«ჩვენი სოფლური მეურნეობის შესაძლებლობანი და ბიუროკრატიზმი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 31 ოქტომბერი 2009 22:48

ამ ბოლო ხანებში ჩვენმა ქვეყანამ და უფრო მისმა ბუნებურმა სიმდიდრემ მოიზიდა ყურადღება, როგორც თვითონ რუსეთისა, ისეც სამზღვარგარეთისა. საითაც კი მიიხედავთ, ყოვლის მხრიდამ მარტო ის ისმის, რომ აი ეს და ეს ფულიანი ან კაცი ან საზოგადოება მოდის და ამა და ამ საქმეს ჰკიდებს ხელსაო. ან აქამდე რატომ არ იყო ეს ამბავი, გვიკვირს. ამიერკავკასია ჰავისა და მიწის სიკეთითა შემძლებელი თითქმის ყოვლისფერისა, რაც კი რამ იზრდება, მოდის და ხეირობს დედამიწის ზურგზედ. ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქიც კი გამოზარდა ჩვენმა ქვეყანამ იმოდენად კარგად, რომ ეხლა თვითონ მთავრობაც კი ჰცდილობს მეურნეობა ერთისა და მეორისაც ააყვავოს აქ და გაავრცელოს. რა თქმა უნდა, რომ ამგვარებისათვის მეცადინეობა და ხარჯი უქმად არ ჩაივლის და დიდს სარფას მისცემს როგორც ჩვენს ქვეყანას, ისეც მთელს სახელმწიფოს, თუ ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი მარტო თეთრს ქაღალდზედ არ დაირგა და შავის მელნით არ მოირწყა. ამისთანა საქმეში არმცოდნე კაცი, თუნდა გულმოდგინეცა, ვერაფერს გააწყობს მიწერ-მოწერის მეტს და ამ მიწერ-მოწერაში ისე აურევ-დაურევს დავთრებს, რომ ქინაქინის ხე და ჩაის ბუჩქი ყველას დაავიწყდებათ და დარჩება სახსოვრად მარტო უშველებელი ზვინი ქაღალდებისა, რომელიც მარტო იმას გვიმოწმებს თუ, რა გზით ვინ გაუხმო ძირი ქინაქინის ხეს და ჩაის ბუჩქსაც. ასე მოუვიდა აბრეშუმის საქმეს ნუხში, ასე მოუვიდა ვენახისა და ღვინის საქმეს კახეთში. ნუხშიაც და კახეთშიაც მთავრობამ არაფერი დაჰზოგა, რომ აბრეშუმის საქმე და ღვინისაც კარგად მოემართა და ფეხზედ დაეყენებინა, მაგრამ მოხელეობამ, რომელსაც ჩააბარეს ეს საქმენი, ვერც ერთგან ვერ გაამართლა იმედი მთავრობისა. ამისთანა საქმეს, როგორც ახალი სიმდიდრის გზის გახსნაა, საქმიანი, მოხერხებული, გამრჯელი, საქმეში დაოსტატებული კაცი უნდა. ამისათვის საკმარისი არ არის მარტო დიპლომი, რომელიც ყოველთვის არა ჰმოწმობს, რომ მის პატრონს ჯეროვანი ცოდნა აქვს, და თუნდაც ჰმოწმობდეს, საქმე მარტო ცოდნა კი არ არის, გამოცდილებაა. ჩვენ აქ სიტყვას “გამოცდილებას” მთელის თავისის მნიშვნელობით ვხმარობთ. ჯერ ხომ კაცს თავისი ცოდნა უნდა თვითონ საქმეში ეცადნოს და მერე ზედმიწევნით ნახული და ნაცადი ჰქონდეს, რა ბუნებასთან აქვს საქმე და რა ხალხთანა. ადგილობრივის ბუნებისა და ხალხისა თუ არა იცის რა, იგი ამისთანა საქმეში, როგორც ახალის რისამე გასაჩენად შემოღებაა, ერთს ნაბიჯსაც უმარცხოდ ვერ გადასდგამს. არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა ჩვენში, რომელსაც თვალად დაუნახვებია ჩვენთვის, რომ უიმისოდ, რაცა ვსთქვით, ხელიდამ არაფერი გამოსვლია კაცს და საქმისათვის ის ვნებაც მიუყენებია, რომ სხვისთვისაც გული აუყრევინებია და აუცრუებია კარგსა და სარფიანს საქმეზედა.


ტფილისი, 16 თებერვალი.

ილია ჭავჭავაძე

Last Updated on შაბათი, 31 ოქტომბერი 2009 22:53