ხათუნა ტურძელაძე - მაისი 2007 Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 26 იანვარი 2010 18:25

Montag, 28. Mai 2007

* * *

ხმა მესმის ცრემლის, შენი ცრემლის, შენი ტირილის,
ვგრძნობ, ვით მეხვევა შენი ფიქრი, მიხუჭავს თვალებს,
თავს მევლება და მიმაქანებს ციცქნა ფიფქივით
და ვხედავ, თითქოს შენს წინ მდგარი თვალს როგორ ვახელ...
შენ გხედავ... ტირი? მართლა ტირი? ოჰ, არა ჩემო,
შენი ცრემლები არასოდეს არ მინატრია...
მაგრამ ვერ ვბედავ, რომ მოვიდე, რომ მოგეფერო...
ჩემი სიმხდალე ალბათ დღემდე არც მინახია...
მე გისმენ მხოლოდ, გულის ცემას აღარ აქვს დათვლა,
მკლავს ეგ ცრემლები, მაგრამ მაინც ვნებდები სიკვდილს,
და მეზიზღება თავი ჩემი, რომ არ მაქვს ძალა,
რომ მოვერიო უშენობას და სულის შიმშილს...
ისევ მეხვევა შენი ფიქრი, შენც ვეღარ გხედავ,
ნელა გშორდები, ვუბრუნდები კვლავ სიღარიბეს...
იმისთვის უნდა უსათუოდ დამსაჯოს ღმერთმა,
შენ რომ ტკივილი და ცრემლები არ მოგარიდე...



Donnerstag, 24. Mai 2007

* * *

გარეთ ქარია,
საღამოა
და ვზივარ მარტო,
რა სიწყნარეა...
საამოა,
სიჩუმე მართობს,
დიდი ხანია,
მოუსვენრად
რომ არის სული,
და მიხარია,
რომ ოცნება
ამიხდა ჩუმი.
სულ ეს წამია
რაც სიმშვიდეს
მივეცი თავი...
წამი ჩქარია...
შთანთქავს ჩრდილებს
სიბნელე ღამის.
მომწონს ძალიან,
რომ მდუმარებს
ბუნება ასე,
და რომ ნაღვლიანს
და მწუხარეს
იმედით მავსებს...
გარეთ ქარია,
არემარე
მოიცვა ბინდმა,
ეხლა ძალიან
მომენატრე
და შენთან მინდა...



Samstag, 19. Mai 2007

* * *

ღრუბელი ზეცას თანდათან ფარავს,
ცის სილაჟვარდე, სიწმინდე ქრება,
შენი სიცივე სიყვარულს მპარავს
და გულის ცემა ნელ-ნელა წყდება.
მე მოვდიოდი... ვიარე ერთმა,
გზები ვეძებე, ვიარე სწორით,
და როცა თითქმის მოვედი შენთან,
მაშინ აღმოვჩნდი ყველაზე შორი.
მე მოვდიოდი... და შენი სითბო
იყო მეგზური და თან მიზანიც,
და როცა ახლოს მოვედი თითქოს,
შენ, სამწუხაროდ, ვეღარ გიცანი...
ყველა ოცნება და ყველა ფიქრი
ღუბლების ჯარად აქცია ქარმა,
ვუყურებ ცას და სულ აღარ მიკვირს,
ეს სილაჟვარდე ასე რომ გაქრა...



Samstag, 12. Mai 2007

* * *

სილაღე მინდა... სიმსუბუქე...
რაღაც ძალიან დამიმძიმდა სული...
ნუთუ ბავშვობა მენატრება?
არა! ბავშვობაშიც კი არ ვყოფილვარ ლაღი... სულ მქონდა გულში დიდი სევდა...
ბევრჯერ ვეცადე, ქარისთვის გამეტნია იგი, მაგრამ ამაოდ... არ მშორდებოდა და ჩემთან ერთად იზრდებოდა... არა, ჩემზე სწრაფადაც კი...
გული მტკივა... თუ სული?
არ ვიცი... ჩემთვის ერთია ორივე...
ძალიან დავმძიმდი... ვეღარ ვზიდულობ და ნელ-ნელა მივიწევ ქვევით... სიღრმეს გრძნობ... როგორ მინდა, რომ ვინმემ მომაშოროს ეს ნაღველი, ხელში აიტატოს ჩემი სული და ამიყვანოს ცამდე...
და რომ აღარასდროს დამაბრუნოს დედამიწაზე...
სილაღე მინდა... სიმსუბუქე...
იქნებ ბედნიერებაა ეს?
არა, ბედნიერება არც ვიცი რა არის, არასდროს მიგრძვნია..
სილაღე მინდა, მაგრამ სევდით ვარ სავსე და არ არსებობს ჩემთვის სილაღე...
სევდით ვარ ძალზედ დამძიმებული და არ არსებობს ჩემთვის არც სიმსუბუქე...
არადა როგორ მინდოდა სილაღე...
როგორ მინდოდა სიმსუბუქე...



Freitag, 11. Mai 2007

* * *

გთხოვთ, მომეშველეთ, ისევ სევდით ვარ დათოვლილი,
გთხოვთ, გამაცილეთ ამა ქვეყნის უაყრო ხრიკებს,
ჩემსა სხეულში ჩამალულა სული ლტოლვილი
და ეს ცხოვრება სულ თანდათან ბოლოსაც მიღებს.
მე მეშინია უკვე ძლიერ ამ გულის ცემის,
მე მეშინია ყოველგვარი არსების ირგვლივ,
გთხოვთ, მომეშველეთ, დაასრულეთ სიცოცხლე ჩემი,
გაანადგურეთ ჩემში ყველა ოცნება, ფიქრი.
გთხოვთ, მომასვენეთ, გაიმეტეთ ცივი სამარე,
ნუღარ ერთობით ამ ნაწამებ სულის ყურებით,
სხეული- სულის ტანსაცმელი მიწით დაფარეთ,
მიწით დაფარეთ თვალებიც და დახშეთ ყურებიც.
და დამივიწყეთ, მოგონებებს ნუღარ დატვირთავთ,
ჩემი ხსოვნისთვის დაასველებთ ნუღარც სასმისებს...
გთხოვთ, დამეხმარეთ... მე ჩემს თავსაც აღარ ვარგივარ...
ნეტავ ცხოვრებავ, რატომ დამგმე და გამასხვისე?!



Donnerstag, 10. Mai 2007

* * *

მე მენატრები, მენატრები ისე ძალიან,
რომ სუნთქვა მეკვრის, თითქოს ვკვდები... თან მიხარია...
მიხარია, რომ შენ ხარ ჩემში.
მე მენატრები ისე ძლიერ, რომ უკვე მტკივა...
ჩემს დაღლილ სულში მზეც ჩავიდა, ისევ გაწვიმდა,
უშენობა ვიცი, რომ შემცვლის...
მე მენატრები... თუმცა ვიცი, აღარ ღირს ფიცად...
ეს ფიქრიც ჩემი გაყინული ცრემლებად იქცა
და შენ რჩები ჩემს ოცნებებში...
მომენატრები, მაგრამ ჩემთვის, შენ რომ ვერ იგრძნობ...
ჩავიკეტები მარტოდმარტო, ვერვინ ვერ მიცნობს...
შენზე დარდი უთუოდ შემშლის...