აკაკი წერეთელი - ვაჟა-ფშაველას Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2009 20:04

ენას გიწუნებ, ფშაველო,

მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..

მკითხველიც იმას მკისაო!


ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,

მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;

შენ დამიხატე ის მხარე

ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.


და რაც არ გადმოგიცია

მის შვენებაზე ენითა,

მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,

შენთანვე აღმაფრენითა.


ვიცი, რომ ფშავლის სოფელი

წმინდაა, მაღალ მთისაო,

ენა - მეტყველი სიმართლის,

გულ-მკერდი - ფოლადისაო.


წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,

სადღეისოდ სჭრის კალამი…

გადაეც ბარის მგოსნისგან

მთიულებს ძმური სალამი.


1913 წ