«პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის გამო”» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 23:18

წერილი მეორე

ტფილისი, 14 მარტი

ბ-ნმა ხუდადოვმა ჩვენის ერთის მეთაურის გამო მოგვიძღვნა წერილი. იგი წერილი უკვე დაბეჭდილია “ივერიის” # 51-ში. ბ-ნმა ხუდადოვმა დაგვიწუნა, რომ ლიბერალთა დასის კაცნი და იმავ  დასის ჟურნალი “Вестник Европы” ვიმოწმეთ ერთს შემთხვევაში. სახელდობრ, იმ შემთხვევაში, რომ სხვადასხვა წოდებათა გამოუკლებლად და განურჩევლად აგება სოფლის საზოგადოებისა თუ თემისა _ ლიბერალთა დასის მოძღვრებაა სხვათა შორის. რასაკვირველია, ეს აზრი თავისთავადაც ანიშნებს კაცს, რა ბანაკისაც არის. დღეს ბალღმაც კი იცის, რომ უსწორმასწორობა, უჯრაუჯრობა, გუნდგუნდობა კაცთა საზოგადოების აგებულებაში, _ პატარაა იგი საზოგადოება თუ დიდი, _ ყველა წარჩინებულ კაცთაგან ცნობილია წარმატების დამაბრკოლებელ მიზეზად. რუსეთშიაც სცნეს ესა, და ამ ბოლოს დროს ჰსცილობენ ერთი განურჩეველი სათემო შეჰქმნან, ეხლანდელ მარტო საგლეხო სათემოს მაგიერ. ყველა განათლებულ ქვეყნებში ეგ პატარა ადმინისტრატიული წრეც სხვასთან ერთად ამ დედააზრზეა აგებული. ამის ცოდნას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, _ თუ გნებავთ, _ მეტიც იყო ჩვენის მხრით, რომ სხვები ვიმოწმეთ. მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ჩვენც იგი მოწმები დავასახელეთ იმი-სათვის კი არა, რომ ჩვენის აზრის საბუთიანობა იმათს მოწმობაზედ დაგვემყარებინა, არამედ იმისთვის, რომ ამ აზრს ერთ დროს რეტროგრადობა უკიჟინეს, და ამ კიჟინის უკუსაქცევად უკეთესი რა იქნებოდა, თუ არ მოწმობა თვითონ ლიბერალებისა, რომ ეგ ჩვენი აზრი და მოძღვრება არისო. ზოგისათვის ამისთანა ბეჭედდაკრული მოწმობაა საჭირო, რადგანაც თვით ბუნება აზრისა მათთვის მიუწდომელია. ბ-ნს ხუდადოვს კი ჰგონია, რომ ჩვენ თვითონ საბუთიანობა აზრისა ამ მოწმობით გვინდოდა დაგვემტკიცებინა. გონიაობა, თუ სადავე მიუშვით, უფრო შორსაც წავა ხოლმე.

ეგ არაფერი. ჩვენ არც ერთგან არც ერთი სიტყვა არ წაგვცდენია, რომ კაცმა დაგვიწამოს, ვითომ “რიხიანის მუქარით” გვეთქვას, “როგორ გაბედეთ” და ჩვენის მოწმების წინააღმდეგ სთქვით რამეო. მართა-ლია, კაცია და გუნებაო, მაგრამ კაცსაც და გუნაბასაც თავისი სამზღვარი აქვს. გავკადნიერდებით და მოვახსენებთ ბ-ნს ხუდადოვს, რომ იგი ამ სამზღვარს გადაცილებულა, რადგანაც უნებებია და სწორედ ამასა გვწამებს, რომ ჩვენს მეთაურს წერილში ვითომ _ “სულ რიხიანი მუქარაა, თუ როგორ გაბედეთ და წინაარმდეგ გრადოვსკისა, არსენიებისა და სპაჩოვიჩისა ხმა ამოიღეთო”.

ბ-ნ ხუდადოვის ადგილას ჩვენ ამისთანა სულელო-ბას არავის შევწამებდით. აქ “კაცია და გუნება” _ ვე-რაფერი მეშვეულია. იმას, რაც ბ-ნმა ხუდადოვმა შეგვწამა, არც ვიტყვით თავის დღეში და არც გვითქვამს, და ვინც ესა სთქვა, იმასვე შეეკამათოს ამისი დამწამებელი, თუ საკმაო მოცალეობა აქვს. ბ-ნის ხუდადოვის წერილი სხვა მხრით არის შესანიშნავი. იქ ერთი აზრია გამოთქმული. რომელსაც ერთს დროს დიდი ფხა და ავალა ჰქონდა რუსეთში და რომელმაც მარტო მით, რომ ცნობიერად გაგებული არ იყო, არა ერთსა და ორს ყმაწვილკაცს გზა-კვალი დაუბნივა იქაც და ჩვენშიაც. ამ აზრს ბ-ნ ხუდადოვისაგან ბუნდად, ყრუდ და გაკვირვით გამოთქმულს, განმარტება უნდა, და თუ დღეს ბ-ნ ხუდადოვის წერილის გამო ჩამოვაგდეთ ლაპარაკი ჩვენი თავდაპირველი სურვილი მაგ აზრის განმარტებაა.

ავტორიტეტების მოწმად მოწვევის გამო ბ-ნ ხუდადოვი ერთს, ცოტა არ იყოს ჟამთა ვითარებით გახუნებულს ზოგადს აზრს გვიქადაგებს ამ სახით:

“ეჰ, დარბაისელო, დიდიხანია კერპთმსახურება გადავარდა და სხვადასხვა ბობოლების თაყვანისცემა უგუნურობად მიგვაჩნია.”

ჩვენ რომ ბ-ნ ხუდადოვსავით, კაცია და გუნება _ ამ ანდაზას დავადგენთ, ვიტყოდით, რომ ეს მეტისმეტი მოსვლია ამის მთქმელს და ამაოდ თავმოწონებას უფრო მოასწავებს, ვიდრე დამჯდარ გონების გამონაკვლევს. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბ-ნ ხუდადოვი გონებაგახსნილი კაცია, ნასწავლია, მცოდნეა და ამოტომ ვამბობთ, რომ ამ სიტყვებში ის არ უნდა ვიგულისხმოთ, რასაც სიტყვები პირდაპირ გვეუბნებიან. თუ არა ვცდებით, _ ბ-ნს ხუდადოვს ამით იმისი თქმა უნდა, რომ ავტორიტეტები, ესე იგი, ყველასგან ცნობილნი, სახელმოპოებულნი მეცნიერნი ყოველთვის არიან და იქნებიან, და იმათი თაყვანისცემა არ დაილევა ქვეყნიერობაზედ, ვიდრე ადამიანის ჭეშმარიტს ღვაწლს, ზედისმიწევნილ ცოდნას, მეცნიერებას, სიბრძნეს და ამათით მოპოვებულს სახელს კაცის თვალში პატივი, ფასი და დიდება ექნებათ. ხოლო ბრმად დაჯერება ყოველ იმისა, რასაც ავტორიტეტი ამბობს, რის შემოწმებასაც ყურისმგდებელი ჭკუა, გონება მისწვდება და რასაც ეს შემოწმება უარჰყობს, _ მართლა დიდი ხანია უგუნურობად არის მიჩნეული. თვით იკვლიე, თუ შეძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩრხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლები, ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არგამორკვეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარ-კვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო, _ აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ბრმად დანდობა კი და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვაგვარად გაჭრის, _ ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამართლიანად განდევნილი, უარყოფილი. აქაო და არისტოტელმა სთქვაო, და რაც უნდა აშკარად დასარღვევი საბუთი გქონდათ, არისტოტელეს სიტყვას ვერ შეუბრუნდით, ცოდვად ჩაგვითვლიდნენ, დიდი ხანია, ესე ბრმად აყოლა, ესე დაძაბუნება ჭკუისა და გონებისა ჩვენდა საბედნიეროდ ჩაილულის წყალს გაჰყვა.

მაგრამ აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ავტორიტეტობა ეხლა შემუსვრილია და თაყვანისცემა მისი უგუნურობად ცნობილი. აი სწორედ ეგრედ უმეცრად გაგებულმა გამოლაშქრებამ ავტორიტეტებზედ დოინჯი შემოაყრევინა მტკნარს უვიცობას და აძახებინა: შექსპირი, სპენსერი, ჰეკსლი, ჰეკკელი ვინა გდიაო; ავტორიტეტები რას მიქვიან, და სხვანი და სხვანი. ასეთმა თავგასულობამ უვიცობისა ბევრს აურია გზა და კვალი. იმიტომ, რომ ამისთანად თავგასული კაცი ხომ თვითონ არა არის რა, სხვასაც არავის კაცად არ აგდებს. ნუთუ ეს გონიერება და ჰეკსლის და ჰეკკელის დიდ მეცნიერებად, დიდ ავტორიტეტად ცნობა და თაყვანისცემა კი უგუნურობაა.
ჩვენ არა გვგონია, რომ ამის თქმა სდომებოდეს ბ-ნს ხუდადოვს, და თუ მართლა იმის თქმა ჰსურვებია, რასაც მისი ზემოდ მოყვანილი სიტყვები პირდაპირ გვეუბნებიან, მაშინ სხვაა და ამაზედ შემდეგს ნომერში მოვილაპარაკებთ.


ტფილისი, 16 მარტი

კაცმა რომ სთქვას ავტორიტეტობა, ავტორიტეტი დიდი ხანია გადავარდა და თაყვანისცემა ერთისა და მეორისაც უგუნურობა არისო, _ ან არ უნდა ესმოდეს, რას ჰნიშნავს ავტორიტეტობა და ავტორიტეტი, ან ამისი თქმა არ ჰსურვებია. ეს ცხადად გამოჩნდება, თუ ამ სიტყვების ჭეშმარიტს მნიშვნელობას გონების თვალწინ წარმოვიდგენთ.

მართლადა რა არის ავტორიტეტობა, ავტორიტეტი, ესე იგი ის, რასაც ბ-ნი ხუდადოვი “ბობოლაობის” და “ბობოლას” სახელით წინდაუხედავად სასაცილოდ იგდებს? ავტორიტეტობა იმ შემთხვევაში, რა შემ-თხვევაშიაც ბ-ნ ხუდადოვს უნებებია მისი დევნა და განდევნა, იმ გავლენიან სახელოვანებისა ჰქვიან, რო-მელსაც ადამიანი მოიპოვებს ხოლმე დიდის სიბრძნით, დიდის გამოცდილებით, დიდის მეცნიერობით [1]. ავტო-რიტეტი მეცნიერებაში იგი კაცია, რომელსაც მის მიერ შეთვისებულს მეცნიერებაში გაუთქვამს სახელი და მოუპოვებია ნდობა იმოდენად შეურყეველად და უცილობელად, რომ ერთიც და მეორეც საკმაო თავმდებია მისის აზრის შეუცდომელობისა. ამისთანა კაცები, კაცთა საბედნიეროდ და ბ-ნ ხუდადოვის გულის საწყრომად და სასაცილოდ, ცოტანი არ არიან ქვეყ-ნიერობაზედ და მათ შორის ჩვენც თუნდა იმათ დავასა-ხელებთ, ვინც თვითონ ბ-ს ხუდადოვს ჩამოუთვლია თავის წერილში, სახელდობრ: სპენსერი, ჰეკსლი და ჰეკკელი. ეხლა ვიკითხოთ: როდის გადავარდა თუნდ ამათი ავტორიტეტობა? ნეტა როდის შეჰმუსრა ამათი სახელი და ნდობა ან ბ-ნმა ხუდადოვიმა და ან სხვამა? და თუ შეჰმუსრა, აქედამ სხვა არა გამოვიდა რა, რომ შემუსრვილის მაგიერ შემმუსრველი ჩადგებოდა; მაშასადამე, ავტორიტეტობა მაინც ავტორიტეტობად დარჩებოდა, თუმცა ეხლა სხვა კაცის სახელს დაირქმევდა.

რა არის ბ-ნ ხუდადოვის მიერ ამ შემთხვევაში ხსენებული “თაყვანისცემა”, თუ არ ისა, რომ კაცი გავლენიან სახელოვანობას სპენსერისას, ჰეკსლისას, ჰეკკელისას და მათთა მიმართ ნდობას აღიარებს მით, რომ იგინი უფრო შეუცდომელნი ჰგონია, ვიდრე, მაგალითად, რედაქტორი “ივერიისა”, ან თუნდა თვითონ ბ-ნი ხუდადოვი? ნუთუ ამას უგუნურობად ჩასთვლის ვინმე! იქნება ეგეც მოხდეს, მაგრამ ეს სასაცილო ჩათვლა მოსალოდნელია ამ შემთხვევაში მარტო ორი კაცისაგან: “ივერიის” რედაქტორისა და ბ-ნ ხუდა-დოვისაგან, ისიც უსათუოდ მაშინ, თუ ერთსაც და მეორესაც აბრუ გასიებული ექნებათ იმ ერთნაირ ავადმყოფობისაგან, რომელსაც ამაო თავმოყვარეობას, ტყუილს აბრუს ეძახიან და რომელაც წამალი არა აქვს. მაშ რად მიაჩნია თაყვანისცემა სპენსერისა, ჰეკსლისა და ჰეკკელისა უგუნურობად ბ-ნ ხუდადოვსა? ამისი თქმა და იმისი, რომ სპენსერს, ჰეკსლს და ჰეკკელს ნურას დაუჯერებთო _ ხომ ერთი და იგივეა. ნეტა რომელი კაცი იტყვის ქვეყანაზედ, რომ ნურას დაუჯერებთო ამ ჭკუით, ცოდნით, სიბრძნით, მეც-ნიერებით გამოჩენილს და მთელის ქვეყნისაგან ამ სახით ცნობილს კაცებს, და თუ დაუჯერებთ, უგუნუ-რობა იქნებაო. მაშ, ყველაფერი დავიჯეროთ ამათიო? _ იკითხავთ თქვენ. დიახ. სწორედ ყველაფერი, ვიდრე წინააღმდეგის უეჭველი საბუთი ხელთ არა გაქვთ.

დღეს რომ კრიტიკას თავისუფალი გზა და მსვლელობა აქვს და რა ავტორიტეტიც გინდა იყოს, კაცი არ ერიდება კრიტიკის ქარცეცხლში გამოატაროს, ნუთუ ბ-ნი ხუდადოვი  ამაში ჰხედავს ავტორიტეტების მიმართ თაყვანისცემის უგუნურობასა! კრიტიკით და მთელის დღევანდელის მეცნიერობის ძალით რომ იერიში მიიტანონ, ვსთქვათ, ჰეკლსა და ჰეკკელზედ, ნუთუ ჰგონიათ, რომ ამით მათი ავტორიტეტობა დადნება, შეიმუსრება და არა უფრო შემოწმდება, გამართლდება და მით უფრო თაყვანისცემა არ მოემატება ერთსაცა და მეორესაც! განა სასაცილო არ იქნება, რომ კაცს თაყვანისცემა მაშინ მოაკლო, მისი სახელი მაშინ შეჰმუსრო, როცა უტყუარად და კარგად შემოწმებულის საბუთით დამტკიცდება, რომ მისი ნათქვამი გამართლდა. აქ, პირიქით, ავტორიტეტობამ უფრო უნდა იმატოს, თაყვანისცემა და პატივი უფრო უნდა გაძლიერდეს. სწორედ ესეც არის ამ წუთისსო-ფელში, და არ ვიცით, _ ეს ამბავი რად უნდა მიაჩ-ნდეს ვისმე უგუნურობად, _ და თუ მიაჩნია, ეგ ახალი კი არ არის, ძალიან ძველისძველი ამბავია, და სახელადაც დონკიხოტობა ჰქვიან. ვიდრე კრიტიკას არ გაუმტყუნებია ავტორიტეტად ცნობილი კაცი, მის ავტორიტეტობას ვერავინ შეჰმუსრავს მარტო იმით, რომ დილიდამ საღამომდი და საღამოდამ დილამდე იძახოს ბ-ნ ხუდადოვისავით: მე უგუნურობად მიმაჩნია ავტორიტეტს თაყვანი ვცეო.

სწორედ კრიტიკით შემოწმებულთა და გამარ-თლებულთა მეცნიერთა მოიპოვეს იგი სახელი და თაყვანისცემა, რომელიც ბ-ნ ხუდადოვს უგუნურობად ჰგონია. კაცობრიობა არ შეუშინდა ბ-ნ ხუდადოვის მკაცრს განაჩენსა და მისგან უგუნურობის დარქმევა იკისრა, და ის კი ვერ უარჰყო, რომ ქვეყანაზედ სანდო მეცნიერნი არიან და მერე ღირსნიც თაყვანისცემისა.

დავანებოთ ამას ყველაფერს თავი. ერთი ეს ვიკითხოთ: ვითომ უგუნურობად უნდა მივიჩნიოთ, რომ თვითონ დიდნი ბრძენნი, უდიდესნი მეცნიერნი და ავტორიტეტები ხშირად სხვა ავტორიტეტებს იმოწ-მებენ ხოლმე? რომელიც გნებავთ წიგნი აიღეთ დიდის მეცნიერისა, ძნელად შევხვდებით იმისთანას, რომ ერთი მეორეს არ იმოწმებდეს. _ ნუთუ ამისი მომქმედნი ყველანი უგუნურები არიან, რომ ასე თაყვანსცემენ ავტორიტეტსა! აი თუნდა ჯონ სტუარტ მილლი, სახელოვანი მეცნიერი, რომლის წიგნი ამჟამად ხელში შეგვხვდა, _ ერთს ადგილას რას ამბობს თავის აზრის დასამტკიცებლად: მომყავსო “ მოწმობა სიმონდისა, რომელსა სხვა მწერლებზედ მეტი უპირატესობა იმითი ეკუთვნის, რომ ყველაზედ ზედმიწევნით და დაახ-ლოებით იცის საქმეო”.

ბ-ნ ხუდადოვის სიტყვით, ჯონ სტუარტ მილლი დიდი უგუნური კაცი ყოფილა, რომ ამისთანა თაყვანი უცია ავტორიტეტად ცნობილისათვის. რა მილლი? განა სხვა სახელგათქმულნი მეცნიერნი კი ცოტანი არიან, რომ სხვის საავტორიტეტო სიტყვით აძლიერებენ, ამტკიცებენ თავიანთ აზრსა, და ზოგჯერ უამისობას ვერსად ვერ წასვლიან! მაშ ეს სულ უგუნურობად უნდა მივიჩნიოთ! მაშ ჩვენზედ უფრო მეტს მცოდნეს, ჩვენზედ უფრო მეტის ზედმიწევნით მკვლევარს აზრისას, მერე იმისთანას, რომელიც ქვეყანიერობისაგან უკეთეს მცოდნედ და უკეთეს მკვლევარად ცნობილია და გათქმული, _ ფასი აღარ ადევს, და ვინც ფასსა სდებს, იგი უგუნურია! ამის მთქმელი და იმისა, რომ ჩემზედ ჭკვიანი, ჩემზედ უფრო მცოდნე ქვეყანაზედ არავინ არისო, _ განა ერთმანეთზედ ძალიან შორს იქნებიან!

თუმცა ბრმად მინდობა და აყოლა სხვისა ძალიან ცუდია, მაგრამ არც კი ბრმად დაჟინებაა კარგი იმისა, რომ დიდსახელოვანის სახელგანთქმულის მეცნიერის პატივი და თაყვანისცემა უგუნურობა იყოს. არა, ბატონო, სწორედ ამისთანა კაცს უნდა პატივი და თაყვანისცემა, თუნდა იმით, რომ იმისი სიტყვა, თუნდ შეუმოწმებლადაც კი, სხვისაზედ წინ დააყენო, თუ გამტყუნებული არ არის უეჭველის საბუთითა. სხვამ რაც უნდა გიკიჟინოთ, და თუ ერთსა და იმავე საგანზედ ჰეკსლი ერთს ამბობს და, თუნდ მაგალითად, ბ-ნი ხუდადოვი სხვას, იცოდეთ, რომ უგუნურობაში არავინ არ ჩამოგართმევთ, თუ ჰეკსლს უფრო დაუჯერებთ, ვიდრე ბ-ნს ხუდადოვს. თუ თქვენის აზრის გასამართლებლად ჰეკკელს იმოწმებთ ბ-ნ ხუდადოვის წინააღმდეგ, ან თვითონ ბ-ნ ხუდა-დოვისაგან დაწუნებულ სპასოვიჩსა _ სასისხლო რჯუ-ლიერობის მეცნიერებაში, არც ეს იქნება ახირებული სულელობა. შესაძლოა გვითხრან: განა ბ-ნ ხუდადოვს არ ძალუძს ჰეკსლს, ჰეკკელს აჯობოსო. შესაძლოა, რადგანაც მსჯობს მჯობი არ დაელევა, მაგრან მინამ ბ-ნი ხუდადოვი  ამას იქმოდეს, იმ დრომდე _ ნურას უკაცრაოდ, რომ ჰეკსლი, ჰეკკელი ავტორიტეტად ვიცნოთ და თაყვანი ვცეთ მარტო იმით, რომ მათი სიტყვა უფრო ვიჯეროთ, თუ აშკარა საბუთი არ გვექნება დასარღვევად.

ეს ამისთანა ლახტის ქნევა ავტორიტეტების შესამუსრავად ცხონებულ პისარევის შემდეგ მოვიდა რუსეთში; ცოტა ხანს იფარფაშა და მერე აპრიალებულ ჩალასავით ჩაჰქრა, და დღეს ამის გამო მარტო ჩვენ და ბ-ნი ხუდადოვიღა ვლაპარაკობთ მთელს ქვეყ-ნიერობაზედ. სხვისათვის კი აქ საკამათო აღარ არის რა. დღეს ბალღმაც კი იცის, რომ თქვენი აზრი, დიდის რომელიმესამე მეცნიერის სიტყვით შემოწმებული, უფრო სანდოა, უფრო დასაჯერი, და ამ მოწმობას ქვეყანაზედ არავინა ჰკითხულობს იმის შიშით, რომ ბ-ნი ხუდადოვი  უგუნურობას დამწამებსო.

ხოლო პისარევის სახელის ამ მხრით შეუბღა-ლველობისათვის ისიც უნდა ვსთქვათ, რომ იგი სრულად იმას არა ჰქადაგობდა, რასაც დღეს ბ-ნი ხუდადოვი გვეუბნება ავტორიტეტის შესახებ. მარტო უვიცობამ წაართვა სადავე კაცსა და პისარევის მოძღვრება ამ საგნის თაობაზედ ჰერკულესის სვეტე-ბამდე მიიყვანა. აქ პისარევის არავითარი ბრალი არა აქვს.

ავტორიტეტობა ყოველთვის იქნება მეცნიერობაშიაც და ცხოვრებაშიაც. სნეული რომ მკურნალს მიჰმართავს ხოლმე, _ როგორც ჰგონია ბ-ნს ხუდადოვს, _ რა მოქმედობს აქ, თუ არ რწმენა, რომ მკურნალი მკურნალობის უკეთესი მცოდნეა, და ეს რწმენა რა არის, თუ არ იგივ ავტორიტეტობა კაცისა, რომელსაც მკურნალობაში იმოდენა უკეთესობის სახელი და ნდობა ყველასათვის საკმაო თავმდებია მისის ამ საქმეში უპირატესობისა? მოდით და ამას იქით სულელი დაუძახეთ მას, ვინც ამ შემთხვევაში მკურნალს ენდობა და უჯერებს. თუ გვკითხავთ, იგი “კერპთმსახურება” და იგი “თაყვანისცემა”, რომელიც ბ-ნ ხუდადოვს უგუნურობად მიაჩნია, აქ უფრო საგულისხმოა, რადგანაც ამ შემთხვევაში ბრმად დანდობას, ბრმად დაჯერებას უფრო მეტი ადგილი უჭირავს, ვიდრე სხვა რაშიმე და თითქმის აუცილებელიც არის. მაშასადამე, იგი ნდობა და დაჯერება რომელიც კაცს მკურნალისკენ იზიდავს, ბ-ნ ხუდადოვის სიტყვით, “კერპთმსახურებაა”, რომელიც დიდი ხანია გარდავარდნილა, “ბობოლაების თაყვანისცემა”, რომელიც ბ-ნს ხუდადოვს უგუნურობად მიაჩნია. სხვა მეცნიერთ ვიღა სჩივის, ვაი მკურნალთა, თუ ეს მართლა ასეა, ქვეყნის საუბედუროდ.


[1] არის კიდევ ერთგვარი ავტორიტეტობა, ავტორიტეტობა უფლებისა, რომლის მნიშვნელობა უფლების მნიშვნელობაზეა დამოკიდებული. ამ გვარს ავტორიტეტობას აქ არ ვიხსენიებთ, რადგანაც ჩვენს საბაასო საგანთან არავითარი კავშირი არა აქვს.


ილია ჭავჭავაძე