სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი I Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 24 მარტი 2007 12:14
 
 

სიბრძნე სიცრუისა

იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა. სიუხვე მისის ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა და ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა.

მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხის უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ, ჩჩვილთა წულთაებრ, სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ.

და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ.

და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვარსკვლავთა საქმენი გულის ფიცართა გამოეწერა; ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის.

და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ.

დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისასა ზრუნვა, გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა.

დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის.

და იყო საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი. სეფეთ-უხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა; და თქვა: რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესე ოდენი?

 

Last Updated on ორშაბათი, 24 მარტი 2008 13:05