«ბისმარკის ავტორიტეტის შესუსტება გერმანიაში» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:59

ტფილისი, 5 თებერვალი.

თ. ბისმარკი, ეტყობა, ეხლა ისე ყოვლად ძლიერად არა ჰგრძნობს თავის თავსა გერმანიაში, როგორც აქამდე ყველას სამართლიანად ეგონა. რაკი კაცს საქმე ისე გაუხდება, რომ სხვას უნდა შეეხვეწოს, მომეხმარეო, ის მაგრად არ უნდა იდგეს ფეხზედ და იმედი თავისით გამარჯვებისა და ძლევისა ცოტად თუ ბევრად შერყეული უნდა ჰქონდეს. თავადმა ბისმარკმა აწ დათხოვნილ რეიხსტაგში მუქარა გაუწია შუაგულის დასის კაცთა, რომელთაც ვიდჰორსტი ჰწინამძღვრობს და რომელნიც ვით კათოლიკენი პაპის ყურმოჭრილნი მონანი არიან, რომ თუ ვინიცობაა “შვიდწლეულს” სამხედრო კანონს არ დაამტკიცებთ, პაპის სამდურავს დაიმსახურებთო. ეს მუქარა გაუწია რეიხსტაგს იმ კაცმა, რომელიც რამდენისამე წლის წინად თამამად იძახდა, რომ პაპს არავითარი ნება და საბუთი არა აქვს გერმანიის შინაურ საქმეებში რაიმე ხმა და გავლენა იქონიოსო. ეხლა თვითვე იწვევს პაპს მასზედ, რაზე-დაც წინად თავგამოდებით უარს ეუბნებოდა და არას გზით არ იწყნარებდა.

რა თქმა უნდა, ამ მუქარამ, ფრიად სასიამოვნომ ვატიკანის თავმოწონებისათვის, პაპის ყურამდე მიაღწია და ხერხიანი, გამჭრიახი პოლიტიკა კათოლიკეთა უმაღლესის სამღვდელოებისა გააცოცხლა მოქმედებისათვის. საკვირველიც არ არის, რაკი ბისმარკისავით ძლიერი კაცი თავისის სახელითა, უეჭველია პაპს, ბევრს მწარე დღის მნახველს, ეს გარემოება ნებას მისცემდა ეთქვა, სჩანს მეც კიდევ ერთი რამ ვყოფილვარ ქვეყანაშიო, და ამ გარემოებას მოქმედებაც უნდა მოჰყოლოდა, რომ პაპის სახელი და მნიშვნელობა ძირს არ დაშვებულიყო, ეგრეც მოხდა. პაპის კანცელარიიდამ, ბისმარკისავე თხოვნით და მეცადინეობით, ეპისტოლე მიუვიდათ გერმანიის რეიხსტაგის შუაგულის დასის მოთავეთა და წინამძღვართა. ამ ეპისტოლეში პაპი ურჩევდა შუაგულს დასსა, მიეღოთ “შვიდწლეული” სამხედრო კანონი. ამ სახით სურვილი ბისმარკისა აღსრულებულ იქმნა. ხოლო საკვირველი ის არის, რომ ამ ბოლოს ხანამდე ეს ეპისტოლე არსად იყო დაბეჭდილი და მხოლოდ ამ უკანასკნელ დღეებში საჭიროდ დაინახეს დაებეჭდათ. ყველას უკვირს ეს ამბავი და ვერავინ ვერ მიმხვდარა, რად არ დაიბეჭდა მიღებისვე უმალ. ზოგი ამას ამბობს, რომ თვითონ ეპისტოლეში იყო ზედმიწერილი, რომ უნდა დაიბეჭდოს, რადგანაც ბისმარკისათვის ისიც საკმაოა, რომ პაპმა წერილით გამოაცხადა იგი, რაც ბისმარკს სწადდაო. ზოგი იმას აბრალებს, თვით შუაგულის დასის წინამძღვართა საჭიროდ არ დაინახეს იმისთანა წერილის დაბეჭდვა, რომელიც ასე თუ ისე იმოქმედებდა ეხლანდელს არჩევანებზეო.

ბისმარკი, როგორც მოგეხსენებათ, იმისთანა კაცია, რაკი ერთხელ გაიწევს, ბოლომდე გაიწევს და შუა გზაზედ არ გაჩერდება. ამ მხრით მისი მხნეობა და ჟინი უკან დაუხეველია. იმდენი იმეცადინა ბისმარკმა, რომ საწადელი აისრულა: არამცთუ პირველი ეპისტოლე დააბეჭდინა, რომ ქვეყანამ წაიკითხოს, არამედ მეორეც კი დააწერინა პაპის კანცელარიასა და მაშინვე დააბეჭდინა. ეგ მეორე ეპისტოლე კარდინალის იაკობინის სახელით არის დაწერილი პაპის წარმო-მადგენელთან მიუნხენში. ეს უკანასკნელი ეპისტოლე ორ ნაწილად განიყოფება: ერთში მოხსენებულია, რომ წმინდა პაპი საჭიროდ ჰხედავს რეიხსტაგში უსათუოდ არსებობდეს შუაგულის დასი და ამ დასს იგი აძლევს სრულს თავისუფლებას როგორც ჰსურდეს, ისე იმოქმედოს საპოლიტიკო საქმეების გამო. მეორეში კარდინალი იაკობინი იხსენიებს “შვიდწლეულს” სამხედრო კანონსა და ამის თაობზედ ამბობს:
“თუ წმინდა მამამ საჭიროდ სცნა გამოეცხადებინა თავისი აზრი და სურვილი ამ “შვიდწლეულის” კანონის შესახებ, ამისი მიზეზი ის არის, რომ მაგ კანონზედ დამოკიდებულნი არიან საქმენი სარელიგიო და საზნეო მნიშვნელობისანი”.

ეს სიტყვები ასე ითარგმნება მდაბიო სიკვდილის შვილთა ენაზედ: მაისის კანონები, რომელიც ბისმარკმა ძალმომრეობით შემოიტანა გერმანიაში კათოლიკეთა სამღვდელოების შესახუთავად და აბრუს გასატეხად, ჩვენ ხეირს არ გვაყრისო. ამიტომაც “წმინდა ტახტს პაპისას ჰსურს აამოს იმპერატორსა და ბისმარკსაო”.

შუაგულის დასის მოთავეებმა ყურიც არ შეიბრტყეს არც პირველ ეპისტოლეზედ, არც მეორეზედ. იმათ პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვემორჩილებით წმინდა პაპს მარტო სასულიერო საქმეში და საერო საქმეებში კი იმას ჩვენთან ხელი არა აქვსო; აქ მარტო ერის მონდობილობა წინ მიგვიძღვის და ჩვენი საკუთარი სინდისიო, სხვა ვერარა ძალი ვერ შეარყევს ჩვენს ნებასაო. მეორე ეპისტოლე კარდინალის იაკობინისა ხომ ისე ოსტატურად გამოიყენეს ბისმარკის წინააღმდეგ, რომ მეტი აღარ იქნება. ჯერ პირველში, როცა დაიბეჭდა ეს ეპისტოლე, ყველას ეგონა, რომ რაკი ასეთია სურვილი პაპის, დათხოვნილის რეიხსტაგის უმრავლესობას მთელი შუაგული დასი ჩამოეცლება და გამარჯვება არჩევნებში ბისმარკს დაჰრჩებაო. მაგრამ ვინდჰორსტმა, შუაგულის დასის წინამძღოლმა, ძალიან უხერხა და არა გვგონია ეს ხერხი ძალიან ეჭაშნიკოთ ბისმარკის მომხრეებსა. ამას წინად კელნში კრებაზე შეიყარა ხუთი ათასი კაცი. ვინდჰორსტს აქ სიტყვა უნდა წარმოეთქვა და ყველანი მოუთმენლად ელოდნენ, რას იტყვისო იაკობინის მიერ გამოცხადებულ პაპის სურვილის გამოვო. ვინდჰორსტმა მეტად მახვილგონივრად და მოსწრებულად აუხსნა კრებას ეპისტოლეში მოწერილი საქმე: პაპი ხომ სრულს თავისუფლებას გვაძლევს საპოლიტიკო საქ-მეებში, ჩვენც ამაზედ მეტი არა გვინდა რაო. ეპისტოლე იაკობინისა მარტო იმისათვის არის დაწერილი, რომ “აამოს და ასიამოვნოს იმპერატორსა და ბისმარკსაო”. ამას თვითონ იაკობინივე ბრძანებს და ამტკიცებსო: ეს ამოვნება ამოვნებად დარჩეს და ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ამას ჩვენ პაპი არ გვიშლისო. აი, ესე ოსტატურად გამოიყენა ვინდჰორსტმა ის ფანდი, რომელიც მისის დასის საძლევად იყო განზრახული.

თუნცა დღეს საქმე ამ ყოფაშია, მაგრამ მაინც წინად ვერ ითქმის, ბურთი და მოედანი არჩევნებში ვის დარჩება: ბისმარკს, თუ პარლამენტარსა? უფრო ბევრი ნიშნები კია, რომ ბისმარკი ერთხელ კიდევა სძლევს. ჩვენ ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანეთ, რომ სხვაფრივ არის საგულისხმიერო, სახელდობრ, იმ მხრივ, რომ ბისმარკს ძალიან გაჭირებია შინ საქმე, რადგანაც პაპის უღონო კალთასაც კი მოჰკიდებია. ეს გაჭირება ბისმარკისა მით უფრო ძლიერია, რომ მოხუცებული იმპერატორი ვილჰელმი დღეს ისე თანაზიარი არ არის ბისმარკისა, როგორც აქამდის იყო. იმპერატორს არა ჰსურს თურმე დანარჩენი დღეები ჩაიმწაროს ან იმით, რომ სამტროდ გამოეკიდოს რომელსამე სახელმწიფოს გერმანია, ან იმით, რომ შინ თავის ერთან რაიმე განხეთქილება რამ ჩაუვარდეს პარლამენტის გამო. ამბობენ, ამ ხანებში უბძანებია, რომ არავითარს საქციელს სამინისტროსას არ შეიწყნარებს, თუ რამ საკონსტიტუციო წეს-წყობილების წინააღმდეგი იქნებაო. ამ სიტყვებს იმპერატორისას ჰხდიან მიზეზად, რომ ბისმარკმა ამ ბოლოს ხანებში თითქმის არც ერთი შემთხვევა არ დაჰკარგა, რომ არ ეთქვა, მე ფიქრადაც არ გამიტარებია საკონსტიტუციო წეს-წყობილებისას გადავცდე მაშინაც კი, როცა გაჭირება თავის უმწვერვალესს წერტილამდე მივაო. ასეა თუ ისე, დღეს გერმანიაში დიდმა ტკივილმა იჩინა თავი და რა წამალს დასდებს თავის თავს გერმანიის ერი, ეხლანდელი არჩევანები გამოაჩენენ. ეს აშკარად შესამჩნევია, რომ დღეს ბისმარკს სიტყვა ისე აღარ უჭრის გერმანიაში, როგორც უწინ და მის აქამდე ძლევამოსილს მსვლელობას ისე უეკლოდ სავალი აღარა აქვს.


ილია ჭავჭავაძე