«კრედიტის როლი ქვეყნის ეკონომიკაში» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:21

ტფილისი, 4 მაისი

კრედიტი, ესე იგი, ნდობისა და ესტიბარის ძალით ხელის გამართვა გაჭირვებაში სწორედ ის არის ყოველგვარის საეკონომიო ნაწარმოებისათვის, რაც საზრდო, სასმელ-საჭმელი ადამიანის აგებულებისათვის. ადამიანის აგებულობა ყოველდღე იხარჯება და თუ ყოველდღევე ეს ხარჯი არ უბრუნდება ან უბრუნდება, მაგრამ გვიან, ძნელად და მძიმედ, ან სრულად არა, მაშინ აგებულება ადამიანისა, მისის მაცხოვარის სისხლის ტრიალი, მისის ხორც-ძვალის სიმტკიცე და ღონივრობა უკან და უკან იწევს, ჰკლებულობს, ჰსუსტდება და ბოლოს ხომ ანდერძსაც აიგებს ხოლმე. ადამიანის ხორციელი ცხოვრება, სიცოცხლე, ურომლისოდაც სააქიოს სულიერი სიცოცხლე და ცხოვრებაც მკვდარია, დღე ყოველი აღებმიცემობაშია და თუ სასწორი აღებმიცემობისა შეიშალა, თუ რაც გასაცემია ადამიანის აგებულებიდამ, არ გაიცა და რაც შესავსებია, არ შეივსო, ადამიანის აგებულება ამოირჩობა და დაგუბვის გამო, როცა მეტი არ გაიცა, ან დაკლების გამო, როცა ნაკლები არ შეივსო.
თითქმის ამისთანავე საქმე ემართება ყოველს საეკონომიო წარმოებასაც. ყოველივე წარმოება ჯერ იხარჯება, მერე იბრუნებს თავის ხარჯსა და მოგებასა. აქაც იგივე აღებმიცემობაა, აქაც იგივე გაცემულობაა მეტისა დანაკლისის აღებისათვის, დანაკლისის შევსებისათვის. ხოლო საქმე იმაშია, რომ წარმოების აგებულებისათვის და ფეხის ადგმისათვის საჭიროა როგორც ვსთქვით, ყოველთ უწინარეს ხარჯი. ხოლო ეს ხარჯის გაღება შესაძლებელი იყოს, უნდა სახარჯო წინად მოგროვილი, შეკრებილი ჰქონდეს მოწარმოესა, ერთის სიტყვით, უნდა იყოს წყარო, რომ ხარჯი იმას ეწაფებოდეს და თავის წყურვილს იკლავდეს. ეს ერთი, მეორე ისა, რომ ეგ წყარო, რომელსაც საპოლიტიკო ეკონომიაში თავნს ეძახიან, იმოდენად დიდი უნდა იქმნას, რომ მოწარმოემ საჭიროებას, თავის ცხოვრების ხარჯსა თავნის დაბანდებას გაუძლოს, ვიდრე ნაწარ-მოები გაიცემა მოგებით მობრუნებისათვის, ესე იგი, ვიდრე გაიყიდება.
უამისოდ მოწარმე ყმაა, მონაა თავისვე ნაშრომ-ნადაგისა და არა ბატონი, არა თავისუფალი გამცემელი და ამღებელი. უამისოდ ნაწარმოები თავის საეკონომიო ვითარებას, საეკონომიო კანონებს კი არ ექვემდებარება, არამედ გაჭირვებას მწარმოებელისას, მის საეკონომიო უღონობას, მაშინ აღებმიცემობის (спрос и предложение) სასწორი კი არ მოქმედობს ნაწარმოების ფასის აწევ-დაწევაში, არამედ მოწარმოეს გაჭირვება, ესე იგი, იმისთანა გარემოება, რომელიც ამ სასწორს გარდა თავის აუცილებელს ძალას იჩენს მარტო ფასის დაწევისათვის.
ცხადია, რომ ამისთანა ყოფა ძალიან ხუთავს ყოველგვარს საეკონომიო წარმოებასა, იმიტომ რომ საეკონომიო წარმოება იგივე სესხი და ვალია. როცა სესხი არ უბრუნდება გამცემელს უკლებლად, დრო მოვა და გაცემის წყაროც დაშრება და წარმოებამაც ამისდა მიხედვით უნდა იკლოს, უნდა დაშრეს. მაშასადამე, წინად გადარჩენილი, წინად მოგროვილი თავნი უნდა იყოს, რომ გაჭივრებამ მოწარმოეს ჯერ არ შეაცოტავებინოს წარმოება და მერე იძულებულ არ ჰყოს ხარჯის ფასიც ვერ ამოაღებინოს ნაწარმოებსა. კარგია, თუ ამისთანა თავნი არის წარსულისაგან მოგროვილი და დარჩენილი. როცა არ არის, მაგალითებრ, როგორც ჩვენში, მაშინ რა უნდა ჰქმნას მოწარმოემ თუ რკინის სალტე გაჭირვებისა გარს არტყია? სად და როგორ გამართოს ხელი?
ეკონომიურის ცხოვრების მრავალგვარობამ, მეტნაკლებობამ, ერთის მხრით, მოწარმოეს უღონობამ და მეორეს მხრით, თავნის მოყრამ იმისთანა ხელში, რომელიც თვით არა მოქმედებს რისამე საწარმოებლად, კაცობრიობა მიიყვანა იმისთანა ღონის შექმნამდე, რომ უქმის კაცის თავნი საქმიან კაცის უთავნობას მოახ-ვედროს და თავნის მიდენ-მოდენისათვის ხიდი გასდოს. ეგ ხიდი კრედიტია. კრედიტი იგივ თავნია წინანდელ დროთაგან მოგროვილი, მხოლოდ იმის ხელში კი, ვისაც წარმოების მოსახმარებლად არა სჭირია ან ნამეტანობის გამო, ან იმის გამო, რომ არა ჰსურს თვითონ აწარმოვოს. ამისთანა თავნი თუმცა უქმია, მაგრამ ბუნება თავნისა ისეთია, რომ უძრავად დებას არ იშვნევს: იგი ყოველთვის ეძებს ადგილს, რომ მიედინოს და თითონაც იმატოს და სხვასაც, ვინც უკედ გამოიყენებს, შეჰმატოს რამე. ამ თავნის ბუნებაზეა აგებული თვით კრედიტის ბუნებაცა: კრედიტს გადააქვს თავნი უქმის ხელიდან საქმიან ხელში და ამით თავნიც ჰმატულობს და წარმოებაც ჰყვავის და ჰსულ-დგმულობს.
მას აქედ, რაც ქვეყანაზედ ბანკები გაჩნდა, ეგ მეტი, წინანდელ დროთაგან შეგროვილი და დარჩენილი თავნი, ფულის სახით ბანკებში იყრის თავსა. ბანკები სხვა არა არიან რა, გარდა შუამავლისა თავნის პატრონისა და გაჭირვებულ მოწარმოეს შორის. რასაც პატრონი თავნისა ბანკს ანდობს, იმას ბანკი თავისის მხრით ანდობს ხოლმე გაჭირვებულ მოწარმოესა. ამ მხრით, ყოველს ბანკზედ ღონიერი ბანკი სახელმწიფო ბაკია იმიტომ, რომ თავნიც ბევრი აქვს და რადგანაც ღონიერია და საიმედო, უფრო ნაკლების სარგებლით ანდობენ თავნის პატრონები ფულსა და ამის გამო უფრო ნაკლების სარგებლით თვითონ ბანკიც ანდობს ხოლმე მოწარმოესა.
ამ ბოლო ხანებამდე, რუსეთში სახელმწიფო ბანკი ისე იყო მიმართული, რომ მარტო ვაჭრობას და სოვდაგრობას უმართავდა ხელსა, პირდაპირი მოწარმოე სულ დავიწყებული იყო და გამოკლებული. სულ ოთხი-ხუთი წელიწადი არ არის, რაც უმაღლესმა მთავრობამ უფრო საბუთიანად, უფრო სამართლიანად შეხედა საქმეს და იგრძნო, რომ ეკონომიურად გაძლიერება ქვეყნისა მარტო ვაჭრობის გაძლიერებით შეუძლებელია, რომ თავიდათავი წყარო ქვეყნის გაღონიერებისათვის პირდაპირ მოწარმოენი არიან იმიტომ, რომ მარტო ეგენი ჰქმნიან მას, რასაც საპოლიტიკო ეკონომია ქვეყნის სიმდიდრეს ეძახის. რადგანაც ყველაზე უდიდესი წარმოება რუსეთისა, როგორც ჩვენიც, მიწათმოქმედებაა და მთელი ღონე ქვეყნისა ამ წარმოების სიკეთეზეა დამყარებული, ამიტომაც ამ ბოლოს ხანებში სახელმწიფო ბანკის მიმართულებამაც სხვა გზა დაიჭირა: ჯერ თავადაზნაურობას გაუღეს სახელმწიფო კრედიტის კარი მხოლო _ ვექსილების ჩამორთმევითა, მერე _ პურის მომყვან მოწარმოეთა, მერე გლეხებსა საადგიმამული კრედიტი აუჩინეს და ბოლოს ხომ თავადაზნაურთაცა და ეხლა, როგორც მოსკოვის გაზეთები გვაუწყებენ, უმაღლეს მთავრობას განუზრახავს ღვინის მწარმოებელსა და პატრონსა გაუღოს კარი სახელმწიფო კრედიტისა, რაც შეიძლება იეფად. ამ განზრახვას მთავრობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენის მხარისათვის. გარდა მაგისა, კიდევ სხვა საჭიროებანიც ცნობილია მთავრობისაგან, რომ ღვინის საქმე კარგს ფეხზედ დადგეს რუსეთში და რა საჭიროებანი არის ცნობილი, ან რაგვარი კრედიტია განზრახული ღვინის მკეთებლის და პატრონის ხელის გასამართავად, ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.


ილია ჭავჭავაძე