«პოლიტიკის ფერისცვალება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:18

ტფილისი, 24 აპრილი

გაზეთებიდამ ამოკითხულ დეპეშებს თუ დავუკ-ვირდით და ნამეტნავად თუ დავუჯერეთ, გამოჩნდება, რომ ბალკანის ნახევარკუნძულზედ პოლიტიკამ თუ ფე-რი არ იცვალა, აპირობს ფერის ცვალობას. სერბიაში სამინისტრო გარაშანინისა გადადგაო და მეფე მილანმა მისი სამსახურიდამ გასვლა შეიწყნარა და ხორვა-ტოვიჩი მოიწოდა, რომ ჩაებარებინა მთავარ-მინის-ტრობაო.
გარაშანინი დიდი მომხრე იყო, ავსტრიისა და სერ-ბიის პოლიტიკა სულ იმაზედ ჰქონდა მიქცეული, რომ ავსტრიასთან ერთობა ჰქონოდა სერბიასა და რაკი ავსტრიასთან, მაშასადამე, გერმანიასთანაც. ამბობენ, გარაშანინის გადადგომა იმ განხეთქილებამ მოახდინა, რამაც ამ ბოლოს ხანებში თვითონ სერბიის სამეფო სასახლეში თავი იჩინა.
მეფე მილანის მეუღლე დედოფალი ნატალია დიდი ხანია ცნობილია, ვითარცა მომხრე რუსეთისა და გარა-შანინის პოლიტიკის მოპირდაპირეთა მოთავედ დიდი ხანია დედოფალი ითვლებოდა სამეფო სასახლეში. დღეს სჩანს, დედოფალს გაუმარჯვნია და გარაშანინს თავი ვეღარ დაუჭერია. გარაშანინის სამსახურიდამ გა-მოსვლა იმას მოასწავებს, რომ სერბიის პოლიტიკა ცოტად თუ ბევრად  დაჰშორდება ავსტრიის პოლიტი-კასა და დაუახლოვდა რუსეთისას.
სერბიის გაზეთი “ოდიეკი” ამბობს, რომ სერბიის ერმა უნდა მოსთხოვოს მთავრობას, ხელი აიღოს ავ-სტრიის მომხრეობაზედ და მიეკედლოს რუსთ-ფრანგთა კავშირსა, რომელიც დღეს იქნება თუ ხვალე მოსა-ლოდნელიაო. ბერლინელი გაზეთი “Pოსტ”-ი იძახის, რომ ეს “ოდიეკის” თქმული წინამორბედი ნიშანია სამი-ნისტროს შეცვლისა და მაშასადამე, სერბიის პოლი-ტიკისაცა.
თუ მართალია, რომ მეფე მილანმა ხორვატოვიჩი მოიწვია მთავარ მინისტრად, სჩანს რომ პოლიტიკა სერბიისა, თუ სრულიად არა, ცოტად მაინც გამზა-დებულია რუსეთისაკენ გადახრისათვის. ხორვატოვიჩი  ისეთი ცხარე მოპირდაპირე არ არის რუსეთის მომხრეობისა, როგორც გარაშანინი. ეს წინადაც დაამტკიცა ხორვატოვიჩმა, როცა სერბიის მთავრობას წინადადება მისცა, რომ სერბიის აფიცრები რუსეთის სამხედრო აკადემიაშიაც უნდა იგზავნებოდნენ სასწავ-ლებლადაო. ეხლაც ამისი უტყუარი საბუთი ხელთ მოგვცა: მეფე მილანს გამოუცხადებია თუ არა, რომ შენ მინდა დაგავალო მთავარ-მინისტრობაო, ხორვა-ტოვიჩს ის პირობა დაუდვია, რომ რისტიჩი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნოსო. რისტიჩი რუსეთის გულმოდგინე მომხრეა და წინააღმდეგი ავსტრიისა, მეფე მილანს არ უყაბულნია რისტიჩის მინისტრობა და ხორვატოვიჩსაც უარი მოუხსენებია.

ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ აქედამ ცხადადა სჩანს ფერისცვალება სერბიის პოლიტიკისა ცუდად თუ ბევრად.

ბოლგარიაშიც ამ ფერისცვალების ნიშნებია. გაზე-თებში მოყვანილი დეპეშები ამტკიცებენ, რომ მაიორი პაპოვი, სოფიის მეციხოვნეთა უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნაჩევიჩი არამცთუ სამსახურს თავს ანებებენო, არამედ ბოლგარიიდამ სამზღვარგარედ გას-ვლასაც აპირობენო. პაპოვი და ნაჩევიჩი ცნობილნი არიან, ვითარცა მოპირდაპირენი რუსეთისა. ამათ სამ-სახურიდამ გამოსვლის ხმას ძალიან უმოქმედნია ბოლ-გარიის მხედრობაზედ, ასე, რომ რამდენსამე აფიცერს და მათთა შორის განსაკუთრებით დანიშნულს კამისარს სარეგენტოსას პეტროვს არზა მიუციათ სამსახურიდამ დათხოვნისა. თუმცა მათი თხოვნა ჯერ შეწყნარებული არ არის, მაგრამ თვითონ ეს ამბავი და ნამეტნავად მი-ზეზი, რომელსაც აუძულებია პაპოვი და ნაჩევიჩი სამ-სახურიდამ გამოსულიყვნენ, მეტად საყურადღებოა.
ამ ბოლოს ხანებში პაპოვს არაერთხელ საჯაროდ ულაპარაკნია, რომ ევროპამ ხელი აიღო ბოლგარიაზედ, ბატტენბერგის დაბრუნება შეუძლებელი გახდა და სა-ჭიროა არამცთუ დაუყოვნებლივ მოწვევა საერო კრებისა, არამედ რუსეთთან შერიგებაცაო. ამ სიტყვებს რუსეთი მოპირდაპირე კაცისას ძლიერ უმოქმედნია ბოლგარიაში.
ყოველს ამას ისიც დაუმატეთ, რომ ოსმალოს შეუთვლია ბოლგარიის სარეგენტოსათვის: სარეგენტო გადადგეს, ჩემი კამისარი რიზა-ბეი ეხლანდელ სამინის-ტროსთან ერთად ჩაიბარებს ბოლგარიის საქმეთა წინამ-ძღოლობას და მერე მოწვეულ იქმნება საერო კრება მთავრის ამოსარჩევადო. აი, გაზეთის სიტყვით, დღევან-დელთა საქმეთა მდგომარეობა ორს უმთავრეს სახელ-მწიფოში ბალკანის ნახევარკუნძულზედ.
ჩვენის ფიქრით, ყოველს ზემოთქმულს კავშირი აქვს შნებელეს  საქმესთან, რომელმაც ევროპის ყუ-რადღება სრულად მიიპყრა და თვალი ევროპისა მოაშორა სხვა საქმეებსა. რაკი ეგ საქმე დასავლეთის ევროპისა დასცხრება და განელდება ყოვლად შემძლე-ბელის ბისმარკის ხერხიანობითა და მშვიდობიანობას ამ მხრით, აღარა ეფიქრება რა. შესაძლოა ყოველივე იც-ვალოს აღმოსავლეთ ევროპაშიაც. ასე სტოკავს უღელი პოლიტიკის სასწორისა ევროპაში ბისმარკის მან-ქანებითა და მინამ ბისმარკი თავის წადილს ასე თუ ისე არ აისრულებს, ეს უღელი თავის ლარსა და დონეზედ არ დადგება.


ილია ჭავჭავაძე