«სალუსბერის სამინისტროს გასაჭირი» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 13:55

ტფილისი, 27 იანვარი.

ინგლისის სამინისტრომ ხმა პატარა დაიმდაბლა და ისეთის რიხით აღარ ჰლაპარაკობს საგარეო პოლიტიკის საქმეთა მიმდინარეობაზედ. მარკიმი სალუსბერი, რომლის დაუძინებელს მოქმედებას ზოგერთნი აბრალებენ, რომ ბოლგარია აქამდე ურჩობს, თავისთავს ვერა ჰგრძნობს კარგს გუნებაზედ. მისი სითამამე კარგა საკმაოდ დასცხრა, როცა ლორდი ჩერჩილი დაეთხოვა სამინისტროსა, გადგა და ეგრედ წოდებულს “ნეო- კონსერვატორებს” მოთავედ გაუხდა. ამის გამოსვლამ სამინისტროდამ სხვა ღრუბელიც მიაყენა სალუსბერის სამინისტროს. გლადსტონის დასმა და რადიკალთ-დისიდენტების მოთავემ ჩამბერლენმა ერთმანეთს მოლაპარაკება დაუწყეს შერიგებაზედ და ბევრნიც იმედოვნებენ, რომ ეს ნაწილი ლიბერალებისა კვლავ მიემხრობა გლადსტონსაო, ლიბერალთა დასი გლადსტონის მოძღვრებისა კვლავ გაძლიერდება და, ვინ იცის, იქნება დაამხოს კიდეცა სალუსბერის სამინისტროო. თვითონ ინგლისის ერმაც, რომელმაც უკანასკნელ არჩევანში გლადსტონის მოძღვრება და პოლიტიკა დაიწუნა, ეხლა, როგორცა სჩანს, სხვაფრივ აახილა თვალი და გლადსტონის პოლიტიკა დღედადღე მომხრეებსა ჰშოულობს. ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ, რომ, როცა ლორდ ჩერჩილი, რომელიც ფინანსთა მინისტრად იყო სალუსბერის სამინისტროსი, გამოვიდა სამინისტროდამ, სალუსბერიმ ბევრის აქედ-იქით მეცადინეობის შემდეგ ძლივს იპოვა ახალი მინისტრი ლორდ ჩერჩილის სამაგიეროდ. ახალი მინისტრი გოშენი გლადსტონისაგან გადამდგარ ლიბე-რალთა დასის კაცია. ინგლისის წესით ყოველი მი-ნისტრი უსათუოდ დეპუტატად უნდა იყოს ამორჩეული პარლამენტში. უამისოდ მინისტრად ყოფნა შეუძ-ლებელია. რადგანაც ახლად დანიშნული მინისტრი გოშენი დეპუტატად არ ირიცხებოდა, ამის გამო საჭიროებამ, ანუ უკედ ვსთქვათ, საკონსტიტუციო წესმა მოითხოვა, რომ გოშენს კენჭი ეყარა და სადმე ამორჩეულიყო. სწორედ ამ დროს ქალაქს ლივერპულს დეპუტატი აკლდა პარლამენტში. გოშენმა აიღო და თავისი კანდიდატობა დეპუტატობისა აქ წამოაყენა და აქ გაიხადა საარჩევნოდ თავი. აქ გოშენმა და სალუსბერიმ მით უფრო დიდის იმედით გაჰბედეს არჩევანი, რომ ლივერპულმა ამ ბოლოს საზოგადო არჩევანის დროს კონსერვატორთა დასის კაცი ამოირჩივა თავის წარმომადგენლად პარლამენტში და ეგონათ რომ ეხლაც ესე მოხდებაო. გლადსტონის მომხრეებმა თავისი კაცი დაუპირისპირეს გოშენსა და გოშენი დამარცხდა: გლადსტონის მომხრემ შვიდის კენჭით აჯობა. შეხტა და შემოტრიალდა სალუსბერი და მისნი მომხრენი. ბევრი სიმრუდე და ურიგობა შესწამეს ამ არჩევანსა, უნდოდათ როგორმე გაეუქ-მებინათ და ახალი არჩევანი მოეხდინათ. ბევრი იოსტატეს, მაგრამ საქმე რომ გასინჯეს, ვერაფერი უწესოება ვერ დამტკიცდა და გლადსტონის მომხრე კანონიერად ამორჩეულ დეპუტატად აღიარეს.

ეს ამბავი თუმცა თვალად მცირე რამ არის, მაგრამ თითქმის ყველამ იმის საბუთად მიიღეს, რომ ინგლისის ერმა აზრი იცვალაო და გუნება და გული ისევ გლადსტონისაკენ მოიბრუნაო. ეხლა გოშენი ამ სამინისტოს უნდა დაეთხოვოს, ან ისეთს საარჩევნო ოლქს წარუდგინოს თვისი კანდიდატობა, რომელიც ცნობილია, ვითარცა ერთგული მომხრე კონსერვატორებისა. დღეს საქმე სალუსბერის სამინისტროსი ამაზეა შემდგარი და თუ აქაც თავისი სურვილი კვლავ არ აუხდა, ფეხთა ქვეშ მიწა მოულხვება. თუნდ ეგეც არ იყოს, მაინცდამაინც უქადიან სალუსბერის სამინისტროს, რომ დღე აღსასრულისა მოახლოებულია; დღესა თუ ხვალე, საქმე იქამდე მიაღწევს, რომ ან დღევანდელი პარლამენტი დაითხოვოს და ხელახლად დაეკითხოს ერსაო, ან სალუსბერი თავისი მომხრეებით უნდა გადადგეს და ბურთი და მოედანი გლადსტონს გადაულოცოსო. ამბობენ, რომ თუნდაც პარლამენტი დაითხოვონ და ახალი არჩევანი დანიშნონ, მაშინაც იმედი არ არის, რომ სალუსბერის სამინისტრომ გაიმარჯვოს და თავი დაიჭიროს, იმედი აქვთ, რომ ეხლა ინგლისის ერი გლადსტონის მომხრეებს ამოირჩევს საპარლამენტოდაო.


ილია ჭავჭავაძე