«ერმოლოვი და ჩრდილო-კავკასიის ღვინოები» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 21:08

ტფილისი, 6 თებერვალი.

ბ-ნი ა. ს. ერმოლივი, თუ არა ვცდებით, შარშან თუ შარშანწინ გამოგზავნილი იყო სახელმწიფო ქონებათა სამინისტროსაგან კავკასიაში აქაურის ღვინის კეთების საქმის შესასწავლად და საცოდნელად. ბ-ნი ერმოლოვი კარგა ხანს ყოფილა იმიერკავკასიის მხარეს, ყიზლარში და სხვაგან ჩრდილო კავკასიაში, საცა ვაზი ჰხეირობს და ღვინო მოდის, ამიერკავკასიასაც სწვევია, მაგრამ ცოტა ხნით, როგორც გვახსოვს, ეგრეც უნდა ყო-ფილიყო, თუ თქვენც იტყვით: ამიერკავკასიაში ვენახებიც ბევრია, ღვინოც ბევრი და კარგიც მოდის, და ვისაც ღვინის კეთების ნახვა და გასინჯვა უნდა, აქ კი არ უნდა მომცდარიყო დიდის ხნით დაყოვნებით, აქ კი, საცა ბოღაზია ღვინისა, არ უნდა დაჰკვირვებოდა გასასინჯად და საცოდნელად ღვინის კეთების საქმესა, არამედ იქ, საცა ჭყაპურტა ღვინო მოდის, “ჩიხირად ცნობილი, და საცა ყურძნის წვენის ღვინოდ ქცევისათვის ბევრი სხვა მასალაა კიდევ შესარევი და სამატი. მაგრამ კაცია და გუნებაო, ნათქვამია, ბ-ნ ერმოლოვს ასე უნებებია და ამიტომაც მისი ნაკვლევი, ნახული და ნაცადი, უფრო ჩრდილო კავკასიის ღვინის კეთებას შეეხება, ვიდრე სამხრეთისას.

28-ს ამ იანვრისას ერთს საზოგადოების კრებაში {1} ბ-ნს ერმოლოვს ამ იმიერკავკასიის ღვინის კეთების საქმეზედ ულაპარაკნია. ჯერ ყველაზედ უწინარესად ბ-ნს ერმოლოვს შეუდარებია სიკეთე იმიერკავკასიის ღვინოებისა ამიერის ღვინოების სიკეთესთან და უთქვამს, რომ პირველსახედ ამიერკავკასიის ღვი-ნოებისად ცნობილია კახური ღვინო, მაგრამ ეს ტყუილი ბრძანებააო, რადგანაც ამიერკავკასიის ღვინოები მრავალგვარნი არიან და ამათში კახური უფრო გავრცელებულიაო, ხოლო ეხლა სხვაგვარ ღვინოებსაც ბაზარი ეხსნებაო. უმთავრესი თვისება ჩრდილო კავკასიის ღვინოებისა ის არის, რომ არავითარი განსხვავებული, განსაკუთრებელი თვისება არა აქვთო, და ამიტომაც შესაძლოა მათი მსგავსი ღვინო განგებაც გაკეთდესო (подделка), რა გემოსაც გინდათ, რა ფერსაც, ყველაფერს ითვისებს და იშვნევსო. ეს ართვისებობის თვისება, ბ-ნ ერმოლოვის სიტყვით, იმითია კარგი, რომ ჩრდილო კავკასიის ღვინოები უფრო ადვილად შესაკეთებელია; თუ ცოდნით და კარგად შეკეთდებაო, იმისთანა ღირსებას მიიღებს, რომ სასიამოვნო იქნება იმათთვის, ვინც უცხო ქვეყნების ღვინოებს შესჩვევიაო. იმიერკავკასიის ღვინო ბევრით უკეთესია ამიერისაზედ, ამიერკავკასიის ღვინო, ღვინო კი არ არის, მარტო ღვინის მასალაა, რომლისაგანაც შესაძლოა კაი ღვინის დაყენებაცაო და სხვანი და სხვანი ამგვარნი. როცა ამაებსა და ამის მსგავს ჰკითხულობთ, ჰკვირობთ და გაოცებით ჰკითხავთ თქვენს თავს: ნუთუ ამგვარების ცოდნისათვის საჭირო იყო კავკასიაში წამოსვლა პეტერბურგიდამ? რად გარჯილა? განა ეს ცნობანი თვითონ პე-ტერბურგში კი ვერ მოიკრიფებოდა? მაგრამ ვინ იცის? იქნება ბ-მა ერმოლოვმა ბევრი იმისთანაც აღმოაჩინა ან ამიერ ან იმიერ კავკასიაში, რომელიც მარტო ადგილზევეა შესაძლო აღმოსაჩენად. თუ ასეა, ბრალი ჩვენის სამდურავისა იმ გაზეთს უნდა დაედვას, რომელმაც ჩვენ მარტო ამისთანა ცნობანი გადმოგვცა ბ-ნ ერმოლოვის ნათქვამისაგან.

ეს კია, რომ ბ-ნ ერმოლოვს ყურადღება მიუქცევია იმისათვის თუ, რა არის საჭირო ღვინის კეთების წარმატებისათვის კავკასიაში, ოცი საგანი დაუსა-ხელებია, რომლის ძალითაც შესაძლოა განკარგება და წარმატება ვენახისა და ღვინის კეთებისა ღვინის აღებმიცემობისა კავკასიაში და ერთობ რუსეთშიაც. ამ ოც საგანთა შორის მოხსენებულია: სკოლების გამართვა, მაგალითებრ, ყიზლარში! საცა უწინაც ყოფილა; ხაზინის ხარჯით, ანუ ხაზინის შემწეობით, გამართვა საწნეხელებისა, აგრეთვე სარდაფებისა, საცა უნდა მოგროვილ იქმნას ტკბილი ღვინის დასა-ყენებელად და საკეთებლად; გამარღვა საწყობისა, საცა უკეთესი იარაღი ღვინის კეთებისა უნდა იყიდებოდეს, ყიზლარამდე (კიდევ ყიზლარამდე? აბა, ღვინის ბოღაზი უპოვია ბ-ნს ერმოლოვს!) როსტოვ-ვლადიკავკასიის რკინის გზის გაყვანა და ღვინის გადატანის ფასის დაკლება, ყიზლარიდამ ასტრახანამდე ფოსტის გზის გახსნა, ნავთასვლა თერგსა და კუმაზედ, რისთვისაც საჭიროა ჩაღრმავება და ჩასწორება ამა მდინარეების სავალისა და სხვანი და სხვანი. ყოველივე ეს დიდის მოწონებით მიუღია პატივცემულს კრებას, კრებაში გამოჩენილან იმისთანა კაცნიც, რომელთაც ერთი მართლა ფრიად საჭირო და ადვილად აღსასრულებელი ღონეც დაუმატებიათ ბ-ნ ერმოლოვის მიერ წარმოთქმულ ზომათათვის ღვინის კეთების წარსა-მატებლად. უთქვამთ, რომ საჭიროა ღვინის მკეთებელთ ხელი მოეწყოთ ფულის მიშველებითაო და ამისათვის უნდა მიეცეთ კრედიტი როგორც კერძო, ისეც სახელმწიფო ბანკისაგანაო და ამას გარდა ვენახები შეიკრას (страхование), ფილოქსერისაგანაო. საეკო-ნომიო საზოგადოების კრებას მიუღია ყველა ეს წინადადებანი და დაუდგენია ითანამშრომლოს მთავრო-ბის წინაშე ყოველ ამისათვის.

ჩვენ, რასაკვირველია, არა გვშურს ყიზლარის ღვინის მკეთებელთათვის ყოველივე ეს სიკეთე, ღმერთმა ერთიათად მეტიც მისცეთ, მაგრამ რაკი სიტყვა ღვინოზეა ჩამოგდებული, ნუთუ ამირკავკასია, რომელიც ყოველისფრით დედაა ღვინისა, დავიწყებული, გამოკლებული და სახსენებელი არ უნდა იყოს? ყურს ესმის და გონებას არა სჯერა ეს საარაკო ამბავი...


{1} 2-ое отделение Императорского Волъно-екологического Общества.


ილია ჭავჭავაძე