«ავსტრიის ორჭოფული პოლიტიკა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 21:35

ტფილისი, 12 მარტი

არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რომ ავსტრია ისტორიის ვითარებათა გამო ორწყალშუაა ჩამდგარი. გამოდევნილი 1886 წელს გერმანიიდამ, საცა ამ წლამდე იგი თითქმის მარტო უპირატესობდა, მან, მეტი გზა არ იყო, ხელი დაიბანა გერმანიაში ბატონობაზე, გამოეცალა პრუსიის უძველეს მეტოქობას და პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნა. გულში კი, რასაკვირველია, ეს თავისი მარცხი ხვანჯად ღრმად შეინახა. მოშორდა დასავლეთს, მაგრამ არც აღმოსავლეთი დახვდა უმე-ტოქოდ. აქ პირისპირ შეხვდა მას რუსეთი, რომლის მეტოქობაც ავსტრიისათვის თითქმის იმოდენადვე უძლეველია, რამოდენადაც ეხლანდელი გერმანია, თუ უფრო მეტი არა, იმიტომ, რომ რუსეთი აღმოსავ-ლეთზედ თავის დღეში ხელს არ აიღებს თავგა-მოუმეტებლად. რუსეთს ეს თავის ისტორიულ დანიშნულებად მიაჩნია. ამგვარმა დროთა ვითარებისაგან წარმომდგარმა მდგომარეობამ ავსტრია ძალაუნებურად დამოკიდებული გახადა ერთის მხრით, გერმანიაზედ და მეორეს მხრით, რუსეთზედ. ასე რომ, ვერც აღმო-სავლეთისაკენ გაიწევს, თუ გერმანიამ ხელი არ შეუწყო, ვერც დასავლეთისაკენ, თუ რუსეთმა მხარი არ მისცა. ამიტომაც 1886 წლიდამ დღემდე ავსტრია ამ ორთა ძლიერთა სახელმწიფოთა შორის ჰტოკავს და თავისი საკუთარის, სხვაზედ დამოუკიდებელის პოლიტიკისათვის ხელი ვერ ჩაუკიდნია. ამ ძალა-უნებურს მდგომარეობას ავსტრიისას ის მოჰყვა, რომ ხან გარემოება ევროპიის პოლიტიკისა დაყუჩებულს და ჯერ არ გამთელებულს ძველს ტკივილებს დასავლე-თისას მოჰგვრის ხოლმე ავსტრიასა, ხან აღმოსავ-ლეთის ახლად აჩენილს სანატრელზედ საღერღელს აუშლის. ეგ იმაზეა ხოლმე დამოკიდებული თუ, რა დროს, ვის, როგორ უცინის პოლიტიკის ბედი.

მინამ გერმანია მყარ კლდესავით შეურყეველი ეგონათ ყველას, ავსტრიას თავისი პოლიტიკა ნალოსავით გამობმული ჰქონდა გერმანიის პოლი-ტიკაზედ და ის გულში შენახული ხვანჯი ძველის მარცხისა შიშით სულგანაბული იყო. თვითონ ბავარიის კოროლის უეცარმა სიკვდილმაც კი, რომელსაც არ შეეძლო არ აეშალა ძველი ტკივილი ავსტრიისათვის, ვერ გააბედვინა ავსტრიას ხმა ამოეღო, თუმცა მეტისმეტი მიზეზიანი საქმე იყო ძველის ანგარიშების გასაწმენდავად გერმანიაში. ესეთი ხმაამოუღებლობა სიფრთხილეს ავსტრიისას უნდა მიეწეროს და არა იმას, რომ ავსტრიას სამუდამოდ გულიდამ ამოღებული აქვს წყურვილი გერმანიაში უწინდელებრ ფეხის შედგმისა. ჰაბსბურგების იმპერატორები არასდროს არ დაივიწყებენ, რომ ერთს დროს გერმანიის იმპერა-ტორები იყვნენ და იმავ დროს ავსტრიას პირველი ხმა ჰქონდა გერმანიაში.

ეხლა დრო შეიცვალა. ამ უკანასკნელ დროში აღმოჩნდა, რომ გერმანიას დღეს მარტო არა აქვს დარჩენილი ევროპიის პოლიტიკის ბურთი და მოედანი. ყველა ჰხედავს, რომ დღეს გერმანიას ცალის მხრით, საფრანგეთის ძლიერება ასუსტებს და, მეორეს მხრით, რუსეთისა და ამით გერმანიის ბატონობასა და უძლე-ველობას ევროპაში ძირი ერყევა. ამას კარგადა ჰხედავს ავსტრიაცა, რომელმაც თავისი მუქარის ხმა რუსეთის მიმართ ეხლა უფრო ტკბილს გალობაზედ შესცვალა. თუ გაზეთებს დავუჯერებთ, ავსტრია თითქო მოწადი-ნებულია დაჰყვეს რუსეთს ბოლგარიის საქმეში და რუსეთის სურვილის აღსრულებას მხარი მისცეს. რის იმედით? იმ იმედით, რომ გერმანიას, როგორც ეტყობა, დღედადღე საქმე უფრო და უფრო უჭირდება და იქნება ავსტრიის ბედმა ისე იმუშავოს, რომ რასაც ბოლგარიაში დათმობით ავსტრია დაჰკარგავს, ის ერთი ორად გაინაღდოს გერმანიაში. ერთი საფრანგეთის გაზეთი “Mატინ”–ი აი ამ საგანზედ რას ამბობს თავისის კორრესპონდენტის პირით ვენიდამ:

“დარწმუნებული იყავით, რომ ავსტრიას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1886 წელი. არც გერმანია, არც ბისმარკი აქ არ უყვართ და დღევანდლამდე ავსტრიას იმედი არ გადაუწყვეტია სადოვის [1] სამაგიეროს გადახ-დისა. კარგა ხანია ოსტატობა გასდიოდა ბისმარკს, რომ ავსტრიას აღმოსავლეთის პოლიტიკის რაღაც ლანდებით აცდუნებდა, მაგრამ მისმა სიტყვამ რეიხსტაგში ყველას თვალები აუხილა: დღეს ყველა კარგად ჰხედავს, რას მოასწავებს ავსტრიისათვის გერმანიასთან დაზავება. ერთი ეს ვიკი-თხოთ: იმის მაგიერ, რომ თავი გაიბას აღმოსავლეთის განსაცდელიანს საქმეში, ის არა სჯობია ავსტრიამ უფრო ახლო, თავის გარეშემო მიმოიხედოს და თვალი მოატ-რიალოს?  განა შესაძლებელი არ არის, ოდესმე ავსტრია მიემხროს რუსეთსა და საფრანგეთსა და გაარღვიოს შუა ევროპის სახელმწიფოთა კავშირი? დამიჯერეთ, აქ შეუძლებელი არა არის რა. ამაზედ დღეს ყველგან ლაპარაკობენ და ძალიან ბევრსაც. ერთის სიტყვით, ყველას რაღაც წინად-გრძნობა ეუბნება, რომ დღეს იქნება, თუ ხვალე დიდი ცვლილება უნდა მოჰხდეს და ეგრეთწოდებული სასწორი ევროპისა სხვა ხაზზედ უნდა დაჰდგეს. რა თქმა უნდა, ჯერ ყოველივე ეს სადიპლომატო სფერაში არ არის შესული, მაგრამ მაინცდამაინც ამ ამბების მოვლენის ნიშნები _ წინამორბედი _ კი ასანუსხავია. გავიხ-სენოთ, რომ კალნოკი წინააღმდეგი არ არს რუსეთთან დაახლოვებისა და რუსეთის ელჩს ვენაში თავ. ლობანოვს, ამ აზრის დიდ თანამ-რგძობელს, ხშირი მისვლა-მოსვლა აქვს ხელმწიფე იმპერატორთან და ბ_ნ გირსთან”.

რამდენად მართლადა სჭრის შორმხედველობა ამის მომწერის კორრესპონდენტისა, ამის თქმა ეხლა მეტად ძნელია, იმიტომ, რომ ავსტრია, როგორც სახელმწიფო, ორ წვერად ყელში წაჭირებული, სულ ტოკვაში უნდა იყოს, ვიდრე ერთი რომელიმე მხარე უეჭველს ძლიერებას და ღონეს არ გამოიჩენს. მაშინ, რასაკ-ვირველია, ძლიერს და ღონიერს მიუდგება და, ამის მიხედვით მოჰმართავს რა თავის პოლიტიკასა, ან აღმოსავლეთისაკენ გაიწვდენს ხელს, ან დასავლე-თისაკენ, რადგანაც იქაც და აქაც ორგანვე გულის მოსაფხანი საგანი აქვს და სანატრელი ინტერესი. ესეთი ყოფა ავსტრიისა კარგიც არის და ავიც და როგორ გამოიყენებს ავსტრია, ამას დრო გამოაჩენს.


[1] სადოვაზედ დაამარცხა პრუსიამ ავსტრია 1886 წელს.


ილია ჭავჭავაძე