აკაკი წერეთელი - სიზმარი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 21:33

ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -

ქართველ ქალთა ვნახე კრება;

გეფიცებით, მისი ნახვა

ახლაც ისევ მენატრება!


ტახტზე იჯდა თამარ მეფე,

მომხიბლავი, ეშხიანი!..

მარცხნით უდგა თინათინი,

მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.


გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,

როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,

ცალ-ცალკე და ყველა ერთად,

სიცოცხლე და ნეტარება!..


შემოვიდა რუსთაველი,

ის სულმნათი და მგოსანი,

ხელში ეპყრა მოწიწებით

მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.


თაყვანი სცა სწორუპოვარს,

მის წინ მუხლი მოიყარა…

გაიღიმა ტახტზე მჯდომმა

და ცრემლები გადმოღვარა!..


მზის ჭიატის დარი იყო

უცნაური ის ღიმილი

და თვით გრძნობის ორჭოფობაც

ცრემლში იყო ჩალესილი:


მასაც მგოსნის თანაგრძნობა

გულში ედვა, როგორც ქალსა,

მაგრამ უნდა დაეჭირა

თავი, როგორც დედოფალსა!


ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,

როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -

უკვდავების მოსახვეჭად

მიგაპირებ მომავალსა!..”


მიუბრუნდა მერე იქ მდგომ

ნესტანსა და თინათინსა:

“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ

სიყვარულს და შვება-ლხინსა:


გიანდერძებთ საქმროდ ყველას

ტარიელს და ავთანდილსა,

რომ ქართველი ქართველ გმირად

გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”


ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად

გადმოეშვა ცისარტყელა:

აიტაცა შუქმა შუქი

და მას გაჰყვა თანვე ყველა!


მე კი დავრჩი… შემეშინდა!..

მიმოვავლე გარს თვალები

და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..

სხვა ხალხი და სხვა ქალები!..


არც თამარი, არც თინათინ,

აღარც ნესტან-დარეჯანი!…

აღარც ერთს არ ეტყობოდა

ქართველობის რამ ნიშანი!..


გული დამწყდა!… გამეღვიძა,

ნაღვლიანად გამეცინა!..

ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,

საუკუნოდ დამეძინა!..”


1898 წ.