ბეზირგნის შვილი არა ვარ,

არც არავისი ბატონი,

ღამის მეხრე ვარ უბედო

და იფნის სახრის პატრონი...

ცუდ ვარსკვლავზე ვარ შობილი,

მარტო ჯაფა მხვდა წილადა:

კუმატ ღამეში ხარ-კამბეჩს

დავდევ, ვაძოვებ ფრთხილადა.

ორი დღის ალო მერგება

მე ჩემი ჭირნახულისა,

და იმედი მაქვს გუთნისა,

იმისგან გადახნულისა...

გუთანო, ქრისტეს ნაკურთხო,

ღრმად გაუარე კვალია,

რომ შემოგვნატროს სუყველამ,

მგზავრს ჩვენზე დარჩეს თვალია.

შენი იმედით ცოცხალვარ,

რომ შენით ვჭამო პურია,

შენა გმსახურობ, შენც მენა

საქმე გამიწყე ძმურია;

გადააშავე ყამირი.

აღარ აივსოს თივითა,

გაუსვი სახნის-საკვეთი

ნალესი ალმასივითა...

გაჰკარ, გაუსვი, — რას უცდი?

ლამის მზემ გადაიხაროს,

გაუსვი, გუთნის-დედისამც

ცოტა რამ გულმა იხაროს!..

ჭირიმე შენი, გუთანო,

ნაკურთხო ქრისტეს ჯვარითა,

არ მიღალატო, კვნესამე,

ბედ-შავ არ მომკლა ჯავრითა!..


1886 წ.