«ევროპის პოლიტიკის ცვალებადობა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
კვირა, 25 ოქტომბერი 2009 21:18

ტფილისი, 10 თებერვალი.

ევროპის პოლიტიკამ კიდევ ხელახლად იცვალა საგანი და გზა. ამ სამისა თუ ოთხის კვირის წინად ევროპა, ჯერ შეშინებული ბისმარკის სიტყვებისაგან და მერე უფრო ელდაცემული გერმანულ გაზეთების მუქარისაგან, მარტო საფრანგეთსა და გერმანიასღა შეჰყურებდა და ჟამთა ვითარების სვე-ბედსა ამ დიდთა სახელმწიფოთა შუღლისა და მტრობისაგან გამოელოდ-და. ბალკანიის ნახევარკუნძულის საქმე თავისის გაუთა-ვებელ ბოლგარიის საქმითურთ ამ მიზეზით ჩრდილში მიყენებულ იქმნა, თითქო ამ წყლულს არავითარი შიში არ მოსდევსო; ყველამ დაივიწყა ბოლგარია და თუ იტ-ყოდნენ რასმეს ხოლმე კანტი-კუნტად, ისიც იმიტომ, რომ გული მოიფხანონ. მთელის ევროპის თვალი კი საფრანგეთსა და გერმანიაზედ იყო მიქცეული და ში-შით გაჩერებული. ეხლა, როგორც ეტყობა, ეს შუღლი და მტრობა ამ ორის დიდის სახელმწიფოსი ცოტა არ იყოს დასცხრა, განელდა. იგი საშინელი განსაცდელი, რომელიც ჰლამოდა შეერყია მთელი ევროპა და დიდი და პატარა ერთმანეთისათვის დაეჯახებინა, ეხლა თით-ქო განქარდა, განიფანტა თუ სამუდამოდ არა, დროებით მაინცა. ამ სახით დღეს ევროპამ, დასავლეთზედ თითქმის გულდამშვიდებულმა, ისევ აღმოსავლეთისაკენ იბრუნა პირი და ბოლგარიის საქმეს დაუწყო ცქერა წინანდელებრ გულაშფოთებით. რა იყო და რა არის მიზეზი ამ თითქმის უეცარის ცვალებადობისა?

სხვამ რაც უნდა სთქვას და ჩვენ კი გავბედავთ და ვიტყვით, რომ ნასკვი ამ გამოცანისა ერთი პატარა სახელმწიფოა და იმ პატარა სახელმწიფოს ბელგია ჰქვიან. ამ სახელმწიფოზე ერთის მხრიდამ გერმანიაა ზედ მოდგომილი და მეორე მხრიდამ საფრანგეთი. არც ერთს და არც მეორეს, როგორც მოგეხსენებათ, მადა არ აკლიათ, რომ ამ ბედნიერთ პაწია სახელმწიფოთი პირი ჩაიგემრიელონ, მით უფრო, რომ მადის გარდა ერთსაც და მეორასაც ისეთი ღონიერი კუჭები აქვთ, რომ ადვილად მოინელებენ იმ მგელთა შუა კრავად დაბადებულს ქვეყანას, რომელსაც ბელგია ჰქვიან. დღეს. ეს კრავი ხომ არ არის გამზადებული შესაწი-რავად? თუმცა ეს თამამი ფიქრია, მაგრამ აქ შეუძ-ლებელი არა არის რა. განა დიდი საქმეა, თ. ბისმარკმა ყურში ჩაუწვეთოს საფრანგეთს: კაცო, რას ჩამ-ცივებიხარ? აგერ ბელგია, ერთის მხრივ შენსკენ არის გამოწოლილი, ჩაიჭერ და “სუ”!... ჯერხანად ეგეც კაი მოსანელებელი ლუკმაა; ჯერ ეგ იკმარე და სხვა დრო-სა და ჟამთა ვითარებას მიანებე და მე კი ხელ-ფეხი გამიხსენ, მე სხვა საქმე მაქვს და “სხვაგან ჰქრის ჩემი გონებაო”. აქ საარაკო და დაუჯერებელი ბევრი არა არის რა.

ესეა თუ არა, ეს დასავლეთის ციდამ ღრუბლების გადაყრა, ცის მოწმენდა, დაცხრომა და განელება რომ სახეში ვიქონიოთ და დღევანდელი ყოფა ბელგიისა ამ ამბავს შევუწონოთ, დიდს საგონებელში ჩავარდება კა-ცი. ინგლისსა აქვს ნაკისრი ბელგიის დამოუკიდებ-ლობის მფარველობა. ჯერ წარსულ ომში, როცა საფ-რანგეთი და პრუსია ერთმანეთს დაეტაკნენ, მაშინ ინ-გლისმა თამამად გამოიდო თავი ბელგიისათვის და საქ-ვეყნოდ გამოაცხადა, რომ თუ ან ერთის ლაშქარმა, ან მეორისამ გადალახა ბელგიის მიწა-წყალი, მეც მტრად მიგულოსო. ყველას ეგონა, რომ დღესაც ინგლისი ამ თავის დაქადებულს სიტყვას არ გასტეხს და დღესაც თავს გამოიდებს ბელგიისათვის, თუ ვინიცობაა საფ-რანგეთი და გერმანია ერთმანეთს ხელახლად შეეტაკნენ და ერთმან ან მეორემ ფეხი დაადგა ბელგიის მიწასაო. აი, ეხლა ინგლისის სამინისტროს გაზეთი “შტანდარდ“-ი ამბობს: ბელგია თავისთავის ანაბარად უნდა დარჩესო; ინგლისი თითსაც არ გაანძრევა მის დასახსნელად და დასაფარავადაო. რას ჰნიშნავს ეს ნათქვამი სამი-ნისტროს გაზეთისა? ნუთუ მას, რომ ინგლისმა საჭი-როდ დაინახა ბელგია, რომლისათვის უწინ საომრად თავს იმეტებდა იგივ ინგლისი, უფრო სხვა დიდს ინ-ტერესს შესწიროს!

თვითონ ბელგიაც კი ჰგრძნობს, რომ თავის საკუ-თარს ბედზეა თავმინებებული. იგი დიდის თავ-განწირვით ემზადება თავისთავის დასახსნელად და გა-დასარჩენად. იგი ჰცდილობს 130.000 კაცამდე აიყვანოს თვისი საომრად გასასვლელი მხედრობა და მრავალის ციხე-სიმაგრეებით შემოიზღუდოს გარშემო. რასაკვირ-ველია, შესაძლოა კაცმა ყოველივე ეს მეტისმეტს სიფ-რთხილესაც მიაწეროს ბელგიის მხრით: როცა ორი დიდი მეზობელი აქედ-იქიდამ ერთმანეთს ქეჩოში წას-წვდება, მაშინ შუაში მდგომი მესამეც ფეხზედ უნდა იდგეს მზად ყოველის შემთხვევისათვის, თორემ ან ერ-თი გაჰქელავს, ან მეორე. მაგრამ როცა იმისთანა პაწია სახელმწიფო, როგორც ბელგიაა, 130.000 კაცს საომ-რად ამზადებს და არა ხარჯს არ ერიდება, რომ სიმაგ-რეების სალტე გარს შემოირტყას – ეგ წელებზედ ფე-ხის დადგმაა, რომელიც მარტო საშინელმა განწირუ-ლებამ იცის და საშინელის განსაცდელის მოლოდინმა. ამიტომაც ვგონებთ, რომ ჩვენი ეჭვიც უსაბუთო არ არის, თუ ნამეტნავად იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ ბო-ლოს დროს შესანიშნავად მოურბილდა და მოუტ-კბილდა საფრანგეთსა ევროპის იუპიტერი თავადი ბის-მარკი და საფრანგეთმა ხომ თავდაპირველიდგანვე ყური მოუყრუა ყოველს მუქარას და ქადილსა.


ილია ჭავჭავაძე