«ბულგარეთის საქმის მშვიდობიანად დამთავრების ცდა» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
შაბათი, 11 აპრილი 2009 20:01

ტფილისი, 28 იანვარი.

ბოლგარიის საქმე იქამდე ინახეს გაუთავებლად, ვიდრე დიპლომატების ქსელი მრავალგვარად არ გაიბა ევროპაში დიდთა სახელმწიფოთა შორის. დღეს ევროპა ამ ქსელისაგან ისეა გაბლანდული, რომ თავი და ბოლო არ უჩანს. ის ოსტატი, რომელიც ხელში ათამაშებს მართულებს პოლიტიკისას, ხერხიანად ათამაშებს, როგორც ეტყობა. დღეს აქამომდე არევ-დარევის ერთადერთ მიზეზად ბალკანის ნახევარკუნძული ეპყრა ხელში და როცა ამ მიზეზმა სახელმწიფონი ერთმა-ნეთში აშალა და ამ აშლის კორიანტელი ადგა, მაშინ სულ სხვა საგანზედ მიჰმართა თვალი და ყური ევროპისა. ამ სახით ბოლგარიის საქმემ თავისი სიცხარე დაჰკარგა და განელდა. დღეს ეს საქმე, რუსეთის ოფიციალური გაზეთის სიტყვით, სამშვიდობოშია გასული და შესაძლოა მარტო მოლაპარაკებითაც გათავდესო.
ამ იმედს იძლევა იგი გარემოება, რომ დრაგანი ცანკოვი, ეხლანდელის რეგენტების ოპოზიციის მოთავე, დიდმა ვეზირმა ოსმალეთისამ რუსეთის ელჩის ნელი-დოვის დაკითხვითა მიიწვია სტამბოლში მოსალა-პარაკებლადაო. იქავ უნდა მივიდნენ დეპუტატნიც ეხლანდელის ბოლგარიის მთავრობისა, რომელნიც ამას წინად ევროპაში გაგზავნილ იყვნენ და რომელნიც, გაზეთის სიტყვით, ვერაფერის ნუგეშით ვერ დაუბრუნდნენ ბოლგარიასაო. ოსმალეთმა ამ სახით იკისრა ცდა, რომ ბოლგარიის საქმე როგორმე დააბოლოვოს საყოველთავო სასიამოვნოდ. ამის გული-სათვის სულთანის მთავრობამ მიჰმართა თვითვეულს დიდს სახელმწიფოს თხოვნითა, რომ თქვენს ელჩებს სტამბოლში უბრძანეთ, ამ მოლაპარაკებაში მონა-წილეობა მიიღონო და მხარი მოგვცენო ბოლგარიის საქმის მშვოდობიანად გათავებისათვისაო. ეს თხოვნა მომეტებულმა ნაწილმა დიდთა სახელმწიფოთაგან არ იუცხოვა და თანაგრძნობით მიიღო. მარტო ერთი ინგლისი პირველ ხანებში ჰტოკავდა და თითქმის უარზედ იდგა. ეხლა ამბობენ, რომ რუსეთმა, ავსტრი-ვენგრიამ, იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა თვითვეულმა თავ-თავის ელჩს დაავალა მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებაში და საქმის კეთილად წარმართვაში. ინგლისმაც უარი აღარა სთქვა მით უფრო, მისი ელჩი უაიტი ეხლა სხვარიგად გაეწყო ოსმალეთის მთავრობასთანა.

ზოგიერთი დიპლომატები ძალიან სცდილობდნენ, რომ ამ ელჩთა მოლაპარაკებას კონფერენციის სახელი არ ერქვას. ეს იმასა ჰნიშნავს, რომ ამ ელჩთა კრების განაჩენი, თუ რომელსამე დიდს სახელმწიფოს არ მოეწონა, შესაძლოა იმ სახელმწიფოს მიერ სავალდე-ბულოდ არ იქნას მიღებული. მაშ რის მომასწავებელია ეს ამისთანა მოლაპარაკება, ეს ამისთანა კრება, თუ რასაც იტყვიან და რასაც დაადგენენ, ყველასათვის სავალდებულო არ იქნება? ორში ერთი: ამის დამწყობთ ან იმედი აქვთ, რომ იგი კრება ყველას სასიამოვნოდ და სახეიროდ გაათავებს საქმეს.......


ილია ჭავჭავაძე