«იტალიის მიერ მასსოვას დაპყრობის მცდელობა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:12

ტფილისი, 29 იანვარი

ამ რამდენიმე წლის წინად ყველა სახემწიფოს ევროპაში, დიდსა თუ პატარას, ერთი ციებ-ცხელება შეუდგათ საკოლონიო პოლიტიკისა, თითქო შინ საკუთარი და თავში საცემი საქმე გამოელიათო. საფრანგეთმა ტონკინისაკენ გაიწოდა ხელი და კარგა ბლომად ხარჯი ფულით თუ კაცით ზედ შეალია. ინგლისმა ბირმანიის იმპერიას ჩაჰკიდა ხელი და ამას გარდა აქედ-იქიდაც თვალი მოატრიალა, ხომ არ არის იმისთანა რამე, რომ ხელთ ვიგდოო. ისპანიას და გერმანიას ხომ რაღაც კოროლინის კუნძულებზედ კინაღამ ომიც არ აუტყდათ, თუ რომ პაპის შუაკა-ცობას არ ეშველა. ამ ციებ-ცხელებას არც იტალია გადურჩა. ამანაც გაიწია და აფრიკაში მეწამულის ზღვის პირას, აბისინიის ახლოს, მასსოვა დაიჭირა. ამბობენ, რომ იტალია აქ ინგლისმა წაიტყუა. ინგლისს მაშინ სუდანის დაჭერა უნდოდა, სადაც სახელოვანი და აწ განსვენებული მაჰდი, ახალი წინასწარმეტყველი მაჰმადიანთა, წინ აღუდგა მთელის ერითა. ამ მაჰდიმ ისე გაუჭირა საქმე ინგლისსა, რომ ინგლისმა აღარ იცოდა, რა ექმნა და მშველელს ეძებდა მეზობელთა შორის. ამ სუდანის საქმეში მარტო სამს სახელ-მწიფოს შეეძლო გარეულიყო, მარტო იმისთანა სახელმწიფოს, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს ხმელთაშუა ზღვაში, რადგანაც აფრიკას ამ ზღვაზედ მოუდევს თავი ჩრდილოეთით. ამისთანა სახელმწიფონი არიან ოსმალეთი, საფრანგეთი და იტალია. ოსმალეთი და საფრანგეთი ვერ მიეხმარებოდნენ ინგლისს, რადგანაც ორივ ესენი ამრეზილნი იყვნენ და დღესაც არიან ინგლისზედ ეგვიპტისა და სუეზის არხის გამო. დარჩა მარტო იტალია. ინგლისმა ოქროს მთები დაუქადა იტალიას, ზემოხსენებული მასსოვა და ამ გზით გააბა საქმეში. ინგლისს იმის იმედი ჰქონდა, რომ იტალია სამხრეთ-აღმოსავლეთით მოაწვება სუდანსა, მეც ზევიდამ წამოვალ და შიგ მოვიმწყვდევთ სუდა-ნელებსაო. მართალია, იტალიამ მასსოვა დაიჭირა, მაგრამ ინგლისს სურვილი ვერ აუსრულდა. მასსოვაში ფეხის შედგმამ იტალიის მხრით აბისინიის ნიგუში /მეფე/ იოანე დიდი საგონებელში ჩააგდო. იოანეს არ ეჭაშნიკა იტალიის მეზობლობა და იტალიელებს დახვდა წინ ჯარითა.

ამ იანვარში იტალიაში მასსოვიდამ სულ ცუდი ამბები მოდიოდა. იმის გარდა, რომ იტალიის ჯარები წყდებოდა იმ ცხელ ქვეყანაში აუტანელის ჰავისა გამო, ხმები ისმოდა, რომ აბისინიის ჯარი მოდის იტალიელებზეო. ამ ხმებმა იძულებელჰყვეს იტალიის პარლამენტის დეპუტატნი ეკითხათ მთავრობისათვის, - რა ამბავია მასსოვაშიო. 12-ს იანვარს ამ კითხვაზედ იტალიის მინისტრმა რობილანმა პასუხი მისცა, რომ თუმცა, მართალია, აბისინიის ჯარი ჩვენს ჯარზედ მოდისო, მაგრამ ჩვენი გენერალი ჯენე, რომელსაც ჩვენი ჯარი აბარია მასსოვაში, იწერება, შიში არაფრისაა, რადგანაც საკმაო ღონე მაქვს უკუვაქციო აბისინელებიო. ამას თავისით რობინალმა ისიც დაუმატა, რომ ამ შიშის ხმებსა დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიეცესო. გენერალი ჯენე მარტო იმას ჰთხოულობდა, რომ 600 კაცი მომაშველეთ და მე გავუძღვები აბისინელებსა, მით უფრო, რომ არა მგონია ნიგუშმა იოანემ მტრობა შემოგვბედოსო.

13-ს იანვარს ამბავი მოვიდა იტალიაში, რომ აბისინიის სარდალი რასს-ალუდა დასცემია იტალიელებს მასსოვაში და 200 კაცით დაზარა-ლებულა მაშინ, როდესაც იტალიელებს ხუთი კაცი მოჰკვდომიათ. ამ ამბავს სუაკიმიდამ ის ამბავიც მოჰყვა, რომ მასსოვაში არეულობა მოხდა და ომი იტა-ლიელებსა და აბისინელთა შორის საცაა ასტყდებაო. 14-ს იანვარს რობილანი მაინც კიდევ არწმუნებდა პარლამენტს, რომ შიში არაფრისააო და რაც იქ ჯარი გვყავს, საკმაოა “ბარბაროზნი” უკუაქციოს დამარცხე-ბულიო. 21-ს იანვარს ამბავი მოვიდა, რომ მასსოვის ახლოს საატისში აბისინელები თავს დასხმიან იტალიელებს და რაც აფიცრები ყოფილან იტალიის ჯარში, სულ გაუჟლეტიათ. სჩანს, ძალიან დამარ-ცხებულა იტალიის ჯარი, თუკი ერთი აფიცერიც ვერ გადარჩენილა. ამ ამბის მიღებისვე უმალ იტალიის მთავრობა შესდგომია 600 კაცის მაგიერ, რომელთაც ჰთხოულობდა აწ დამარცხებული გენერალი ჯენე, ათიათასი კაცი ჩასხას ხომალდებში და მიაშველოს. ამისათვის ბრძანებაც გაიცა, რომ იტალიის გემ-ხომალდებს თავი მოეყარათ ნეაპოლში ჯარების წასაყვანად. თუმცა იტალიის სენატმა, მოისმინა რა ეს სამწუხარო ამბავი, დადგინა, გამოეცხადოს სა-მინისტროს სრული ნდობა, მაგრამ მაშინვე ხმა დავარდა, რომ რობილანის სამინსტრო თავს ვეღარ დაიჭერსო. გუშინდელმა დეპეშამ გვაცნობა, რომ ეს ხმა გამართლდა და რობილანის სამინისტრო გადადგა. ეს ამბავი მით უფრო საყურადღებოა, რომ თავის ზედმოქმედებას იქონიებს ევროპის ეხლანდელს პოლიტიკაზედ, რადგანაც რობილანი ცნობილია, ვი-თარცა ერთგული მომხრე ავსტრიისა და, საცა გინდათ და არ გინდათ, ავსტრიას მხარს აძლევდა და სარჩლს უწევდა.


ილია ჭავჭავაძე