აკაკი წერეთელი - პოეტი Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 21:24

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,

ხან არც ისა ვარ, არც ისა!

გარემოების საყვირი,

არც მიწისა ვარ, არც ცისა.


ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,

ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;

სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი

ამ ჩემს გონება-გრძნობასა.


ეს გული, სარკედ ქცეული,

ბუნების ნათავხედია:

მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,

რასაც შიგ ჩაუხედია.


ენაც მას ამბობს, რაც სმენას

სხვისაგან გაუგონია;

ან თვალს უნახავს და ჭკუას

გაუზომ-აუწონია!


თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,

სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!

შუაკაცი ვარ უბრალო,

ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.


1886 წ.