«ევროპის საომარი მზადება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:09

«ევროპის საომარი მზადება»

ტფილისი, 14 აპრილი

ევროპა მაინც თავისას არ იშლის და დიდს საომარს მზადებაშია. ზარბაზნის ქარხანა კრუპისა გაცხარებულს შრომაშია და რაც შეკვეთილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოთაგან ძლივსძლივობითღა ასწრობს. სამხედრო სამინისტრონი, საიდაც კი მიიხედავთ, ყველგან დიდს თადარიგში არიან: იქ ციხეებს აშენებენ, აქ უკვე აშენებულს უფრო ამაგ-რებენ, გზები გაჰყავთ და გამოჰყავთ, ჯარებს უმატებენ, სახარჯოდ აუარებელ მილლიონებს ჰთხოულობენ, პარლამენტებიც უარს არ ეუბნებიან და არიან დავი-დარაბასა და ვაი-ვაგლახში. ამასობაში ყოველის მხრიდამ მარტო ისღა ისმის, რომ ყოველივე ეს მშვიდობიანობის სურვილით მოგვდისო და საპოლი-ტიკო ცა ასე გადაწმენდილი განსაცდელიან ღრუბლები-საგან დიდი ხანია არა ყოფილაო. ჩვენც ყურს ვუგდებთ და ვიძახით: თქვენს პირს შაქარიო.
თითქო ამ სამშვიდობო ხმებს საბუთიცა აქვს. ევროპაში დღეს მიზეზიანი საქმე მარტო ბოლგარიის საქმეა. ამ საქმის გამო ლაპარაკი როგორღაც მისწყდა ამ ბოლოს დროს; ერთი მხარე იძახის, დეე, რაც უნდა ჰქმნანო, ჩვენ ბოლგარიის შინაურს საქმეში არ გავერევითო; მეორე იძახის, მე მინამდე ჩუმად ვიქმნები, ვიდრე თვითონ ბოლგარელნი ხვეწნას არ დამიწყებენ, ან ვიდრე ეხლანდელნი რეგენტები არ გადადგებიან და სხვა კანონიერს მართველობას არ დაუთმობენ ადგილსაო. ერთი მხარეც ღონიერია და მეორეცა და ბოლგარელთ წლულნი ორისავე მხრიდგანვე სტკივათ და არ იციან, რა ჰქმნან. ამ არცოდნასა და ტოკვაში ბოლგარიის საქმემ თავისი სიმწვავე, ჯერხანად მაინც, დაჰკარგა და დღე იგი მხოლოდ დამცხრალს ტკივილს წარმოადგენს. საკვირველი კი ეს არის: ჩაცხრება თუ არა ალიაქოთი ბოლგარიის გამო, მაშინვე არ შეიძლება სხვაგან სადმე ცეცხლმოსაკიდები მუგუზალი ვინმემ არ გააჩანჩხაროს და საშიში ნაპერწკლები არ გააყრევინოს. ეს დაემართა ამას წინად ევროპას, როცა ბისმარკმა თავისი სამხედრო კანონი შეიტანა რეიხსტაგში და მთელი ევროპა საფრანგედზედ მიახედა, თითქო ცეცხლის გაჩენას აქედამ ჰლამობდაო. აქედამ რომ ვერა გამოდნა რა, ხელახლად აიშალა საქმე ბოლ-გარიაში. ჯარების არეულობამ წამოჰყო თავი. ესეც ხომ დამშვიდდა და აქედამაც არა გამოვიდა რა. არც ამის გამო დაეტაკნენ ერთმანეთს სახელმწიფონი და წინდახედულმა სიფრთხილემ თავი არავის გამოადებინა საომრად. ახლა ავღანისტანის კერას წაეკიდა ცეცხლი, იქნება აქედამ მაინც გამოდნეს რამეო.
ვინ არის ყოველ ამის მომქმედნი? ვის უჭირავს ხელში მანქანის მართულები, რომ ქვეყანას ეგრე თავის ნებაზედ ათამაშებს? მარკიზი სალუსბერი მთავარ–მინისტრი ინგლისისა ამისთანაებში მეტად გათქმული და გაოსტატებულია, მაგრამ არა გვგონია იგი ამ საქმეში გაერიოს, ვიდრე ირლანდიის გამო კანონები არ გაუტარებია პარლამენტში და პარლამენტის მომ-ხრეობით ზურგი არ გაუმაგრებია. თუმცა ეგ კანონები ორჯელ უკვე წაუკითხავთ პარლამენტში და ორჯელვე შეუწყნარებიათ, მაგრამ საქმე მესამე ჯერია. თუ მესამეჯერაც მაგ კანონმა პარლამენტში მშვიდობით გაიარა, მაშინ, რა თქმა უნდა, პარლამენტით ზურგ-გამაგრებული სალუსბერი მთელს თავის ოსტატობას იხმარებს, რომ ევროპა არივ-დარივოს. ამისთანაებში იგი თვითონ ბისმარკსაც არ ჩამოუვარდება. მინამდე კი ძნელად საფიქრებელია, რომ გაბედოს და დასახვანჭავი ქსელი რამ გააბას ევროპაში – თუ თ. ბისმარკს ვიგულისხმებთ, რადგანაც დღევანდელის პოლიტიკის საბლის ორივე წვერი ხელთ უჭირავს, ეგეც ძნელი დასაჯერებელია მას აქეთ, რაც იტალიის სამინის-ტროში ადგილი დაიჭირა ბ-ნმა კრისპიმ, თითქმის აშკარა მომხრემ საფრანგეთისამ. 
დღეს ამ იტალიის სამინისტროს ცვლილების გამო ავსტრიისა, გერმანიისა და იტალიის კავშირი როგორღაც საიმედო აღარ არის. იტალია როგორღაც განზედ უდგება ავსტრიასა და გერმანიას და თუმცა სხვას არავისთან კავშირს არ აპირობს, მაგრამ არც ამ ორ სახელმწიფოსთან უნდა ერთად ყოფნა. ესეც საკმარისია, რომ თ. ბისმარკის სითამამეს და კადნიერებას კარგა ბლომად ფრთა შეეკვეცოს. თუ იტალია და ინგლისი კავშირის გარედ დარჩებიან, მაშინ ევროპა, ერთი მხრით წარმოადგენს ავსტრიას და გერმანიას, მეორეს მხრით, რუსეთსა და საფრანგეთს, რომელთაც თუმცა ერთმანეთში არავითარი პირობა არა აქვთ ჯერ დადებული, მაგრამ შესაძლოა გარემოებამ ეს ორნი ერთმანეთს შეჰყაროს. ამისი შიში დიდი ხანია გულს უხეთქს ბისმარკსა. რაკი ერთის მხრით ავსტრია და გერმანია იქმნება და მეორეს მხრით რუსეთი და საფრანგეთი, მაშინ ორისავე მხრის ძლიერება გათანასწორებული იქნება და მაშასადამე, გამარჯვებაც სათუო და საეჭვო გახდება. თ. ბისმარკს კი ჯერ არც ერთი ომი არ დაუწყვია ისე, რომ ყოველივე გარემოება გამარჯვებისა სათუოდ გაუხადა, არა გვგონია თ. ბისმარკმა მიზეზიღა ეძებოს არევ-დარევისა. უფრო საფიქრებელია, რომ მოპირდაპირე მხარემ ესეთი გათანასწორება ძლიერებისა თავისად იცნას და გაჰბედოს რამ დღეს, როცა სახელმწიფოთა განწყო-ბილება ერთმანეთში ამ ხაზზედ დადგა.

ილია ჭავჭავაძე