«იტალიისა და აბისინიას შორის ურთიერთობის გამწვავება მასსოვას გამო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:43

ტფილისი, 3 თებერვალი

ქალაქს მასსოვას უჭირავს ერთი პატარა კუნძული მეწამულის ზღვაზედ აფრიკაში. ეგ ადგილი, მდებარე აბისინიისა და მეწამულის ზღვის შუა, ერთადერთი კარია შესასვლელი აბისინიაში ზღვიდამ და მაგისთანა კარგი და მარჯვე ნავთსადგური მის ახლო-მახლო სხვა არ არის მეწამულის ზღვაზედა აბისინიისათვის. რაც კი ვაჭრობა და აღებ-მიცემობაა აბისინიასთან, სულ ამ ქალაქით მიდის და მოდის. ვაჭრობას გამოაქვს აბისინიიდამ ტყავი, ყავა, წმინდა სანთელი, სპილოს ძვალი, თაფლი, ერბო, რქოსანი საქონელი, ჯორ-ცხენი, ოქრო, თამბაქო და სირაქლემას ფრთა, რომელიც კაი ფასად იყიდება ევროპაში, - და შეაქვს აბისინიაში უფრო თოფ-იარაღი, აბრეშუმისა და ბამბის საქონელი. 1881 წლის ცნობიდამა სჩანს, რომ თითქმის სამის მილლიონის მანათის ვაჭრობა ჰქონია ევროპას აბისინიასთან.

მასსოვა სუაკიმთან ერთად ზღვისნაპირა ადგილია და ძველადგანვე ეკუთვნოდა აბისინიას, მეთექვსმეტე საუკუნეში ეს ადგილები დაიპყრო ოსმალეთმა და 1865 წ. დაუთმო ეგვიპტესა. შარშან 8-ს თებერვალს იტალიამ არც აიღო, არც დაიღო, მივიდა და დაიჭირა მასსოვა იმ განზრახვით, რომ მასსოვას მდებარეობის შემწეობით ხელთ იგდოს უკეთესი ნავთსადგური მეწამულის ზღვაზედ და აქედამ გზა გაიხსნას ვაჭრობისათვის აბისინიასთან. ჯერ მაშინვე ამბობდნენ, რომ ეს ძალმომრეობა გამოიწვევს ჩხუბსა აბისი-ნიასთან, რადგანაც ეს მასსოვა ერთადერთი კარია, რომ აბისინიამ რიგიანი აღებ-მიცემობა იქონიოს ევროპასთან. იტალია ბევრს ეცადა, რომ როგორმე მოეგო გული აბისინიის ეხლანდელის მეფისა იოანნესი, მაგრამ მეფე იოანნე ვერასგზით ვერ მოინადირეს. იტალიის ხელმწიფემ ჰუმბერტმა მოციქულიც გაუგზავნა გენე-რალი პოლოცინი დიდის საჩუქრებითა და ძღვენითა. მაგრამ იოანნემ უარი შემოუთვალა და არ მიიღო მოციქული. იმ დღიდან აქამომდე ყოველდღე მოელოდ-ნენ, რომ აბისინია და იტალია ერთმანეთს დაეძგე-რებიანო და მართლადაც დაეძგერნენ.

იტალიელებმა, მართალია, კარგად გაამაგრეს მასსოვა და გარეშამო დიდსა და პატარა მანძილზედ, საცა საჭირო იყო, ციხე-სიმაგრენი ამართეს, მაგრამ ჯარი კი მეტად ცოტა ჰყვანდათ. გენერალი ჯენე, რომელიც წინამძღვრობს იქაურს ჯარსა, მეტად ეკადნიერებოდა აბისინიელებს, თითქმის არარად აგდებ-და და მარტო 4.500 კაცით იმედოვნებდა უკუქცევას აბისინიელებისას, უკეთუ იერიშს მოიტანდნენ. 15-ს იანვარს ტიგრესის ვიცე-კოროლი რას-ალული დასცემია იტალიელებს მასსოვასთან, აუღია წინა ციხე-სიმაგრენი, იტალიის ახალ-მოშენენი გაუჟლეტია ასე, რომ 480 კაცოდამ 50-ღა გადარჩენილა. ამ ამბავმა მოაღწია თუ არა რომამდე, დიდი ალიაქოთი ასტეხა რომში. შეიყვანა მაშინვე პარლამენტი და პარლამენტს იმოდენა გაბოროტებული ხალხი დაედო, რომ მთავრობა იძულებულ შეიქმნა ჯარი შემოერტყა პარლა-მენტისათვის რიგისა და წესის დასაცავად. ხალხი თურმე ჰყვიროდა, “განაძეთ დეპრეტისი, მასსოვის დამნაშავეო”. დეპრეტისი მთავარი მინისტრია იტალიისა და, როგორც დეპეშიდამ ვიცით, დღეს ამის გამო უნდა გადამდგარიყო მინისტრობიდამ, ეს ამბავი რომ ავსტრიაში მივიდა, მეტად შეწუხდნენ, ადვილად მისახვედრიც არის რადაც. დეპრეტისი და საგარეო საქმეთა მინისტრი რობილანი დიდნი მომხრენი და ამყოლნი იყვნენ ავსტრიისა და გერმანიისა. ამათი გადადგომა და ამ სამთა სახელმწიფოთა შორის კავშირის ცოტად თუ ბევრად შერყევა ერთია.

თუმცა ზოგნი გავლენიანნი კაცნი დიდი ხანია იძახოდნენ, დავანებოთ თავი მასსოვას, რა ხელი გვაქვს იქა და ან რა სარგებლობას უნდა მოველოდნეთო, მაგრამ ეხლა, როცა ასეთი მარცხი მოუვიდათ და აბრუს გატეხა აფრიკაში ემძიმებათ, ამიტომაც თითქმის ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ჯარი მიაშველონ გენერალ ჯენეს ათი ათას კაცამდე მაინც. დღეს იტალია ამ ჯარების გადაყვანის თადარიგშია მით უფრო, რომ ანბავი მოსულა, თვითონ აბისინიის მეფე იოანნე მოდის იტალიელებზედ დიდის ლაშქრითაო. დღეს აქამომდე იტალიელებს ეს მოუხერხებიათ, რომ შოას მეფე მენელიკი მოუბირებიათ და მომხრეთა ჰყავთ. ამბობენ, მენელიკს დაჰპირებიან, აბისინიის მეფეს იოანნეს ტახტს წავართმევთ და შენ აგიყვანთ აბისინიის მეფის ტახტზედაო. რა თქმა უნდა, რომ მენელიკი ამის იმედით ყოველს ღონისძიებას იხმარებს იტალიელების შეწევნისათვის. ამ სახით, უეჭველია, რომ აბისინიას და იტალიას ერთმანეთში ომი აუტყდებათ და რით გათავდება, ვინ იცის. იტალიისათვის ეს ომი მეტად უხერხულს დროს მოდის. ევროპაში საქმეები ისე დახვლანჯილია, რომ იტალია ორისავე თვალით აქედ-იქით უნდა იყურებოდეს, იმისთანა არა მოხდეს რა, რომ იტალია ცარიელზედ დასვან და რაიმე განსაცდელი შეამთხვიონ. რაკი იგი აბისინიასთან ომში გაებმის, ევროპიის საქმეთათვის იგი ისე ხელგახსნილი არ იქმნება, როგორც აქამდის იყო. გარდა ამისა, თუ დეპრეტისის მაგიერ რადიკალთა დასის კაცთ ჩაიგდეს სამინისტრო, მთელი პოლიტიკა იტალიისა, რომელიც დღეს აქამომდე გერმანიისა და ავსტრიის კუდად იყო, სულ სხვა სახეს და მიმართულებას მიიღებს. აი, ამიტომა ვსთქვით წინა წერილში, რომ ეს მასსოვის ამბავი თავის ზედმოქმედებას იქონიებსო სახელმწი-ფოთა შორის გაბმულ და დახლართულ სადიპლომატიო ქსელზედაო.


ილია ჭავჭავაძე