«ღვინო _ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის წყარო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 31 ოქტომბერი 2009 23:06

გუშინ სიტყვა ჩამოვაგდეთ მასზედ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქინაქინის ხისა და ჩაის ბუჩქის გაჩენას გვპირდებიან. ეს, რასაკვირველია, სამერმისო საქმეა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ვისაც ფიქრად მოსვლია, ამ ახალის შემოღებით ჩვენი ქვეყანა ცოტად თუ ბევ-რად გაამდიდროს. ყველა ახალი, თუკი მით მოგ-ვემატება რამ, კარგია და სანატრელი. მაგრამ ეს ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი ხვალინდელი ქათამია, და ის დღევანდელი კვერცხი კი, რომელიც ხელთ გვიპ-ყრია, დაუდევრობით ლამის გაგვილაყდეს. სამერმისო მერმისს მივანდოთ, სადღეისოდ კი უკეთესი და უფრო ჭკუას ახლოს იქნებოდა გვეფიქრა მასზედ, რაც დღეს ხელთა გვაქვს, რაც ჰლამის სიმდიდრის კარგა მოზრდილ წყაროდ  გადაექცეს ჩვენს ქვეყანასა, თუ კი ხელშემწყობი ეყოლება...

ეგ წყარო ღვინოა. ამიტომაც ამ საგნის ვითარების გამოძიება და გამოკვლევა და ყოველ ამის დაწ-ვრილებით ცოდნა მეტი არ იქნება ჩვენთვის. მინამ ვიტყოდეთ რასმე, რა აბრკოლებს და რა ჰშველის ღვინის საქმეს ჩვენში, საჭიროა ვიცოდეთ, რამოდენა ღვინო მოდის ჩვენში და რამოდენის ბაზარის იმედი უნდა გვქონდეს ღვინისათვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ცნობები ღვინის რაოდენობისა მარტო ერთის წლისა გვაქვს, სახელდობრ, 1870-ისა. ერთის წლის ცნობებზედ ძლიერ ძნელია რაიმე დასკვნის გამოყვანა, მით უფრო, რომ არც კი ვიცით, სანდონი არიან ის ცნობანი თუ არა, რადგანაც იმ წიგნში [1], საიდამაც ჩვენ ამის ქვემოდ ამოვკრებთ ამ ცნობებს, არ არის ნაჩ-ვენები, რაზედ არის დაფუძნებული. რადგანაც ჯერ ხელთ უკეთესი სხვა არა გვაქვს რა, მეტი რა გზაა, იგი უნდა გავიმძღვაროთ წინ და მას დავეფუძნოთ.
ამიერკავკასია ღვინის მოსავლის კვალობაზედ ხუთ ნაწილად არის გაყოფილი ხსენებულ წიგნში და თვითო ნაწილის მოსავალი ცალკეა მოხსენებული: ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ცნობანი 1870 წელს ეკუთ-ვნიან და “ვედრით” [2] არიან არიცხულნი:  

მოსავალი   შინ   მოუხმარიათ   გაუყიდნიათ

შავი ზღვისა და რიონის ნაპირები   3.753.500    2.276.750      975.750
კახეთი   2.915.080     728.770     2.186.310
მტვრის ნაპირები   1.425.910      875.546     570.364
არახსის ნაპირები   952.200     575.520      383.680
შამახა-გეოკჩაი   95.737      23.934       71.003
_______________________________
სულ ამიერკავკასიაში   8.648.427   4.460.520   4.187.907

ამ სახით გამოდის, რომ ნახევარზედ მეტი ღვინო შინ ისმევა და მარტო ნახევარზედ ცოტა ნაკლები გა-დის ბაზარში გასასყიდად. რომ გავიანგარიშოთ, გამოვა, რომ ასზედ

შინ ისმევა   იყიდება
 
იმერეთში   70   30
კახეთში   25   75
ქართლ-სომხითში   60   40

მაშასადამე, ამიერკავკასიას თითქმის 41/4 მილ-ლიონი ვედრა ღვინო აქვს ბაზარში გასატანი და გა-სასყიდი; ვედრა რომ ერთიერთმანეთზედ მანეთ-ნახევ-რად ვიანგარიშოთ, გამოვა, რომ ღვინისაგან ამიერ-კავკასიას უნდა შემოუვიდეს ექვსი მილლიონი და 375.000მანეთი; აქედამ იმერეთს თითქმის მილლიონ-ნახევარი, კახეთს სამი მილლიონი და თითქმის 279.000 მანეთი, ქართლსა და სომხითს თითქმის 855.000 მანეთი და სხვანი.

იმიერკავკასიასა, დაღესტანსა და ყუბანის მხარესა, სულ მოდის 2.212.800 ვედრა ღვინო. აქედამ შინ სას-მელად რჩება 588.245 და 1.624.735 გასაყიდად გადის. ბესსარაბიაში, ყირიმსა, დონზედ და ასტრახნის გუბერ-ნიაში მოდის სულ 4.042 950 ვედრა; აქედამ შინ სას-მელად ჰრჩება 539.296 და გასასყიდად გადის 3.503.654.

ამ სახით გამოდის, რომ ამიერ და იმიერკავკასიაში და დანარჩენს ადგილებში რუსეთს სულ 15 მილ-ლიონამდე ვედრა ღვინო მოსდის წელიწადში; აქედამ 5.588.061 შინ სასმელად ჰრჩება ღვინის პატრონებს და დანარჩენი 9.316.296 გადის გასასყიდად. ეხლა იკითხავს მკითხველი, რა ბაზარი უნდა გაუძღვეს ამო-დენა ღვინოსაო? მით უფრო ჭკვაში მოსასვლელი საკითხავია ეს, რომ სამზღვარგარედ სულ 0.02% ღვი-ნო არ გააქვთ რუსეთის სამზღვრებიდამ და თვითონ რუსეთის ხალხიც ყურძნის წვენის ღვინოს შეჩვეულნი არ არიან და არა ჰხმარობენ. ხომ ასეა, მაგრამ ორი და სამი მაგოდენა ღვინოც რომ იყოს, მარტო რუსეთის ბაზარს ვერ აუვა, თუკი ჩვენი ღვინოები გზას გაიხ-სნიან და რუსეთს მოაწონებენ თავსა. ამის დასამ-ტკიცებლად მოვიყვანთ შემდეგს ციფრებს რუსეთიდამ სამზღვარგარედ გატანილის ღვინისას და არაყისას და იქიდამ შემოტანილისას ფულად:

ორთა შუა რიცხვით

წლიდამ წლამდე გატანილი შემოტანილი
1853   1855   11.120 მან 5.888.405 მან.
1856   1860   39.200 “   6.322.905 “
1861   1865   72.425 “   6.989.923 “
1866   1870   30.600 “   7..586.604 “
1871   1875   24.600 “   13.802.819 “
1876   1880   99.950 “   12.095.665 “

1880 წელს რუსეთში შემოუტანიათ ღვინო თითქმის 181/2 მილლიონ მანათისა. აქედამ გამოდის, რომ რუსეთი შიგნითვე ასაღებს არამც თუ იმ 10 მილლიონს ვედრას, რომელიც რუსეთს თვითონ აქვს ყოველწლივ გასასყიდლად, არამედ თვრამეტ მილლიონ მანეთისას კიდევ სხვაგან ყიდულობს და შემოაქვს. მაშასადამე, ამიერკავკასიის ხუთი მილლიონი ვედრა ღვინო ერთიოთხად და ხუთადაც რომ იქცეს, მაშინაც ძლივს გაუძღვება მარტო რუსეთის ბაზარსა. აქ მარტო გზების გახსნა უნდა და ბაზრის დაჭერა ღვინის სიკეთითა და იეფობითა.  ჩვენს ღვინოს ძლიერი მეტოქე და მოცილე ჰყავს რუსეთის ბაზარში: ეგ მეტოქე ევროპაა, რომლის ღვინოსაც რუსეთი დიდი ხანია სვამს და დიდი ხანია შეჩვეულია. ამ მეტოქის განდევნა რუსეთის ბაზრიდამ და მისის ადგილის დაჭერა მეტად რთული და ძნელი საქმეა. ამ მხრით ოდესმე მოველაპარაკებით ჩვენს მკითხველებს, და მინამ ქინაქინის ხეს და ჩაის ბუჩქსა ჩვენში ვახეირებდეთ, რომ ამას, რაც დღეს ხელში გვაქვს, ხელი შეუწყონ და გზა მისცენ, არ იქმნება ურიგო.

[1] Историко-Статистический обзор промишленности Росии Т. I.
[2] vedra sami Tungia anu 16 boTli.


ტფილისი, 17 თებერვალი.

ილია ჭავჭავაძე