აკაკი წერეთელი - (ღმერთო, წვიმა მოიყვანე ...) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2009 21:04

ღმერთო, წვიმა მოიყვანე

წითელი და შხაპუნაო,

რომ გავიდეთ სამუშაოდ

და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”


რომ ქალებიც გვერდში გვედგენ

ნამგლითა და ცელითაო;

ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ

მადლიანის ხელითაო!


შვილებიც თავს დაჰხაროდენ

მობრუნებულს ალოსაო;

“ოროველას” დასძახოდენ

მამა-პაპურ კალოსაო!


ღმერთო, წვიმა მოიყვანე,

მიწის გამალბობელიო,

რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,

ქვეყნის დამამხობელიო!


1882 წ.