აკაკი წერეთელი - ქუთაისი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 22:00

მშვენიერო ქუთაისო,

სავარდო და სამაისო!

ვინ ყოფილა შენი მავნე,

გულს ეკალი რომ დაგისო?


შენი ციხე-გალავანი,

ბევრჯერ სისხლით განაბანი,

მიწასთან ვინ გაგისწორა,

ერთხელ მტკიცე, ახოვანი?


თავს დაგყურებ აოხრებულს,

ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!

ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,

ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!


ეგ ფაზისი თავმომწონი,

სახელცვლილი დღეს რიონი,

გულამღვრევით რას ბუტბუტებს,

გადასული დროს მომგონი?


აგონდება ოქროს კრავი,

ვით ქონება რამ უძრავი?

და მრისხანე ზვირთებზედაც

არგო, ფრთხილად მომცურავი?


შიგ იაზონ ელინებით,

ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,

მედეიას მომპარავი

მედიასვე მანქანებით?


სადღა არის ოქროს სილა?

შლამ-ტალახით ამოვსილა!..

მწუხრის ზეწარს დაუფარავს

მაგის მზე და მაგის დილა!..


გარბის შენგან მგლოვიარე!

ცრემლით ირწყვის არემარე

და შავ ზღვასვე შეჰღრიალებს:

“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”


მაგრამ, ჩემო ქუთაისო,

ძალით სხვასთან შენათვისო!

მოთმინება!.. მოთმინება!..

სევდით გული არ აივსო!..


1893 წ.