«ავლაბრელების საქმე» (1) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:20

I
ტფილისი, 25 აპრილი

პარასკევს საღამოს, 24-ს აპრილსა, ქალაქის საბჭოში გაირჩა ერთი ფრიად საყურადღებო საქმე. საქმე ესე მდგომარეობს შემდეგში: მეფე ერეკლე მეორე რომ დაბრუნებულა შამქორის ომიდამ, თან გადმოუყვანია რამდენიმე კომლი სომეხი, აოტებულნი ყიზილბაშებისაგან, და დაუსახლებია ავლაბარში. აქ უბოძებია მათთვის, სხვათა ავლაბრელებთა ერთად ავლაბრის გარეშემო მამული სახნავ-სათესად და საძოვრად. ეს გადმოსახლებულნი ჯერ პირველად სამეფო გლეხებად ჩაურიცხავთ და მერე სახასოდ. თვითონ ავლაბრის მამული კი დედოფლის დარიას წილადხდომილი მამული ყოფილა და ამ ავლაბრის გლეხთა საზოგადოებას უძლევია ღალა, ერთი მეათედი მოსავლისა. შემდეგ დარია დედოფლისა ხაზინა დაჰპატრონებია ამ მამულს და ღალა ხაზინას უღია. ამ საუკუნის პირველ მეოთხედში ვიღაცა შარუბათოვს წაუტანებია ხელი ამ მამულებისათვის და საკუთარებად დაჩემებისათვის დავა გაუმართავს. ავლაბრელებს, რა თქმა უნდა, თავი გამოუდვიათ და ბოლოს საქმე სენატამდინაც მისულა. სენატს 1837 წ. დაუდგენია განაჩენი და მამული დაუგდია ავლაბრელთა ხელში. ავლაბრელებს ეს დავა კარგა ფული დასჯდომიათ, და რაკი მაინც თავისად ჰგულებიათ, სხვა ხარჯიც არ დაუზოგავთ ამ მამულების განკარგებისათვის: გამოუყ-ვანიათ თავიანთის ხარჯით წყალი მილებით, ქვითკირის აუზები აუშენებიათ, დაუმართავთ გომები და ფარეხები და ყოველ ამისათვის კარგა ხარჯი გაუწევიათ.
1869 წ. ეს ავლაბრის მამული გადუციათ ქალა-ქისათვის საძოვრად და სანახირედ. რა გზით, რა პირობოთ გადასულა ეს მამული ქალაქის ხელში _ ამისი ცნობა არ არის თურმე ქალაქის საქმეებში. მას აქედ იგი მამულები მაინც ავლაბრელებს სჭერიათ, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ იჯარა ქალაქისათვის უძლევიათ. ბოლოს, 16 მარტს 1887 წ., ქალაქის გამგეობას აუღია, ავლაბრელები გამოუწირავს და ეგ მამული იჯარით მიუცია ახნაზაროვისა და ქიშმიშოვისათვის წელიწადში ორას თუმნად. 1869 წლიდამ ამ 1887 წლამდე ქალაქის გამგეობას დიდი მიწერ-მოწერა ჰქონია ამ საგანზედ. ამ მიწერ-მოწერიდამა სჩანს, რომ ავლაბრელებს გულიდამ არ ამოუღიათ ის მართლა და სამართლიანი იმედი, რომ ეგ მამული, თუ იჯარით გასაცემია, მათთვის უფრო უპრიანია, რადგანაც იმათა სჭერიათ, იმათ უდავნიათ, იმათ შეუნახავთ, იმათ განუკარგებიათ, და ამისათვის არა ერთი ათასი თუმანი დაუხარჯავთ იმ ხანის განმავლობაში, რაც ხელში სჭერიათ. გარდა ამისა, ამ მამულზედ ყოფილა დამოკიდებული ცხოვრების სახსარი ავლაბრელების საზოგადოებისა, რომელშიაც არა ერთი და ორი ათეული კომლი კაცი ითვლება.
რაკი შეუმჩნევიათ, რომ ქალაქის გამგეობა მიხრილა იმაზედ, რომ ეგ მამული ძველის წესით აღარ ამყოფოს და იჯარით გაცემული უნდა იქნას, ავლაბრელებს არაერთხელ ამ ათის-თხუთმეტის წლის განმავლობაში უთხოვნიათ გამგეობისათვის, ჩვენ ნუ გამოგვწირავთ და იჯარით ჩვენ მოგვეცით ჩვენივე ნაჭერი მიწები და ცალკე კაცს ნუ შემოგვისევთო. პირველ ხანებში ქალაქის გამგეობას გულმტკივნეულობით შეუწყნარებია ავლაბრელების თხოვნა. ამის საბუთს წარმოადგენს ოქმი გამგეობისა 22 მაისისა 1876 წ., და ნამეტნავად ოქმი თვითონ ქალაქის საბჭოსი 12 ნოემბრისა 1879 წ. ამ უკანასკნელ ოქმში სწერია, რომ ეგ მამული უსათუოდ იჯარით გაიცეს და საჭირო ვაჭრობა მოხდეს, და თუ ავლაბრელები აიღებენ იჯარით, მათი ურთიერთი თავდებობა მიიღონ ფულის მაგიერ იჯარის ფულის შემოტანის საიმედოდ, და თუ ცალკე კაცი, იმას კი წინდაწინ წინდად ან ფული შემოატანინონ, ან ბანკის ბილეთები.
მერე და მერე ეს გულმტკივნეულობა ქალაქის გამგეობისა ცოტა არ იყოს განელებულა და ბოლოს ისე მომხდარა საქმე, რომ ეგ მამულები საჯარო ვაჭრობით ცალკე კაცებს დარჩენიათ საიჯაროდ ორას თუმნად. საქმის სისრულისათვის ესეც უნდა ითქვას, რარიგად მომხდარა იგი საჯარო ვაჭრობა. ვაჭრობაში მოსულან ახნაზაროვი და ქიშმიშოვი და ათიოდე ავლაბრელი, რომ ერთობილად ივაჭრონ და ასი თუმანი წინდად შეუტანიათ. მეორე მხარე არა ყოფილა. ამასთანა დასახსომია, რომ ახნაზაროვს და ქიშმიშოვს ეს პირობა შეუტანიათ, რომ თუ ვინიცობაა იმ ათიოდ ავლაბრელმა თავისი წილადხდომილი ამ ასის თუმნისაგან არ შემოიტანოს, იჯარა მარტო ახნაზაროვსა და ქიშმიშოვზედ დამტკიცდეს. თქმა არ უნდა, რომ არ შემოიტანეს და დაუმტკიცეს ახნაზაროვსა და ქიშმიშოვსა
ხმოსანს თ. მიხეილ მაჩაბელს დაუნახავს, რომ ქალაქის გამგეობა და საბჭო ამ საქმეში უსამართლოდ მოჰქცევიან ავლაბრელებს და რამდენიმე ათეული კომლი კაცი გაუწირავთ უმიზეზოდ; წინადადება შეუტანიათ, გააუქმონ იჯარა ახნაზაროვისა და ქიშმიშოვისა, ისევ ავლაბრელებს მისცენ იჯარით მათი ნაჭერი მამულები ურთიერთობის თავდებობითა.
პარასკევს, 24 აპრილს თ. მიხეილ მაჩაბელმა ამ საგანზედ დიდი მოხსენება წაიკითხა საბჭოს წინაშე, რომელსაც 47 ხმოსანი დაესწრო. მოხსენება კარგად შედგენილია, ყოველივე გარემოება საქმისა ნათლად ახსნილია. სჩანს, რომ თ. მაჩაბელს ზედმიწევნით შეუსწავლია თვითვეული ცალკე გარემოება ამ საქმისა და ყოველივე გადასაწყვეტად საჭირო ცნობა გულმოდგინეთ უძებნია და გამოუკვლევია.
თუმცა საბჭომ უარჰყო ოცდაექვსის ხმით წინააღმდეგ ოცდაერთისა წინადადება თ. მაჩაბლისა, მაგრამ ამით გზა არ შეეკვრის კაცს _ ეძიოს, მართალი რომელს მხარეს არის. ამის გამოძიებას შემდეგ შევუდგებით.


II
ტფილისი, 27 აპრილი

მეტისმეტად საინტერესოა ცნობანი მასზედ, თუ რა სახის საზოგადოება ჰქონიათ ავლაბრელებს იმ მიწების ხმარების გამო, რომელთაც იგინი ითხოვდნენ საიჯაროდ ქალაქის გამგეობისაგან. ეს მხარე საქმისა საკმაოდ ვრცლად გამოკვლეულია ხმოსანის თ. მიხეილ მაჩაბელის მოხსენებაში.
ამ მოხსენებისაგან სჩანს, რომ მაგ საზოგადოებას შეადგენს სულ 56 კომლი, რომელშიაც 332 სული ითვლება ორისავე სქესისა. ამ საზოგადოების საქმეს განაგებენ თურმე საზოგადოებისაგან ამორჩეულნი კაცნი: ნაცვალი, გზირი და საზოგადოების კრება. ყოველის რიგისა, წესისა, ხარჯისა და სხვა რამ გარდასახადისა აღმნიშვნელი და დამადგინებელი საზოგადო კრებაა. ნაცვალი და გზირი მარტო აღმსრულებელნი მოხელენი არიან. საზოგადოების წინაშე ყოველისფერში პასუხისმგებელი არის უფროსი კაცი კომლისა და არა ყველა მოზდილი ოჯახისშვილი. თუმცა თავიდათავი ამ საზოგადოებაში გლეხობა არის, მაგრამ დღეს საზოგადოებაში ითვლება თურმე სხვა წოდების კაცნი, მაგალითებრ, ვაჭარნი, ჩინოვნიკები და საპატიო მოქალაქენი და სხვანი, რომელნიც გლეხობის შთამომავალნი არიან და რომელთ წინაპარნი ავლაბრის გლეხთა საზოგადოებას ეკუთვნოდნენ. ამათ შერჩენიათ იგი უფლება და მოვალეობა, რაც მათ წინაპართა ჰქონიათ ავლაბრის საზოგადოებაში. ამ საზოგადოების შინაგანს ბუნებას და აგებულებას კაცი რომ დაუკვირდეს, დღეს იმას შეჰნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას შერჩენია მარტო თვისება და ხასიათი სამეურნეო გამგეობისა და სხვა აღარაფერი.
ამის მიხედვით, თვითვეული ცალკე კომლი ლიტრა-ჩარექობის კვალობაზედ არის მონაწილე ამ სამეურნო საზოგადოებაში. ამ ლიტრა-ჩარექობაზედ განწირულია მიწების ხმარება, ანუ უკედ ვსთქვათ, მიწებისაგან გამორჩომა, და ამავე ლიტრა-ჩარექობაზედვე არის გაწერილი ხარჯი. რადგანაც უმცირესი წილი ჩარექია და უდიდესი ლიტრა, და რადგანაც ლიტრაში ოთხი ჩარექია, ამიტომაც ლიტრიანი კაცი ერთი-ოთხად მეტს იხდის ყოველგვარს ხარჯს და ერთი-ოთხადაც მეტი გამორჩომა აქვს საზოგადო მიწებისაგან. ამ საზოგადოებაში ჩარექიანზედ ნაკლები და ლიტრიაზედ მეტი მეკომური არ არის შეწყნარებული; ასე რომ მეკომურს ერთის ლიტრიანის წილის მეტი არ შეეძლო სჭეროდა. მეტად საყურადღებო წესი ამ საზოგადოებისა ის არის, რომ ღარიბთა, შეუძლებელთა, ობოლ-ქვრივთა, რომელთაც ღონე არა აქვთ ხარჯის წევისა და თავის ხვედრის ხარჯის გაღებისა, მიწებისაგან გამორჩომაში წილი ედვათ თავთავისდაგვარად და ხარჯს კი საზოგადოება მათ მაგიერ თვითონ იხდიდა.
ამ საზოგადოებას ჰყავს თურმე: 758 სხვილი საქონელი მუშა და მოცადი, 82 ცხენი, 42 სახედარი, 80 ღორი და 7126 ცხვარი. მარტო 16 კომლია იმისთანა, რომ არა ჰყავს საქონელი. გამგეობის მიერ დაწესებულია თურმე, რომ სხილს საქონელზედ წელიწადში 1 მანათზედ მეტი არ უნდა აიღონ საბალახე და წვრილზედ 25 კაპ. მეტი. ამ ანგარიშით ავლაბრის საზოგადოება იხდის თურმე 2420 მანათსა წელიწადში.
აი, იგი საზოგადოება, რომელიც ავლაბრელების სახელით სთხოვდა ქალაქის გამგეობას, ჩვენი ნაჭერი მამული ჩვენვე მოგვეცით იჯარით, რადგანაც მაგ მამულზეა დამოკიდებული 332 სულის სახსარი ცხოვრებისაო. მას აქედ, რაც ეგ მამულები ქალაქს მიაკუთვნეს, ესე იგი, 1869 წლიდამ, ბედს ამ საზოგადოებისას, რომელსაც კაცი ძნელად თუ არ თანაუგრძნობს, ძირი შეერყა, და ქალაქის გამგეობა იმ დღიდამ თავის მეცადინეობას არ აკლებდა, რომ ეს საზოგადოება სრულად გაენადგურებინა. ჯერ, როგორცა ვსთქვით, პირველ ხანებში, როგორც ქალაქის გამგეობა, ისეც მთავრობა, ქალაქის გამგეობის მეოხებით, გულმტკივნეულად მოექცა ამ საზოგადოებას, მაგრამ ბოლოსდაბოლოს გამგეობამ დაივიწყა ეგ გულმტკივნეულობა და თანდათან ძირი მოუთხარა და დღეს ხომ სულ პირქვე დაამხო. ჩვენს შემდეგს ნომერში კვალდაკვალ ავყვებით და წარმოვუდგენთ მკითხველს იმის ისტორიას, თუ რარიგად ჰნელდებოდა თანდათან ეს გულმტკივნეულობა. არ გვინდოდა ასე გაგრძელება ამ წერილებისა, მაგრამ ვხედავთ, რომ თუ ამა საქმის გარემოება ვრცლად არ გამოესახა კაცს გონების თვალწინ, ძნელია უტყუარი სჯა იქონიოს.


III
ტფილისი, 28 აპრილი

როგორც წინად მოგახსენეთ, ავლაბრელების ნაჭერი მიწები, რომელთ გამოც ეხლა ჩვენ ლაპარაკი გვაქვს, მიუზომეს ქალაქს საძოვარად და სანახიროდ 1869 წელსა. ქალაქის გამგეობამ პირველ ხანშივე მიაქცია ყურადღება ამ მიწებს, როგორც ახალს წყაროს გამორჩომისას საქალაქოდ. თუმცა მაშინდელმა საზოგადო კრებამ ქალაქისამ ეს გამორჩომის აზრი წინ წაიმძღვარა, მაგრამ მისდა სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ ავლაბრელების საზოგადოების გაჭირებაც თვალწინ დაიყენა და ამიტომაც თავისი მეცადინეობა არ მოაკლო, რომ ავლაბრელებსვე თავიანთ წესისამებრ სჭეროდათ იგი მამული. 27 მარტს 1872 წელს ამ საზოგადო კრებამ ქალაქისამ დაადგინა განაჩენი, რომ ეგ მამული იჯარით გაიცეს სამის წლის ვადით 1-ს აგვისტოდამ 1871 წლისა 1-ს აგვისტომდე 1874 წლისა, და თუ ავლაბრის საზოგადოება ისურვებს, მას მიეცეს, თუ არადა გარეშე კაცთა, მხოლოდ საჯარო ვაჭრობით კი.
ავლაბრის საზოგადოებამ შეიტყო ეს თუ არა, მაშინვე თავისის ვექილების პირით ითხოვა მაშინდელ ქალაქის მართველობისაგან, საჯარო ვაჭრობის მოუხდენელად მისცენ საზოგადოებას იგი მამული იჯარით წელიწადში 1300 მანეთად სამის წლის ვადით, ხოლო დასაწყისი ვადისა იყოს 1-ი აგვისტო 1871 წლისა კი არა, არამედ 1-ი აგვისტო 1872 წლისა. ქალაქის მართველობამ შეიწყნარა ეს თხოვნა და იშუამდგომლა ტფილისის გუბერნატორის წინაშე, რომ იგი მამული უვაჭრელად მიეცეს ავლაბრის საზოგადოებას და ვადაც იჯარისა შეიცვალოს ავლაბრელების თხოვნისამებრ. ამ შუამდგომლობამ მიაღწია აქაურს უმაღლეს მთავრობამდე და მის მიერ შეწყნარებულ იქმნა. თუმცა ზოგიერთი ფორმალურის მიზეზისა გამო იჯარის ხელშეკრულობა მაშინ არ დაიწერა, მაგრამ ავლაბრის საზოგადოება ჰხმარობდა ზემოხსენებულ პირობით მამულებსა და იჯარის ფული 1300 მანეთი წელიწადში შეჰქონდა ქალაქის ხაზინაში. აშკარადა სჩანს აქედამ, მაშინდელი მმართველობა ქალაქისა რა გულმტკივნეულად მოჰკიდებია საქმეს და ცდილა ქალაქისათვის გამორჩომა რამ ყოფილიყო და ავლაბრელებიც არ გამოეწირა.
როცა ამ პირველის იჯარის ვადა 1875 წელს გავიდა. ქალაქის გამგეობა უფრო გაიყოლია გამორჩომის სურვილმა და ავლაბრელების ინტერესი ცოტა არ იყოს ჩრდილში მიაყენა. ეს ცხადადა სჩანს იმ განაჩენისაგან, რომელიც ქალაქის გამგეობამ დაადგინა 19-ს სექტემბერს 1875 წ. ამ განაჩენში სწერია: მიღებულ იქმნა რა სახეში, რომ მთავრობის მიერ ნებადართულს იჯარას ვადა შეუსრულდა 1-ს აგვისტოს 1875 წელსა, საჭიროა რომ იგი საიჯარო მამული ქალაქის საძოვრად და სანახიროდ დაიდვას იმ პირობით, რომ სხვილს საქონელზედ ერთი მანეთი იღოს ქალაქმა და წვრილზედ სამი შაური თთვეში; ამ გზით ქალაქი მეტს გამორჩომას ჰნახავს... და ამიტომ ტფილისის საქალაქო გამგეობამ დაადგინა: “ვსთხოვოთ ქალაქის საბჭოს, იგი მამულები აღარ გაიცეს იჯარითა და საძოვრად და სანახიროდ დარჩეს ქალაქსა და ზემოხსენებულის ზომით გამოერთვას საბალახო საქონლის პატრონებს საქონლის ძოვებისათვის”.
ეს განაჩენი გაირჩა ქალაქის საბჭოში 9-სა და 13-ს ოქტომბერს 1875 წელსა. ქალაქის საბჭო დაადგინა: დარჩეს ეგ მამული საძოვრად და სანახიროდ ქალაქის მცხოვრებთა და დროებით ჩამოსულთა სოფლელთათვის უსასყიდლო ხმარებისათვის საქონლის საძოებლად; გამგეობას დაევალოს შეადგინოს პროექტი პირობებისა, რომლის ძალითაც უნდა ეგ მამული გაეცეს იჯარითა და შედგენილი პროექტი წარმოადგინოს განსახილ-ველად საბჭოში. ამ განაჩენის ძალით შემდგარ იქმნა ცალკე კომისია და მოხსენება ამ კომისიისა 22 მაისს 1876 წ. შიგ ჩართულია თვითონ გამგეობის განაჩენში. ამ გამგეობის განაჩენში აი რასა სწერს გამგეობა: “რადგანაც ამ მამულის იჯარით აღებაში უპირატესობა უნდა მიეცეს ქალაქის მკვიდრთა, რომელნიც სასოფლო მეურნეობით სცხოვრებენ, უამისოდ იგინი ძალიან დიდს გაჭირვებაში ჩასცვივიან და ცალკე კაცებს ჩაუვარ-დებიან ხელში გამოსარჩომად, -_ გამგეობამ მოიწვია წარმომადგენელნი კუკიისა, ავლაბრისა და ნათლუხის საზოგადოებისანი მოსალაპარაკებლად. ამ წარმომად-გენელთა გამოაცხადეს სურვილი, აიღონ ქალაქის მამულები იჯარით, ხოლო სთქვეს, რომ იჯარა უამისოდაც დიდია და ეძნელებათ მაგოდენა იჯარის გაღება და ამიტომ მომატება იჯარისა შეუძლებელია და ამაზედ სიტყვაც არ უნდა იყოს ჩამოგდებულიო. რამდენჯერმე კიდევ იქმნენ მოწვეულნი ეს წარმომადგენელნი და გამგეობამ თანახმა გაიხადა ესენი იჯარისათვის მოემატებინათ, ხოლო პირველ წლისათვის ითხოვეს იჯარა წინანდელის ზომით დარჩენილიყო”.
გამგეობა ამ განაჩენში, სხვათა შორის, აი, რა სამართლიან აზრს ამბობს: იქნება შესაძლოც იყოს მეტის იჯარის აღება, მაგრამ ამ შემთხვევაში უარყოფილ უნდა იქმნას ინტერესები ღარიბის ხალხისა, რომელიც ძველადგანვე სოფლის მეურნეობას მისდევს ქალაქის მიწებზედ და რომელსაც ამ ბოლოს დრომდე თავისად ეგულებოდა ეგ მიწები. მომატება იჯარისა მეტისმეტად თვითონ ქალაქისათვისაც არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ ეგ მომატება მძიმე ტვირთად დაადგება ქალაქის მკვიდრთა ღარიბს ნაწილსა. ქალაქის მმართველობის წარმომადგენელთა არ უნდა მოიწონონ ეს ამბავი, რადგანაც მათდა თავდაპირველი ვალი ის არის, რომ იზრუნონ ქალაქის კეთილდღეობისათვის იმ მხრით, რომ უდიდესმა ნაწილმა ქალაქის მკვიდრთა სიკეთე, განკარგება და შესუბუქება რამ იგრძნოს.
ყოველ ამის გამო გამგეობამ დაადგინა: გამოირჩეს იმ მამულებიდამ ქალაქის სანახიროდ დასადებლად შესაფერისი ნაწილი და დანარჩენი მიეცეს იჯარით ხსენებულ საზოგადოებათ სამის წლის ვადით იმ ფასად, რაც მანამდე იყო. ეს განაჩენი გამგეობისა დამტკიცებულ იქმნა საბჭოსაგან 24 მაისს 1876 წელსა. ამ გზით იარა ამ საქმემ და ბოლოს იმაზედ შედგა, რომ ავლაბრელების საზოგადოებას დარჩა მისი ნაჭერი მამულები იჯარით წელიწადში ორას თუმნად სამის წლის ვადით 1880 წლამდე.
12 ნოემბერს 1879 წელს, იმის გამო, რომ ავლაბრელების იჯარის ვადა თავდებოდა, 1-ს იანვარს 1880 წელსა, ქალაქის გამგეობამ შეიტანა თავისი განაჩენი საბჭოში და ითხოვა ნებართვა, რომ ახალი საჯარო ვაჭრობა დაინიშნოს იმ მამულის იჯარით გასაცემად. საბჭოს ოქმში მოხსენებულია, რომ ზოგიერთმა ხმოსანმა ითხოვა თურმე, რომ უეჭველად ისევ ავლაბრელებს მიეცით იჯარით იგი მამული, მაგრამ საბჭომ გადასწყვიტა, უსათუოდ საჯარო ვაჭრობა მოხდეს და პირობად დაიდვას შემდეგი: თუ ვინიცობაა ავლაბრის მკვიდრნი აიღებენ იჯარას, მათ ურთიერთობის თავდებობა ჩამოერთოთ იჯარის ფულის საიმედოდ, და თუ ცალკე კაცნი დაირჩენენ ვაჭრობის დროს იჯარას, იმათ კი წინდად გამოერთვათ ფული.
ამ ისტორიიდამა სჩანს, რომ რამოდენადაც დრო გადიოდა, იმოდენად თავდაპირველი სამართლიანი მზრუნველობა ავლაბრელთა საზოგადოების მიმართ კლებულობდა და გამორჩომის სურვილი საქალაქოდ ჰმატულობდა. ბოლოსდაბოლოს გამორჩომის სურვილმა სულ გააბათილა წინანდელი აზრი ქალაქის მართველობისა, რომელიც ამბობდა: ქალაქისათვის გამორჩომის სურვილმა უნდა აქ ადგილი დაუთმოს ღარიბის ხალხის გაჭირებას და ინტერესებსაო. შემდეგ ჩვენა ვნახავთ, რომ ქალაქის გამგეობამ და საბჭომ ამ საქმით და მამულებით ვერც ვერაფერი მოუმატა ქალაქის ხაზინასა და ავლაბრელებსაც მამულზედ ხელი დააბანინა და მთელი 332 სული გასწირა. ფრიად საყურადღებოა, რა გზით მოხდა ეს საოცარი ამბავი, რომ ვერც ქალაქი გამორჩა მეტსა, და ავლაბრელების საზოგადოებასაც მთხოვარის გუდა-ნაბადი აჰკიდეს და იმათი სვე-ბედი, წყარო ცხოვრებისა, ორს-სამს კაცს ჩაუგდეს ხელში.


IV
ტფილისი, 29 აპრილი

ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ, რომ ქალაქის გამგეობამ ავლაბრელების საქმის გამო ყოველისფერი ფეხქვეშ გაუშალა საქალაქოდ გამორჩომის სურვილსა: ნამდვილი სიმართლეც, ღარიბების სვე-ბედიც, მთელის კარგა მოზდილის მკვიდრთა ნაწილის ინტერესებიცა. ხოლო საოცარი ბოლო ჰქონდა ამ თავისთავადაც უჯერო სურვილსა. სურვილი ხომ სურვილი იყო და გამგეობამ საქმე ისე მიიყვანა, რომ რასაც ავლაბრელები იძლეოდნენ, იმავ ფასად და იმავ პირობით მათი ნაჭერი მამული სამს კაცს ჩაუგდო ხელში და ამ სახით არც გამორჩომა გამორჩომად გამოდგა და ავლაბრელებიც 332 სული ცარიელზედ დასვა. ჩვენ უკვე ვსთქვით, რომ 1880 წლამდე იგი მამული მაინც ავლაბრელებს ჰქონდათ იჯარითა.
1880 წელსა ხელახლად მოხდა საჯარო ვაჭრობა იმ მემამულეების იჯარით გასაცემად. ამ წელს ყოფილმა გამგეობამ თავისი ყოვლად შემძლებელი იერიში მიიტანა იმ მცირეოდენ უპირატესობაზედაც, რომელიც ქალაქის საბჭომ არგუნა ავლაბრელებს 1879 წლის განაჩენითა. ეს მცირედი აჩრდილიც მაშინდელის საბჭოს მზრუნველობისა თითქო თვალში ეკლად ჰქონებია გამგეობას და თავის ნებითა და ძალით გაუუქმებია. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ 1879 წელს საბჭოს მიერ დადგენილი იყო, თუ ავლაბრელები აიღებდნენ იჯარით ხსენებულს მამულს, მათ ფული არ უნდა გამოერთოს იჯარის ფული საღად შემოტანის საიმედოდ, არამედ უნდა ჩამოერთვას მარტო ურთიერთობის თავდებობა. ეს განაჩენი საბჭოში დღევანდლამდე ხელშეუხებელია და ამიტომაც ძალა უნდა ჰქონოდა გამგეობისათვის, რადგანაც გამგეობა ყოველსფერში ხელქვევითია საბჭოსი. მაგრამ გამგეობამ გააუქმა თავისის ნებით ეს განაჩენი, და როცა 1880 წლის საჯარო ვაჭრობაში იგი მამული კვლავ ავლაბრელებს დარჩათ იჯარითა წელიწადში ორას თუმნად, თავდებობის მაგიერ   გამგეობამ ორმოცდაათი თუმანი შემოატანინა წინდრად. ეს ზოგიერთთაგანი იერიშია, რომელიც გამგეობამ მიიტანა ავლაბრელების საზოგადოების დასარღვევად და ამასთანავე ცხადი მაგალითია იმისი, რომ ხელქვევითმა გამგეობამ თავის მბრძანებელის საბჭოს განაჩენი უარჰყო, გააუქმა და არაფრად ჩააგდო. აქ გამგეობის თვითნებობის მეტს სხვას არაფერს უმოქმედნია.
ამ სახით 1880 წლიდამ 1883 წლამდე ხსენებული მამული კიდევ ავლაბრის საზოგადოებას ეჭირა იჯარითა. 1883 წელს, რაკი ვადა გავიდა, კიდევ მოხდა საჯარო ვაჭრობა. ავლაბრელები, რიცხვით 30 კაცი, მოსულა სავაჭროდ და გამგეობისათვის გამოუცხადებიათ, რომ ავეტიქა იშხანოვი, დავით ფორაქოვი და შაქარა თათულოვი მათის საზოგადოების ვექილები არიან და პირობა დაუდვიათ, რომ კანონიერს რწმუნების წერილს წარმოადგენენ. ბოლოს წარმოადგინეს კიდეც და იჯარით ამხანადაც დარჩათ მამული ავლაბრელებს და იჯარის ქაღალდი მოაწერინეს მათს ვექილებსა. ხოლო საყურადღებოა თვითონ განაჩენი გამგეობისა, რომელშიაც გამგეობა აღიარებს, რომ იშხანოვი და თათულოვი საზოგადოების ვექილები კი არ არიან, არამედ იმისთანავე წურბელები, როგორც სხვანი. ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ გამგეობას ამ საქმეში ცოდვად მიუჩნევია და უარუყვია. ეს ხომ ესეა 1883 წელს, მაგრამ 1886 წელს კი იმავ გამგეობას ყოველივე ღონისძიება უხმარია, რომ სწორედ მაგ ერთხელ დაწუნებულს მის მიერ მყვლეფავობას დიდი და ფართო გზა გახსნოდა.
ამ ახალს იჯარას, როცა მამული კიდევ ავლაბრელებს სჭერიათ წელიწადში ორას თუმნად, ვადა გასვლია 1-ს იანვარს 1886 წელსა. ამიტომაც 30 ნოემბერს 1885 წ. დაუნიშნავს ახალი საჯარო ვაჭრობა გამგეობას და თუმცა ავლაბრელებს კიდევ ჰქონდათ იჯარის ვადა 1886 წლის 1-ს იანვრამდე, მაგრამ მაშინვე ჩამოურთმევია მამულებიცა იმ მიზეზით, რომ იჯარის ფულის შემოტანა დაუგვიანებიათ. საოცარი ამბავი, ამბავი ვერას გზით ვერ აღსახსნელი, ამ ვაჭრობაზედ მოხდა. ამ ხნის სავაჭრო ოქმში1 (1   იხილეთ ოქმი 1885 წლის 30 ნოემბერი.) სწერია: ”სავაჭროდ მოვიდნენ მეორე გილდიის ვაჭარნი ყაზარ ახნაზაროვი, ავეტიქა ახნაზაროვი და იაკობ ქიშმიშოვი და ცამეტი კაცი ავლაბრელნი, ცალ-ცალკე დასახელებულნი და გამოაცხადეს, რომ ყოველ ამათ უნდათ ვაჭრობა”, “წარმოადგინეს წინდრად ასი თუმანი”.
აქ კიდევ საკვირველი არა არის რა: თექვსმეტმა კაცმა ერთად ისურვა მამული იჯარით აიღონ და ასი თუმანი წინდრად წარმოადგინეს. სასწაული მეორე მოქმედებაშია, და რამოდენად საბარაქალოა ეს სასწაული, მკითხველი დაინახავს შემდეგიდამ. რადგანაც მოცილე არა ჰყოლიათ, რა თქმა უნდა, თექვსმეტს კაცს გამოუცხადებიათ თავისი ფასი ორასი თუმანი წელიწადში და ეს ლოღიკისა და კანონის  წინააღმდეგი ვაჭრობა ვაჭრობად შეურაცხავს გამგეობას. იმის შესახებ თუ, _ რა არის ლოღიკით და კანონით საჯარო ვაჭრობა,  მერე მოვილაპარაკებთ, და ეხლა კი აი, რა საოცარს ამბავს გავუწყებთ. დარჩენიათ რა იჯარა ხსენებულ 16 კაცს, იმათგან სამს კაცს, ყაზარა და ავეტიქა ახნაზაროვებს და იაკობ ქიშმიშოვს, ამ “მეორე გილდიის კუპწებს” ეს პირობა დაუდვიათ (საჯარო ვაჭრობაში ?!): “თუ ვინიცობაა დანარჩენნი მათი ამხანაგნი არ შეავსებენ უკვე წინდრად შემოტანილს ასს თუმანს, იჯარა მარტო სამს კაცს დაუმტკიცდეს და იჯარის ქაღალდიც მარტო იმათს სახელზედ დაიწეროს”. გაიგეთ!... ყველანი საერთოდ, საამხანაგოდ  ჰვაჭრობენ, საამხანაგოდვე შემოაქვთ საწინდრავი ფული, და მათში სამი კაცი რარიგად ატრიალებს საქმესა და გამგეობაც, ამაზედ ყურს იყრუებს! საჯარო ვაჭრობის წესი კი ის არის, რომ ყოველი პირობა წინად გამოცხადებული უნდა იყოს საყოველთავოდ რომელისამე ოქმითა. აქ სულ უეცარი პირობა იყო შეწყნარებული, მერე ვისი? გამგეობისა? საბჭოსი? არა: ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა. ამ სახით გამოდის, რომ საქალაქო საჯარო ვაჭრობის პირობების მდებელი საბჭო და გამგეობა კი არა ყოფილა, არამედ ახნაზაროვები და ქიშმიშოვი.
რა თქმა უნდა, დანარჩენთა ამხანაგთა ამ ქიშმიშოვისა და ახნაზაროვთაგან დადგენილი პირობა არ შეასრულეს, იქნება იმიტომაც, რომ არც კი იცოდნენ ეს რა პირობაა, და იჯარა დარჩათ ხსენებულს სამს კაცსა იმავე ფასად, რასაც თვითომ ავლაბრელთა საზოგადოება იძლევოდა, და იმავე პირობებითა. ამ სახით გამოვიდა, რომ გამგეობამ იგი კაცნი, რომელნიც მთელის ავლაბრის საზოგადოების ვექილნი იყვნენ, ცალკე მყვლეფარ კაცებად ჩასთვალა, და მართლა ცალკე კაცნი _ ახნაზაროვები და ქიშმიშოვი _ კი საზოგადო ინტერესების წარმომადგენელად!...
ეს კიდევ არაფერი: სასწაულმოქმედება გამგეობისა ამაზედ არ შეჩერდა. წინანდელის იჯარისა 370 მანათი ავლაბრელებზედ იყო დარჩენილი. როცა უკანასკნელი იჯარა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დაუმტკიცეს, ეგ დარჩენილი ავლაბრელებზედ ფული ამათ აკისრეს და შეიტანეს საქალაქო ხაზინაში. რადაო? ძნელი პასუხისსაგებელია ეს საკითხავი, მაგრამ გამგეობამ აქაც თავი იჩინა. ავლაბრელებს ჯარიმად ორმოცდაათი თუმანი სწერებია, თუ რომელსამე მუხლს იჯარის ხელშეკრულობისას დაარღვევენ. გამგეობას აუღია და ახალ იჯარადარ ქიშმიშოვისათვის რწმუნების წერილით მიუნდვია, ეს ორმოცდაათი თუმანი  გადაახდევინოს ავლაბრელებს, აქედამ 129 მან. და 75 კაპეიკი წარმოუდგინოს, და დანარჩენი თავის სასამართლოს ხარჯითა და ბორჯითა ქიშმიშოვმა მიიღოს გასამსჯელოდ და იმ 370 მანათში, რომელიც იჯარადრებმა შეიტანეს წინად ავლაბრელების მაგიერ. როგორ მოგწონთ განკარგულება! საქალაქო მმართველობას, რომელსაც წლიურის ჯამაგირით თავისი საკუთარი ვექილი ჰყავს, აუღია და თავისი სადავო საქმე გადაუცია გარეშე კაცისათვის, მერე ვისთვის? იჯარადარისათვის, რომელიც უამისოდაც მეხისა და სეტყვასავით თავზე უნდა დასცემოდა ავლაბრელებს, რადგანაც მათი უპრიანი მამული და ერთადერთი სახსარი ცხოვრებისა იმავ კაცის ხელში ჩააგდო გამგეობამ. დიაღ, გულმტკივნეულმა გამგეობამ, ტფილელთა მკვიდრთა კეთილდღეობის მონაღვლემა და მზრუნველმა, ერთი მიზეზი 332 სულის დაწიოკებისა კიდევ ხელთ მისცა გარეშე კაცსა!.. მოდით და ამას იქით სთქვით, რომ ტფილისის ქალაქის გამგეობა არა ჰზრუნავს და არა ჰნაღვლობს მკვიდრთა სიკეთისათვის!...

Last Updated on ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:59