინარესა მას ზედა და ხედვიდა მათ.
    2.     ხოლო ერთმან დედათა მათგანმან, რომელნი რცხიდეს მუნ, იწყო ხედვად მისა და განცდად ჟამ ერთ.
    3.     ხოლო წმიდამან ეფრემ შეჰრისხდა მას და ჰრქუა: არა გრცხუენისა, ჵ, დედაკაცო, და არცა დახედვიდეა ქუეყანად მიმართ?
    4.     და მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა მას: შენდა ჯერ-არს, რაჲთა ხედვიდე ქუეყანასა, რამეთუ მისგანი ხარ.
    5.     ხოლო ჩემდა ჯერ-არს, რაჲთა გხედვიდე შენ, რამეთუ მე შენგანი ვარ.
    6.     მაშინ განკჳრდა წმიდაჲ ეფრემ სიბრძნისაგან მის დედაკაცისა და გონიერად მიგებისა მისისათჳს, რომელი-იგი ჰრქუა მას სიტყუაჲ.
    7.     და წარმოვლნა იგინი და იტყოდა გულსა თჳსსა: უკუეთუ დედანი ამის ქალაქისანი ესრჱთ ბრძენ არიან, ვითარცა ესე დედაკაცი.
    8.     მაშა რავდენ უფროჲს გარდამატებულ იყვნენ მამანი დედათა გონიერებითა და მეცნიერებითა?
    9.     მაშინ შევიდა ქალაქად და თქუა თავსა თჳსსა: ამიერითგან ვიქმოდი სასყიდლითა და ვჭამდე პურსა, რამეთუ არარაჲ იცოდა ჴელთსაქმარი.
    10.     და მივიდა იგი მეაბანოესა თანა და დაემიზდა მას.
    11.     და მას ჟამსა შინა უფროჲსნი კაცნი მოქალაქენი ურაჰელნი წარმართნი იყვნეს.
    12.     ხოლო წმიდაჲ ესე ამხილებნ მათ და შეეშჯულებიედ მათ დავითისა სიტყუათაგან და წიგნთაგან წმიდათა.
    13.     და ესევითარითა საქმითა დასტკბებოდა მას და იხარებნ.
    14.     დღესა შინა ერთსა შეემთხჳა მონაზონსა ვისმე წმიდათაგანსა ურაკპარაკსა შინა.
    15.     ჰკითხვიდა მას და ეტყოდა მონაზონი იგი: ვინაჲ ხარ შენ, ჭაბუკო?
    16.     ხოლო მან უთხა მას საქმჱ თჳსი და ცხორებაჲ თჳსი.
    17.     ხოლო მონაზონმან მან ჰრქუა მას: ვითარ შენ ქრისტეანე ხარ და იქმ წარმართთა თანა და გნებავს სასუფეველსა შინა ყოფაჲ?
    18.     ხოლო ნეტარმან ეფრემ ჰრქუა მონაზონსა მას, რამეთუ: არა მიყუარს იგი.
    19.     ჰრქუა მას მონაზონმან მან, რამეთუ: მე გაგაზრახო უმჯობჱსი შენთჳს, რაჲთა მიხჳდე ერთისა ვისმე მონაზონისა მარტოდ ცხორებულისა თანა წმიდათაგანისა, რომელნი არიან აქა, და შეეყავ ერთსა მათგანსა, და მან გასწაოს ცხორებაჲ სულისა შენისაჲ.
    20.     და ვითარცა ესმა ნეტარსა მონაზონისა მისგან, წარვიდა მის თანა.


9

    1.     და მივიდეს მთად კერძო, რომელ არს დასავალით ქალაქსა ურაჰისასა, რამეთუ მას შინა იყვნეს სიმრავლჱ მონაზონთაჲ.
    2.     და დაემკჳდრა მუნ ქუაბსა შინა მახლობელად მონაზონისა ერთისა მოღუაწისა და სულიერისა.
    3.     ხოლო იგი მარადის გამოუცხადებდა მას სახილავთა საღმრთოთა.
    4.     და შემდგომად წელიწადისა ერთისა, რაჲ ჟამითგან დაემკჳდრა წმიდაჲ ესე მთასა მას შინა, ილოცავნ მიმდემად გონებითა წმიდითა და იმარხავნ წმიდად და იკითხავნ მარადის წიგნთა წმიდათა სულიერთა დაუცადებელად.
    5.     და ღამესა შინა ერთსა განვიდა გარე წმიდაჲ იგი ბერი სენაკით თჳსით და იხილნა ანგელოზნი ზეცით გარდამოსრულნი და ერთისა მათგანისა ჴელთა ტომარი დიდი დაწერილი ორკერძოჲთვე.
    6.     და ჰრქუა ერთმან მათგანმან მოყუასსა თჳსსა: ვის მისცემ ქარტასა ამას: პავლეს, განშორებულსა ეგჳპტისა უდაბნოჲსასა, ანუ პიმენს მარტოდმყოფსა?
    7.     და მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: არა ბრძანებულ არს ეგე ჩემდა.
    8.     ხოლო სხუამან ჰრქუა მას;
    9.     მაშა ვინ არს აქა ღირსი მაგისი?
    10.     მიუგო და ჰრქუა მას: არავინ არს დაბადებულთა შოვრის ღმრთისათა დღეს კაცი ღირს ამისა, გარნა ეფრემ ასური, რომელ არს მთასა ურაჰისასა მარტოდმყოფი.
    11.     და რაჟამს იხილა ბერმან და ესმა და განიცადა სახილავი იგი, ჰგონებდა.
    12.     ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე არს მტერისაჲ და უდებ-ყო იგი საქმჱ.
    13.     და, კუალად იტყოდეს წმიდისა ეფრემისთჳს, ოდეს იყო იგი ყრმა მცირე, ვითარმედ: იხილა მან ჩუენებაჲ და სახილავი, ვითარცა იგი იტყოდა, ვითარმედ აღმოჴდა ენისა მისისაგან ვაზი და განდიდნა იგი, და აღივსო მისგან ყოველი სოფელი, და გამოიხუნა ტევანნი მრავალნი, და მოვიდოდეს მფრინველნი ცისანი და დასხდებოდეს მის ზედა და ჭამდეს ნაყოფისა მისისაგან, და არა დაილეოდა იგი, გარნა უფროჲსღა აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა და ემატებოდა ნაყოფი მისი.
    14.     და დღესა რომელსამე განვიდა წმიდაჲ იგი ბერი, მეზობელი მისი, და მოვიდა ნეტარისა ეფრემისა, ვინაჲცა-იგი შეყენებულ იყო, და პოვა იგი, რამეთუ ჯდა და წერდა თარგმანებასა „დაბადებისასა“.
    15.     და განკჳრდა წმიდაჲ იგი ბერი, თუ ვითარ ესემლევანი სიბრძნჱ მოსცა მას ღმერთმან და მადლი ჟამსა შინა მცირესა.
    16.     და ვითარ აღასრულა „დაბადებაჲ“ და იწყო „მეორისა შჯულისასა“, მაშინ გულისხმა-ყო წმიდამან ბერმან, ვითარმედ ჭეშმარიტად სახილავი იგი, რომელ იხილვა მან, მისთჳს იყო, და შეიყუარა იგი ფრიად.
    17.     და მიიღო საკითხავი მისგან და წარიღო ქალაქად და მოავლნა მოძღუარნი და მღდელნი და მთავარნი ქალაქისანი.
    18.     და ვითარცა იხილეს, შეიპყრნა იგი განკჳრვებამან სიბრძნისა მისისათჳს.
    19.     მაშინ წარიკითხეს და ჰგონებდეს, ვითარმედ ბერსა მას დაუწერიეს იგი.
    20.     და შეიპყრეს იგი ჴელთა და ემთხუეოდეს.


10

     1.     და ვითარცა იხილა სარწმუნოებაჲ მათი, იწყო ჴმობად და ღაღადებად ჴმითა მაღლითა და იტყოდა: არა მე დამიწერიეს, გარნა ეფრემს, მარტოდმყოფსა მონაზონსა, რომელ-იგი არს ქალაქისაგან ნასიბინისაჲთ.
    2.     ხოლო ბერმან აუწყა მათ სახილავი იგი, რომელი მან იხილა.
    3.     ხოლო მათ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი, რამეთუ ქრისტემან თქუა წმიდასა სახარებასა შინა, ვითარმედ: ქალაქი რომელი იყოს მთასა ზედა, ვერვის ჴელ-ეწიფების დაფარვაჲ მისი.
    4.     და არწმუნა ღმერთმან ყოველთა გულთა მორწმუნეთასა, რომელნი იყვნეს ქალაქსა შინა ურაჰისასა, სიყუარული მისი.
    5.     და ყოველნი აღვიდეს მისა, ვინაჲცა-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა.
    6.     და ვითარ აგრძნა მოსლვაჲ მათი, წარივლტოდა ადგილისაგან თჳსისა.
    7.     და ვითარ ჩავიდოდა იგი ჴევად, გამოუჩნდა ანგელოზი ღმრთისაჲ და ჰრქუა მას: ეფრემ, ეფრემ, ვიდრე მიივლტი?
    8.     და ჰრქუა მას ნეტარმან: ვივლტი სოფლისა შფოთისაგან.
    9.     ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ეკრძალე, რაჲთა არა აღესრულოს შენ ზედა სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი თქუმულ არს, ვითარმედ: ეფრემ ივლტოდა ჩემგან, ვითარცა ჴბოჲ, რომელმან განაგდის უღელი ქედისა მისისაგან.
    10.     ხოლო მან მიუგო ტირილით და ჰრქუა: უფალო, რამეთუ მე უძლური ვარი და არა ღირს ვარი ამას.
    11.     მაშინ მიუგო ანგელოზმან და ჰრქუა: ჵ, კაცო, არა ჯერ-არს კაცისა აღნთებად სანთელი და დაფარვად ჴჳმირსა ქუეშე, არამედ დადებად იგი სასანთლესა ზედა, რაჲთა ხედვიდეს ყოველი კაცი ნათელსა მისსა.
    12.     და ამას თანა სხუანიცა მრავალნი სიტყუანი არქუნა მას და მერმე მიეფარა მისგან ანგელოზი იგი.
    13.     ხოლო ნეტარი ეფრემ უკუმოიქცა ურაჰად.
    14.     და რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს მისთჳს, ვითარ არა პოვეს იგი, კუალად-იქცნეს ქალაქადვე.
    15.     ხოლო წმიდაჲ ესე რაჟამს მიიწია კარსა ქალაქისასა, მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა და ტირილით ესრჱთ იტყოდა: ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ შენ მიეც ჴელმწიფებაჲ წმიდათა მოციქულთა ძლევად ეშმაკისა და ყოველთა გუნდთა მისთა, შენგან ვითხოვ, უფალო ჩემო, რაჲთა მომცე ძალი შენმიერი და განსდევნნე წინაშე ჩემსა მთავრობანი, რომელნი წინა-აღმდგომ არიან დიდებასა ღმრთეებისა შენისასა.
    16.     და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ თჳსი, შევიდა ქალაქად, აღვიდა ერთსა რომელსამე ზღუდესა და მიწვა და იძინა.
    17.     და ვითარ განიღჳძა ძილისაგან, გარდამოვიდა გოდლისა მისგან.
    18.     და ვითარ ვიდოდაღა იგი რომელთამე ურაკპარაკთა შოვრის ქალაქისათა, იხილეს იგი მათ კაცთა, რომელნი განსრულ იყვნეს ძიებად მისა.
    19.     და მათ იცნეს იგი და ეკიცხევდეს იგინი მას და იტყოდეს ურთიერთას: მოვედით და იხილეთ მაჩუენებელი იგი, რომლისათჳს განვედით, და წარივლტოდა ჩუენგან.
    20.     და ჰგონებდეს იგინი მისთჳს, ვითარმედ სიყუარულისათჳს ცუდად-დიდებისა ჰყოფღა მას.


11

    1.     ხოლო მათ შეიპყრეს იგი და მიიყვანეს იგი ქალაქსა შოვა, რაჲთა ხედვიდენ მას ყოველნივე.
    2.     ხოლო ამას ყოველსა თანა არა ამაღლდა, გარნა სიმდაბლითა მრავლითა თაყუანისცა მათ და იტყოდა: ვაჲ მე გლახაკსა, ძმანო, რამეთუ მე კაცი ვარ ფრიად ცოდვილი.
    3.     ხოლო იგინი მაშინ ჴმობდეს და იტყოდეს: მოვედით და იხილეთ უგუნური ესე და სულელი.
    4.     მაშინ ნეტარი ესე ვიდოდა ურაკპარაკთა შინა ქალაქისათა, და სწყალობნ მათ და ამხილებნ.
    5.     და დღესა რომელსამე შინა გარდამოვიდა ერთი ვინმე მარტოდმყოფთაგანი, რომელნი-იგი ხედვიდეს სულსა წმიდასა ქალაქად, რაჲთა იყიდოს საჴმარი ჴორცთაჲ.
    6.     და ვითარცა იხილა მან ნეტარი ეფრემ, მიმომავალი ურაკპარაკთა შინა ქალაქისათა, და მისდევდა იგი მას უკუანა, ჴმობდა და იტყოდა: ესე არს ნიჩაფი იგი, რომელ არს ჴელთა შინა უფლისათა, და განწმიდოს ყოველივე აღმოცჱნებული და ყოველივე ღუარძლი მწვალებელთაჲ, ესე არს ცეცხლი იგი, რომლისათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: მოვედ მიფენად ცეცხლისა სოფელსა შინა.
    7.     და ვითარცა ესმნეს მოქალაქეთა სიტყუანი ესე წმიდისა მისგან, განრისხნეს და აღივსნეს გულისწყრომითა და რისხვითა მწვალებელნი და წარმართნი და ჰურიანი.
    8.     მაშინ შეიპყრეს ნეტარი ეფრემ და განიყვანეს გარე ქალაქისაგან და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვიდრემდის სული ოდენ დარჩა მას შინა, და დაუტევეს.
    9.     და ვითარ განთენდა, აღდგა და წარივლტოდა მთად და შეაყენა თავი თჳსი მუნვე, სადა იყო პირველ და მათ ჟამთა შინა დაწერნა წიგნები მრავალი წინა-აღმდგომად მწვალებელთათჳს, რომელნი-იგი იყვნეს მათ ჟამთა შინა.
    10.     და მრავალნი მოწაფენი შეუდგეს.
    11.     პირველი მოწაფჱ დონობიოს, რომელი-იგი დიაკონად იყო ურაჰისა ეკლესიასა საკურთხეველსა, და მეორჱ, რომელსა ერქუა ამბა ისაკ, და კუალად სხუასა – ამბა ასონა და ამბა ივლიანე და სჳმეონ.
    12.     ამათ მოეცა მადლი მოძღურებისაგან წმიდისა ეფრემისა.
    13.     და თითუეულმან მათგანმან დადვა მოძღურებაჲ თჳსი მსგავსად ძალისა თჳსისა კაცად-კაცადმან.
    14.     და სხუანიცა მოწაფენი მრავალნი ესხნეს მას.
    15.     და მათ ჟამთა შინა ისმოდა მადლი იგი, რომელი მონიჭებულ იყო წმიდისა.
    16.     ბასილი კაბადუკიელ ეპისკოპოსისაჲ.
    17.     დიდითა წადიერებითა უნდა ხილვაჲ მისი ნეტარსა ეფრემს და ევედრებოდა ღმერთსა, რაჲთა გამოუცხადოს მას იგი.
    18.     და დღესა შინა ერთსა, იყო რაჲ იგი მდგომარჱ ლოცვასა შინა, მეყსეულად მოუჴდა გულსა სწავლაჲ ბერძულითა ენითა და რაჲთა მეცნიერ იქმნეს სიღრმესა იონთა სიბრძნესა;
    19.     და დაადგრა ესე გულისსიტყუაჲ მის თანა რავდენსამე ჟამსა და არა განეშორებოდა დღჱ და არცა ღამჱ და დღითი-დღედ აღორძნდებოდა და განდიდნებოდა გულისთქუმაჲ ესე მჴურვალებითა დიდითა.
    20.     და მრავლისა ვედრებისა და ლოცვისა შემდგომად და მიმდემისა მარხვისა და ცრემლითა დაუწყუედელითა და ძაძითა ქუეყანასა ზედა წოლისა ეჩუენა მას ჩუენებაჲ საღმრთოჲ.


12

     1.     და ესმა ჩუენებისა მის გამო ჴმითა საშინელითა, რომელიცა-იგი ეტყოდა მას.
    2.     ეფრემ, ეფრემ, უკუეთუ გნებავს, რაჲთა ისწაო სიღრმჱ იონთა სიბრძნისაჲ, მივედ შენ დიდებისა ჩემისა.
    3.     ხოლო წმიდამან ეფრემ ვერ ცნა ძალი სიტყჳსაჲ მის, გარნა ჰგონებდა, ვითარმედ განსლვისათჳს ამის სოფლისა ეტყოდა მას მისლვად სასუფეველსა, რომელ არს სიღრმეჲ დაუსრულებელი სიბრძნისაჲ.
    4.     და მოელოდა იგი განმზადებულად.
    5.     და კუალად ეჩუენა მას ჩუენებაჲ იგი პირველი, და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა სახილავისა მის გამო ესრჱთ: უკუეთუ გნებავს სწავლაჲ სიღრმესა იონთა სიბრძნისასა, მივედ დიდებასა ჩემსა, რამეთუ არს იგი დიდი ბასილი, რომელი მე გამოვირჩიე მწყემსად სამწყსოჲსა ჩემისათჳს კესარია კაბადუკიაისა, ქალაქისა, და მუნ ისწაო შენ სარგებელი შენი.
    6.     და სხუანიცა მრავალნი აცხოვნნე, და ბრწყინვიდენ ეკლესიასა შინა წმიდასა, და მტერნი მისნი სირცხჳლეულ იქმნენ და განიდევნენ.
    7.     მაშინ წმიდასა ეფრემს მარადის ესმოდა მომავალთაგან მისა ამბავი სათნოებათათჳს წმიდისა ბასილისთა.
    8.     ხოლო იგი სურვიელ იყო ფრიად დიდად, რაჲთამცა იხილა იგი და იკურთხა მისგან.
    9.     და ევედრებოდა მარადის ღმერთსა, რაჲთა გამოუცხადოს მას ბასილი ბრძენი.
    10.     და დღესა ერთსა შინა აღიტაცა გონებაჲ მისი, იხილა ბასილი მსგავსად სუეტისა ცეცხლისა მდგომარჱ საკურთხეველსა ზედა, და თავი მისი აღიწეოდა ზეცად.
    11.     და ესმა ზედაჲთ მისა ჴმაჲ, რომელი იტყოდა: ეფრემ, ეფრემ, ვითარცა სუეტი ესე ცეცხლისაჲ, ეგრჱთ არს ბასილი.
    12.     მაშინ აღდგა მეყსეულად და წარიყვანა მის თანა მონაზონი ერთი, რომელმან იცოდა იონთა ენითა, რამეთუ არა იცოდა მან ბერძულად, და წარვიდა, ვიდრემდის მიიწია ზღჳს კიდესა.
    13.     და განგებითა ღმრთისაჲთა პოვა მუნ ნავი ეგჳპტედ მიმავალი.
    14.     მაშინ აღვიდეს ნავსა მას, და დაჯდა მათ თანა.
    15.     და სლვასა მას მათისა ზღუასა შინა აღიძრა მათ ზედა ზღუაჲ იგი, და იყო ქარი ფიცხელი სასტიკი.
    16.     და თუმცა არა შეწევნაჲ ღმრთისაჲ და ლოცვაჲ წმიდისა ეფრემისი, ნავი და-მცა-ნთქუმულ იყო, რამეთუ ყოველი სამძიმარი და ჭურჭელი შთაყარეს ზღუასა, და ფიცხლად ღელვიდა ზდუაჲ იგი, და განეწირნეს თავნი მათნი სიმძაფრისაგან დიდისა საშინელისა საკჳრველებისაგან ღელვათაჲსა ნავსა მას, და ვითარცა-იგი თქუმულ არს ფსალმონთა შინა, ვითარმედ აღვლენან ცამდე და შთავლენან უფსკრულადმდე.
    17.     ხოლო მენავენი შეშინდეს ფრიად და ივლტოდეს ნავისაგან.
    18.     მაშინ წმიდამან ეფრემ ჰრქუა მათ: ძმანო, ნუ გეშინინ.
    19.     ღმერთმან რომელმან განარინა წმიდაჲ პავლე და მისთანანი იგი სიღრმისაგან ზღჳსა, იგივე შემძლებელ არს ჴსნად ჩუენდა.
    20.     ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას, რამეთუ ჰგონებდეს იგინი მისთჳს, ვითარმედ გონებაცთომილ არს იგი და უგუნურ.


13

    1.     ხოლო იგი აღდგა და თაყუანისცა ღმერთსა და ტიროდა და ჴელნი თჳსნი განიპყრნა და ჯუარი დასწერა ზღუასა და თქუა: სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომელმან-იგი დააცხრო ზღუაჲ ჟამთა მათ ჴორცთშესხმისა მისისათა მოწაფეთაგან თჳსთა, სახელითა წმიდითა მისითა გიბრძანებ, რაჲთა დასცხრე და დაყუდდენ ღელვანი შენნი.
    2.     და ვითარცა თქუა წმიდამან ესრე, დაყუდდა ზღუაჲ და ღელვანი მისნი.
    3.     და ყოველნი, რავდენნიცა იყვნეს მის თანა ნავსა შინა, დაცჳვეს ქუეშე ფერჴთა მისთა და შეურდეს და იწყეს ვედრებად მისა, ვითარცა უნდა უფალსა.
    4.     და სლვასა მათსა შინა ზღუასა გამოუჴდა მათ მჴეცი ერთი ბოროტი ზღჳსაგან.
    5.     ხოლო იგინი შეშინდეს ფრიად ყოველნი და იტყოდეს, ვითარმედ: დაღაცათუ განვერენით საშინელებისაგან ზღჳსა, ხოლო მჴეცისა ამისგან ბოროტისა ვერ განვერებით ცოცხლებით.
    6.     მაშინ წმიდამან ეფრემ დასწერა სახჱ პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღდგა და წყევა იგი.
    7.     და ვითარცა ესმა მჴეცსა მას წყევაჲ იგი, მუნთქუესვე მოკუდა და აღმოაგდო წყალმან მან.
    8.     და ვითარცა განვიდა წმიდაჲ ესე ჴმელად, განეშორა მათგან.
    9.     მაშინ შეწუხდეს იგინი ფრიად განშორებისა მისისათჳს.
    10.     ხოლო იგი შევიდა ერთსა ქალაქსა რომელსამე ეგჳპტისასა და ჰკითხა ერთსა ვისმე, რომელიცა-იგი შეემთხჳა მას პირველად, და ჰრქუა მას: რომელი არს გზაჲ სკიტისა უდაბნოჲსაჲ?
    11.     ხოლო მან აჩუენა მას გზაჲ.
    12.     და განვიდა იგი უდაბნოდ ძიებად მამათა წმიდათა განშორებულთა, რომელნი იყვნეს მუნ, და პოვა მუნ სენაკი და ქუაბი, ერთი უკაცრული.
    13.     შევიდეს მას შინა იგი და თარგმანი მისი და დაადგრეს მას შინა მრავალ დღე.
    14.     და რაჲ ჟამითგან მონაზონ იქმნა ნეტარი ეფრემ და აღსასრულადმდე დღეთა ცხორებისა მისისათა არას ჭამდა თჳნიერ პურსა;
    15.     ქრთილისასა და ცერცუსა და მხალსა მცირედსა და სუმიდა წყალსა.
    16.     ხოლო ტყავი მისი შემჴმარ იყო ძუალთა მისთა ძლიერისა მარხვისაგან და დიდისა შრომისა.
    17.     და სამოსელი მისი იყო ძუელი, დაბებკული და შეურაცხი.
    18.     და იყო იგი ჰასაკითა მოკლე, და პირი მისი სავსე მწუხარებითა, და არაოდეს განიცინა.
    19.     და იყო იგი მტიერ, და წუერი მისი მოკლე და თხელ.
    20.     და დაყო ეგჳპტეს რვაჲ წელი და ამხილებნ იგი ყოველთა კაცთა და ასწავებნ ღმრთის მოშიშებასა ჭეშმარიტისა ღმრთისა, ამისთჳს რამეთუ ყოველი კაცი ცთომასა შინა იყვნეს მოძღურებისაგან არიოზის უღმრთოჲსა მწვალებელისაჲთა.


14

    1.     ხოლო სხუათა ქუეყანათა იყვნეს მონაზონნი მრავალნი არიოზოს შჯულისანი.
    2.     და წმიდამან ეფრემ მოაქცივნა იგინი მართალსა სარწმუნოებასა, რამეთუ განისწავლა ნეტარი ეფრემ ეგჳპტელთა ენითა და მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მონიჭებულ იყო მისა, ზრახავნ მათ და უთარგმანებდა მათ.
    3.     და იყო მუნ მონაზონი ერთი დაწყეული არიოზის შჯულისაჲ.
    4.     და იყო იგი მოხუცებული ბილწი, გრძნეულმან და ეჩუენებოდა კაცთა მოღუაწედ და პატიოსნად და შეწევნითა ეშმაკისაჲთა იქმოდა სასწაულთა, ვითარცა-იგი სჳმონ გრძნეული, და განასხმიდა კაცთაგან ეშმაკთა გრძნებითა მისითა.
    5.     და განითქუა სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
    6.     და დღესა შინა ერთსა იხილა ნეტარი ეფრემ, ამხილებდა რაჲ იგი მონაზონთა არიოზის შჯულისათა და განრისხნა იგი ფიცხლად და მოუჴდა და აგინა ეფრემს.
    7.     და ყოველთა დღეთა აგინებნ წყეული იგი გრძნეული წმიდასა ეფრემს და შეემტერა მას.
    8.     მაშინ მიჰხედნა წმიდამან და ჰრქუა მას: არა გაქუს შენ ჴელმწიფებაჲ ზრახვად დაბადებულთა ღმრთისათა.
    9.     და მეყსეულად გამოცხადდა ეშმაკი, რომელი იყო მას შინა, და დაეცა ქუეყანასა ზედა, ყრიდა ჴელთა და ფერჴთა და სცემდა თავსა ქუეყანასა.
    10.     და შეაკრბეს მონაზონნი, რომელნი იყვნეს მუნ მას უდაბნოსა შინა, რაჲთა იხილონ იგი, და ვითარსა ბოროტსა შევარდა იგი სიბერისა ჟამთა, რამეთუ სახელი მისი განთქუმულ იყო ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და ვერვინ იკადრებდა მიახლებად მისა.
    11.     და ვითარცა იხილა წმიდამან ეფრემ ესევითარსა ღუაწლსა შინა, შეიწყალა იგი და მიეახლა და აღუპყრა ჴელი, და გუამი მისი ძწოდა და აღშფოთებულ იყო ყოვლით კერძო.
    12.     მაშინ წმიდაჲ შეჰრისხნა ეშმაკსა მას, რომელი იყო მას შინა, და ჰრქუა მას: სახელითა იესუს ქრისტჱსითა, რომელი-იგი ჯუარს-ეცუა სიონს შინა ცხორებისათჳს, რომელთა-იგი ჰრწამს სახელი მისი ცხოველი, გიბრძანებ, რაჲთა განჰჴდე ხატისა ღმრთისაგან.
    13.     და მეყსეულად განვიდა ეშმაკი მისგან.
    14.     და აღდგა ბერი იგი და ძრწოდაღა იგი და შეუვრდა ფერჴთა წმიდისათა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა და ესრჱთ ეტყოდა: თაყუანის-გცემ შენ, ჵ, მონაო ღმრთისაო კეთილო, რამეთუ მიჴსენ მე ძალითა ღმრთისაჲთა ტანჯვისაგან ეშმაკისა და შემამკვე მე უღლითა ჯუარისაჲთა.
    15.     და მიერ ჟამითგან სახჱ განიგო და ჰრწმენა მართალი სარწმუნოებაჲ.
    16.     მაშინ დასხნა წმიდამან ეფრემ საკითხავები მრავალი ეგჳპტეს შინა.
    17.     და იწყეს პატივისცემად ფრიად ქუეყანისა კაცთა.
    18.     და ვერ თავს-იდვა დგომაჲ მუნ და წარვიდა რომელსამე ზღჳს კიდისა არესა, ვინაჲცა-იგი შევიდიან ნავნი კაბადუკიისანი ეგჳპტედ, და პოვა მუნ ნავი მიმავალი კაბადუკიად და შეჯდა მას შინა და მოვიდა კესარიად, რაჲთა იხილოს წმიდაჲ ბასილი.
    19.     და დაემთხჳა მას დღესასწაული წყლისა კურთხევისაჲ და ღმრთისა გამოჩინებაჲ.
    20.     და შევიდეს ფარულად ეკლესიად იგი და თარგმანი მისი.


15

    1.     და ვითარცა იხილა წმიდაჲ ბასილი, შემავალი ეკლესიად, ჰრქუა თარგმანსა თჳსსა: ესრჱთ ვჰგონებ, ძმაო, ვითარმედ ცუდად დავშუერით, რამეთუ კაცი ესე დიდებითა ამით არა არს მას ზედა, ვითარ-იგი ვიხილე.
    2.     რამეთუ იხილა იგი მოსილი სამოსლითა სპეტაკითა და გარემოჲს მისა პატივი დიდი და სიმრავლჱ ფრიადი.
    3.     და ვითარ იგი დადგა ეკლესიასა შინა მწუხარჱ, განიზრახვიდა და თქუა გულსა თჳსსა: უკუეთუ რომელთა-ესე თავს-გჳღებიეს სიცხჱ დღისაჲ და ყინელი ღამისაჲ და ვერაჲ მოგჳპოებიეს, და ესე ამით დიდებითა და პატივითა სუეტი არს ცეცხლისაჲ, რავდენ უფროჲს საკჳრველ არს ესე.
    4.     და ვითარ ამას განიზრახვიდა, მოუვლინა მას წმიდამან ღმრთისამან ბასილი მთავარდიაკონი და ჰრქუა მას: მივედ დასავალით კერძო ყურესა ეკლესიისასა და ჰპოო მუნ მონაზონი, რომელსა ადგიეს კუნკული, და მის თანა ქარცი ერთი სხუაჲ (და უთხრა მას სხუაჲცა ნიშანი პირისა მისისაჲ), და ჰრქუა მას: ბრძანე, შემოედ საკურთხეველად, რამეთუ ეპისკოპოსი გიწესს შენ.
    5.     და მივიდა მთავარდიაკონი, ვიდრემდე განაპო სიმრავლჱ ერისაჲ და მივიდა, სადა-იგი იყო წმიდაჲ ეფრემ მდგომარჱ, და ჰრქუა მას.
    6.     მაკურთხე, მამაო, და შემოვედ საკურთხეველად, რამეთუ მამაჲ ჩუენი მთავარეპისკოპოსი გიწესს შენ.
    7.     და უთხრა მას თარგმანმან სიტყუაჲ იგი მისი.
    8.     მიუგო მას წმიდამან ეფრემ: შესცეთ, მამაო კურთხეულო, ჩუენ კაცნი უცხონი ვართ და არა გჳცნის ჩუენ ეპისკოპოსმან.
    9.     და მიიქცა მთავარდიაკონი იგი და უთხრა ესე წმიდასა ბასილის.
    10.     ხოლო წმიდამან ეფრემ მიიცვალა სხუად ადგილად.
    11.     და ვითარ წმიდაჲ ბასილი ასწავებდა ერსა წიგნთაგან წმიდათა, იხილა წმიდამან ეფრემ მსგავსად ტრედისა, რომელი იტყოდა პირით მისით.
    12.     და კუალად ჰრქუა ბასილი მთავარდიაკონსა: წარვედ აწ სხუად ადგილად და ჰპოვნე იგინი მუნ მდგომარენი მას და მას ადგილსა, და არქუ მას: უფალო ეფრემ, ბრძანე საკურთხეველად, რამეთუ ეპისკოპოსი გიწესს შენ!
    13.     და ვითარ მივიდა მათა მთავარდიაკონი იგი, ამბორს-უყო ფერჴთა მისთა და ჰრქუა მას: უფალო ეფრემ, ბრძანე, შემოვედ საკურთხეველად, რამეთუ მამაჲ ჩუენი ეპისკოპოსი გიწესს შენ!
    14.     დაუკჳრდა ეფრემს წმიდისა მისთჳს და მაშინ ადიდა ღმერთი თაყუანისცემით და თქუა: ჭეშმარიტად დიდ არს ბასილი, რამეთუ ჭეშმარიტად სუეტი არს ცეცხლისაჲ ბასილი, და ჭეშმარიტად სული წმიდაჲ იტყჳს პირითა მისითა.
    15.     და ევედრა მთავარდიაკონსა მას, რაჲთა შენდობა ყოს მისთჳს წინაშე ბასილისა, და ჰრქუა მას: შემდგომად ჟამისწირვისა მოვიდე მისა სადიაკონოს და მოვიკითხო იგი.
    16.     და ვითარ განუტევა ერი, შევიდა ბასილი საჭურჭლესა ეკლესიისასა და მოუწოდა წმიდასა ეფრემს და მოიკითხა იგი უფლისა მიერ და ჰრქუა მას: ვინ მოგიყვანა შენ აქა, მამაო შვილთა უდაბნოჲსათაო?
    17.     ვინ მოგიყვანა შენ, რომელმან განამრავლენ უდაბნოს მოწაფენი ქრისტჱსნი და განასხენ მისგან ეშმაკნი?
    18.     რაჲსათჳს დაშუერ, მამაო, რაჲსათჳს მოხუედ ხილვად კაცისა ცოდვილისა?
    19.     მოგეცინ შენ ღმერთმან სასყიდელი შრომისა შენისაჲ!
    20.     და მიუგო პატიოსანმან ეფრემ და უთხრა მას, რაჲ-იგი იყო გულსა მისსა და რასა-იგი ეტყოდა თარგმანსა მისსა.


16

     1.     და მერმე ეზიარა წმიდითა ჴელითა მისითა,.
    2.     და ყვეს სიყუარული ერთბამად.
    3.     და მერმე ჰრქუა წმიდამან ეფრემ: ჵ, მამაო პატიოსანო, ერთისა სათხოელისა თხოვაჲ მნებავს შენდა, და ნუ გარე-მიიქცევი არა ყოფად მას.
    4.     ჰრქუა მას ბასილი: ბრძანე, რაჲცა გნებავს, რამეთუ თანა-მაც პატივი შენი და მადლობაჲ უფროჲსღა, ვინაჲთგან დაშუერ ჩემდა მომართ.
    5.     მიუგო წმიდამან ეფრემ: მე უწყი, წმიდაო ღმრთისაო, რამეთუ ყოველი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ.
    6.     და მნებავს მე, რაჲთა ითხოო ღმრთისაგან ჩემთჳს, რაჲთა მომცეს სიტყუაჲ ბერძენთა ენითა.
    7.     მაშინ სულთ-ითქუნა წმიდამან ბასილი და ჰრქუა: მამაო პატიოსანო და მოძღუარო უდაბნოჲსაო.
    8.     დავილოცოთ ღმრთისა მიმართ, რამეთუ იგი შემძლებელ არს ყოფად ნებისაებრ შენისა, რამეთუ წერილ არს: ნებაჲ მოშიშთა მისთაჲ ყოს უფალმან, ლოცვანი მათნი ისმინნეს და აცხოვნნეს იგინი.
    9.     და არარაჲ დიდ არს წინაშე ღმრთისა.
    10.     და ილოცეს ერთბამად და აღდგეს და ჰრქუა მას წმიდამან ბასილი: რაჲსათჳს არა მიიღებ, უფალო ეფრემ, კურთხევასა ხუცობისასა, რამეთუ გშუენის იგი შენ?
    11.     მიუგო ეფრემ თარგმნითა: რამეთუ ცოდვილ ვარ, მამაო.
    12.     ჰრქუა მას წმიდამან ბასილი: ნეტარ, თუმცა მე მაქუნდეს ცოდვანი ეგე შენნი, არამედ მოვედ და ერთბამად თაყუანის-ვსცეთ.
    13.     და დასდვა წმიდამან ბასილი ჴელი თჳსი თავსა ეფრემისსა და მისცა მას კურთხევაჲ დიაკონობისაჲ და ჰრქუა მას: აღგუადგინნენ ჩუენ აწ.
    14.     მაშინ თქუა წმიდამან ეფრემ ბერძულითა ენითა: გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და აღგუმართენ, უფალო, შენითა მადლითა.
    15.     მაშინ ყოველთა დაუკჳრდა საქმჱ იგი, რომელთა ესმა.
    16.     და უნდა წმიდასა ბასილის, რაჲთამცა აკურთხა იგო ხუცად, და არა ინება წმიდამან ეფრემ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: არა ღირს ვარ, რომელი-იგი არს ჭეშმარიტად ღირსი ღმრთისა თანა.
    17.     მაშინ აზრახდა იგი ბერძულითა ენითა განმარტებულად.
    18.     და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ყოველთა, შემძლებელსა ყოვლისასა, რომელი ძნელ უჩნ კაცთა.
    19.     ხოლო ბასილი დააყენა იგი სამ დღე და განიხარა მისთჳს სიხარულითა სულიერითა, და თარგმანი იგი მისი, აკურთხა იგი დიაკუნად და მერმე ხუცად და წარავლინნა იგინი მშჳდობით ადგილადვე თჳსა.
    20.     და ადიდებდეს ღმერთსა კაცთმოყუარესა, მოქმედსა დიდთა საკჳრველებათა ურიცხუთასა.


17

     1.     და დღესა შინა რომელსამე წმიდაჲ ბასილი უთარგმნებდა ერსა სამწყსოჲსა მისისასა ეკლესიასა შინა სულისა წმიდისათჳს.
    2.     და იწყეს კაცთა მდურვად მისგან, რაჟამს-იგი აჴსენა მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, რამეთუ პირველ არა იტყოდეს სულსა წმიდასა.
    3.     მაშინ მიუგო წმიდამან ბასილი და ჰრქუა მათ: ნუ აღშფოთდებით ამისთჳს, რამეთუ კაცისაგან შოვამდინარისა მესმა ესე, რამეთუ ენითა თჳსითა მოძღუარი იყო და ბრძენი, და იყო იგი ძლიერ გონებითა თჳსითა და ესრჱთ იტყოდა იგი ენითა ქუეყანისა თჳსისაჲთა, ვითარმედ: არა შეჰგავს მიცემად დიდებისა ჭეშმარიტისა სამებისაჲ, გარნა კაცთა მიერ უმთავრჱსთა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
    4.     და ესრჱთ ითქუმის: დიდებაჲ კუალად მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
    5.     მაშინღა დაყუდდეს კაცნი და აღასრულეს ესრჱთ და ყოველნი ქუეყანანი ესრჱთ იტყოდეს.
    6.     და კუალად სხუასა ადგილსა, სადა-იგი უთარგმნებიეს ექუსთა დღეთათჳს და დღესა ერთსა შინა, მეორესა დღესა წმიდისა მარხვისასა, დგა რაჲ წმიდაჲ ბასილი საფსალმონეთა ზედა და უთარგმანებდა ერსა სიტყუასა მას მეორესა რომელსა იტყჳს, ვითარმედ: სული წმიდაჲ ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა, და თქუა, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე არა ჩემი არს, გარნა კაცისაგან ასურისა, რამეთუ ესევითარი კაცი განშორებულ იყო ყოვლისა სიბრძნისაგან ამის სოფლის ამაოჲსაჲსა და სწავლულ იყო სიბრძნესა საღმრთოსა ჭეშმარიტსა.
    7.     და იგი იტყოდა სიტყუასა ამას ასურებრითა ენითა (ხოლო იგი მახლობელ არს ებრაელებრსა ენასა).
    8.     ესე არს თარგმანებაჲ გონებისა სიტყჳსაჲ, ვითარმედ: სული იგი, რომელი იქცეოდა ზედა წყალთა, იგი ატფობდა წყალთა მსგავსად მფრინველისა, რომელი-იგი ატფობნ მართუეთა თჳსთა, რაჲთა იყვნენ მას შინა სულნი ცხოელთანი.
    9.     ესევითარითა მსგავსებითა იქცეოდა სული ღმრთისაჲ ზედა წყალთა, რაჲთა იყვნენ წყალთა შინა ცხოველნი სულიერნი თესლად-თესლადი.
    10.     და ამისგან საცნაურ არს ჭეშმარიტად შემოქმედი მისი, და არა არს დაბადებულ და არა არს მას შოვრის დაკლებულება შემოქმედებასა თჳსსა.
    11.     ვიქცეთ კუალად ზემოსავე სიტყუასა.
    12.     და შემდგომად სიხარულისა შუებისა მოძღურებისა სულიერისა მოიწია ამბავი ურაჰით, ვითარმედ გამოჩნდეს მას შინა ცხრანი მწვალებელთაგანნი.
    13.     მაშინ იკურთხნეს ორნივე წმიდისაგან ბასილისა და განვიდეს მისლვად ქუეყანად მათა შოვამდინარისა.
    14.     და ვითარ განვიდა ნეტარი ეფრემ და თარგმანი მისი მის თანა, ჰრქუა წმიდამან ბასილი ერსა, რომელნი-იგი იყვნეს გარემოჲს მისსა, ვითარმედ: ვხედევდ მას, და იგი დგა რაჲ ეკლესიასა შინა, და ორნი ანგელოზნი დგეს მის თანა: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით.
    15.     და აქუნდა მათ სამოსელი ბრწყინვალჱ, ვითარცა მზჱ, და შეჰმოსვიდეს მას.
    16.     და ვითარცა გამოვიდა ნეტარი ეფრემ და მოყუასი მისი მის თანა მისლვად ურჰად ქალაქად მათა, მიიწივნეს ქალაქად, რომელსა ჰრქჳან შიმშატი.
    17.     და შეემთხჳა მათ ვინმე ერთი მთავართაგანი მის ქალაქისაჲ, და იყო მწვალებელი, და ჰყვეს მას მსახურნი მრავალნი.
    18.     და ვითარცა შეემთხჳვნეს, მოიკითხეს იგი.
    19.     ხოლო ერთმან მსახურთა მისთაგანმან განიმარტა ჴელი თჳსი და სცა ყურიმალსა ეფრემისსა და მსწრაფლ მიიღო მისაგებელი, რომელმან-იგი სცა, ქრისტესგან.
    20.     ხოლო წმიდამან არარაჲ სიტყუა-უგო მას.


18

    1.     და ვითარ განეშორნეს მცირედ, დაჯდა ნეტარი მოყუსითურთ თჳსით ჭამად პურისა.
    2.     ხოლო მწვალებელნი იგი ეკიცხევდეს წმიდასა ღმრთისასა ეფრემს.
    3.     ხოლო მონაჲ იგი, რომელმან სცა წმიდასა, ჯდა რაჲ ქვასა ზედა, და გამოვიდა ქვისა მის ქუეშეჲთ ბასილიკონი გუელი და სცა მას, და მოკუდა ადგილსავე ზედა.
    4.     მაშინ მთავარი იგი მოიწია სრბით მოყუსებითურთ თჳსით უკუანა წმიდისა და მიიწია ქალაქსა შინა კრებასა, ითხოვდეს რაჲ იგინი პურსა.
    5.     და შეუვრდეს ყოველნივე და თაყუანისცეს ნეტარსა ქუეყანასა ზედა დავრდომით და იწყეს ვედრებად მისა, რაჲთა კუალად-იქცეს მათ თანა.
    6.     და ვითარცა კუალად-იქცა და იხილა მკუდარი იგი, ტიროდა მისთჳს და უბრძანა მათ, რაჲთა განეშორნენ მისგან მცირედ.
    7.     მაშინ მიაქცია პირი თჳსი აღმოსავალით და თაყუანისცემით ილოცა და აღუპყრა ჴელითა თჳსითა მკუდარსა მას და აღადგინა იგი.
    8.     მაშინ მეყსეულად შეუვრდეს ყოველნი ფერჴთა მის წმიდისა ეფრემისთა და ჰრწმენა მათ მართალი სარწმუნოებაჲ.
    9.     მერმე წარვიდა ურაჰად და პოვნა მას შინა ცხრანი მწვალებელნი და ძალითა უფლისა ჩუენისაჲთა განასხნა ქალაქისაგან, და უფრო ხოლო ბურდისანეთნი და არიოზეთნი და დუმანის და მარკიანნი და რომელნი იყვნეს მსგავსნი მათნი.
    10.     და დღესა შინა რომელსამე მოვარდა ჴელსა მისსა წიგნი ბურდისანისი, მარუნთა მწვალებელისაჲ, და აჴოცა იგი და მერმე ცეცხლითა დაწუა.
    11.     და მაშინ თქუა წმიდამან, ვითარმედ: მივსცენ სასმენელნი და სახედველნი ჩემნი წერილთა მიმართ საღმრთოთა, და მესმა მათგან, და მე ვიკითხევდ რაჲ მათ შინა, ვითარმედ ბურდისან, რომელ არს მარუნიანი, ჰგმობენ საშჯელსა და სამართალსა ღმრთისასა და მადლსა მისსა და იტყჳან, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ, რამეთუ ჴორცნი ესე არღარა აღდგენ.
    12.     განხრწნილებასა მრავალსა იტყჳან მადლისა ღმრთისათჳს.
    13.     და ვითარ-იგი მეუწყა სარწმუნოებაჲ მათი, შთავყარენ იგინი ჯოჯოხეთს შინა, რამეთუ საკითხავები მათი შეაწუხებს სულსა და ჴორცთა მედგრად ბოროტებითა, რამეთუ განჰყოფენ და განაშორებენ შოვრის სულისა და ჴორცთა უსასოებითა, რამეთუ განაქარვნეს ჴორცნი აღდგომად, იგი და სულიცა თანა-ზიარი მისი.
    14.     და ბოროტი იგი, რომელი უყო გუელმან ევას, ესრჱთვე ბურდისანისა შესაძინელი, რამეთუ მან და მოყუასთა მისთა გამოთქუნეს საკითხავნი მრავალნი, რაჲთა მით აცთუნებდენ უმანკოთა და წრფელთა.
    15.     მაშინ წმიდაჲ ეფრემ მიემსგავსა დავით წინაწარმეტყუელსა და გამოთქუნა ასერგასისი საკითხავი წინა-აღდგომად მათა.
    16.     რაჲთა განაქარვნეს სიტყუანი მათნი შეწევნითა ღმრთისაჲთა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი დამკჳდრებულ იყო მის შოვრის, და ვითარ შუენოდა ეკლესიასა, რაჟამს იტყჳედ მას შინა ესე სიტყუანი ტკბილნი.
    17.     და ესე მათ ჟამთა იყო, რაჟამს იყო ბრძოლაჲ ძლიერი ეკლესიასა ზედა.
    18.     ხოლო ნეტარი ესე განვიდა ბრძოლად მტერისა, რომელმან-იგი წარიტყუენნა ნათესავნი კაცთანი მაცთურებითა და ზაკუვითა.
    19.     და რომელსა უნდეს, რაჲთა იხილოს ბრძოლაჲ წმიდისა ამის მოღუაწისაჲ ჭეშმარიტისაჲ და დიდებაჲ მოძღურებისა მისისაჲ, მაშა იკითხევდ ამათ საკითხავთა მისთა, რომელი დაწერა მწვალებელთათჳს.
    20.     არაოდეს მოეწყინა და არცა სულმოკლე იქმნა ყოვლადვე, არამედ სულგრძელებითა ჰბრძოდა მოძღურებასა მას საცთურებისასა და დაწერნა კუალად წიგნები, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, ბერძულად და ასურულად.


19

    1.     და განჴდა ამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა.
    2.     და ვითარ განასხნა ყოველნი მწვალებელნი და გამოაცხადა მზაკუვარებაჲ ბურდისანისი და სწავლა და შეაჩუენა იგი და ყოველნი მოყუასნი მისნი, რავდენნიცა იყვნეს შჯულისა მისისანი, მაშინ მიხედა ეკლესიასა ნეტარმან ეფრემ და თქუა: ნეტარ ხარ შენ ყოველთაგან ბაგეთა მიერ მორწმუნეთაჲსა, ჵ, ეკლესიაო ოქროქანდაკებულო, რომელი განწმედილ იქმენ ყოვლისაგან შეგინებისა მწვალებელთაჲსა.
    3.     და ილოცა და თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ საქმესა მონისა შენისასა, რამეთუ არა შევაძრწუნენ ცხოვარნი შენნი.
    4.     გარნა ყოვლითა ძალითა ჩემითა განვსთხიენ მათგან მგელნი იგი და განვამტკიცენ იგი ყოვლითა ძალითა ჩემითა სიტყუათა მიერ სარგებელთა, კრავნი საცხოვართა შენთანი, და ვნებანი ჩემნი შემაწუხებენ მე, უფალო, და ცოდვანი ჩემნი მაშინებენ მე.
    5.     ხოლო შენ შემეწიე და მომეც მე მადლითა შენითა, უფალო, ძლევაჲ მათზედა, რამეთუ მაშურალ ვარი მე, და რამეთუ მყავ მე მოწაფე შენდა და მომეც მე კუერთხი იგი სამწყსოჲსაჲ და კურნებაჲ ცოდვილთაჲ და საჭურველი წინაშე მბრძოლთა და წინა-აღმდგომთა და წინამძღურობაჲ მართლამღსაარებელთაჲ.
    6.     ხოლო აწ ჭურჭელი აღვსებულ არს და გარდამატებულ არს.
    7.     და აღვიარებ, რამეთუ უძლურ ვარი.
    8.     და თქუა: შესძინე, უფალო, წყალობითა შენითა ღელვანი იგი ნიჭთა შენთანი.
    9.     და ყოველთა მათ სასწაულთა თანა, რომელსა-იგი იქმოდა წმიდაჲ ეფრემ, და ქმნა ესეცა სასწაული ქალაქსა შინა ურაჰისასა: რამეთუ იყო მუნ ერთი უფერჴოჲ და მარადის დაჯდის წინაშე კართა ეკლესიისათა წმიდისა თომაჲსა და ითხოვნ პურსა.
    10.     და არავინ ესუა მას არცა მახლობელი, არცა მშორობელი.
    11.     და დღესა რომელსამე მოვიდა წმიდაჲ შესლვად ეკლესიასა და იხილა მან უფერჴოჲ იგი და შეეწყალა და გარემო მიხედნა ყოვლით კერძოვე, და ვითარ არღარავინ იხილა, მიეახლა მას წმიდაჲ ესე და ჰრქუა მას: ძმაო, გინებსა, რაჲთა განიკურნო?
    12.     ხოლო მან ჰრქუა მას: ჰე, უფალო.
    13.     რამეთუ მნებავს, დასდევ ჴელი შენი ჩემ ზედა.
    14.     ჰრქუა მას ნეტარმან: სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე.
    15.     და მეყსეულად აღდგა და ვიდოდა და შეუდგა მას და ადიდებდა ღმერთსა.
    16.     და შემდგომად ოთხისა წლისა წარმოავლინნა წმიდამან ბასილი ორნი დიაკონნი, კაცნი წმიდანი, ძიებად მისა.
    17.     და სახელი ერთისაჲ მის თეოფილე და მეორისაჲ თომა.
    18.     და უნდა წმიდასა ბასილის, რაჲთამცა ყო იგი ეპისკოპოს.
    19.     და ამცნო მათ ბასილი და ჰრქუა მათ: ოდეს შეხჳდეთ ურაჰას, და ჰპოოთ კაცი იგი მოძღუარი, და ჰმოსიეს მას სამოსელი დაბებკული.
    20.     და უთხრა მათ ყოველი ნიშანი მისი.


20

    1.     და რაჟამს მიხჳდეთ მისა, შეიპყართ იგი, და ნუ განუტევებთ მას და შეიკრძალეთ იგი.
    2.     და უკუეთუ სულელ ყოს თავი თჳსი, ნუვე განუტეობთ მას.
    3.     და ვითარცა მოიწივნეს და შევიდეს ქალაქად, ცნა წმიდამან ეფრემ სულითა წმიდითა.
    4.     და ვითარ იხილნა იგინი, რამეთუ იკითხვიდეს მისთჳს, აიღო საბეჭური დიდი დაბებკული და შეიმოსა და ვიდოდა ურაკპარაკთა შინა და ჭამდა იგი პურსა და გარდამოუტევა პერული, წუერთა ზედა ჩამოსდიოდა.
    5.     და ესე ამისთჳს ჰყოფდა, რამეთუ ეშინოდა უღლისაგან მღდელობისა.
    6.     ხოლო რაჟამს იკითხეს მისთჳს, ჰრქუეს მათ: ესე არს ეფრემ.
    7.     და რაჟამს იხილეს იგი, ჰგონებდეს, ვითარმედ სულელ არს იგი და უგუნურ.
    8.     მაშინ კუალად-იქცეს და მივიდეს ბასილისავე.
    9.     და ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: რაჲსათჳს განუტევეთ იგი?
    10.     მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიხილეთ ჩუენ კაცი უგუნური და არღარად შევჰრაცხეთ იგი და არცა განვაკჳრვეთ იგი და დაუტევეთ იგი და წარმოვედით.
    11.     მაშინ მიუგო წმიდამან ბასილი და ჰრქუა მათ მისთჳს: ჵ, მარგალიტო დიდფასისაო, რომელი მოცემულ ხარ სოფელსა, და არავინ არს, რომელმანცა გიცნა შენ!
    12.     თქუენ ხართ უგუნურ, ხოლო იგი სრული არს ყოველთა საქმეთა შინა მისთა მადლითა ღმრთისაჲთა.
    13.     და ესხნეს ნეტარსა ამას მეგობრად კაცნი წმიდანი და პატიოსანნი, წმიდაჲ მამაჲ საბა მარტოდმყოფი.
    14.     და იყო იგი კაცი სრული ღმრთისმოშიშებითა.
    15.     და რაჟამს შეისუენა, გამოთქუნა მისთჳს საკითხავნი მრავალნი და აჴსენა მათ შინა ყოველი განგებაჲ ცხორებისა მისისაჲ და კეთილი მოღუაწებაჲ მისი, რამეთუ მან იცნოდა ყოველნი საქმენი მისნი და სათნოებანი მისნი;
    16.     და ეპისკოპოსნი მრავალნი და კაცნი წმიდანი, რომელნი იყვნეს ჟამთა მისთა, და რომელთა შეისუენეს.
    17.     და იგი ცოცხალღა იყო, დაწერნა მათთჳსცა კუალად შესხმანი და უთხრობნ იგი განგებასა და ცხორებასა მათსა კეთილსა.
    18.     და ნიკომიდია ქალაქი დაიზულა ჟამთა მისთა ძრვისაგან, და დაწერა მისთჳს საგლოელი საკითხავი.
    19.     და კუალად ბრძოლათა მათთჳს, რომელნი იყვნეს ჟამთა მისთა ქალაქსა შინა ნასიბინისასა, დაწერა, და ამბა იაკობ ეპისკოპოსისათჳს, და დაწერა კოსტანტინე მეფისათჳს და სხუათათჳსცა მრავალთა.
    20.     და ითარგმანნა ძუელნი და ახალნი წიგნნი.


21

    1.     და კუალად მოიწია ჟამთა მათ შინა ჭირნი და მწუხარებანი მრავალნი ქუეყანასა ზედა, და დაწერნა მათთჳსცა საკითხავები მრავალი, და კაცთათჳს მოღუაწეთა, რომელნი იწამნეს სასოებისათჳს საუკუნისა.
    2.     და იყო მათ შოვრის სამონა და გურია და აბიბოს და სხუანი მრავალნი.
    3.     და მათ ჟამთა შინა მოიწივნეს ურაჰას ბარბაროსნი მრავალნი.
    4.     ხოლო მოქალაქეთა დაჰჴშეს კარები, რამეთუ ვერვინ შემძლებელ იყო განსლვად მათ თანა, ამისთჳს რამეთუ მოაოჴრეს ყოველივე, რავდენი იყო გარეშე ქალაქისაჲ, და აღვიდეს მთასა მას, რომელი არს მახლობელ ქალაქსა.
    5.     და იყვნეს მას შინა მონასტერნი მრავალნი დედათა და მამათანი.
    6.     და რამეთუ მონაზონნი მეოტ იქმნნეს მათგან, რომელნი შემძლებელ იყვნეს, და სხუანი მათგანნი ტყუე ყვნეს.
    7.     და მერმე მოვიდეს მონასტერთა დედათასა და იავარ-ყვეს ყოველივე, რაჲცა იყო მათი, და ტყუე ყვნეს იგინი და რომელნიმე მათგანნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და არარაჲ დაუტევეს გარეშჱ ქალაქსა, გარნა ყოველივე მოაოჴრეს.
    8.     და მოიწია ქალაქსა ზედა მწუხარებაჲ დიდი მათთჳს, და რომელნი შემძლებელ იყვნეს, წარიყვანნეს მათ თანა, და წარვიდეს.
    9.     მაშინ ნეტარმან ეფრემ დაწერნა საკითხავნი და გლოვაჲ ყოვლისა მისცნის, რაჲცა-იგი ყვეს მათ.
    10.     ხოლო წმიდაჲ ეფრემ ცხოვნდა ვიდრე მეფობამდე ვალის უშჯულოჲსა, და რამეთუ მან ექუსორია ყვნა მღდელთმოძღუარნი მართლმადიდებელნი და სამწყსოჲ მათი.
    11.     მაშინ მოიწია ურაჰად დღეთა ბარსა ნეტარისა ეპისკოპოსისათა და დაიბანაკა გარეშე ქალაქსა რომელსამე, ჴევსა შინა და მოუვლინა მოქალაქეთა, რაჲთა გამოვიდენ მისა, რაჲთა ცნას ნებაჲ მათი.
    12.     ხოლო მოქალაქეთა არა ინებეს შემთხუევაჲ მისი, გარნა შემოკრბეს ყოველნი ეკლესიასა წმიდისა თომა მოციქულისასა და მას შინა აღასრულებდეს ლოცვასა მწყემსისა მის თანა კეთილისა.
    13.     და რაჟამს ყოვნეს და არა განვიდეს მისა, წარმოავლინა ერთი დუქსი მთავართა მისთაგანი, რაჲთა შეუჴდეს ქალაქსა და მოსწყჳდნეს იგინი მახჳლითა.
    14.     ხოლო მოქალაქეთა უდებ-ყვეს იგი და არა დაჰჴსნეს ლოცვაჲ მათი და არცა დააცადეს ვედრებაჲ მათი.
    15.     ვითარცა მოვიდა დუქსი იგი ქალაქსა შინა და შევიდა ერთსა რომელსამე ურაკპარაკთაგანსა, იხილა მან დედაკაცი ერთი მორწმუნჱ, კეთილად მოღუაწჱ, და მის თანა ორნი ძენი მისნი, მიმავალნი ეკლესიად.
    16.     და ვითარ შეემთხჳა მას დედაკაცი იგი, გარე-აღჰჴდა მას და ყოვლად არა განაკჳრვა იგი უშიშად.
    17.     და რაჟამს იხილა ესრჱთ, ბრძანა მისთჳს, რაჲთა მოიყვანონ მისა იგი.
    18.     და ვითარ მოვიდა მისა, ჰრქუა მას: სადა გნებავს, დედაკაცო, მისლვის?
    19.     მიუგო და ჰრქუა მას, რამეთუ: მესმა განსაცდელი, რომელი განუმზადებიეს მოშიშთა ღმრთისათათჳს, და მეცა წარვალ, რაჲთა მოვიღო გჳრგჳნი მათვე თანა.
    20.     მაშინ ჰრქუა მას: მაშა ესე, რომელ თანა-გყვანან?


22

    1.     მიუგო და ჰრქუა მას: მათიცა მნებავს კუალად, რაჲთა იგინიცა გჳრგჳნოსან იქმნენ ჩემ თანა.
    2.     მაშინ განკჳრდა მთავარი იგი წადიერად სიყუარულისა მათისათჳს, სიკუდილისათჳს, სარწმუნოებისათჳს.
    3.     ხოლო დუქსი იგი კუალად-იქცა მეფისავე, რაჲთა აუწყოს მას, რაჲ-იგი ჰრქუა მას დედაკაცმან მან.
    4.     და ვითარ უთხრა, განკჳრდა ამისთჳს ფრიად.
    5.     მაშინ განვიდეს მოქალაქენი მეფისა და მწყემსი იგი კეთილი მათი – მათ თანავე.
    6.     და ცნა მეფემან ნებაჲ იგი მათი და სიმტკიცჱ სარწმუნოებისა მათისაჲ, შეშინდა ეპისკოპოსისაგან და მღდელთმოძღურობისა მისისაგან და სამწყსოჲსა მისისაგან.
    7.     და იქცა მეფჱ იგი სირცხჳლეული ქალაქისაგან, სარწმუნოებისა მისთჳს კეთილისა მოქალაქეთაჲსა, განერნეს სიკუდილისაგან მწარისა.
    8.     ხოლო ეფრემ რაჟამს იხილა სარწმუნოებაჲ იგი მათი კეთილი და ღმრთისმოყუარეობაჲ იგი მათი, დაწერა შესხმაჲ ქალაქისაჲ და მკჳდრთა მისთაჲ ესრჱთ და თქუა: კარები ეზოთა მათთაჲ და კარები სახლისა მათისანი დაუტევეს ურაჰაელთა ღებულად და განვიდეს იგინი მწყემსითურთ მათით კეთილისა სიკუდილად.
    9.     და ნეტარი კუალადცა შეასხმიდა მათ ქებასა და იტყოდა ესრჱთ, ვითარმედ: მკჳდრნი ქალაქისანი ამას იტყოდეს: მივსცეთ მეფესა ქალაქი და ყოველივე, რაჲცა არს მას შინა, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი არღარა შევიცვალოთ.
    10.     ხოლო მწყემსმან მან წმიდამან და კურთხეულმან მისცა სული თჳსი სიკუდილად და არა შეცვალა სარწმუნოებაჲ მართალი.
    11.     ეჰა, ურაჰაო, ქალაქო წმიდაო და სავსეო სიწმიდითა და გონიერებითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა, რომელსა შეგიმტკიცებიეს წესნი თჳსნი სარწმუნოებითა მართლითა და საჭურველითა სარწმუნოებისაჲთა, რამეთუ განდიდნა გჳრგჳნი შენი სიყუარულითა და ძალითა ქრისტჱს უფლისა ჩუენისაჲთა.
    12.     აკურთხევდენ ყოველნი მკჳდრთა შენთა.
    13.     ეჰა, ურაჰაო, რომლისა სახელი თჳსი სიქადულ მისა და სახელსა იესუ ქრისტჱსსა ესევდ.
    14.     ჵ, ურაჰაო, მთავარო ქალაქთაო, რომელი გაკურთხა შენ ღმერთმან, შენ ხარ ქალაქი, რომელსა გფარავს ზეცისა იერუსალჱმი.
    15.     და ესევითარითა შესხმითა და კურთხევითა აკურთხა ნეტარმან ეფრემ იგი სარწმუნოებისა მისისათჳს მართლისა და სიყუარულისა მისთჳს, რომელი აქუნდა მას მისთჳს, და გამოთქუა მის ზედა საკითხავი და შამრენელთა ზედაცა, რამეთუ ემტერებოდა იგი შამრენელთა, და სწყევედ მას და ჰგმობედ მას და აქებნ ურაჰასა.
    16.     ხოლო მოქალაქენი, ოდეს განვიდიან ლიტანიად, წარვიდიან ღელესა მას, რომელსა შინა დაებანაკა მეფესა ამისთჳს, რამეთუ განვიდეს, რაჲთამცა იწამნეს მას შინა.
    17.     და დღეთა მათ წმიდისა ამის კურთხეულისათა იყო კაცი ერთი ურაჰაისა ქალაქისაჲ წარჩინებულთაგანი, რომელსა სახელი ერქუა აბრაჰამ.
    18.     ამას შეეყენა თავი თჳსი გარეშე ქალაქისასა წელთა მრავალთა და ფრიად ძლიერად მმარხველი იყო და უზეშთაესითა მოღუაწებითა შემკობილ იყო.
    19.     და დიდისა მისთჳს სულგრძელებისა მისისათჳს გამოიყვანა იგი კათალიკოზმან დაყუდებისა მისისაგან და წარავლინა იგი სოფელსა რომელსამე წარმართთასა, რაჲთა მოაქცივნეს იგინი ღმრთისმსახურებად ჭეშმარიტისა ღმრთისა.
    20.     და მივიდა მათა, ამხილებდა მათ და ეტყოდა, რაჲთა მოიქცნენ ღმრთის მეცნიერებად.


23

    1.     ხოლო იგინი მაშინ გუემითა და ქვისა დაკრებითა განსდევნიდეს მას.
    2.     და შემდგომად ამისა განყიდა მონაგები თჳსი და სამკჳდრებელი და აღაშჱნა სოფელსა მას შინა ეკლესიაჲ დიდებული, და დაადგრა მხოლებასა მათსა და ვედრებასა სამ წელ, რაჲთა მოიქცენ ღმრთისმსახურებად.
    3.     და ვითარცა იხილა ღმერთმან სულგრძელებაჲ მისი მათ ზედა მრავლითა მით მოთმინებითა მისითა და სულგრძელებითა, მოიქცეს ღმრთის მეცნიერებად.
    4.     ხოლო მან მონათლნა იგინი ყოგელნივე, და მოვიდეს ეკლესიასა ღმრთისასა და სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა.
    5.     მაშინ მოვიდა ნეტარისა კათალიკოზისა, რაჲთა მივიდეს იგი მის თანა მათა, რაჲთა მოსცეს მათ კურთხევაჲ ხუცობისაჲ და დიაკონობისაჲ, და ყვნა იგინი ეგრჱთ.
    6.     და მაშინღა კუალად-იქცა დასაყუდებელსა თჳსსა.
    7.     ხოლო ნეტარი ეფრემ მეგობარი იყო ამის პატიოსნისა კაცისაჲ და იცოდა მან საიდუმლოჲ განგებულებისა მისისაჲ.
    8.     და რაჟამს იხილა ნეტარმან ეფრემ მყუდროებაჲ და მშჳდობაჲ ქალაქისაჲ და განწმედაჲ ყოველთა მწვალებელთაგან, განვიდა მთად, ვინაჲცა იყოფოდა პირველად, და დაეყუდა.
    9.     და მას ჟამსა შინა იყო ვინმე დედაკაცი კესარიას, დიდთა ნათესავთაგანი, დღეთა მათ წმიდისა ბასილისთა კურთხეულისა.
    10.     ხოლო დედაკაცი იგი დაცემულ იყო ცოდვათა შინა მრავალთა და აქუნდა მას სარწმუნოებაჲ ცოცხალი წმიდისა ბასილისა მიმართ.
    11.     და აღწერნა მან ყოველნი ცოდვანი თჳსნი ქარტასა შინა და დაჰბეჭდა მან იგი და მისცა იგი წმიდასა ბასილის.
    12.     ხოლო იგი ტიროდა და ეტყოდა: დაჰმარხე, მამაო წმიდაო, ეგე ქარტაჲ და ევედრე ღმერთსა, რაჲთა აჴოცნეს ჩემგან ყოველი, რავდენი არს მაგას შინა.
    13.     და მიიღო წმიდამან ბასილი მისგან ქარტაჲ იგი და შებეჭდა მას ზედა და დადვა იგი წინაშე საკურთხეველისა და ევედრა ღმერთსა, რაჲთა აღმოჴოცოს, რაჲცა არს მას შინა.
    14.     და ლოცვითა მისითა და სარწმუნოებითა დედაკაცისა მის აღმოჴოცა, რაჲცა-იგი იყო მას შინა, თჳნიერ ერთისა ცოდვისა.
    15.     ხოლო ცოდვაჲ იგი უდიდჱს იყო ყოველთა ცოდვათა მისთა.
    16.     და რაჟამს განაღო ქარტაჲ იგი დედაკაცმან მან და შთახედა ყოველსავე, რავდენი იყო მას შინა, აღმოჴოცილ იყო, თჳნიერ ერთი იგი დგაღა.
    17.     მაშინ შეურდა ფერჴთა წმიდისა ბასილისთა და ევედრებოდა, რაჲთა ითხოვოს ღმრთისაგან ამის ცოდვისათჳსცა ერთისა, რაჲთა აღიჴოცოს მისგან.
    18.     მაშინ მიუგო წმიდამან და ჰრქუა მას: ასულო, რამეთუ რომელმან მოწყალებითა თჳსითა აღმოჴოცნა მრავალნი, იგივე შემძლებელ არს აჴოცად მის ერთისაცა, რომელი დგას, რამეთუ იგი არს, რომელმან აიხუნა ცოდვანი სოფლისანი ყოველნი.
    19.     და უკუეთუ შენ მოთმინე იქმნა, არა ხოლო თუ ცოდვანი ოდენ შენნი აღიჴოცნენ, არამედ მადლიცა მიგეცეს.
    20.     იხილე აწ, ასულო, და წარვედ უდაბნოდ მთასა მას ურაჰაისასა.


24

    1.     და მუნ კაცი არს წმიდაჲ და სავსე არს იგი მადლითა ღმრთისაჲთა, რომელსა ჰრქჳან ეფრემ.
    2.     იგი მას მთასა დამკჳდრებულ არს, და მიეც მას ქარტაჲ ესე და ევედრე მას, რაჲთა ითხოოს ღმრთისაგან, რაჲთა მოგიტეოს ცოდვაჲ ესე.
    3.     და ვითარცა ესმა წმიდისაგან ღმრთისა დედაკაცსა მას სიტყუაჲ ესე, მწრაფლ წარვიდა წმიდისა ეფრემისა და პოვა იგი სენაკსა შინა თჳსსა.
    4.     ხოლო იგი ჰრეკდა კარსა და ეტყოდა: შემიწყალე მე, წმიდაო ღმრთისაო.
    5.     და რაჟამს იხილა, იცნა საქმჱ მისი სულითა და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან, ჵ, დედაკაცო, რამეთუ მე კაცი ცოდვილი ვარ.
    6.     მაშინ მისცა მას ქარტაჲ იგი და ჰრქუა მას, ვითარმედ: მთავარ ეპისკოპოსმან წარმომავლინა შენდა, რაჲთა ევედრო შენ ღმერთსა და აღმიჴოცოს ცოდვაჲ ესე ჩემი ერთი, რომელი-ესე დგას ჩემ ზედა, რამეთუ წმიდაჲ ბასილი ევედრა ღმერთსა, ვიდრემდის აჴოცნა ყოველნი ცოდვანი ჩემნი, და შენცა ნუ გიმძიმდების ვედრებად ღმრთისა მიმართ, რაჲთა აჴოცოს ერთი ესე, რამეთუ მან მომავლინა შენ თანა.
    7.     მაშინ მიუგო ნეტარმან და ჰრქუა მას: არა, ასულო, გარნა რომელმან-იგი აჴოცნა მრავალნი, იგივე შემძლებელ არს აჴოცად ამის ერთისაცა.
    8.     არამედ მიისწრაფე ადრე, წარვედ, რაჲთა მიეწიფო მას.
    9.     მაშინ იკურთხა მისგან და წარვიდა კესარიად.
    10.     და ვითარცა შევიდა ქალაქად, პოვა წმიდაჲ ბასილი, რამეთუ აღსრულებულ იყო მას დღისა შინა, და დაჰმარხვიდეს მას.
    11.     და ვითარცა იხილა იგი, იწყო ჴმობად და ღაღადებად გოდებით და ტირილით და გორვიდა ქუეყანასა ზედა და ემდურვოდა, ვითარცა ცოცხალსა, და იტყოდა: ვაჲ მე, ვაჲ მე, მონაო ღმრთისაო, რაჲსათჳს მიმავლინებდი უდაბნოდ?
    12.     ამისთჳს, რაჲთამცა არა შეგაგინე, და კუალად-მაქცია ცალიერად, რომლისა თანა შენ მიმავლინე?
    13.     მოხედვა ყოს ღმერთმან და საჯოს შოვრის შენსა და ჩემსა, რამეთუ შემძლებელ იყავ ვედრებად და მოტევებად ჩემდა ცოდვაჲ ესე ჩემი.
    14.     და დააგდო ქარტაჲ იგი სარეცელსა მას ზედა, და უთხრობდა საქმესა მისსა ყოველთა მათ მოქალაქეთა, რომელნი იყვნეს მუნ.
    15.     ხოლო ერთმან მღდელთაგანმან მან აღიღო ქარტაჲ და განჴსნა, რაჲთა ცნას, თუ რაჲ-მე არს ცოდვაჲ იგი დიდი.
    16.     და ვითარცა განაღო ქარტაჲ იგი, პოვა წმიდად, და არა იყო მას შინა ყოვლადვე კუალი ნაწერისაჲ.
    17.     მაშინ ჰრქუა მას: ჵ, დედაკაცო, რამეთუ ქარტაჲ შენი წმიდა არს, და არა არს მას შინა წერილი.
    18.     და იქმნა სასწაული ესე, რაჲთა უწყოდიან ძალი ღმრთისაჲ წმიდათა მისთა შოვრის.
    19.     ხოლო საკჳრველი ესე დიდი იქმნა ლოცვითა წმიდისა ბასილისითა და ნეტარისა ეფრემისითა, და კეთილისა სარწმუნოებისა დედაკაცისაჲთა მიუტევნა მას ღმერთმან ცოდვანი მისნი.
    20.     ხოლო ნეტარი ეფრემ ფრიად შეწუხნა სიკუდილისათჳს წმიდისა ბასილისა და დაწერა საკითხავი შესასხმელად მისთჳს, და აჴსენნა მას შინა ყოველნი სათნოებანი და საქმენი მისნი საღმრთონი.


25

     1.     ხოლო ნეტარი ესე ყოველთა ჟამთა შინა ცხორებისა მისისათა სიწმიდით აღასრულებდა და ყუდროებით, და ყოველი რავდენიცა მოვიდის მისა, ნუგეშინის-სცემნ მათ და ასწავებნ გზასა ცხორებისასა.
    2.     ხოლო წმიდაჲ ესე ეფრემ სამართლად ვიდოდა გზასა მას სულიერსა და არა მიაქცევნ გზისაგან კიდე.
    3.     და ამისთჳსცა ღირს იქმნა მეცნიერებასა ბუნებითისასა.
    4.     და შემდგომად მისა მიიღო სრული იგი მეცნიერებაჲ, რაჲთა იტყოდის სიტყუათა საღმრთოთა, ვინაჲთგან ნუგეშინისმცემელ და სარგებელ იყო ყოველთათჳს მომავალთა მისა.
    5.     რამეთუ არა განვიდის სენაკისა თჳსისაგან ყოვლადვე, თჳნიერ ჭირისა და საჴმრისა რაჲსამე ოდესმე.
    6.     მოიწია სიყმილი ფიცხელი შოვამდინარესა, ქალაქსა ურაჰაისასა, და აიძულა გამოსლვად სენაკისა თჳსისაგან ამის მიზეზისათჳს.
    7.     რაჟამს იხილა წარწყმედაჲ ჴორციელთაჲ სიყმილისა გუემითა, და ეტყოდა იგი მათ, რომელთა-იგი შეეკრძალა ნაყოფი მათი და შეებეჭდნეს სახუარბლენი მათნი: ვიდრემდის არა მოიღებთ გულსა შინა თქუენსა და არცა მოიჴსენებთ საშჯელსა ღმრთისასა და სამართალსა მისსა და მოწყალებასა მისსა?
    8.     რამეთუ სიმდიდრჱ თქუენი დაჰჴსნდეს და წარწყმდეს და გექმნეს თქუენ იგი დასაშჯელ და საყუედრელ სულთა თქუენთათჳს.
    9.     ხოლო მაშინ მათ ზრახვა-ყვეს ურთიერთას მდიდართა მათ და ჰრქუეს მას ესრჱთ, ვითარმედ: ვერ ვჰპოებთ კაცსა მართალსა რწმუნებად ხუასტაგისა ჩუენისა და ღუწად გლახაკთა, რომელნი-იგი კუდებიან შიმშილითა, რამეთუ ყოველივე მზაკუავს ჩუენ და ყოველსავე, რომელსაცა ზედა ვარწმუნებთ, ზაკუვენ იგინი.
    10.     მაშინ მიუგო მათ წმიდამან და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ჩემთჳს?
    11.     რამეთუ ყოველთა კაცთა ჰრწმენა მისი კაცად მართლად სარწმუნოდ და უტყუვარად.
    12.     ხოლო მათ მაშინ მიუგეს და ჰრქუეს მას.
    13.     ჩუენ გურწამ, ვითარმედ კაცი ღმრთისაჲ ხარი შენ ჭეშმარიტად, ნების-მყოფელი მისი.
    14.     და ეგრჱთცა იყო, რამეთუ არავინ ეჭუდა მას.
    15.     ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ ესრჱთ მხედავთ, საყუარელნო, სარწმუნო მყავთ ამას საჴმარსა ზედა, და მე აჰა ესერა სარგებლისათჳს სულთა თქუენთაჲსა ვიქმენი ქსენადოქარად, რომელ არს უცხოთა მსახურებაჲ.
    16.     ხოლო მათ მაშინ მოსცეს მას ვეცხლი და ოქროჲ, რაჲზომცა უნდა მას, და იწყო აგებად სარეცელებისა ქალაქსა შინა და შემზადნა ადგილნი და სიმარჯუენი სამსახურებელად სნეულთა და უძლურთა და გლახაკთა, და შექმნა სამასი სარეცელები რომელნიმე სნეულთათჳს და რომელნიმე სამკუდროდ.
    17.     და კუალად მკოდოვნი რომელნი იყვნეს ქალაქსა შინა მცხორებელნი და დაბნებსა, რომელნი ჭირსა შინა იყვნეს შიმშილისაგან, იზრუნა მათთჳსცა და მოიყვანნა იგინი და დასხნა და მსახურებდა მათ ყოველთა დღეთა თავით თჳსით დიდითა ზრუნვითა, და კაცნი მორწმუნენი განაჩინნა საჴმარსა მას ზედა, რამეთუ ფრიად შემოსწირვიდეს კაცნი მორწმუნენი, მამანი და დედანი.
    18.     რაჟამს აღესრულა წელიწადი იგი შიმშილობისაჲ, და მოიწია იეფობისა წელი, წარვიდა ყოველი კაცი საყოფლად თჳსა.
    19.     მაშინ იგიცა წარვიდა სენაკად თჳსა.
    20.     შემდგომად ამის ყოვლისა განგებისასა, რომელი დარჩომილ იყო ჴელსა შინა მისსა, განაგო, ვითარ-იგი ჯერ-იყო, განგებაჲ და მერმე, შემდგომად თჳსა ერთისა, დასნეულდა მცირედ იგი, ვითარცა კაცი, და ეუწყა მას დღჱ განსლვისა მისისაჲ, და ბრძანა და ეზიარა წმიდასა საიდუმლოსა ქ˜ჱ.


26

    1.     ხოლო ოდეს ეზიარა, განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე, ჴელთა შინა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.
    2.     და ამას სიტყუასა თანა შეჰვედრა სული თჳსი პატიოსანი ჴელთა შინა ანგელოზთასა თუესა ფებერვალსა და დღესა დადეგსა პირველსა თჳსასა, რამეთუ პირველად წარიძღუანა წინაშე ღმრთისა უცხოთა და სნეულთა მსახურებაჲ მეოხად უწინარჱს განსლვისა მისისა.
    3.     მაშინ შემოკრბეს ყოველნი მოქალაქენი და მდაბიონი და დაჰმარხეს იგი დიდითა დიდებითა და პატივითა, და მწუხარე იქმნნეს ყოველნივე სიკუდილისა მისისათჳს.
    4.     ყოველსა, რომელსა მოემარჯჳს, მიიტაცებდიან სამოსლისა მისისაგან, ვითარცა ევლოგიასა.
    5.     და დაჰმარხეს იგი უცხოთა სამარხოსა, რამეთუ ესრჱთ დაემცნო მას, და ესეცა კუალად, რაჲთა არა დაჰმარხონ მის თანა სამოსელი კეთილი.
    6.     და შემდგომად მცირედთა ჟამთა აღმოიღეს გუამი მისი წმიდაჲ მოქალაქეთა, სადაცა-იგი იდვა, და შთადვეს იგი ლუსკუმასა ქუაბსა შინა ეკლესიასა თანა, სადაცა-იგი იმარხვებიან ეპისკოპოსნი.
    7.     და იგი პატივცემულ არს და დიდებულ ყოველთა მიერ მორწმუნეთა ქრისტჱსთა, რაჲთა მეოხებითა მისითა ყოველნი ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
    8.     ამის წარმავალისაგან სოფლისა დაუტევნა ეკლესიასა შინა წმიდასა საკითხავნი მრავალნი, რომელნი გამოთქუნა ფრიად ურიცხუნი და თარგმანნა ძუელნი და ახალნი მოსწრაფებითა დიდითა ბერძულად და ასურულად, ფრიად სარგებელნი და განმანათლებელნი ყოველთა, რომელთა იკითხონ მათ შინა.
    9.     და უკუანაჲსკნელ ერთმან ვინმე მოწაფეთა მისთაგანმან თქუა, ვითარმედ: რაჟამს ვიყვენით მის თანა ურაჰას, ქალაქსა შინა კურთხეულსა, შემოგჳჭურიტნა დედაკაცმან ვინმე ერთმან ერდოთა ზედაჲთ და მრქუა ჩუენ: რაჲ შეჰგბოლეთ დღეს?
    10.     ხოლო წმიდამან ეფრემ მიუგო და ჰრქუა: ორი მოვლება და დასაბურველი.
    11.     და მასვე ჟამსა შინა გჳბრძანა აღშჱნებაჲ კედლისაჲ, და აღვაშჱნეთ ორი მოვლებაჲ და ზედა საბურველი და დავყავთ ადგილი იგი, რაჲთა არა კუალადცა შემოგჳჭჳრობდეს.
    12.     და დასასრულსა ცხორებისა მისისასა გჳთხრობდა მოწაფჱ ესე წმიდისა ეფრემისი და თქუა მის მაგიერ, ვითარმედ: თქუა წმიდამან ეფრემ უკუანაჲსკნელ ჟამთა მისთა, თქუა, ვითარმედ: ეჩუენა მას ხილვაჲ, რამეთუ ვაზი აღმოჴდა ენასა ზედა მისსა დიდი და აღორძნდა ფრიად, და აღივსო მისგან ყოველი ქუეყანაჲ, და გამოიხუნნა ტევანნი ურიცხუნი.
    13.     და მოვიდოდეს ყოველნი მფრინველნი ცისანი და ჭამდეს ნაყოფისა მისისაგან.
    14.     და რავდენცა ჭამდეს, უფროჲსღა აღმოეცენებოდა და გამოჰქონდეს ტევანნი.
    15.     და ჭეშმარიტად, რამეთუ ყოველნი დაბადებულნი მოისთულებენ ცხორებასა თქუმულთა მისთაგან და თარგმნებულთა წმიდისა და ნეტარისა ეფრემისთაგან, რომლისა ლოცვითა მისითა და ვედრებითა, რაჲთა ყოველნი ღირს ვიქმნეთ ზიარ ყოფად მის თანა სასუფეველსა ღმრთისასა, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით Cookies-ის გამოყენების უფლებას.