«ეგვიპტე _ ევროპის სახელმწიფოთა ერთმანეთში მოურიგებლობის მიზეზი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 31 ოქტომბერი 2009 23:17

ევროპის ერთმანეთში მორიგებას და გარიგებას ძალიან აბრკოლებს და უშლის ეგვიპტის საქმე. ამ ეგვიპტის გამო სამი სახელმწიფოა გულნატკენი და ნატკენობისაგან, ცოტა არ იყოს მტრობაც არის ფეხადგმული. ეს მტრობა და აშლილობა განხეთქილების მიზეზად ჰხდება ამ სამ სახელმწიფოს შორის მაშინ, როდესაც ეგ ეგვიპტეს საქმე რომ არ იყოს, სხვა ბევრი იმისთანა ინტერესებია ევროპაში, რომ ეს დღეს ერთმანეთთან მოკამათე სახელმწიფონი შესაძლოა ერთად გასწევდნენ დღევანდელის დღის უღელსა და თუ ერთად არა, ერთმანეთს მაინც არ დაუშლიდნენ. ეს სამი სახელმწიფო ოსმალეთია, ინგლისი და საფრანგეთი. ჩვენმა მკითხველებმა უკვე უნდა იცოდნენ, ამ სამში ვის რა ეწვის ეგვიპტის საქმეთა გამო.

ეგვიპტე ოსმალოს სულთანის საბატონოა და ამის გამო დამოკიდებულია ოსმალეთზედ, რომელსაც ეგვიპტე ამის ნიშნად ხარკსაც აძლევს. ეგვიპტე და სუეზის არხი საფრანგეთისათვის თითქმის ერთადერთი აუცილებელი საჭირო გზაა საფრანგეთის კალონიებში მისვლა-მოსვლისათვის და ინგლისისათვის თითქმის კარია ზღვით ინდოეთში შესასვლელად. ამ გარე-მოებისაგან კაცი ადვილად შეადგენს აზრს მასზედ თუ, - ვის რა ემძიმება ეგვიპტეში.

ინგლისმა სხვადასხვა გარემოების გამო, რომელთაც პოლიტიკაში წესიერების დადგენას ეძახიან და ჩვენებურად, მდაბიურად კი მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო ჰქვიან, ეგვიპტე ხელთ იგდო თითქმის, თავისი ჯარები ჩააყენა და თითქმის და სამართველოდაც თავისი კაცები მიუჩინა, დრუმონდ ვოლფი და ბერინგი, რომელნიც დღეს ეგვიპტეს განაგებენ ინგლისის სურვილისამებრ; სწორედ ინგლისის მინისტრები არიან ეგვიპტეში განწესებულნი. ერთი საშინაო საქმეთა მმართველია და მეორე საგარეოთა სწორედ ისე, როგორც მინისტრები არიან ინგლისში. რა თქმა უნდა, ასეთი ყოფა ეგვიპტისა ჭკვაში არ მოსდის ოსმალეთს, არც საფრანგეთსა და ერთიც და მეორეც ითხოვენ, რომ ეგვიპტე დაცალოს ინგლისმა და თავის ბედზედ ამყოფოს. ინგლისი დიდხანს ურჩობდა და ამის გამო საფრანგეთსა და ოსმალოს ერთის მხრით და ინგლისის მეორეს მხრით ერთი-ერთმანეთზედ გული აეშალათ. ეს აშლილობა ნებას არ აძლევდა არც ერთს მხარეს, რომ ევროპის სხვა საქმეებში მხარი-მხარს ევლოთ. ეხლა, როგორც ისმის, ინგლისი უწინდელებ აღარ არის აკვიატებული და მზად არის ეგვიპტის გამო ცოტად თუ ბევრად ორსავე სახელმწიფოს გული მოუგოს.

გაზეთების სიტყვით, ინგლისს თავისი მოციქულის დრუმონდ ვოლფის პირით გამოუცხადებია ოსმა-ლოსთვის, რომ ეგვიპტე სანეიტრალო ქვეყნად აღიარებულ იქმნას, მხოლოდ იმ პირობით კი არა, როგორც ბელგიაა, რომლის ნეიტრალობა კისრად უდვია ინგლისსა, რაც შეეხება ეგვიპტის დამოკი-დებლობას და მისთა სამზღვართა დაურღვევლობას, ამისათვის წინად არაფერი იყოს დადგენილი. მხოლოდ დიდსა სახელმწიფოთა ხელშეკრულობა დასდვან, რომ ჰედივის, ეგვიპტის მართველის, ადგილ-მამული ხელშეუხებლად დარჩეს. ინგლისი თანახმაა სუეზის არხით ჯარები თავისუფლად გადიყვან-გადმოიყვანონ სახელმწიფოებმა, ეგვიპტის ფინანსებზედ საერთო ზედამხედველობა იქონიონ, ოღონდ კი ინგლისის აფიცრები დანიშნულ იყვნენ ეგვიპტის ჯარებში. ინგლისის ჯარები გამოყვანილი იქმნება ეგვიპტიდამ; მშვიდობიანობის და წესიერების დაცვა ჰედივსა და სულთანს დაევალება; სულთანს ნება ეძლევა თავისი ჯარები გაჰგზავნოს ყაირში. მხოლოდ მაშინ კი, როცა საზოგადო მშვიდობიანობა დარღვეულ იქმნება, ინგლისი ამ შემთხვევისათვის იტოვებს ნებას თვისი ჯარები ჩააყენოს ეგვიპტეში; ყოველს სხვა შემთხვევაში კი ინგლისი ისე იმოქმედებს, როგორც წევრი ერთაშორისის კომისიისა. რომ ამ პირობებზედ დაიყოლიოს ოსმალეთი, ინგლისი ჰპირდება, რაც ეგვიპტისაგან ხარკი გეკუთვნის, რამდენისამე წლისა წინადვე ჩემგან მიიღეო.

ამ სახით ინგლისი მზად არის სანეიტრალოდ გაჰხადოს არამცთუ მარტო სუეზის არხი, არამედ თვით ეგვიპტეცა და მის საკუთრად დაჩემებაზედ ხელი აიღოს. ამბობენ, ინგლისს ეს აქნევინა საფრანგეთის მუქარამა და რუსეთმა, რომელსაც ამ საქმეში საფრანგეთის მხარე უჭირავს. თუ საფრანგეთმა და ოსმალომ ყოველივე ეს იკმარა, მათ და ინგლისის შორის  სამდურავის მიზეზი მოისპობა და მაშინ შე-საძლოა, სახელმწიფოთა ერთმანეთში განწყობამ სხვა გზა აირჩიოს და სხვა მიმართულება მიიღოს.


ტფილისი, 18 თებერვალი.

ილია ჭავჭავაძე