მოდი, მოდი, განთიადო,
მოდი, მოუთმენლად გელი,
მზეო, მალე ამობრწყინდი,
მადლიანო, რაღას ელი?!
გუშინ ჩიტი ჩემს ფანჯრის წინ
დაფრინავდა, სრიალებდა,
ჭიკჭიკით და გალობითა
სულ მე შემომტრიალებდა.
ბოლოს მინას ფრთა დამიკრა
სამჯერ მკვირცხლად ზედიზედა,
მამცნო, მამცნო, რომ ამ დილით
შორის გზიდან მომდის დედა.
ვიცი მოაქვს საახალწლოდ
ბევრი, ბევრი ტკბილეული,
ნაზუქი და შოთი პური
მთვარესავით მილეული,
მაგრამ მე მათ რას დავეძებ,
მშობელს ველი სულით, გულით,
მინდა, მინდა დროზე დავტკბე
მხოლოდ დედის სიყვარულით.
გადავეჭდო როგორც ვაზი,
ხვართქლასავით ზედ დავეწნა,
განთიადო, თუ გწამს ღმერთი,
ნუღარ გინდა მეტი ხვეწნა.
გული ხტის და გული ჩქროლავს.
აღარ მინდა დავიძინო,
მზეო, მთელი ქვეყნის დედავ,
ბევრი აღარ მალოდინო!..


1915 წ.