«საფრანგეთსა და გერმანიას შორის დაძაბულობის შენელების ცდები» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 21:28

ტფილისი, 10 მარტი

გერმანიისა და საფრანგეთს შორის ჯერ შარშანვე ასტყდა აყალ-მაყალი. ჩვენ, ესე იგი, ჩვენი გაზეთი მაშინვე იძახოდა [1] რომ ამ მხრით ძნელი მოსალოდ-ნელია დიდი შიში, რომელიც შარშანვე შეეპარა ევროპასა. ჩვენ სულ ამას ვამბობდით, რომ თ, ბისმარკს ისე გაუჭირდება საქმე, რომ ან ყველა სა-ხელმწიფოს მოიბირებს და გაიმარტოვებს საფრანგეთსა, ან საფრანგეთს მოიმხრობს და ამისათვის ბელგიაში რასმეს მოუჭრის და თუ მეტისმეტად გაუჭირდა, ელზას-ლოტარინგიასაც კი გამოიმეტებს. ჩვენ ამ აზრის განსასურათებლად მოვიყვანეთ სიტყვაც კი გამბეტასი, რომელმაც ერთხელ სთქვა; “დრო მოვა და ელზას-ლოტარინგია უსისხლოდ დაგვიბრუნდებაო.”

იქნება ეს ჩვენი აზრი მაშინაც ეხამუშა ვისმე, როგორც დაუჯერებელი და ალალბედობაზედ ნათქვამი; შესაძლოა დღესაც ასე მიაჩნდეს ვისმე და სასაცილოდ აგვიგდოს, ეს ”ივერია” რაებსა ჰბოდავსო. მართალიც არის: ამოდენა ხარჯი გასწია გერმანიამ კაცით თუ ფულით, ამოდენა სისხლი დაღვარა ძლივს შემოიერთა ელზას-ლოტარინგია და ამით საფრანგეთიდამ შემოსა-სევს მტერს კარი თითქმის დაუკეტა და ეხლა როგორ უნდა დასთმოს!... გაჭირება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო, ნათქვამია. გაჭირებას ბევრი რამე შეუძლიან. ამოდენად რა უჭირს დღეს გერმანიას? ის უჭირს, რომ, როგორც ამას წინადაც ვსთქვით, ბატონობა ევროპაში ხელიდამ მისდის გერმანიასა და ამის გამო თვითონ პრუსიას გერმანიაში გეგემონია უქარწყლდება. პრუსიის გეგემონის მომდურავი ბევრია გერმანიაში და ევროპაში გერმანიის აბრუს გატეხას პრუსიის აბრუს გატეხა მოსდევს და ყოველივე ეს ისეთი რამ არის თ. ბისმარ-კისათვის, რომ ამასთან ელზას-ლოტარინგიაზედ ხელის აღება ჩალად არა ჰღირს.

ასეა თუ ისე, დღეს ჩვენ ამაზედ არა გვსურდა ჩამოგვეგდო სიტყვა, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა, რომ ლამის ჩვენი ნათქვამი ელზას-ლოტარინგიაზედ გამართლდეს, “Московския Ведомости” -ში ეხლახან დაბეჭდილია კორრესპონდენცია პარიჟიდამ და ამ საგნის შესახებ მეტად საინტერესო ამბავია მოთხრობილი. კორრესპონდენტი ამბობს: “თ. ბისმარკი ამ წამს ყოველ ღონესა ჰხმარობს დააჯეროს საფრანგეთი, რომ ჩემგან ნურაფრის შიში ნუ გაქვთო, ეგ კიდევ არაფერი. თ. ბისმარკი  ხელის გულ-ზედ უგორდება საფრანგეთსა და სამაცდურო პირობას უდებს, თუ გულწრფელად შემი-რიგდები და აღმითქვამ, ხელს არ გამოიღებ, თუ ვინიცობაა სადმე საომრად გავებაო. სხვათა შორის პირობას აძლევს ელზას -ლოტარინგიას ლუქსემბურგს შემოვუერთებო და სანეიტრალო ქვეყნად შევქმნი გერმანიისა და საფრანგეთის შორისაო: არც ჩვენი იყოს და არც თქვენიო. ამის სამაგიეროდ მე ჰო-ლანდიას ჩავკიდებ ხელსაო. ისე გადაკვრით კი უფრო მოსაზიდავს პირობას უთვლის: ელზას-ლოტარინგიას შენ დაგიბრუნებ და მე ბელგიას და ჰოლანდიას დავიჭერო”.

გამოდის, რომ ჩვენი წინად თქმული სიტყვა ისე ალალბედად ნათქვამი და დაუჯერებელი არ არის, როგორც შესაძლო იყო მიეჩნია ვისმე. მაინცდამაინც შესანიშნავი ამბავია სახელგანთქმულის ლესეპსის გაგზავნა გერმანიაში. საფრანგეთმა ეს სახელოვანი კაცი გაისტუმრა გერმანიაში ვითომ იმისათვის, რომ საფრანგეთის ელჩს ჰერბერტს “საპატიო ლეგიონის” ნიშანი მიუტანოს. ძნელად საფიქრებელია, რომ ამისთანა გამოჩენილი კაცი, როგორც ლესეპსია, ამ უბრალო საქმისათვის შეეწუხებინათ და მოეცდინათ. ყველამ კარგად იცის, ლესეპსი იმისთანა სახელის კაცია, რომ ყველგან დიდის პატივით იქნება გერმანიაში მიღებული, იმპერატორ ვილჰელმიდამ დაწყებული უკანასკნელ გერმანიელამდე. სწორედ ამ მიზეზით მის მისვლა-მოსვლას იმპერატორ ვილჰელმთან, ბისმარკთან და სხვა დიდკაცებთან საპოლიტიკო მნიშვნელობას ისეთის გაბედვით ვერავინ შესწამებს და მაშასადამე, აყალ-მაყალის ატეხას დიპლომატიაში ცოტად თუ ბევრად  გზა შეეკვრის. სხვა კაცი რომ გაეგზავნა საფრანგეთს ნიშანის წასაღებად და იმპერატორ ვილჰელმს, ბისმარკს ან სხვა დიდკაცს ვისმე ენახა, მაშინვე ატყდებოდნენ დიპლომატები ცალკე და ჟურნალ-გაზეთები ცალკე, რად ინახულა ვილჰელმა, ბისმარკმა, ან სხვა, თუ აქ საპოლიტიკო საქმე რამ არ იყოსო. ლესეპზედ კი ამას არ იტყვიან, იმიტომ, რომ ამას თავისის გამოჩენილის სახელითაც ყველგან კარი ღია დაჰხვდება, რომელს ქვეყანაშიაც უნდა მივიდეს. მართლადაც,  ყველგან გერმანიაში ლესეპსი დიდის პატივით მიღებულ იქმნა. ახლა ჩვენ რომ ჩავუფიქრდეთ ამ ამბავსა, დავიჯეროთღა, რომ ამ ლესეპს არაფერი არა აქვს რა დავალებული საფრანგეთის მთავრობი-საგან!... დავიჯეროთ, რომ ზემოთ მოყვანილ კორესპონ-დენტის ნაამბობი აქ არაფერს შუაშია!

ეს კი აშკარაა, რომ ლესეპსის გერმანიაში მისვლის შემდეგ ძალიან დაუწყნარდნენ ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი და ისე აპილპილებულნი აღარ არიან, როგორც აქამომდე იყვნენ. თუ ეს მართალი გამოდგება, გვიხარიან, რომ ამ მხრით შიშის მოლოდინი აღარ ექმნება ქვეყანასა, უამისოდაც ლოდინით დაღალულსა და შეწუხებულსა.


[1] იხილეთ შარშანდელი ივერია ## 194, 201, 219, 231 და სხვანი, რომელნიც ეხლა ხელად არ გვახსოვს და წლევანდელი # 10, 17, და 31.


ილია ჭავჭავაძე