«ღირსეულის დაფასება» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 08 ნოემბერი 2009 19:20

ტფილისი, 25 თებერვალი.

23-ს თებერვალს თ. იასე ადამის ძეს ანდრო-ნიკაშვილს გადაუხადეს ორმოცდაათის წლის სამ-სახურის დღეობა. საზოგადოებამ თავისი პატივისცემა და მადლობა საჯაროდ გამოუცხადა კაცს, რომელსაც არც სახელოვანი ომი მოუგია, არც ქვეყანა დაუპყრია, არც იმისთანა რამ მოუხდენია, რაც თავისთავად ჰყვირის, ჰხმაურობს და ბუკსა და ნაღარას სცემს.

მაშ რამ გამოიწვია ეს საჯარო პატივისცემა და მადლობა? ნუთუ  მან, რომ კაცმა ორმოცდაათის წლის სამსახურს გაუძლო, ესოდენ ხანგრძლივად ჰზიდა ტვირთი სახელმწიფო თანამდებობისა? არა. ჩვენდა სასიამოვნოდ ის უნდა ვაღიაროთ, რომ აქ, ამ ამბავში სხვა უმაღლესი ზნეობითი აზრია. მართალი მოახსენეს თ. ანდრონიკაშვილს: ”ხანგრძლივობა რა არის? ეგ ჯანის სიმრთელის საქმეა. ჯანის სიმრთელე კიდევ ერთი უმაღლესი მადლია, რომელსაც კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე თვის რჩეულსა, მაგრამ მაინც მადლია და არა ღვაწლიო”! სასიქადულო და სასახელო თვით თ. ანდრონიკაშვილისათვის იგი ზნეობითი აზრია, რომელიც სათავედ უდევს მის დღეობის ამბავსა. აქ საზოგადოებამ ხანგრძლიობა მოღვაწეობისა კი არ დააფასა, არამედ ის, რომ ნახევარ საუკუნის განმავ-ლობაში კაცმა არც ერთხელ არ უმტყუნა თავის მოვალეობასა, თავის თანამდებობასა და არც ერთხელ ცილისწამებასაც კი არ შეაბღალვინა თავისი წმინდა და პატიოსანი სახელი, მერე იცით, რა მიზეზიანია იგი თანამდებობა მოსამართლისა, მსაჯულისა, რომელიც მთელი ორმოცი წელიწადი წილად ხვდა თ. ანდრონიკაშვილსა! ვინც ეს იცის, მან ისიც უნდა იცოდეს, რა დიდბუნებოვანობაა კაცის მხრით, რომ ცილსაც კი ვერა გააბედვინოს რა, ცილსაც კი ენა მოსჭრას, ხმა არ ამოაღებინოს.

ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში _ რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე _ ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: “ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, საცა მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდესს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო”.

ამ წუთისსოფელში ადამიანს ბევრი და მრავალ-სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისათვის, ისეც საზოგადოდ ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა და-ნიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი მისი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც კი დიდია.

მოსამართლობა, მსაჯულობა, ჩუმია, წყნარი, უხმაურო, უბუკნაღარო. ღვაწლი მოსამართლისა, მსაჯულისა ისეთი ერთიანი არ არის, როგორც, მაგალითებრ, ციხის აღება, ქვეყნის დაპყრობა, ომის მოგება და სხვა რამ ამგვარი დიდი. თვალსაჩინო და ერთბამად დასანახავი საქმე, რომელიც ერთბამადვე აცვიფრებს ადამიანს. იგი განუწყვეტელი ძეწკვია ყოველდღიურის ღვაწლისა; იგი ერთი-ერთმანეთზედ ზედასხმული მარცვალებია ადამიანის საყოველდღეო მოქმედებისა. რაოდენად სინათლე და სიკეთე უნდა ჩააყოლოს კაცმა ამ უჩინარს მარცვალებს თავის განუწყვეტელის მოღვაწეობისას, რომ მათი კრებული იმად გამოჩნდეს, რასაც მოქალაქობრივს ქველობას ეძახიან და რაც სამართლიანად გამოიწვევს ხოლმე ქებას, დიდებას, პატივისცემას და მადლობის გადახდასა. ერთის დიდის საქმით ამის დამსახურება იმოდენად ძნელი არ არის, ჩვენის ფიქრით, რაც ან ხაგრძლივის დაუღალავის ღვაწლით, დღემუდამ ერთი-ერთმანეთზედ ზედმიყოლილის სიკეთით მოპოებული. იმიტომ რომ დიდი საქმე ზოგჯერ ბედისაგან წილად ხდომილია და ადამიანი მარტო ფარ-ხმალია ბედისაგან არჩეული. აქ კი გამუდმებული თავდადება უნდა, დიდი გულმოდგინება, დიდი ღონე ზნეობისა, დაუცხრომელი სიყვარული, დაუღალავი ბეჯითობა და გაუტეხლობა გულპატიოსანის მუშაკისა და გამრჯელისა. ყოველივე ეს უნდა, რომ მარცვლეულობით ნაღვაწი ბოლოს იმოდენა ხვავად აქციოს კაცმა საზოგადოების თვალში, რომ საჯაროდ პატივისცემა და მადლობა გამოიწვიოს. აქ ადამიანი თაოსნობს, იხარჯება და არა ბედი.

აი, რას ვხედავთ და რას ვპოულობთ ჩვენ თ. ანდრონიკაშვილის დღეობაში მისდა ჭეშმარიტ სასი-ქადულოდ და სასახელოდ. თვით იგი საზოგადოეაბაც კი პატივით და სახელით მოსახსენებელია, რომელსაც თვალი უჭრის ამგვარის ღვაწლის დასანახავად. ეს უტყუარი ნიშანია მის გონების აღმატებისა, იმიტომ რომ უბუკნაღაროს საქმეს, ჩუმსა და უჩინარს სასარ-გებლო ღვაწლს ხორცის ძვალი ძნელად მისწვდება. აქ გონების ჭრელი თვალი უნდა, რომ თვალად მცირენი, მაგრამ კეთილნი საქმენი, რომელიც გამუდმებულ შრომით ერთმანერთზედ განუწყვეტლად აკინძულია, ზედნაკეცია, იცნას დიდის ზნეობის საქმედ და პატივისცემის ღირსად გაჰხადოს. დიდის დანახვა ადვილია, საქმე ის არის, იმათ ჩუმთა მუშაკთა უჩინარი ღვაწლი დაინახოს კაცმა, რომელთა ნაღვაწიც აცხოვრებს ქვეყანასა და დედაბოძად უდგა თვით საზოგადოებას.


ილია ჭავჭავაძე