საქართველო ძვწ. აღ. XIV-IV ს.-ში Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 12 მარტი 2008 22:19

კოლხეთი, აიეტი, ოქროს საწმისი

    საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა. აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა.
    ზღვის და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო” ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს უფლისწული იასონი.  არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს, რომელიც მის ბოროტ ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში.
    ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო სტუმრები და გულუხვად გაუმასპინძლდა. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასინს ძლიერ შეუყვარდათ ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი, გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების შემთხვევაში ოქროს საწმისს დაპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”.
   ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა. ახლა კოლხეთსა და ურარტუს შორის გაჩაღდა ომი. მალევე ორივე სახელმწიფო დაეცა. ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე მერვე საუკუნეებში, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ქართლის ტომებმა სასპერებმა ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში კიროსმა საფუძველი დაუდო სპარსეთის სახელმწიფოს, რომლებმაც მალევე დაიპყრეს მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, ეგვიპტე და ბოლოს ცენტრალური აზია ინდოეთამდე. ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში მოექცნენ. დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი ცხოვრება განაგრძო. შეიქმნა ახალი ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთით დაარსდნენ სავაჭრო  და კულტურული ცენტრები: სინოპი, ტრაპეზუნტი, ფასისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი).
  იმავე მეექვსე საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ ქართველთაგან შეიქმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო. მისი სატახტო ქალაქი გახდა მცხეთა. ქართველთა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა მრავალმხრივი შემოსევები და სისხლიანი ბრძოლები კვლავაც მრავალ საუკუნეს გრძელდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს გამოჩნდა უძლველი დამპყრობელი, მაკედონიის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე, რომელმაც მთლიანად დაიპყრო მცირე, შუა და ცენტრალური აზია, ბოლოს კი ინდოეთის დიდი ნაწილიც. ქართველები კი მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის მბრძანებლობასაც გადაურჩნენ. ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ მისი იმპერია მრავალ სახელმწფოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პონტოს სახელმწიფო, რომელიც ძირითადად ქართული ტომებით იყო დასახლებული.

 

ავტორი: ქეთი სილაგაძე (სპეციალურად Allgeo.org-თვის)

 

გვერდის მთლიანად ან ნაწილობრივად გამოყენება ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის ნებადართული