«აბისინიის სახელმწიფოს რაობა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:32

ტფილისი, 31 იანვარი.

ევროპის დიპლომატიამ, დაღალულმა და მოქან-ცულმა ბოლგარიის ტყუილუბრალოდ გაჭიანურებულ საქმისაგან და ელდაცემულმა საფრანგეთის და გერ-მანიის ერთმანეთზედ ამრეზილობისაგან, დღეს პირი იბრუნა იტალიისაკენ. აბისინელთა გამარჯვება იტა-ლიელებზე მასსოვაში ახალ საცოხნელ საგნად შეექმნათ. თუმცა ეს ამბავი თვალად უმნიშვნელოა, მაგრამ დიპლომატია რაღაც კავშირსა ჰხედავს ამ ამბავისა და სახელმწიფოთა ერთმანეთში ხელახლად გაწყობის შორის. დეპრეტისის სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრობა ეჭირა რობინალს, კაცსა მეტად დაახლოებულს ავსტრიის დიდკაცობასთან და სხვაფრივადაც დიდს მომხრეს ავსტრიისას. ამ რობილანს აბრალებენ, რომ ბოლო თრიასავით აეთრია ამ ბოლოს ჟამს თავის ძველს მტერს ავსტრიასა, ავსტრიისა და ინგლისის პოლიტიკას კუდად გამოება და დააშორა საფრანგეთსა. რადიკალთა დასი იტალიისა მეტად სწუნობდა ამ პოლიტიკასა და როცა კი შემთხვევა ეძლევოდა, არა ჰზოგავდა სამინისტროს დეპრეტისისას გასაკიცხავად. ეხლა, როცა მასსოვიდამ მოსულმა ამბავმა მოინდო დეპრეტისის სამინისტრო და დეპრეტისი თავისი რობილანით გადადგა სამსახურიდამ, დიპლომატიას საბუთი მიეცა იმედი იქონიოს, რომ პოლიტიკა იტალიისა ევროპის საქმეებში ფერს იცვლის და ამ ცვლილებას სხვა ახალი განწყობილება მოჰყვება დიდთა სახელმწიფოთა შორის, ესე იგი, ეხლა სახელმწიფონი სხვარიგად დაეწყობიან ერთმანეთშიო. ამ საბუთს, რასაკვირველია, თავისი სიმართლე აქვს, რადგანაც დეპრეტისისაგან დაცლილს მოედანს სამი-ნისტროისას დაიჭერს რადიკალთა დასი, რომელსაც გული უფრო საფრანგეთისაკენ მიუწევს, ვიდრე სხვა ვისმესაკენ, და ავსტრიასა და ინგლისსა, იტალიაზედ დაიმედებულთ, ფრთა აეკვეცებათ.

თუმცა შორეული ამბავია, მაგრამ მეტი არა გვგონია, ჩვენს მკითხველებს მოკლედ მაინც ვაუწყოთ რა არის მასსოვა, რად დაიჭირა იგი იტალიამ, რად გამოიდვა თავი აბისინიამ იტალიელების საპირისპიროდ და თვით აბისინია რა ქვეყანაა.

აბესინია, აბისინია, ანუ ჰაბეში ძველს დროში ცნობილია ეფიოპიად. იგი მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთის მხარეს, მეწამულის ზღვის პირას. უჭირავს 16.000 ოთხკუთხი მილლი და ხუთი მილლიონი მკვიდრი ჰყავს. იგინი ქრისტიანები არიან მართლმადიდებელნი, ებრაელთა და მაჰმადიანთა რჯულისანიც არიან ზოგან. სატახტო ქალაქს აბისინიისას გონდარი ჰქვიან. მეთვრამეტე საუკუნემდე აბისინია ერთს დიდს სახელმწიფოს შეადგენდა ერთის მეფის {1} ბრძანების ქვეშ. მას მერმედ მთლიანობა სახელმწიფოსი დაიბზარა და დაიყო ცალ-ცალკე სამეფოებად და სამთავროებად. ამათ შორის სხვებზედ უფრო ძლიერი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ სამეფო ტიგრე, ამგარა, რომელსაც გონდარი ეჭირა, ტაკაცეს მდინარედგან დასავლეთისაკენ და სამხრეთით შოა. ამ უკანასკნელ დროთა განმავლობაში გონდარის ბრძანებელმა, სახელად ყაზიმ, დაიპყრო მომეტებული ნაწილი აბისინიისა, 1855 წელს დაამარცხა მეფე ტიგრესი და აბისინიის ტახტზედ ავიდა მეფედ და სახელად თეოდორე დაირქვა. ამ თეოდორეს ძლევამოსილებას გადაურჩა მხოლოდ სამეფო შოა, რომელიც დღესაც დამოუკიდებელი სამეფოა და რომელმაც ყურადღება მიაქცია ამ ბოლოს ხანებში, როცა იტალიელებსა და აბისინელებს შუღლი ჩამოუვარდათ. ამ შოაში მეფედ მენელიკია. მენელიკი დაიბადა 1818 წ. გამეფდა 1841 წელსა. მენელიკს თავისი შთამომავლობა გამოჰყავს მეფე სოლომონისა და დედოფალ სავასაგან. ეს კი ნამდვილად ცნობილია, რომ როცა წმინდა ფრუმენტიმ შეიტანა ქრისტიანობა აბისინიაში, წინაპარნი მენელიკისა უკვე მეფობდნენ შოას. როცა მერე მეთექვსმეტე საუკუნეში აბისინიაში გამეფებულმა გვარეულობამ მიიღი კათოლიკეთა სარწმუნოება, მაშინ შოას მეფე იაკობი კათოლიკედ მოინათლა. მას შემდეგ იეზუიტებსა და აბისინიის მეფეს ჩხუბი მოუვიდათ და აბისინიის მეფემ უარყო კათოლიკეთა სარწმუნოება. ამის მაგალითსვე მიჰყვა შოას სამეფო გვარეულობაცა. თვითონ მენელიკი კი, ეხლანდელი მეფე შოასი, ძალიან თანამგრძნობელი და შემწეა კათოლიკეთა სარწმუნოების მისიონერებისა და ამის გამო ეხლანდელმა პაპმა 1879 წელს გაუგზავნა ოქროს გვირგვინი. იტალიის ხელმწიფემ ნიშანი მისცა. 1868 წელს, როცა ინგლისელები დაეცნენ მალაგას, მაშინ მენელიკმა არ მიაშველა ჯარი ნეგუსს თეოდორეს და ამით იგი შემოიმწყრალა. თუმცა მენელიკი დამოუკიდებელი მეფეა, მაგრამ აბისინიის მეფის წინაშე ერთი ვალდებულება აქვს: ომის დროს ჯარით უნდა მიეშველოს ხოლმე. აი რა მხრით არის მეფე შოასი მენელიკი საფერებელი და ხელში დასაჭერი იტალიელებისათვის, როცა აბისინელთა და იტალიელთ შორის ჩხუბია. რა თქმა უნდა, რომ ამ სახით შოას სამეფოს დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა იტალია და აბისინია ერთმანეთს ჰლამიან დატაკებას. იტალიელები ყოველს ღონისძიებას, ყოველს ოსტატობას იხმარებენ, რომ მენელიკი მოიმხრონ და ამ გზით ციხე აბისინიისა შიგნიდამვე გასტეხონ.

რასაკვირველია, ყოველს ამას თავისთავად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ევროპიის პოლიტიკისათვის, მაგრამ რადგანაც იტალია ძალაუნებურად გაებმის აფრიკის საქმეში, ჯარი ამაზედ უნდა მოაცდინოს, დიდი ხარჯი გასწიოს, ვეღარ მოიცლის ევროპიის საქმეთათვის და ისე ხელგახსნილად ვეღარ იმოქმედებს, როგორც აქამდისა. ყოველ ამას ის უნდა მოჰყვეს, რომ ევროპიის დიპლომატთა სათვალავში იტალია იმოდენა ადგილს ვეღარ დაიჭერს, რომ ბევრად მისაღები იყოს ანგარიშში. ჩვენც ამ მხრით მივაქციეთ ამ ამბავს ყურადღება და შემდეგს წერილში ვეცდებით დანარჩენი გარემოებანიც ამ საქმისა ავხსნათ.

{1} მეფეს იმათებურად ნეგუსი ჰქვიან.


ილია ჭავჭავაძე