«სიწყნარე ევროპის პოლიტიკურ სარბიელზე» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:06

«სიწყნარე ევროპის პოლიტიკურ სარბიელზე»

ტფილისი, 30 მარტი

რა ამბავია ქვეყნიერობაზედ, ანუ უკედ ვსთქვათ, ევროპაში, იმიტომ, რომ დღეს ქვეყნიერობა ევროპაა! გაიმარჯვა ბისმარკმა რეიხსტაგში თუ არა, მისწყდა ხმებიც საფრანგეთისა და გერმანიის შორის შუღლისა და ომის ატეხისა. თვალისათვის იქამდე მიყუჩდა ამ მხრიდამ ქვეყნის ტკივილი, რომ ბისმარკი თითქო მოუტკბილდა კიდეც საფრანგეთსა და მკვახე სიტყვების მაგიერ თითქმის ლაქუციც დაუწყო. დასავლეთიდამ ევროპის სასწორმა გაათავა ტოკვა თუ არა, ახლა აღმოსავლეთიდამ შეიძრა უღელი სასწორისა ხელახ-ლად: ასტყდა ბოლგარიაში რეგენტების წინააღმდეგ აშლილობა. როგორც იყო ამ აშლილობასაც ბოლო მოეღო, თუმცა კანტი-კუნტად ხმა მაინც ისმის, რომ აქა-იქ კიდევ რეგენტების მოპირდაპირენი თავისას არ იშლიანო. შეფუცხუნდა ორპირა ოსმალეთი, გაგზავნა ბოლგარიაში თავის მოციქულად რიზა-ბეი, ვითომ იმისათვის, რომ მოპირდაპირენი ერთმანეთს მოარიგოს და მშვიდობა ჩამოაგდოს.
რა თქმა უნდა, ვერას გახდა რიზა-ბეი და ყველას უკვირს, თუკი ოსმალეთი აწინდელს რეგენტობას უკანონობას სწამებს და მართალ მთავრობად არა სცნობს, ამ ტყუილს მთავრობის წინაშე მოციქული რადა ჰყავსო? ზოგს სწყინს ეს ამბავი და ჰცდილობს სულთანის წინაშე, რომ რიზა-ბეი უკანვე დააბრუნოს და მოციქული არ იყოლიოს იმ მთავრობის წინაშე, რომელმაც, ოსმალეთის აზრითვე, ძალად და უკანონდ ჩაიგდო ხელში მმართველობა ბოლგარიისა. ზოგს კი უხარიან, რომ ოსმალეთი ასე მოიქცა და თუ სიტყვით არა, საქმით მაინც სულთანმა ისა ჰქმნა, რაც ამ მოხარულთ უნდოდათ, სახელდობრ, ისა, რომ ამ გზით ოსმალეთმაც იცნო ბოლგარიის ეხლანდელი რეგენტები კანონიერ მმართველებად.
მაინცდამაინც ბოლგარიის საქმემ, ესე იგი, იქ მომხდარმა არეულობამ და დასთა ბრძოლამ, ის განსაცდელი არ გამოიწვია, რაც პირველ შეხედვით მოსალოდნელი იყო. როცა ევროპამ ამ მხრითაც გული დაიმშვიდა, თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინც, ახლა გატყვრა უეცარი ამბავი ავღანისტანიდამ. გავარდა ხმა, რომ რჯულის სახელით მფლობელი ავღანისტანისა ომის გამოცხადებას ჰლამისო და ამისათვის მზადებასაც შესდგომიაო. ეს ხმა ვერ გამართლდა, თუმცა ინგლისის გაზეთებმა კი ამ ხმებზედ ფრთები შეისხეს. ძნელი დასაჯერებელიც არის იმიტომ, რომ რჯულის სახელით ომის გამოცხადება მარტო ხალიფას შეუძლიან და ხალიფად მარტო ოსმალეთის ხონთქარი სწამთ მაჰმადიანებს და ხონთქარსვე აბარია მწვანე ბაირაღი მაჰომედისა, რომლის გამოტანა და გაშლა რჯულის ომს მოასწავებს.
ხმა კი მაინც დაგდებული იყო და დღევანდლამდე კიდევ ისმის. გამართლდება ეს ხმა, თუ გამტყუნდება _ ეს დღეს ბევრს არას ჰნიშნავს, საქმე ამისთანა ხმის დაგდებაა და ამიტომაც საკითხავი ეს არის: ვის რად უნდა ამისთანა თავგამოდება ავღანის ემირისა? თუ ვისმე ჰსურს წეწვა-გლეჯა მოახდინოს, განა თვითონ კი ევროპაში ნაკლები მიზეზია კბილჩასაკიდებელი? აქ ერთი რამ არის საფიქრებელი: სახელდობრ ისა, რომ სულთანს აშინებენ, რითა? იმით, რომ, ჰა, თუ ჩვენ არ მოგვემხრობი, ავღანის ემირს ავსტეხთ, რჯულის სახელით ომს გამოვაცხადებინებთ და ამით ხალიფობის გზას ავღანის ემირს გავუხსნით და შენ მაგ ძვირფასს უფლებას ხელიდამ გამოგაცლითო...
ამიტომაც საგულისხმოა, რომ ვინც ავღანის ემირის მიერ მზადების ხმა დააგდო რჯულის სახელით ომისათვის, ბევრს არ ინაღვლებდა გამართლდება, თუ არა ეს ხმა. იმისათვის საკმაოა, რომ სულთანმა ეს   შესაძლისი საქმეც სახეში იქონიოს, როცა ჰფიქრობს, საით მიჰმართოს თავისი პოლიტიკა ამ გაჭირებულ დროს, როცა ყოველი სახელმწიფო ევროპისა  მეშველს და მომხრეებს ყოველგან და ყოველის ღონით დაეძებს.
ერთი სხვა რამეც არის აქ საფიქრებელი. ხომ არა ჰსურთ, რომ აზიაშიც საქმე აშალონ? იქ ერთის აშლა, ნამეტნავად  ავღანისა, აშლის სპარსეთსაც, იქნება ჩინეთიც აალაპარაკოს. შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ თვით ევროპიის სახელმწიფონიც, რომელთაც დიდი ინტერესები აქვთ აზიაში, იძულებულ გახდნენ ხელი გამოიღონ. ამ სახით შესაძლოა ეს სახელმწიფონი ასე შორს გააბან, ასე შორს დაა-ხაფრებინონ ჯარები და ამ სახით ამისთანა ქსლების გამბმელებმა ბურთი და მოედანი ევროპაში მტრებისა და მოპირდაპირეთაგან დააცარიელონ და თვით დაინარჩუნონ.
რასაკვირველია, ყოველივე ეს მარტო ფიქრად მოსასვლელია. ამ საგანზე ბევრი “ჰოც” ითქმის და ბევრი “არაც”. მაგრამ თუ ზემოხსენებულს ხმის დაყრის მიზეზს დაუწყებს კაცი ძებნას, არშესაძლოა, რომ ჩვენ მიერ თქმულმაც კაცს თავში არ გაუელვოს. ხოლო საკვირველი ის არის: ამბობენ გერმანიამ, ავსტრიამ, იტალიამ კუდი ერთმანეთს უკვე გადააბესო და ჭირისა და ლხინის გაზიარებას ერთმანეთს შეჰპირდნენო. ინგლისიც თუმცა ამათში არ ჩარეულა, მაგრამ უფრო ამათკენ არის, ვიდრე სხვისაკენ. ნუთუ ამათ კიდევ გაძლიერება სწადიანთ და კიდევ მომხრეებს ეძებენ?
რო ეძებენ, ეს აშკარაა და რამდენსაც კიდევ მეტს შეიძენენ, იმოდენად შეუძლებელად გახდიან ომის ატეხას და მაშინ იმას გაიყვანენ ევროპაში უსისხლოდ, უომრად, რაც მარტო სისხლით და ომითღა იყო შესაძლებელი. ეხლანდელს ყოფას ევროპისას რომ კაცი დაუკვირდეს, არ შეიძლება ამისთანა ქსელს ეხლან-დელის პოლიტიკისას არ წააწყდეს. თუ ეს მოხერხდა, მაშინ უომრად საქმის გათავებას წინ აღარა დაუდგება რა და რადგანაც, ჩვენის ფიქრით, ევროპა დღეს ამის ცდაშია და ამის ლოდინში, ამიტომაც ომის ატეხის თაობაზედ ხმები მიწყდა და მიყუჩდა ამ ბოლო ხანებში.



ტფილისი, 4 აპრილი

ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის _ რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.
რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან გან-დიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ”, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვ-ლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ _ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!
“არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა”,_ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს _ ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ _ რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზა-ფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხ-ლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრე-ბისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღზდგაო”. _ ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწა-ვებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი _ ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვებს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა... მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!

ილია ჭავჭავაძე

Last Updated on ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2009 01:08