«ადგილობრივ შავ ნავთზე და უცხოეთიდან შემოტანილ ნავთზე ბაჟის დადების საკითხის გამო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 31 ოქტომბერი 2009 22:36

ტფილისი, 11 თებერვალი

ამ უკანასკნელ დღეებში დეპეშამ გვაცნობა, რომ ნავთისა და ნავთის ნაკვეთარზედ ბაჟის დადების საქმე გადუდვიათ ორისა თუ სამის წლით. თუმცა ეს ამბავი გაზეთების მიერ მოიფინა, მაგრამ ირწმუნებიან, რომ მართალი არისო და ნამდვილად შეტყობილიო. ჩვენ ამის გარჩევას არ შევუდგებით, თუმცა საკვირველი კია. საკვირველია იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა უნდა ჰქმნას ნავთის მრეწველობამ ამ ბაჟის დადების ლოდინში? როგორ გაიანგარიშოს თავისი დღევანდელი მოქმედება? რას შეუწონოს და რას დაუყენოს ქვეშ?  ამის მოლოდინში ყოველთვის ფრთხილი ფული ხომ ადამიანის ჯიბიდამაც ვერ ამოჰყოფს თავსა, ვერ ჩაერევა იმ მრეწველობაში, რომელმაც არ იცის, ორისა თუ სამის წლის შემდეგ რის გადამხდელი შეიქმნება, რა ტვირთის მზიდველი? ამ ორისა თუ სამის წლის მაყურებელი ფულის პატრონი მარტო ორის წლით თუ გაჰბედავს ფული დააბანდოს ნავთის საქმეში და ის ხანგრძლივი დაბანდება ფულისა კი, რომელიც ასე საჭიროა მკვიდრად საქმის დაჭერისათვის და თვითონ მრეწველობის წარმატებისათვის, ამ ორ წელიწადში მარტო უქმ ნატვრად უნდა დარჩეს, ვიდრე ბაჟის საქმე ასე თუ ისე გადაწყდება. ჩვენ ეს უცნაური გარემოება ისე გაკვრით მოვიხსენიეთ.

ჩვენ ზემოდხსენებულმა დეპეშამ მოგვაგონა ნავთის ბაჟის საქმე და ამ საქმემ ისეთი უცნაური ამბავიცა, რომელიც პირველი შეხედვით დაუჯერებელია და წინა თქმულს უცნაურზედ უფრო უცნაურია! როგორა გგონიათ? სართი დასწრებისა ვის უნდა ერგოს ნავთზედ ბაჟის დადების საქმის ატეხაზედ? სანაძლეო, წაუგებელი სანაძლეო შეიძლება კაცმა დასდოს, თუ ვინმე შორიდამ მაინც მიხვდება, გუმანს მაინც მიიტანს იმაზედ, რომ ვინც ეს ბაჟი მოიწადინა. წარმოიდგინეთ, გამოდის რომ ნავთზედ ბაჟის დადება მოიწადინა თვით ნავთის მრეწველმავე!... განა ისიც ერთმა და ორმა,_ მთელმა კრებულმა. ამ კრებულმა სთხოვა მთავრობას დიდის თხოვნითა, რომ წყალობა გვიყავით და ჩვენს შავს ნავთს, ესე იგი ჯერ გადუწმენდელს და გამოუხდელს, ბაჟი დაადეთ, თორემ ამ დიდის სიმდიდრის მომასწავებელს მრეწველობას ნავთისას ჰლამის სული შეეხუთოს და თავის საკუთარს სიმდიდრეშივე ჩაირჩოსო. როცა შავ ნავთს ბაჟი დაედება და დაძვირდება, მაშინ ქარხანის პატრონი ეცდება ერთსა და იმავე ნავთისაგან რაც შეიძლება მეტი საბაზრო საგანი აკეთოს, _ და ეხლა, როცა ათისაგან მარტო სამის გამორჩენა აქვთო და შვიდს კი ცუდუბრალოდ ჰყრიანო. აუარებელი სიმდიდრე მტვრად მიდის და იკარგებაო. გარდა ამისა ხაზინასაც შემოსავალი მოემატება, რადგანაც ნავთის ბაჟი კარგა ბლომა ფულს შეადგენსო. ეს უთხოვნიათ თვით ნავთის მრეწველთა და ამ საბუთებით მოურთავთ თავისი საოცარი თხოვნა, რომელიც ჯერხანად მთავრობას _ ღვთის მადლით _ არ შეუწყნარებია, დეპეშის სიტყვითა.

ჩვენ ვეცდებით შემდეგს ნომერში ამ უცნაურს თხოვნას შიგნეული გამოვუწლათ და მაშინ აშკარად დავინახავთ ამ ჯერ არშეწყნარებულთ მთხოვნელთ რის მუცლის ტკივილიცა აქვთ.

ტფილისი. 12 თებერვალი.


ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ნავთზედ ბაჟის დადება ითხოვა თვითონ ნავთის მრეწველმავე და მერე ერთმა და ორმა კი არა, _ მთელმა კრებულმაო. ამას ცოტა გასწორება უნდა, ან უკედ ვსთქვათ, უფრო ნათლად გამოთქმა, გამომზეება.

ხომ მოგეხსენებათ, რომ ნავთის მრეწველობას მიაწყდა ბლომა ხალხი. ამ ბლომა ხალხში იმისთანანიც არიან, რომელნიც უღონობისა და შეუძლებლობის გამო ცოტა ფულს ატრიალებენ და იმისთანანიც, რომელთაც მილლიონები ჩააყარეს ამ ნავთის საქმესა. აი, ამ დიდის ფულის პატრონები არიან ისინი, ვისაც ბედნიერი ფიქრი მოსვლიათ, მთავრობას სთხოვონ ბაჟი დაადონ შავს ნავთსა და მით მითამ ხაზინა გაამდიდრონ. ყველამ იცის, რომ ფული რამოდენაც ბევრია, იმოდენად ხარბია და გაუმაძღარი და ამიტომაც პირველ შეხედვით კაცს უკვირს, ამ დიდფულებიანებს საიდან აღძვრიათ გულისტკივილი სხვის გა-დიდრებისათვის. ყველა ბრალი შეიძლება კაცმა დიდფულიანს შესწამოს და ამისთანა ცილი კი, რომ სხვის გამდიდრებისათვის გულმტკინვეულობდეს, მეტისმეტი უსამართლობა იქნება. თუმცა რუსები ამბობენ, რომ “Голъ на выдумка хитра”, მაგრამ არც კი მდიდარი კაცი ყოფილა ამისთანებში ბეჩავი და მოუხერხებელი. აი საქმე თურმე რაშია:
ნავთის საქმეს ბევრი წვრილი ხალხი დაეხვია. თვითვეული მათგანი ცალკე, რასაკვირველია, ერთ დღესაც ვერ გაუძლებდა დიდფულიანს და გაბათილებულ იქმნებოდა, როგორც უქმი თამასუქი; დიდფულიანი, როცა კი მოისურვებს, თვითვეულს ცალკე იმისავე ნავთში ჩაარჩობდა და ბურთსა და მოედანს ნავთის წარმოებისას თვითონ დაისაკუთრებდა. მაგრამ ჭირი ის არის, რომ ეს წვრილნი მოსაქმენი ნავთისა რიცხვით საკმაოდ ბლომად არიან და დიდფულიანს მწარმოებელთ საქმე ისე გაუჭირეს, რომ ჰლამის გააკუტრონ. დიდფულიანები თუ გამოხდილ და გაწმენდილ ნავთს ფუთს, მაგალითებრ, ოთხ აბაზად გაუშვებენ ბაზარში, ეს წვრილნი სამს აბაზსა სჯერდებიან და ნავთის ფასს ძირს ჩამოახდენენ ხოლმე; დიდფულიანები თუ სამს აბაზზედ ჩამოვლენ ამათის მიხედვით, ისინი მაშინვე ფუთს ათ შაურად გახდიან და ამ უბედურებისათვის დიდფულიანებს ვერავითარი წამალი ვერ დაუდვიათ.  ამისთანა ცილებას და ჯიბრს ვერ უძლებენ მდიდარნი მრეწველნი და ხალხს კი, ესე იგი, ვინც ნავთსა ჰყიდულობს და ჰხმარობს, ამ ცილებისა და ჯიბრის წყალობით ნავთი იეფად უჯდება. ამ ცილებას და ჯიბრს ეს სიკეთე მოაქვს საყოველთავოდ, და ღარიბს ხალხს სანათებელი ნავთი თავის ჯიბის შეძლებისადაგვარად უჯდება და უხერხდება. რომ ეს ასე აღარ იყოს და წვრილთა მწარმოებელთა ილაჯი და სახსარი ამგვარის ცილობისა სულ გაუქარწყლონ, მდიდრებმა ეს ღონე მოიგონეს, რომ შავ ნავთს ბაჟი დაედოს. აი, რა ანგარიში მიუძღვის წინ მდიდრებსა: რაკი შავ ნავთს ბაჟი დაედება, მაშინ ნავთის წარმოებისაგან მარტო ის იხეირებს და გამორჩომას ნახავს, ვინც დიდსა და ძვირფასს ქარხანას იწონიებს, და რადგანაც წვრილს მწარმოებელს ნავთისას მაგისი ღონე და შეძლება არა აქვს, უნდა თუ არა, ფარ-ხმალი ძირს უნდა დაჰყაროს და გულზედ ხელები დაიკრიფოს. ეხლა ფუთი შავი ნავთი ექვს გროშამდე ღირს ხოლმე ადგილზე. ვსთქვათ ფოთს ორი შაური ბაჟი დაადეს და ამ გზით ფუტი შავი ნავთი 13 კაპეიკად გახდა. თუ ქარხანა ყოველს მხრით ისე მოწყობილი და გამართული არ არის, როგორც ეხლანდელი ტექნიკა და მეცნიერება ითხოვს, ათის ფუთის შავის ნავთისაგან ბევრი-ბევრი სამი ფუტი საბაზრო ნაკეთარი [1] რამ დააყენოს, სხვა შვიდი ფუთი კი გადასაყრელია და არაფერში გამოსაყენი. ამ სახით, რაკი ბაჟი ათის ფუთისა იქმნება გადახდილი და ამ ათ ფუთიდამ მარტო სამი ფუთიღა დაუდგება გამოსაყენი და დანარჩენი გადასაყრელი, რა თქმა უნდა, მთელის ათის ფუთის ბაჟი ამ სამმა ფუთმა უნდა უზღოს მწარმოებელსა. ათის ფუთის ბაჟი შეადგენს, ზემოხსენებულ ანგარიშით, ერთს მანათს, მაშასადამე, ეს ერთი მანათი სამმა ფუთმა უნდა ჰზღოს, ან თვითო ფუთმა 33 1/2 კაპეიკი. კარგა მოწყობილი და გამართული ქარხანა კი ათის ფუთიდამ რვა ფუთს სხვადასხვაგვარს ნაკეთარს ნავთისას დააყენებს, როგორც მეცნიერთაგან გამოკვლეულია. მაშასადამე, ის ერთი მანათი ბაჟი, ათს ფუთზედ გადახდილი, ამ შემთხვევაში რვა ფუთმა უნდა ჰზღოს. აქ ფუთს შეხვდება 12 1/2  კაპ. აბა სად 12 1/2  კაპ. გადასახადი და სად თითქმის შვიდი შაური, როგორც წვრილს მწარმოებელთ მოუვათ. რაკი ფასებში ასე დიდი განსხვავება იქნება, როგორღა გაუწევს წვრილი მწარმოებელი ცილობას საქვეყნო ბაზარში? იმან თითქმის ხუთი შაურით მეტად უნდა ჰყიდოს ნავთის ნაკეთარი, რომ დიდი ქარხნის პატრონის ოდენობა გასწიოს, ან არადა ხელი უნდა აიღოს წარმოებაზედ. რა თქმა უნდა, ძალაუნებურად ეს უკანასკნელი ღონეღა დარჩება საცოდავს.

განა ეს იკმარეს ამ ქვეყნის მოკეთეებმა. ვსთქვათ, ამ ბაჟის დადებით წვრილნი მწარმოებელნი გააბა-თილონ და პირქვე დასცენ. მაინც კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე დარჩებათ. ეგ მეტოქე ამერიკაა. რომლის ნავთი გზას არ აძლევს ბაქოს ნავთსა საქვეყნო ბაზარში. ამის გაცლაცა ჰსურთ რუსეთის ბაზრიდამ მაინც, და ამიტომაც ჰსთხოვენ მთავრობას, რომ რუსეთში შემოტანა გაუძნელდეთ ამერიკელებსაო. რასაკვირველია, ჯერ მთავრობამ არც ერთი ამათი თხოვნა არ შეიწყნარა, მაგრამ თხოვნას ამითი თავი სუნნელოვანება არ დაჰკლებია და ეხლა ყველამ ვიცით, სადა სცემს იმ დიდთა მწარმოებელთა გულშემატკივრობა.

რაკი მდიდრები იმ გზით შემოიცლიან წვრილებს, რომელნიც დღეს კრიჭაში უდგანან, რაკი ამერიკელებსაც ბაჟით გზას გადუღობენ, მაშინ ბურთიც იმათ დარჩებათ უცილოდ და მოედანიც და მაშინ მშვიდობით იეფობავ ნავთისავ. მდაბიო ხალხი, რო-მელსაც იეფობა ნავთისა შეძლებას აძლევდა სახლი გაენათებინა, სახლში სანათური ჰქონოდა, მაშინ უნდა გამოესალმოს ამ ნეტარებას იმიტომ, რომ გულ-შემატკივარნი დიდფულიანი მწარმოებელნი ნავთისანი ეცდებიან ისეთი ფასები დასდონ ნავთსა, რომ ხელმოკლე კაცი ვერ შესწვდება. აი, რა მუცლის გვრემა შეჰყრიათ დიდფულიან მწარმოებელთ ნავთისას, რომ უთხოვნიათ შავ ნავთს ბაჟი დაადეთო. სწორედ ამისთანა საქმე დაჰმართა თხლე-ჭაჭისაგან არყის ხდას აწ განსვენებულმა ფისსუნმა, რომელმაც ასეთი ბაჟი და წესები შემოიღო, რომ თუ არ ძვირფასი ქარხანა, სხვა არავითარი ღონე არ იყო ამ ბაჟებსა და წესებს გასძღოლოდა.

[1] продукт.


ილია ჭავჭავაძე