ილია ჭავჭავაძე - ბიოგრაფია Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 20 აპრილი 2007 22:51

 ყვარელი. ბავშვობა და სიყმაწვილე

1837-1847

კახეთში, მაშინდელი თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძვ. სტ.) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე.

,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება

თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,

გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად

გაზრდილი...“

-ასე მიმართავდა ილია თავის მშობლიურ მხარეს ლექსში: ,,ყვარლის მთებს“.

ყვარელი, სადაც გაატარა მომავალმა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე, საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოს აღმოსავლეთი საზღვრების კარიბჭე, რომელიც იცავდა ჩვენს ქვეყანას მომხვდური მტრის ამაოხრებელი შემოსევებისაგან და რბევებისაგან. ამის დასტურად აქ დღემდე არის შემორჩენილი ძველი ბურჯებიანი ციხე-გალავანი და კოშკები...

ილიას პოეტურ მეხსიერებაში ღრმად აღბეჭდილა კახეთში, ალაზნის პირას გატარებული სიყმაწვილის დაუვიწყარი დღეები და აკი 1859 წელს არტურ ლაისტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაწერა კიდეც უმშვენიერესი ლექსი ,,ალაზანს“, რომლის მსგავსი კახეთზე არც მანამდის და არც შემდეგ დაწერილა:

,,მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!

აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!

დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,

დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს.

რაც კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე

და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..“

ჭავჭავაძეთა გვარი საისტორიო წყაროებში XV საუკუნიდან, კერძოდ, ალექსანდრე I დიდის დროიდან მოიხსენება. გადმოცემების მიხედვით, ილიას წინაპრები-ჭავჭავაძიანთა ერთი მთავარი შტო-ისტორიული კახეთის მთიულეთის (ერწო-თიანეთი ფშავ-ხევსურეთით) მხრიდან უნდა იყვნენ ჩამოსახლებულნი XVI საუკუნის დამდეგს, ლევან I მეფობის დროს, სახელდობრ, 1529 წელს კახეთის ბარში - ალაზნის გაღმა მხარეში ყვარელ-შილდაში და სამშობლოსა და მეფის სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისა და მამაცობისათვის კახეთის მეფე კონსტანტინე I თავადობაც მათთვის აქ უბოძებია 1726 წელს. ამიტომაცაა ისინი კახეთის თავადობის ღირსებით ჩაწერილნი 1783 წელს გეორგიევსკში დადებული რუსეთ საქართველოს ტრაქტატისათვის თანდართულ ქარლთ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში, რომელიც ერეკლე II მიერ არის დამტკიცებული.

კახეთის თავადი ჭავჭავაძეები იყვნენ ,,ორ გვარად“ -წინანდლისა და ყვარლისა. წინადლის შტოს ეკუთვნოდნენ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გარსევან ჭავჭავაძე (ვისაც ერეკლე II მიანდო 1783 წელს გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს ტრაქტატზე ხელის მოწერა, შემდეგ კი ქარლთ კახეთის სამეფოს დესპანად გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე პეტერბურგში), მისი ვაჟი-გამოჩენილი ქართველი პოეტი-რომანტიკოსი ალექსანდრე ჭავჭავაძე, მა უკანასკნელის სილამაზით განთქმული ასულნი-ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვისა, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სოფიო ჭავჭავაძე-ბარონ ნიკოლაისა და ერთადერთი ძე - დავით ჭავჭავაძე...

ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიით გატაცებული ჭაბუკი ილია თავის დიდ წინამორბედზე 1860 წელს დაწერს:

,,მისი ლექსი შვებით, ლხენით

ხან მეჯლისში მოჰფრინდება,

გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,

გამღერებს და ამღერდება...“

ილია ყვარელი ჭავჭავაძეების შთამომავალია. მისი პირდაპირი წინაპრები-ოტია, პაპუნა, მამუკა, ფარემუზ, ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეები XV-XVIII სს. ისტორიული პირებია, ილიას პაპის მამას - ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია 1755 წელს ხუძახის ბატონის-ნურსალ-ბეგისა და მისი 20-ათასიანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს. როგორც თეიმურაზ II და ერეკლე II 1755 წლის წყალობის სიგელი მოწმობს, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ბესპაზ ჭავჭავაძემ ,,რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა, ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლა“ და ყვარლი ციხე გალავანს ალყა შემორტყმული ხუნძახის ბატონი და მისი მრავალათასიანი ლაშქარი სატიკად დაამარცხა და სამარცხვინოდ უკუაქცია!

ილია კანონიერად ამაყობდა თავისი წინაპრების პატრიოტული თავდადებით და მამა-პაპათა მიწის ერთგულებით. 1873 წლის 19 ნოემბერს პეტერბურგიდან ილია სწერდა თავის მეუღლეს: ,,მე ვიდრე პეტერბურგში მოვიდოდი, პოლტავაში დამიბარეს ბანკირთან მოსალაპარაკებლად და იქ ექვსი დღე ვიყავი... პოლტავის გუბერნიაში ბევრი ქართველები არიან, უწინდელი გადმოსახლებული და ძალიან მდიდრები-ბარათოვებიც არიან, ორბელიანებიც, მუსხელოვებიც და თითქმის ყველა გვარის კაცი, ჭავჭავაძიანთ გარდა. როგორც ეტყობათ, რომ ჭავჭავაძიანთ უწინაც თავისი ქვეყანა ჰყვარებიათ, რომ თავი არ დაუნებებიათ“.

. . . . .

ილია მესამე შვილი იყო გრიგოლ და მარიამ ბებურიშვილი ჭავჭავაძეებისა. თავის ავტობიოგრაფიაში ილია წერს: ,, დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს, სოფელ ყვარელში“.

შუა ეზოში იდგა რიყის ქვისგან ნაშენი სამსართულიანი ძველებური კოშკი, სადაც ლეკების შემოსვლის დროს მთელი ოჯახი იხიზნებოდა. ლეკთა ერთ-ერთი ასეთი მოსალოდნელი თავდასხმის დროს საბადებულა სწორედ ილია ამ მამაპაპეული კოშკის მეორე სართულზე. მესამე სართული მცველებს ეკავათ, პირველ სართულს კი სურსათ-სანოვაგის შესანახად იყენებდნენ. კოშკს ყველა მხრიდან სათოფურები ჰქონდა დატანებული და საიმედოდ იცავდა მებატონის სახლ-კარს, რომელშიც შედიოდა სადგომი სახლი, სამზარეულო, ჩალური და მარანი, წისქვილი, ბეღელი და თავლა.

ილიას თავისი პირველი ლექსები, მისი გამდელის სალომე ლოლაძის მოგონებით, რწორედ ყვარლის სახლ-კარისთვის მიუძღვნია: ,,მახსოვს, (ილიამ) ძალიან კარგი ლექსები გამოსთქვა კოშკზე, მარანზეჩ.

ილიას სახლ-კარი დიდ მწვანე ბაღშია ჩაფლული, რომლის ნამდვილი მშვენებაა საუკუნოვანი გოლიათი კაკლის ხე. ამბობენ თითქოს, ილიას ყრმობის პირველი გატაცება სოლომონ ჭავჭავაძის მშვენიერი ასული ელისაბედი ყოფილა, იგივე ლიზა (შემდეგ ყვარელში მოსამსახურე ქუთაისელი ოფიცრის ალექსანდრე მარჯანიშვილის მეუღლე, დედა კოტე მარჯანიშვილისა) და თითქოს სწორედ მას მიუძღვნა შესენიშნავი ლირიკული ლექსი ,,გახსოვს, ტურფავ“:

,,გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში

მე და შენ რომ ერთად ვრბოდით?

ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის

მეტ არაფერს ჩვენ არ გვრძნობდით!

შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი,

გადმომიგდე საყვარელსა

და მითხარი: ,,ჩემო გიჟო!

ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!..

ქართული ენის, წერა-კითხვისა და სამშობლო ქვეყნის გმირული წარსულის, ქართული მწერლობისა და ზეპირსიტყვიერების სიყვარული ილიას პატარობიდანვე ოჯახში ჩაუნერგა დედ-მამამ:

,,მამა-ჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა“, ან კიდევ: ,,მამამ დაიწყო: მე ადრეც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით“,- ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“.

მაინც, ილიას პირველი მასწავლებელი და შთამაგონებელი დედა ყოფილა. აქ ჩვენ მოგვიხდება მოვიტანოთ ვრცელი ამონაწერი ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიიდან:

,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

მაგდანა (მარიმ) ბებურიშვილი სანამ 1832 წელს გრიგოლ ჭავჭავაძის მეუღლე გახდებოდა, მანამდეც მისი ოჯახი წმინდა ქართული ტრადიციების მატარებელი ყოფილა და ქართული ეროვნული მწერლობის ძეგლთა გადაწერა- გამრავლებას მისდევდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ქართული მწერლობის სიყვარული ილიას თურმე დედის ოჯახიდანვე მოსდევდა.

შინაური სწავლის მიღების შემდეგ 8 წლის ილია მიუბარებიათ სოფლის მთავარ დიაკვნისათვის, ვისთანაც გატარებულ სამ წელს წარუშლელი კვალი დაუტოვებია მწერლის ცხოვრებაში. ავტობიოგრაფიაში ილია გადმოგვცემს: ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის-,,დიმიტრი თავდადებული“- თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს ,,გლახის ნაამბობში“ ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.

მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ვიყავით. ყველანი შინიდან დავდიოდით მთავართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა შუადღემდე.

ილიას დედა,ს რულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა ყვარელში 1848 წლის 4 მაისს. დედით დაობლებული ძმისშვილების პატრონობა იკისრა მამიდამ – მაკრინე პაატას ასულმა ჭავჭავაძემ და მართლაც რომ ნამდვილი დედობა გაუწიათ მათ.

მეთერთმეტე წელში გადამდგარი ილია 1848 წლის იანვრისთვის მამამ თბილისში ჩამოიყვანა. პატარა ილიას ცხოვრებაში დგებოდა ახალი ხანა – თბილისის ხანა, პანსიონსა და გიმნაზიაში განსწავლის წლები. . .

თბილისი

პანსიონსა და და გიმნაზიაში

1848-1856 წლები

1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია.

1851 წელს წავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა.

1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა “მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრამვას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.

ილიას ბავშვობისა და მოწაფეობის ხანა მშფოთვარე პერიოდია ჩვემს ისტორიაში„ ეს არის კავკასიისა და ყირიმის ომების ხანა, ბატონყმობის მძიმე უღლისა და რუსეთის თვითმპყრობლობის ბრძოლის ხანა. 1854 წლის ივლისში წინანდალზე ლეკთა თავდასხმამ იმსხვერპლა მისი უფროსი ძმა კონსტანტინე.

აი, ასეთ გარემოში ცხოვრობდა, სწავლობდა და ვაჟკაცდებოდა თბილისი გიმნაზიის მოწაფე ილია ჭავჭავაძე.

 

პეტერბურგს გამგზავრება, პეტერბურგის უნივერსიტეტი

1857-1861 წ

marSrutiგიმნაზიის კურსდამთავრებულ ილიას მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი რუსეთში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად. რუსეთში წასვლამდე ილია ყვარელში იმყოფება. იგი ამ დროისათვის რამოდენიმე ორიგინალური ლექსის ავტორი გახლდათ. 1857 წლის 15 აპრილს სოფელ კარდანახში დაწერა ლექსი “ყვარლის მთებს“.

1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა. და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი)

1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა.

ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილისათან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.

კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:

“უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტუკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.   ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: “ მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“

ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.


“როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას“

საქართველოში დაბრუნება

1861 წლის გაზაფხულზე , აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება და როგორ შემეყრება იგი მე – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?...............“ -სამშობლოში მომავალი ჭაბუკი პოეტის გულის ჩქროლვაა.

ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.

შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში ქმნის ორ ახალ შესანიშნავ ლექსს “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული...“ და “ჩემო კალამო“.

1863 წლის 10 აპრილს, ილია ჭავჭავაძე დაქორწინდა საგურამოს მფლობელ თავად თადეოზ გურამიშვილის ასულ ოლღა გურამიშვილზე. ამ ხნიდან მოყოლებული თვით ტრაგიკულ აღსასრულამდე ილიას ცხოვრება და შემოქმედება უკვე განუყრელად არის დაკავშირებული მის სახელთან. . .

1863 წელს ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალს “საქართველოს მოამბე“

 

სახელმწიფო სამსახურში–ქუთაისსა და დუშეთში
1864-1873

1863 წლის ბოლოს ჟურნალ “საქართველოს მოამბის“ დახურვის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ეფიქრა., რათა ნივთიერი სახსარი მოეპოვებინა: “1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისც ალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისგან წარმომდგარი“- წერს ილია თავის ავტობიოგრაფიაში.

კავკასიის მეფისნაცვლის 1868 წლის 1 თებერვლისს ბრძანებით, თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაინიშნა თბილისის გუბერნიის დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი.

 

ქართული ბანკის დაარსება. “მეფე ლირის“ თარგმნა და გამოცემა

1873-1876

1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე გამოვიდა სახელმწიფო სამსახურიდან და თბილისში გადმოსახლდა.

საქართველოში ბატონყმობის გადავარდნის დაწყებისთანავაე, გამოჩენილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის წინამძღოლი იყო, წამოაყენა ბანკის დაარსების იდეა.

ილია ჭავჭავაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბანკის წესდების შემუშავებელ სხდომებში. 1873 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე ბანკის წესდების დამტკიცების დასაჩქარებლად და საბანკო საქმეების შესასწავლად, დავით ყიფიანთან და დიმიტრი ყაზბეგთან ერთად რუსეთს გაემგზავრა.

ბანკის წესდების მოლოდინში ილია ჭავჭავაძე პოულობს თავისუფალ დროს და პეტერბურგში ხელს კიდებს ახალ დიდ საქმეს„ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტ ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იწყებს შექსპირის “მეფე ლირის“ ქართულად გადმოთარგმნას.

ბანკის წესდების დამტკიცებას, რომ კარგი პირი შეატყო, ილია აღარ დაელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას და ათი თვის ტაჯვა-წვალების და რუდუნების შემდეგ, 1874 წლის აპრილის დამდეგს პეტერბურგიდან სამშობლოში გამარჯვებული გამოემგზავრა. 1874 წლის 28 მაისს ფინანსთა მინისტრმა რეიტერნმა ბოლოს და ბოლოს დაამტკიცა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება.

1875 წლის თებერვლიდან ამოქმედდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, რომელსაც მთელი 30 წლის მანძილზე 1905 წლის 23 ივნისამდე სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.

ილია არც “მეფე ლირის“ დაბეჭდვის საქმეს ივიწყებს. 1877 წლის თებერვალში ილიამ “მეფე ლირი“ ცალკე წიგნად გამოსცა.


 

“ივერია“ პირველი პერიოდი

1877-1885

ილია და “ივერია“ ყოველი ქართველის ცნობიერებაში ერთმანეთისაგან სამუდამოდ განუყოფელი ცნებებია. გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა 1877 წლის 3 მარტს. ყოველკვირეული გაზეთის სახით.

1879 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა ყოველთვიურ ჟურნალად, რის ნებართვაცილიასთვის კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის მიუცია.

1880 წლიდან “ივერია“ გადაკეთდა სამთვიურ ორგანოდ.

1881 წლიდან “ივერია“ კვლავ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა და ასე გამოდიოდა 1885 წლის ჩათვლით.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ძეგლებისთარგმანებითაც. აგრეთვე მრავალფეროვანია მისი პუბლიცისტიკა.

ფასდაუდებელია ის ამაგი, რომელიც ამ პერიოდში (1877-1885) ილია ჭავჭავაძემ დასდო ქართულ სკოლას, საერთოდ ქართულ სწავლა-აღზრდისა და განათლების საქმეს და, რაც მთავარია, სკოლაში ქართული ენის უფლებათა დაცვას.

ამავე პერიოდში დღის წესრიგში დგება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსების საკითხი.

წესდების პროექტზე 1878 წლის 30 იანვარს ხელი მოუწერია 126 დამფუძნებელ წევრს, ხოლო დ.ყიფიანს, ბ. ღოღობერიძეს და ი. ჭავჭავაძეს დასამტკიცებლად მთავრობისთვის წარუდგენიათ 1878 წლის 20 ივნისს, რომელიც ზოგიერთი ცვლილების შემდეგ დაუმტკიცებიათ 1879 წლის 31 მარტს, რის შესახებაც ოფიციალური ცნობა 1879 წლის 14 აპრილს მიიღო დამფუძნებელ წევრთა რწმუნებულმა დ. ყიფიანმა თბილისის გუბერნატორისგან.

საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის ამაგი, რომელიც მან ქართველ მოღვაწეებთან ერთად დასდო თბილისის სათავადაზნაუროო გიმნაზიას და მისი შენობის აგებას, რომელიც შემდეგში გახდა აკვანი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისა.


“ივერია“ - მეორე პერიოდი

1886-1901

1885 წლის 16 სექტემბერს, მთავრობის განკარგულებით, “მავნე“ მიმართულებისათვის სამუდაომოდ აიკრძალა ეთადერთი ყოველდღიური გაზეთი “დროება“. ილია ჭავჭავაძე მაშინვე შეუდგა ყოველთვიურ ჟურნალ “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების სამზადისს. ილიას დაუბეჭდავს მომავალი გაზეთის სარეკლამო ფურცელი: “ქართული ყოველ-დღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი “ივერია“ გამოვა ჟურნალის სამაგიეროდ 1886 წლის I-ს იანვრიდამ ყოველ-დღე.........“

მართალია “ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გამოსვლის პერიოდში ილიას შემოქმედებითი ძალა და ენერგია უმეტესად პუბლიცისტურ-ჟურნალისტურმა მუშაობამ და საზოგადო მოღვაწეობამ შთანთქა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ილიას დიდმა მხატვრულმა ტალანტმა ამ პერიოდშიც შექმნა რამდენიმე პირველხარისხოვანი პოეტური და პროზაული შედევრი, მათ შორის, ქართული პროზის შედევრი “ოთარაანთ ქვრივი“

საგურამოში, თავის მიერ გაშენებულ სახლ-კარში ჩაუყარა საფუძველი ილიამ შესანიშნავ ტრადიციას – ყოველ 20 ივლისს, წმ.ილიას სახელწოდების დღეს, იგი აქ მართავდა “ილიაობას“, რომელიც დროთა განმავლობაში ჭეშმარიტ ეროვნულ დღესასწაულად იქცა!

1897 წლის იანვარში შესრულდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავი.

1891 წელს ილია ჭავჭავაძეს ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოაჩნდა.

1900 წელს ილია სამკურნალოდ ევროპაში მიემგზავრება (გერმანია, ავსტრია)
 

ივერიის გარეშე

1902-1907

ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ილია ერთ წელს კიდევ უძღვებოდა თავის გაზეთს, მაგრამ 1901 წლის 5 დეკემრიდან რედაქტორობა ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა, თუმცა “ივერიის“ 1902 წლის №1-152 -ის გამომცემლად მაინც ილია დარჩა. ამის შემდეგ ილია უკვე საბოლოოდ ჩამოსცილდა “ივერიას“ და ერთხანს აქტიურ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც უფრო ნაკლებ ედგა კვალში.

1902 წლიდან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე საგნაშვილისეული სახლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ მაშინდელ ჯერ ვაგზლის ქუჩაზე და ცოტა ხნის შემდეგ ანდრიას ქუჩაზე.

1903 წელს ილია ჭავჭავაძე აფხაზეთში ჩადის. გაგრაში ახალი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობისთვის.

დადგა 1905 წელი.

ილია ამ დროს უკვე 68 წლის მოხუცი, ავადმყოფობით იყო გატეხილი.

ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.

1906 წლს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგში სრულიად რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი დელეგატი-ამომრჩეველი სახელმწიფო საბჭოსი.

1906 წლის აპრილში იგი არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. სახელმწიფო სავჭოს პირველი სესია გაგრძელდა 1906 წლის 27 აპრილიდან 12 ივლისამდე. ივლისში ილია საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი თებერვლამდე დარჩა. თებერვალში ილია ისევ რუსეთს გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე. ივლისში ილია მეუღლით დაბრუნდა საქართველოში.

1907 წლის 30 აგვისტო – წიწამურის ტრაგედიის დღე-უდიდესი სამგლოვიარო თარიღია ქართველი ერისა. ამ დღეს თვითმპყრობელობის აგენტებმა მოჰკლეს ქართველი ხალხის ერთგული შვილი ილია ჭავჭავაძე. ილიას წმნინდა სისხლი დაიღვარა წიწამურში, არაგვთან.ათი დღე, 30 აგვისტოდან -9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში.
9 სექტემბერს ქართველმა ხალხმა ილიას ნეშტი, რომელსაც დაედინა ცრემლი მთელი საქართველოსი, მიაბარა მშობლიურ მიწას .

ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.

Last Updated on პარასკევი, 27 თებერვალი 2009 00:54