«ავლაბრელების საქმე» (2) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:59

V

ტფილისი. 30 აპრილი

16 მარტს ამ 1887 წლისას ქალაქის საბჭომ გაარჩია საჩივარი ავლაბრის საზოგადოების ვექილებისა ავეტიქა იშხანოვისა და შაქარა თათულოვისა. უჩივოდნენ ქალაქის გამგეობას მასზედ, რომ ცალკე კაცებს მისცეს საზოგადოების მიერ ნაჭერი მამულები იჯარით და მით ხელიდამ გამოაცალეს მიწები, რომელთაც იგი საზოგადოება ჰხმარობდა საქართველოს მეფეების დროთგან. გამგეობამ მოახსენა საბჭოს სიტყვიერად, რომ იშხანოვისა და თათულოვის საჩივარი უსაბუთოა, რადგანაც საქალაქო წესდების შემოღების შემდეგ ავლაბრის მამული ქალაქის საკუთარებად დაიდვა და ეხლა ხმაც არ ამოეღებათ ავლაბრელებს იმ მამულების კუთვნილობაზედ. გარდა ამისა, აცხადებს გამგეობა, ჩვენ არავითარი ავლაბრის საზოგადოება არ ვიცით, რადგანაც მაგისთანა იურიდიული პირი არ არსებობსო და თვით იშხანოვი და თათულოვი არიან “წურბელები” (кулаки), რომელთაც არავითარი უპირატესობა არ მიუძღვით წინაშე ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისაო. ამ მიზეზებით და იმის გამოც, რომ უკანასკნელად ამათ თავის დროზედ იჯარის ფული არ შემოიტანეს და ახალთ იჯარადართ კი შემოიტანეს ისიც, რაც ძველებზე დარჩენილი იყო, ამიტომაც გამგეობა ითხოვდა საბჭოსაგან ავლაბრელების საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინა და არ შეეწყნარებინა. საბჭომაც დაუჯერა გამგეობას და 16 მარტს 1887 წლისას ავლაბრელებს საჩივარზედ უარი უთხრა.
როგორც უკვე უწყებულ არიან ჩვენნი მკითხველნი, ხმოსანმა მიხეილ მაჩაბელმა ითხოვა ხელახლად გადასინჯვა 16 მარტის განაჩენისა და მასთან ერთად ითხოვეს ესევე 15 სხვა ხმოსანმა. საბჭო იძულებულ იყო კანონით ხელახლად გაერჩია ეს საქმე. მოისმინა საბჭომ  საბუთები ხმოსანი მაჩაბელისა ამ 26 აპრილს. გამგეობამ თავისის წევრის ბ-ნ პაპოვის პირით წარმოსთქვა თავისი აზრი ბ-ნ მაჩაბლის მიერ წარმოდგენილ საბუთების გამო. ბ-მა პაპოვმა დაიწყო მით, რომ ხმოსანის მაჩაბლის მოხსენება ზოგან მეტია, ზოგან ნაკლებია, ზოგან არევ-დარეულია და დაჰპირდა საბჭოს, რომ ყოველს ამას დაამტკიცებს. საბჭო სმენად გადაიქცა. მისი ნათქვამი უკლებლივ დაბეჭდილია “Новое Oбозрение”-ში და ვისაც ჰსურს ჩვენი ამის ქვემორე ნათქვამი აზრი შეამოწმოს, იმას ამისი ღონისძიება აქვს. ამიტომაც ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ ბ-ნ პაპოვის ნათქვამის აღმოწერითა. ხოლო ეს კი უნდა ითქვას, რომ ბ-ნმა პაპოვმა თავისი დაპირება არ აუსრულა საბჭოს და არც ერთი თვალსაჩინო საბუთი არ დაურღვია ბ-ნს მაჩაბელს: არც ის დაამტკიცა, რა არის მეტი ბ-ნ მაჩაბლის მოხსე-ნებაში, რა არის არევ-დარეული და რა არის დაკლე-ბული.
უკაცრაოდ, დაკლებული კი მართლა აღმოჩნდა, ბ-ნ პაპოვის უნებურად. ბ-ნმა პაპოვმა  სთქვა, რომ გამგეობამ ავლაბრელებს ხელი ააღებინა იჯარაზედ, რადგანაც საღნი არ იყვნენ იჯარის ფულის შემოტა-ნაშიო.  ამაზედ ბ-ნმა მაჩაბელმა მიუგო, რომ მაგისი მიზეზი თვითონ გამგეობა იყოვო და აი საბუთიცაო: ახნაზაროვს, ეხლანდელს იჯარადარს, როგორც დიდის საქონლის პატრონს, ავლაბრელების საიჯარო მამულში საქონელი უძოვებია და ამის გამო ავლაბრელების სამოცი თუმანი, თუ ცოტა მეტ-ნაკლები, საბალახე დასდებია. გამგეობას ახნაზაროვის საჩივრის გამო განკარგულება მოუხდენია, რომ ავლაბრელებმა არამც და არამც ეგ ფული არ გამოართვან ახნაზაროვსა. თუ გამგეობა ასე უშლიდა ავლაბრელებს თავის კუთვნილის მიღებას, აშკარაა თვითონ ავლაბრელებიც პირნათლად ვერ გამოვიდოდნენ გამგეობის წინაშე, რადგანაც აქ აღებაზეა დამოკიდებული მიცემაცაო. აი იგი ნაკლი, საყოველთაო საოცრად შეავსებინა ბ-ნმა პაპოვმა  მომხსენებელს.
ბ-ნ პაპოვის სიტყვა რომ გამოვწუროთ, მარტო იმას დავინახავთ, რომ აქილეოსის ტერფი გამგეობის საბუ-თებისა, რომლის ძალითაც ავლაბრელები ცარიელზედ დარჩნენ, ისა ყოფილა, ვითომ ავლაბრელები ვერა ყოფილან საღი იჯარის ფულის შემოტანაში, და გარდა ამისა ბ-ნი პაპოვი იმასაც არწმუნებდა საბჭოს, რომ გამგეობა ყოველთვის გულმტკივნეულად ჰზრუნავდა ავლაბრელებისათვის და ცდილობდა იგინი არ გამოეწირა, და რამდენჯერაც ამ გულმტკივნეულობით თვისი აზრი წარუდგინა საბჭოს, იმდეჯერ საბჭომ უარი ჰყო.
ხმოსანმა ნ. დ. ზუბალოვმა უპასუხა, რომ მე აქ გულმტკივნეულობას ვერა ვხედავ; პირიქით ცხადია, რომ საქმე შინაურულად უკეთებია გამგეობასა თავის კაბინეთში და არა საჯაროდ. მაშ რა არის,  თუ არ შინაურულად კეთება საქმისა ის ამბავი, რომ ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დარჩათ იჯარა ორას თუმნად და ამას გარდა კიდევ 370 მანეთი შემოატაინეს ძველს იჯარადრებზედ დარჩენილიო. ახნაზაროვები და ქიშმიშოვი რა შუაში იყვნენ, რომ სხვის ვალს იხდიდნენ, თუ აქ კაბინეთში მოლაპარაკებული საქმე არ არისო. ამ სიტყვით რამდენჯერმე მიჰმართა ხმოსანთ ბ-ნმა ზუბალოვმა და პასუხად ხმაგაკმენდილი დუმილი დახვდა. არ ვიცით, ეს დუმილი გაოცებისა იყო, თუ წყენისა.
ხმოსანმა მიქელაძემ იკითხა: რამდენი მხარე იყო 30 ნოემბრის საჯარო ვაჭრობაში, როცა მამული ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა დაინარჩუნეს? და როცა მიიღო პასუხად, რომ მარტო ერთი მხარე იყოვო, სთქვა: ეგ საჯარო ვაჭრობა არ არის და გამგეობას, საზოგადო კანონის ძალით, რომელიც უსათუოდ საჯარო ვაჭრობაში ორს მხარეს ჰთხოულობს, ეგ ვაჭრობა ვაჭრობად არ უნდა ჩაეთვალაო. ამაზედ უპასუხეს, რომ საზოგადო კანონი ქალაქის გამ-გეობისათვის სავალდებულო არ არისო და რაღაც მუხლიც წაუკითხეს. ჩვენ ყური ვერ მოვკარით, ეს უცნაური მუხლი რომელი მუხლი იყო. ჩვენ გვეოცა ეს ამბავი და მთელი ქალაქის წესდება გადავსინჯეთ და ასეთი მუხლი ვერსად ვერ ვიპოვეთ. ამაზედ სიტყვა მერეც გვექნება.
ბ-ნმა იზმაილოვმა, მეორე წევრმა გამგეობისამ, სთქვა, რომ ავლაბრის საზოგადოება სამეურნეო საზოგადოება არ არისო, რადგანაც იქ, ბ-ნ მაჩაბლის სიტყვისამებრ, ზოგი დალაქია, ზოგი ვაჭარი, ზოგი მოხელე (ჩინოვნიკი) და ზოგი საპატიო მოქალაქეო. ეგ მარტო კრებულია მოქალაქეთა. იქნება ოდესღაც, როცა ავლაბარი სოფელი ყოფილა, მაშინ სამეურნეო საზოგადოების ფერი სდებია, ეხლა კი სულ სხვა არისო. მეო, სთქვა მან სხვათა შორის, ისტორიული უფლება არა მჯერაო.  ხოლო აქილეოსის ტერფი ბ-ნ იზმაილოვის საბუთისა ის იყო, რომ ქალაქში 130 ათასი მკვიდრია და ამათს ინტერესებს ვერ ვანაცვალებთ ავლაბრელების ინტერესებსაო. ეგ ადგილები საძოვრად უნდა ჰქონდეს ქალაქსა, და თუ მანდ ხვნასაც მოჰყვნენ ავლაბრელნი, საძოვარი საკმაო აღარ იქნებაო. ამაზედ ხმოსანმა ბებუთოვმა უპასუხა: იმ ხანსაც არა სჯეროდა და არა სწამდა ისტორიული უფლება, რომელმაც დააწიოკა, აიკლო სომხები მათთა ისტორიულ ბინაზედ და ამის გამო იგი სომხები უბედურმა, მაგრამ დიდმა ერეკლე მეფემ გადმოიყვანა და ავლაბარში დაასახლაო. განა ამით ისტორიულს უფლებას თავისი მნიშვნელობა დაეკარგაო? როგორც ხმოსანმა ბებუთოვმა, ისეც სხვებმა უპასუხეს ბ-ნ იზმაილოვს, რომ აქ არაფერი მოსაყვანია 130 ათასი მკვიდრი ქალაქისა და თუ ეს 130 ათასი მკვიდრი ბედნიერი იქმნება, როცა ავლაბრის მამულები სამს კაცს მიეცემა გამოსარჩომად, _ რატომღა იქნება უბედური მაშინ, როცა იმავ პირობით 332 სული დაიჭერს იმ მამულებს გამოსარჩომად? აქ ციფირების არევა ტყუილი წადილია შავი თეთრად გამოიყვანოს კაცმაო. აქ საქმე იმაშია, რომელი უფრო საყუ-რადღებოა: ინტერესები მთელის საზოგადოებისა, საცა 332 სულია, თუ ინტერესები ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისაო.
დიდი თანაგრძნობა გამოიწვია ხმოსანის მ. ი. თამამშოვის სიტყვამ. მან სთქვა: ჩვენ უნდა კვლავ აღვადგინოთ ავლაბრის საზოგადოება. ქალაქის კეთილდღეობა უკან იწევს და უნდა ხელი შველისა მივაწვდინოთ ავლაბრის საზოგადოებას, რომლის კეთილდღეობა იმატებს, რაკი მიწები მას დაეთმობა. საჭიროა რაც შეიძლება ბევრს მკვიდრს მივცეთ სახსარი ცხოვრებისა, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყოველი მარცვალი და თუ ამისთანა მარცვალი ავლაბარში არის, ხელი უნდა მოვკიდოთ და ვახეიროთ. ამ საქმეში მე ბრალსა ვსდებ გამგეობას კი არა, იმ კანცელარულს რიგსა და წესსა, რომელიც გამგეობაში ჰსუფევს.
ბევრმა სხვამ ილაპარაკა და საკვირველი ის არის, ვინც კი ილაპარაკა ხმოსანთაგან, სულ ყველანი ხმოსანის მაჩაბლის აზრს მიემხრნენ. არც ერთს ხმოსანს ამის წინააღმდეგი არა უთქვამს რა. კენჭისყრამ კი დაგვანახვა, რომ იმ კრებულმა, საცა “არას” მთქმელი ერთი კაციც არ აღმოჩნდა, იმ კრებულმა 26 ხმით 21-ს წინააღმდეგ ხმოსანის მაჩაბლისა უარჰყო. ჩვენა გვგონია, რომ ამისთანა ამბავს სხვა მეორე მაგალითი არ მოეპოვება მთელს ისტორიაში. არ ვიცით, გაუგონია ვისმე, რომ კრებული სწყვეტდეს რომელსამე საქმეს, არც ერთს კაცს კრებულისას წინადადების წინააღმდეგობა არ გამოეცხადებინოს, პირიქით, ვისაც კი ელაპარაკნოს, სულ წინადადების სასარგებლოდ და წინადადება კი გაუქმებულიყოს და უარყოფილიყოს!


VI
ტფილისი, 1 მაისი

წინა წერილებში მოყვანილი ცნობანი, ჩართულნი ხმოსანის მაჩაბლის მოხსენებაში, მით უფრო საბუთად მოსახმარნი არიან, რომ ჯერ, პირველი, სიგლებზეა დამყარებული, და მეორე, _ არც ერთის გამგეობის წევრისაგან, არც ერთის ხმოსანისაგან არ არის დარღვეულნი. თავი რომ დავანებოთ ისტორიულს წარმომდინარეობას ავლაბრელების საზოგადოებისას, თავი რომ დავანებოთ მასაც, რომ ავლაბრელებს ზოგიერთი საბუთი მიუძღოდათ ავლაბრის მამულების მფლობელობისათვის, _ ყოველს ამას რომ თავი დავანებოთ, თვალწინ ცხადად და უტყუარად დაგვიდგება შემდეგი:
1) ავლაბრელებს ჰქონიათ საზოგადოება საერთო მეურნეობისა. თუ ამ სამეურნეო საზოგადოებაში სხვათა შორის დალაქიც არის მონაწილე, ანუ ბაზაზი, მით სამეურნეო საზოგადოების თვისება არ გარდიქმნება, არ იცვლება; ოღონდ თვითონ მეურნეობა არ გარდიქმნას, არ გარდიცვალოს, და ამას დალაქი მისდევს, თუ ყასაბი, სულ ერთია.
2) ავლაბრის საზოგადოებაში, როგორც ამ ბოლოს დროს შევიტყვეთ, 332 სულზედ უფრო მეტი კაცი და დედაკაცი მონაწილენი არიან. ცხადია, ვისზედ უნდა გულმტკივნეულად მიმარულიყო მზრუნველობა ქალაქის გამგეობისა და საბჭოსი, რომელსაც ერთადერთი საგანი და მიზეზი არსებობისა ქალაქის მკვიდრთა კეთილდღეობაა. ეს გულმტკივნეული მზრუნველობა მით უფრო აშკარად უნდა გამოჩენილიყო იმ შემთხვევაში, რაკი ცალმხრით ავლაბრელთა საზოგადოებამ და მეორეს მხრით, ორმა ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა ერთი და იგივე პირობა კისრად იდეს და ერთი და იგივე  ფასი შეაძლიეს. რაკი ავლაბრელები იმავ პირობით და იმავე ფასად ჰთხოულობდნენ მამულს იჯარით, აქ გამგეობისაგან 130 ათასის ქალაქის მკვიდრის სახელით გამოსარჩლება ახნაზაროვების და ქიშმიშოვის სასარგებლოდ მეტისმეტი გამბედაობაა.
3) ავლაბრელებს სჭერიათ ეგ მამული ძველადგანვე, მათ უდავნიათ, მათ წყალი გამოუყვანიათ, მით კარგა ფული დასჯდომიათ, კარგა ხარჯი გაუწევიათ მამულის განკარგებისათვის, მათვე ის პირობები და ის ფული უძლევიათ, რაც სამს ცალკე კაცს, და მაინც იგინივე გამოსწირა გამგეობამ და მერე საბჭომ.
ყოველ აქედამა სჩანს, რომ მთელი სინიდისიერი სიმართლე ავლაბრელების მხრივ იყო. თუ ამ სინიდისიერი სიმართლის განხორციელებას რაიმე კანონიერი წესი და რიგი არ იწყნარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გამგეობა და საბჭო გასამტყუნარნი არ არიან, რომ ავლაბრელების თხოვნა ჯერ 16 მარტს და მერე 26 აპრილს არ შეიწყნარეს და მათი უპრიანი მამული  იჯარით სამს ცალკე კაცსა დაუმტკიცეს. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვსთქვათ, თუ ამ შემთხვევაში კანონიერი წესი და რიგი დარღვეულია, ეს დარღვევა სინიდისიერის სიმართლის საოხად კი არ მოხდა, არამედ ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვის სასარგებლოდ. ამ სახით გამოდის, რომ თუმცა ერთს მხარეზედ სინიდისიერი, თუ არ იურიდიკული, სიმართლე იდგა, და კანონიერი წესი და რიგი  კი დასარღვევად იმ მხარისაკენ მიიდრიკა, საცა მაგ სიმართლის ჩამიჩუმიც არ იყო. აი, ამის საბუთები:
1.    როცა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დარჩათ საჯარო ვაჭრობით მამულები, მაშინ ვაჭრობაში მარტო ერთი მხარე იყო: ორი ახნაზაროვები, ქიშმიშოვი და მათთან ერთად საერთოდ მოვაჭრენი 13 ავლაბრელი. იმპერატორის ალექსანდრე II წესდებას განსა-მართლებისას წაიკითხავთ, თუ X ტომის კანონებს, თუ ცალკე დაწესებულებათა წესდებას, მაგალითებრ, ბანკებისას, საქალაქო საკრედიტო საზოგადოებისას, ყველგან ცხადად გამოთქმულია, რომ, რაკი საჯარო ვაჭრობაა რისამე, უსათუოდ ორი ერთმანეთის მოცილე მხარე უნდა დაესწროს, უამისოდ, ესე იგი, თუ მარტო ერთი მხარეა და სხვა მოცილე არ არის, საჯარო ვაჭრობა არ შეიძლება მოხდეს.
გამგეობამ 26 აპრილს ბ-ნის იზმაილოვის პირით გამოაცხადა, რომ ეგ ზოგადი კანონები ქალაქის გამგეობისათვის არ არის დაწერილიო. ჩვენ გადავსინჯეთ ქალაქის მართველობის წესდება ამ საგანზედ მარტო 142 მუხლი წესდებისა ვიპოვეთ. ამ მუხლში სწერია, რომ ქალაქის საბჭოს ნება აქვს რომელიმე  შემოსავლიანი საქმე გასცეს  ან საჯარო ვაჭრობით, ან ცალკე კაცს მიანდოს, ან თვით ქალაქის გამგეობას დაავალოს იმ საქმის მოვლა და პატრონობა. თუ საბჭოს ერთ-ერთი ამ ღონეთაგანი არ დაუნიშნავს წინად, მაშინ გამგეობას ნება აქვს სახელმძღვანელოდ ერთ-ერთი ამ ღონეთაგანი ამოირჩიოს. რომ ამ სამში საჯარო ვაჭრობა იქმნება ამორჩეული, რა თქმა უნდა, იგი ვაჭრობა ზოგადის კანონების მიერ დადგენილს წესსა და რიგს უნდა ექვემდებარებოდეს. ამ 142 მუხლს წესდებისას შენიშვნა აქვს ზედ მიწერილი, რომ საცა საქალაქო მართველობის წესი შემოღებულია, იმ ქალაქისათვის სავალდებულო არ არის იგი, რაც ამ საგანზედ მოხსენებულია სახოგადო კანონების 1489, 1503, 1710 და 1805 მუხლთა შინა.
ნუთუ აქედამ ის უტყუარი აზრი არ გამოდის, რომ სხვა ყოველი კი ზოგადის კანონებისა, რაც ჩამოთვლილ მუხლებში არ არის მოხსენებული, სავალდებულოა ქალაქის გამგეობისა და საბჭოსათვის!.. მაშ ვნახოთ, ხსენებულის მუხლების ძალით, რით არის გამორჩეული საქალაქო მართველობა სხვა დაწე-სებულებათაგან. სავალდებულო არ არისო, ამბობენ იგი მუხლნი, უმაღლესს მთავრობას ნების დართვა სთხოვონო: 1) როცა საჯარო ვაჭრობით ჰყიდიან მოძრავს ქონებას ქალაქისათვის არასაჭიროს (1489 მუხლი); 2) როცა საჯარო ვაჭრობით ჰყიდიან ქალაქისათვის არასაჭიროს უძრავს ქონებას (1503 მუხლი); 3) როცა საჯარო ვაჭრობით აძლევენ მიწებს და სხვა შემოსავალს ქალაქისას, ქალაქის სასწორისას და სხვა ამგვარსა (1710 მუხლი); 4) როცა შენობისა და გზის კეთების საქმეს გასცემენ საჯარო ვაჭრობითა.
აქ სად არის მოხსენებული, რომ საჯარო ვაჭრობა, ქალაქის გამგეობისაგან მომხდარი, მაშინაც შესაწყნა-რებელია, როცა, ორის მოცილეს მხარის მაგიერ, ერთი მხარეა მარტო სავაჭროდ მოსული. იმას ხომ თვით გამგეობაც  უარს არა ჰყოფს, რომ ზოგადი, საყო-ველთავო და აუცილებელი წესი საჯარო ვაჭრობისა ის არის, რომ უსათუოდ ორი ერთმანეთის მოცილე მხარე დაესწროს ვაჭრობასა, თუ არა და ვაჭრობა ვაჭრობად არ არის ჩასათვლელი. დავანებოთ ამასაც თავი. ვსთქვათ, გამგეობისა და საბჭოსათვის ზოგადი კანონი არ არსებობს! ლოღიკით რომ ჩხრეკა დავუწყოთ საჯარო ვაჭრობასა, არასგზით არ შეიწყნარება იგი ვაჭრობა, რომელზედაც მარტო ერთი მხარეა მოსული. რა არის საჯარო ვაჭრობაში პირველი და უკანასკნელი საკითხავი, თუ არა ის, რომ: “რომელი იძლევით მეტს?” ანუ რუსულად “кто болъше?”  ეს საკითხავი შესაძლოა განა ლოღიკის დაურღვევლად კაცმა მარტო ერთს კაცს მიჰმართოს ანუ ერთს მხარეს? განა თვითონ ამ საკითხავში ცხადად არ იგულისხმევა _ სულ უკანასკნელი _ ორი მხარე მაინც. ჩვენის ფიქრით, შეუძლებელია, რომ კანონს ლოღიკა სავალდებულოდ არ გაეხადნა ქალაქის გამგეობისათვის. ამის გამო ვსთქვით წინა წერილში, რომ იგი ვაჭრობა, რომლის ძალითაც ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა უკანასკნელად დაინარჩუნეს ავლაბრის მამული საიჯაროდ, და რომლის გაუქმებაც ავლაბრელებმა ითხოვეს 16 მარტს 1887 წლისას, შესაწყნარებელი არ არის, რადგანაც სავაჭროდ მარტო ერთი მხრე იყო და არა ორი მაინც; შესაწყნარებელი არ არის არც ზოგადის კანონით, რომელსაც გამგეობა თავის სავალდებულოდ არა ჰრაცხს და არც თვითონ საჯარო ვაჭრობის ლოღიკით, რომლის გამოც გამგეობა ამასვე ვერ იტყვის.
ჯერ მარტო ამ საბუთით უნდა საბჭოს გაეუქმებინა 26_ს აპრილის იჯარა ახნაზაროვებისა და ქიშმი-შოვისა, როგორც უკანონო ვაჭრობით გარდაცემული, თუნდ იმისდა მიუხედველადაც, რომ აქ ავლაბრელების მხრით თვითონ სიმართლე ჰღაღადებდა. ამ სახით ავლაბრელების სინიდისიერს სიმართლეს ზედ დაურთეთ ეს უკანონო ვაჭრობის შეწყნარება მათთა წინააღმდეგ და მაშინ აშკარად გამოჩნდება გულ-მტკივნეულობა, მზრუნველობა ქალაქის სამართველოსი ქალაქისავე მკვიდრთათვის, ნამეტნავად იმ შემთხვევაში, როცა 332 სულის კეთილდღეობა გაწირულია და მარტო სამის კაცისაღაა მოგებული.


VII
ტფილისი, 2 მაისი

თუნდ დავანებოთ იმას თავი, რომ საჯარო ვაჭრობა, რომლის ძალითაც ახნაზაროვებს და ქიშმიშოვებს დარჩათ იჯარა ავლაბრის მამულებისა, გასაუქმებელი იყო, რადგანაც მარტო ერთი მხარე ჰვაჭრობდა  და მით ცხადად და აშკარად დარღვეულ იქმნა საჯარო ვაჭრობის წესი; საკმაოა მარტო ის გავსინჯოთ, რომ ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა ჯერ გამოაცხადეს საჯარო ვაჭრობაში ცამეტს ავლაბრელთან ერთად საამხანაგოდ ვვაჭრობთო, სავაჭრო კონდიციის ძალით ასი თუმანიც შეიტანეს ვაჭრობამდე, და მერე, როცა ვაჭრობა გათავდა, გამგეობამ ნება მისცა ამ სამს კაცს ახალი პირობა დაედგინათ, იგი პირობა, რომელიც სავაჭრო ოქმში მოხსენებული არ არის და თვითონ პირობაც ისეთია, რომ ვერც იქმნებოდა მოხსენებული. იგი პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს გამოეცხადებინათ ვაჭრობის მერმედ, რომ, თუ რაც ამ ასის თუმნიდამ თავ-თავის წილობაზედ შეხვდებათ _ დანარჩენმა ცამეტმა ამხა-ნაგმა არ შემოიტანა, იჯარა მარტო ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დაუმტკიცდეს. გამგეობაც თანახმა გაუხდა. ამას ეძახიან საჯარო ვაჭრობას!... ამისთანა საჯარო ვაჭრობა კანონიერ ვაჭრობად ჩასთვალა ქალაქის საბჭომ ჯერ 16 მარტს, როცა ამაზედ ავლაბრელებმა იჩივლეს, და მერე 26-ს აპრილს, როცა ამ საოცარს ვაჭრობაზედ მოახედა საბჭო ხმოსანმა მაჩაბელმა.
არ გაგონილა ასე ხელაღებით უარყოფა ყოველის რიგისა და წესისა!... საქმე რაშია: ახნაზაროვები და ქიშმიშოვი ცამეტს ავლაბრელთან ერთად საამხანაგოდ შევიდნენ ვაჭრობაში, მაშასადამე, სავაჭრო კონდიციის ძალით შეტანილი მათ მიერ ასი თუმანიც გამგეობას უნდა მიეღო, როგორც საამხანაგო ფული. თუ ეს ფული მარტო ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა იყო, დანარჩენი ცამეტი კაცი რაღად მიუშვეს მათთან ერთად სავაჭროდ? ხომ კონდიციის ძალით ამ ფულშეუტა-ნელად არავის ნება არა ჰქონდა ვაჭრობაში მონაწილეობა მიეღო? რად მიაღებინეს მონაწილეობა იმ ცამეტს კაცსა, თუ იგი წინად შეტანილი ასი თუმანი საერთო საამხანაგო ფულად არ უგულვებია გამგეობას ვაჭრობის დაწყებამდე. თუ ვაჭრობის დაწყებამდე ეგ ფული საამხანაგო ფულად ჩარიცხა გამგეობამ, ვაჭრობის გათავების შემდეგ როგორღა შეიწყნარა იმავ გამგეობამ, რომ იგი ფული საერთოდ ყველა ამხანაგთაგან წარმოდგენილი არ არის? ვსთქვათ გამგეობა აქ ჩვენის ანდაზისამებრ მოიქცა:

ასე, ჩემო მანასეო,
ხან ისე და ხან ასეო, _

საკვირველი ის არის, ქალაქის საბჭომ როგორ ყური არ ათხოვა ამისთანა უცნაურს ამბავს 26 აპრილს და არ გააუქმა ამნაირად გაჩენილი იჯარა ახნაზაროვების და ქიშმიშოვისა, როგორც ამას ჰთხოულობდნენ ავლაბრელები 16 მარტს და ხმოსანი მაჩაბელი 26 აპრილს?!... ეს ისეთი ამოცანაა, რომლის აღსახსნელად ყოველივე კაცური ღონე უქმია და ვერ შემძლებელი.
ამ სახით გამოდის, რომ არსი საქმისა ავლაბრელების მხარეზედ იყო, სინიდისიერი სიმარ-თლეც, თვითონ წესი-რიგიც მათკენ ჰლაპარაკობდა და მაინც საბჭომ 26 აპრილს არც ერთი არ შეიწყნარა, 332 სული გამოსწირა მამულს და იგი მამული მიუსამართლა სამს კაცსა. იგი მამული, რომელიც გამგეობის წევრის ბ-ნი პაპოვის სიტყვით სულ ცოტა არ იყოს 4.500 მანათის შემოსავალს იძლევა. მაშასადამე, ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა, რომელთაც ეს მამული იჯარით დაუმტკიცდათ წელიწადში ორას თუმნად, ორას ორმოცდაათი თუმანი უნდა მოიგონ. ახლა ვიკითხოთ: ის არ ერჩივნა ქალაქს, რომ ეს მოგება 332 სულს შეჰხვედროდა და მარტო სამის კაცის კერძად არ გამხდარიყო!... სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის, 332 სულმა უფრო უპრიანია ხეირი ჰნახოს, ვიდრე მხოლოდ სამმა კაცმა, მარტო ეს გარემოება საკმაო იყო, რომ საბჭოს 26 აპრილს ავლაბრელების სასარგებლოდ გადაეწყვიტა საქმე.
დასასრულ, მარტო ეს ითქმის, რომ არსებითად, თუ სინიდისიერ სიმართლით, თუ ეკონომიურის მხრით, თუ მკვიდრთა რიცხვის მიხედვით, ქალაქის საბჭოს ეგ ახნაზაროვების და ქიშმიშოვის იჯარა უნდა გაეუქმებინა 26 აპრილს, და პირიქით კი ყოველივე რიგი და წესი, ჩვენის ფიქრით, დარღვეულ იქმნა, რომ ეგ იჯარა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს შერჩენოდა. ფორმა, წესი და რიგი დაირღვას იმისათვის, რომ არსებითად მართალმა საქმემ თავი არ გაიტანოს, ეგ იშვიათი ამბავია იმ სამმართველოსათვის, რომელიც საზოგადოების არჩევანით მოწოდებულია საზოგადო საქმეთა გასაძღოლად, ქალაქის მკვიდრთა საფარველად, მეოხედ და საკეთილდღეოდ.


ილია ჭავჭავაძე