«გერმანიის შეშფოთების მიზეზი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 19:28

ტფილისი, 27 თებერვალი.

გერმანიის აწინდელი ყოფა და ქცევა ყველას აოცებს. დიდი და პატარა იმას შესცქერის და ჰკითხულობს, ესე რა გასჭირებია, რომ ჯარების მომატების სურვილი დღედაღამ მოსვენებას არ აძლევსო. იქ პაპს მივარდა და შემწეობას შეევედრაო, პაპს, რომელსაც თვითონ თ. ბისმარკი ერთ დროს ისე აურზაურად მოეკიდა და მის სამღვდელოებას გერ-მანიაში ხელ-ფეხი შეუხუთა, იეზუიტებიც კი გამოდევნა გერმანიის სამზღვრებიდამ და ამით მეტად აწყინა და გაარისხა პაპი. ეხლახანს, როცა იტალიაში სამი-ნისტრო დეპრეტისისა და რობილანისა დაეთხოვა სამსახურსა, თ-მა ბისმარკმა მთელი თავისი ოსტატობა და სახელი მოიხმარა, რომ ისევ დეპრეტისისა და რობილანის სამინისტრო შემდგარიყო და არა კარო-ლისა ან კრისპისა; ვსთქვათ, რომ დეპრეტისი და რობილანი დიდი მომხრეა გერმანიისა და ავსტრიისა, მაგრამ რად უჭირს გერმანიას ამათი მომხრეობა? ვინ ემუქრება? ვისი და რისი შიში აქვს? აქედ იხედებით, იქიდ იხედებით და რა კი ჰხედავთ, რომ განსაცდელი გერმანიისათვის მოსალოდნელი არსაიდამ არ არის, ჰკვირობთ საიდამ რა ლანდი უჩნდება გერმანიას, რომ ყველგან ჰფაცურობს და ყველაფერში მშველელს ეძიებს? არჩევანების გათავებაც კი აღარ მოიცადა თ_მა ბისმარკმა და ახლად ამორჩეული რეიხსტაგი მოიწვია. რასა სჩქარობს? რა ისეთი დიდი საგანი მისდის და ეცლება ხელიდამ, რომ ხანსაც აღარ აყოვნებს, თითქოს რაისამე შიშისაგან ელდაცემულიაო და სცდილობსო რომ შიშს რაც შეიძლება ადრე და მალე წინ უსწროსო?

მითამ საფრანგეთის თავდასხმა აფიქრებს თ. ბისმარკსა? არა გვგონია, იმიტომ, რომ საფრანგეთსა, თუმცა ევროპაში დღეს ერთი ძლიერი თანამგრძნობელი ჰყავს, მაგრამ პირდაპირი მომხრეობა კი ჯერ არსად უჩანს. უმომხრეოდ საფრანგეთი არასგზით გერმანიას ომს ვერ გაუბედავს. მაშასადამე, სხვა რა ტკივილი აქვს გერმანიასა?

გერმანიას იგი ტკივილი აქვს, რომ ორსავ მხრით, დასავლეთით და აღმოსავლეთით მეზობლები მეტის-მეტად გაუძლიერდნენ და გაუღონიერდნენ. თუმცა არც ერთისაგან თავდასხმას გერმანია არ მოელოდინება და ჯერ ხანად არც საფიქრებელია, მაგრამ თ. ბისმარკი მეტად აშკარად ჰხედავს, რომ დღეს რუსეთი ცალის მხრით და საფრანგეთი, მეორის მხრით იმოდენად გაძლიერდნენ, რომ ამოდენის ღვაწლით, სისხლით და ხარჯით გერმანიის მიერ მოპოებული პირველობა ევროპაში ლამის ხელიდამ გამოეცალოს; ლამის გეგემონია ევროპაში ჩამოერთოს გერმანიასა. ეგ პირველობა, უპირატესობა გერმანიისა ევროპაში თ. ბისმარკის კარგა ხნის ღვაწლია. მთელი მისი სახელი, მისი დიდკაცობა, მისი აბრუ გენიოსობისა ამ მიზნად შექმნილს გერმანიის უპირატესობაშია და აი, დღეს თ. ბისმარკი ჰგრძნობს, რომ ამის ნაღვაწს ძლიერნი მოცილენი გამოუჩნდნენ ევროპაში და ლამის იმოდენის მსხვერპლით აშენებული დიდება გერმანიისა და ამ დიდებით მოპოვებული სახელი თვითონ იმპერატორის ვილჰელმისა და თ. ბისმარკისა ფუჭად წახდეს და დადნეს შარშანდელის თოვლივითა. აი, საგანი, რომე-ლიც გერმანიის ტკივილს შეადგენს დღესა და რომლის დასაცველადაც დღეს თ. ბისმარკი და მასთან მთელი გერმანიაც იღვწის და მეცადინეობს დღედაღამ საოცარის გამალებითა და სისწრაფითა, ამიტომაც საკვირველი არ არის, რომ თ. ბისმარკი არა ღო-ნისძიებას არა ჰთაკილობს, ყოველს გვარს ხერხსა და ოსტატობას ხელსა ჰკიდებს, რომ დიდმა ღვაწლმა ამაოდ არ ჩაუაროს არც იმპერატორს ვილჰელმს, არც თვითონ ბისმარკს, არც გერმანიის ერსა და გერმანიას კვლავაც იგივ უპირატესობა შეარჩინოს.


ილია ჭავჭავაძე