მითი ამირანზე Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 16 მარტი 2008 12:22

მითი ამირანის შესახებ ძალზედ ძველია და მას ფესვები წარმართულ ხანაში აქვს გადგმული. იქიდან გამომდინარე, რომ თქმულება ქრისტიანობის წინარე ეპოქაშია შექმნილი, სავსებით გასაგებია მისი ფასი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის წარმოგდენისათვის, ასევე უძველეს ხალხურ წარმოდგენათა მეცნიერულ გააზრებისთვის ამირანის პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეა.

ჩვენ არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პრეისტორიულ ხანაში პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. საქართველოში ამირანი, თვითონ სახელი „ამირ“ უფრო იმ პერიოდთან არის დაკავშირებული, როდესაც უკვე სპარსული კულტურა შემოდის საქართველოში. ამირან დარეჯანისძე – „ამირ ანდარე ჯეჰან“ ნიშნავს „მბრძანებელი ქვეყნისა“, მეუფე ქვეყნისა“, ეს სპარსული ტერმინია. სახელი ამირანი აშკარად სპარსული წარმოშობისაა და არ ასახავს ამ არსების რაობას. პრეისტორიულ ხანაში ამ არსებას ალბათ ჰქონდა უფრო ძველი პროტოქართული შესატყვისი.


ამირანი


ლეგენდის თანახმად ამირანი გახლდათ ნადირობის ქალღმერთის - ოქროსთმიანი დალის შვილი. დალიმ ქალღმერთობისთვის უღალატია და მოკვდავი დარჯალანი შეჰყვარებია. მამაც მონადირეს საოცრად ეჭვიანი და ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან ადვილად მიაგნო შეყვარებულების ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას მერე ქალღმერთთან არც გამოჩენილა. დალი მონადირისგან ფეხმძიმედ დარჩა. თმის დაკარგვასთან ერთად ძალაც დაკარგოდა და მშობიარობის უნარი არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ მონადირე სულკალმახს გაუგია და მის დასახმარებლად წასულა. დალიმ მონადირეს თავისი ამბავი მოუყვა და სთხოვა: მისთვის ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა ამირანი დაერქვა. ბავშვს მუცლიდან ამოყვანის შემდეგ სამი თვე დეკეულის მუცელში უნდა გაეტარებინა ხოლო სამი თვე კუროს ფაშვში. ამის შემდეგ მონადირეს ჩვილი ოქროს აკვანში უნდა ჩაეწვინა და აკვანი იამანის წყაროზე დაედგა. იქ მისი მომნათლავი გამოივლიდა და ბავშვს მონათლავდა. ქალღმერთმა სულკალმახს ისიც გაუნდო, რომ მისი შვილი გმირი გამოვიდოდა. შეწუხებული მონადირე თავიდან უარზე იდგა, თუმცა ქალღმერთმა მაინც მოახერხა მისი დათანხმება. ქალს მზის მსგავსი ვაჟი ეყოლა, რომელსაც დედის თხოვნით ამირანი ეწოდა. სულკალმახმა დანაბარები შეასრულა და ამირანი ოქროს აკვნით დატოვა იამანის წყაროზე. ყველა გამვლელი ეკითხებოდა ვაჟს მისი მშობლებისა და მომნათლავის შესახებ, ამირანი კი პასუხობდა, რომ დედ-მამის ვინაობა არ იცოდა, ხოლო მისი ნათლია თვითონ ღმერთი იყო. ამ დროს ღმერთს ჩაუვლია წყაროზე და მასაც იგივე უკითხავს ამირანისთვის. პასუხის მოსმენის მერე ღმერთმა მართლაც მონათლა ამირანი და დაქანებული ზვავის შეუდრეკელობა, თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის მუხლი, ბავშვობაში სისაწყლე და სიბეჩავე, ვაჟკაცობაში ომი და ჭირსახადი დაანათლა. უბოძა მას ალმასის ხანჯალი და დაუბარა, რომ იგი მხოლოდ უკიდურეს გაჭირვების დროს გამოეყენებინა. შემდეგ დალოცა და უთხრა, რომ მისი მომრევი ქვეყნად არავინ იქნებოდა. ამირანი იამანმა იშვილა და თავის ორ ვაჟს ბადრისა და უსიპის უძმო. ვაჟები მალე დაობლდნენ ხოლო მათი სახლ-კარი დევებმა დაიპყრეს. უპატრონოდ დარჩენილი ძმები უაღრეს გაჭირვებაში გაიზარდნენ...

ამირანმა მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა: გაათავისუფლა მზე დევ-ვეშაპის მუცლიდან, მოკლა ბაყბაყ დევი, დახოცა გველეშაპები, მიწასთან გაასწორა ცხრა ძმა დევების სამეფო. მან ზეციდან ჩამოიყვანა თავის საცოლე- ღრუბელთა მბრძანებლის ასული ყამარი, მოკლა ავი სული ქალ-ხარი. ბოლოს გმირმა ღმერთის დამარცხება გადაწყვიტა, რისთვისაც ღმერთმა ის სასტიკად დასაჯა და კავკასიის ქედზე სამუდამოდ მიაჯაჭვა.
მრავალი ათეული საუკინის სიღრმეში შექმნილი თქმულება თანდათან განიცდიდა ცვლილებებს, თუმცა ძირითადი შინაარსი დღემდე უცვლელი რჩებოდა. თითოეულ ეპოქას თავისი წვლილი შეჰქონდა და თავისებურად ამდიდრებდა მას.



გვერდის მთლიანად ან ნაწილობრივად გამოყენება ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის ნებადართული

Last Updated on შაბათი, 21 მარტი 2009 08:39