«პარლამენტი თუ სამინისტრო» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 13:43

ტფილისი, 26 იანვარი.

ჩვენ რამდენისამე დღის წინად მოვიხსენიეთ, რომ გერმანიაში ატეხილი მშვიდობიანი ბრძოლა პარლამენტისა ერთის მხრით და გერმანიის კანცლერის ბისმარკისა მეორეს მხრით არ მოასწავებს სამხედრო კანონ-პროექტის გამო ბრძოლას. ჩვენა ვსთქვით, რომ ეგ კანონ-პროექტი მარტო მიზეზად შეიქმნა, თორემ აქ სულ სხვა ტკივილმა გაიღვიძაო. ბისმარკმაც კარგად იცის ესა, რადგანაც პრუსიის სეიმში ეხლახანს წარმოთქვა, რომ პარლამენტისაგან უარყოფა ჩვენის სამხედრო კანონ-პროექტისა დედააზრის საქმეა და არა იმ ცალკე შემთხვევისა, რომელმაც თვითონ კანონ-პროექტი გამოიწვიაო. რომ ცოტა რამ თვალნათლად დავინახოთ ამ ბუნდმოდებულ საქმეში, მეტი არ იქნება მოკლე ისტორია წარმოვუდგინოთ მკითხველს მისი თუ, - როდინდელი ამბავია ეს ახლად დღეს წარმომდგარი ამბავი და რაში მდგომარეობს იგი დედააზრი, რომელსაც ბისმარკმა კანონ-პროექტის უარყოფა დააბრალა. აშკარაა, რომ დღეს გერმანიაში ორი დედააზრი დაეჯახა ერთმანეთს და თვითვეული მათგანი ჰლამობს გამარჯვებასა. ერთის დედააზრის მიმდევარია ბისმარკი და მეორისა პარლამენტის მომხრენი. მინამ ეგ დედააზრნი ეგრე მედგრად გაემკლავებოდნენ ერთმანეთს ცხოვრებაში ადგილის დასაჭერად, ჯერ, რასაკვირველია, მეცნიერებაში იყვნენ დაჯახებულნი და სახელგანთქმულ მეცნიერთა შორის დღეს ერთის მომხრენიც მოიპოვებიან და მეორისანიც, ნამეტნავად გერმანიაში. ამ სახით ამ საგანზედ, რომლის გამოც დღეს იბრძვიან გერმანიაში, ორგვარი მდინარეობაა აზრისა, ერთი მეორის წინააღმდეგია და ერთსაც და მეორესაც მეცნიერი მომხრენი ჰყავს. ამიტომაც მეტისმეტი უმართებულობა იქმნება, დღევანდელი მოქ-მედება ბისმარკისა მარტო მის თვითნებობას და ჯიუტობას შევწამოთ. შესაძლოა იგი რწმენითაც მოქმედობდეს, რწმენით, რომელიც ჩვენის აზრით შეუწყნარებელია, მაგრამ დამყარებული კია სახელ-განთქმულ მეცნიერთა მოძღვრებაზედ. მართალია, რწმენა ყოველთვის ჭეშმარიტებად მისაღები არ არის, მაგრამ პატივსაცემი კი ყოველთვის არის.

გამოჩენილს მეცნიერს ლორენც შტეინს, რომელიც მეორე გამოჩენილ მეცნიერ გნეისტთან ერთად ავტორიტეტად არის ცნობილი გერმანიაში საპოლი-ტიკო საქმეთა ცოდნასა და ახსნაში და რომელიც – ჩვენში კი ითქვას – ცოტა თვალდახუჭული უყურებს ეგრეთწოდებულს “პარლამენტარობას”, მოჰყავს ორ-გვარი მაგალითი პარლამენტარობისა: ერთი, საცა აღმასრულებელი ძალი სახელმწიფოსი, ესე იგი სამინისტრო, სრულად ემორჩილება რჯულთმდებელს პარლამენტსა, როგორც მაგალითებრ, ინგლისია, და მეორე, საცა სამინისტრო თითქმის დამოკიდებული არ არის პარლამენტზედა, როგორც დღეს გერმანიაშია. თქმა არ უნდა, რომ შტეინს უფრო გერმანიის წესი მოსწონს და სწუნობს ინგლისის წესსა. შტეინის სიტყვით, ინგლისის სამინისტრო სახელმწიფოს მოსამსახურე არ არის; იგი არის ყურმოჭრილი ყმა იმ დასისა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევისა გამო ჰმეტობს პარლამენტში და რომელიც ცვალებადია. იგიო, ამბობს შტეინი, წარმომადგენელია პარლამენტში გაუფლებულის დასისა და ამიტომაც ზოგადი ხასიათი მთავრობისა ინგლისში იგია, რომ თავისით მთავრობას არა ხასიათი არა აქვსო. იქ პასუხისგება სამინისტოსი ფუჭი სიტყვააო, იმიტომ, რომ მინისტრების და-მოუკიდებლობასთან ერთად მათი პასუხისგებაც გაჰ-ქრაო, რადგანაც რაკი დასი განაგებს და მართველობს, ეგ პასუხისგება უმიზეზოაო. შტეინის აზრით, - რაკი მინისტრები გაუფლებულის დასის წარმომადგენელნი და წინამძღოლელნი არიან და უნდა იყვნენ კიდეც, თუ არა და, უნდა დაეთხოვონ თავიანთ თანამდებობას, მაშ არავითარი შემთხვევა არ იქნება შესაძლებელი, რომ სამინისტრო პარლამენტის სურვილის აღმსრულებელი არ იყოს ყოველთვის. რაკი ესეა, მიზეზიც პასუ-ხისგებისა თავის დღეში არ აღმოჩნდება. თუ მიზეზი პასუხისგებისა სათავეში მოწყვეტილია, პასუხისგება რიღას მაქნისია. ამაზედ ამყარებს შტეინი თავის აზრს იმის შესახებ, რომ ინგლისში პასუხისგება მინის-ტრებისა უქმი სიტყვააო და სწუნობს იქაურს რიგსა და წესსა.

მეორეს მხრით, შტეინი თითქმის მთლად იწონებს იმ რიგსა და წესსა, რომლის ძალითაც მინისტრები ისე დამოუკიდებელნი არ არიან, რომ ზოგჯერ მეტად “უცერემონიოდ” ეკიდებიან პარლამენტის სურვილსა. იგი გვარწმუნებს, ვითომც გერმანიის სამინისტრონი ემსახურებიან გაუფლებულს დასს კი არა, არამედ “უმაღლეს იდეას, დედააზრს” და ამიტომაც გერმანიაო “უკეთესი მაგალითია ჭეშმარიტის მიმოქცევისა ერთმანეთში ერთის მხრით სამინისტროსი და მეორეს მხრით, პარლამენტისაო”. “დიდად შესამჩნევიაო, ამბობს შემდეგ შტეინი: რომ გერმანიის სახელმწიფონი თავის დღეში არ გადასდგომიან ჭეშმარიტს ბუნებას სამი-ნისტროსასაო, თუმცა წესნი მართველობისანი ჯერ შემთავრებული და დასრულებული არა აქვსო. ამ საუკუნის დასაწყისში გერმანიას ყველგან არა ჰყოლია მინისტრები, გარნა საცა კი ჰყოლია, ნამდვილი მი-ნისტრები იყვნენო”.

ჩვენ არ გამოვუდგებით შტეინის აზრის გარჩევას. ჩვენთვის ამჟამად საჭირო არ არის ვიცოდეთ, რაშია შტეინი მართალი და რაში მტყუანი. ეს სულ სხვა საგანია და ამისათვის ჩვენ არც დრო მიგვიძღვის და არც ადგილია. ჩვენ თუ ამაზედ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, მარტო იმისთვის, რომ დღევანდელს მოქმედებას ბისმარკისას ერთის მხრით, და გერმანიის პარლამენტისას მეორეს მხრით სათავე ვუპოვოთ. კაცი რომ დაუკვირდეს შტეინის აზრსა და ამ აზრს ქვეშ დაუყენოს ბისმარკის დღევანდელი მოქმედება, თვალნათლად დაინახავს, რა წყაროს დასწაფებია ბისმარკი და რა დედააზრი გაუხდია საგნად თვისის მოქმედებისა. ამ ოცის წლის წინად, ბისმარკმა პირდაპირ გამოუცხადა პრუსიის პალატას, როცა დღევანდელებრ ერთმანეთს დაეტაკნენ, რომ “ჩვენ თქვენი მინისტრები კი არა ვართ, ჩვენა ვართ მინისტრები მისის დიდებულების კოროლისაო”. მერე საიმპერიო სეიმში 1879 წ. იგივე აზრი წარმოსთქვა: “სამინისტროს შეუძლია დაუთმოს რომელსამე დასს, რომ ზედმოქმედება იქონიოს ზოგიერთა საქმეთა მსვლელობაზედ იმ მომხრეობის სამაგიეროდ, რომელსაც დასი სამინისტროს აღმოუჩენს. ხოლო თუ იგი დასი მოიწადინებს, რომ თვითონ განაგებდეს სამინისტროსა, ამით იგი იძულებულჰყოფს მთავრობასა წინ გადუდგესო. მე თავის დღეში, მას აქედ, რაც მინისტრადა ვარ, არც ერთს დასსა არ ვკუთნებულვარ და არც მინდოდა ვკუთნებოდი. რაც დასები არიან, თვითვეულად ყველასა ვძულდი, იქნება ზოგიერთს კი ვუყვარდი. მე არ შემიძლიან, მთავრობას არ შეუძლიან კუდად გამოებას რომელსამე ცალკე დასსა და იმის უკან ირბინოს. მთავრობა უნდა ვიდოდეს იმ გზით, რომელიც თვითონ მას სწორე გზად მიაჩნია და პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა მარტო ამოწ-მებდეს სისწორეს გზისას. სამინისტროსათვის საჭიროა მომხრეობა დასებისა, მაგრამ იგი თავის დღეში არ დაემორჩილება ბატონობას არც ერთის დასისას”.

აბა ყოველივე ეს შეუწონეთ შტეინის თქმულსა და ჰნახავთ, რომ ბისმარკი ამ საქმეში მიმდევარია ხსენებულ მეცნიერისა და წარმომადგენელია და განმახორციელებელი შტეინის დედააზრისა. ამ დე-დააზრის გამო, რომელსაც ასე უფრთხილდება ბისმარკი და რომლისთვისაც იგი დღეს ებრძვის გერმანიის პარლამენტსა, გერმანიაში ეგრეთწოდებულს “სამინისტრო კრიზისს” სულ სხვა ფერი ადევს. იქ სამინისტრო კრიზისის მიზეზად გახდება ხოლმე მარტო უთანხმოება რომელისამე ცალკე მინისტრისა და საიმპერო კანცლერის შორის. “ვიღაც ფალკები და ფრიდენტალები, _ ამბობს ერთი მწერალი: იძულებულ არიან დაეთხოვონ სამსახურსა, თუ გაბედავენ და არ ეთანხმებიან ბისმარკსაო”. ესეთია დიდის ხნის სურვილი ბისმარკისა და რაკი დღეს საქმეთა მსვლელობამ გერმანიის პარლამენტი გადუღობა წინ ამ სურვილსა, ადვილი მისახვედრია რა გამწარებული უნდა იყოს ბისმარკი.

ახლა ვიკითხოთ, რას თხოულობენ პარლამენტის მომხრენი? ამ საკითხავზედ პასუხი მცირეოდენად ზემოთქმულშიაც მოიპოვება და გარდა ამისა, ჩვენ ამას წინადაც გაკვრით მოვიხსენიეთ ჩვენს გაზეთში. ხოლო თვითონ მომხრეთა რომ ვათქმევინოთ ამისი პასუხი, უფრო მართალი და დასაჯერებელი იქნება. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის პარლამენტი დათხოვილია და ახალი არჩევანია დანიშნული, რომ გერმანიის ერმა თვისი აზრი გამოსთქას – ახლად არჩეულ დეპუტატთა პირითა. რომ გერმანიის ერი არ მოტყუვდეს და საკითხავ საგნად პარლამენტის მიერ დაწუნებული კანონ-პროექტი არ მიიღოს, პარლამენტის მომხრეებმა ამისთანა საარჩევნო მანიფესტით მიჰმართეს ამომრჩევლებს:
თანამოაზრენო და თანამემამულენო! საიმპერიო მთავრობამ გადააყენა რეიხსტაგი და თქვენ მოგმართათ საკითხავად. ამ სახით, თქვენ წინ წამომდგარია ერთი საგანი გადასაწყვეტად: ჰსურს ქვეყანას, იქონიოს ცხადი და არსებითი საკონსტიტუციო უფლება, თუ სთმობს და ხელს იღებს ამაზედ?
მომეტებული ნაწილი რეიხსტაგისა დასთანხმდა, რომ კარგა ბლომად მოემატოს ჯარსა. ამ მხრით, ვერაფერი ვერ დავათმობინეთ. მაინც ამ მომეტებულს ნაწილს რეიხსტაგისას სწამობენ, რომ ვნება მიაყენა სახელმწიფოს მხედრობის ძლიერებასაო. ჩვენ დავუთ-მეთ სახელმწიფოს ყველაფერი, რაზედაც კი ჩვენი სინდისი ნებას გვაძლევდა. ჩვენ მხოლოდ არ გვინდოდა გათამამებულს ბრძანებას დავმორჩილებულიყავით; ჩვენ არ მოვინდომეთ გაგვეწირა ჩვენი უფლება ზედამ-ხედაობისა.
მღვიძარედ იყავით; თავი გამოიდეთ ყველგან, საცა კი შეგიძლიანთ და ეპირისპირეთ მართალის შებღალვას და ტყუილს ბრალდებას. ნუ დაივიწყებთ, რომ თუ რეიხსტაგი ამ საქმეში თავს მოიხრის, ღონე აღარ ექმნება წინააღუდგეს სითამამეს სამინისტროსას არაფერში...
დღევანდელი დღე ისეთია, რომ ან “ჰო” და ან “არა”. ოღონდ ყველამ თავისი მოვალეობა აღასრულოს, მართალი შეიმოსება ძლევით და გერმანიის იმპერია გადურჩება იმ საშინელს განსაცდელსა, რომლის მსგავსიც ჯერ არ უნახავს მის აქედ, რაც ხელახლად აღორძინდა.

აი, ჭეშმარიტი მნიშვნელობა დღევანდელის ჭაპან-წყვეტისა გერმანიაში. ამ საქმის ძარღვი ისეთია, რომ მისი ხელის ხლება და დიდის ტკივილების აშლა გერმანიისათვის ერთია. ამიტომაც საკვირველი არ არის, რომ მთელი ქვეყანა მოუთმენლად მოელის, - რას იხერხებს ყოვლის მომხერხებელი ბისმარკი? თუ არჩევანმა მომხრეები გამოუგზავნა ბისმარკს რეიხსტაგში, მაშინ პასუხი ცხადია და საქმის გაძღოლა ძნელი არ არის. გაჭირება მაშინ იქნება, თუ არჩევანმა უმტყუნა ბისმარკს. აბა სწორედ ამას ჰკითხულობენ, მაშინ რასა იქმს ბისმარკიო? ვისაც ბისმარკის ვაჟკაცობა და სითამამე შეტყობილი აქვს, ის ამასაც პასუხს მოუპოვებს. ხოლო რასა იქმს გერმანიის ერი, თუ ბისმარკი თავის თვისებებისამებრ ლომსავით მოიქცა? აი საკითხავი, რომელზედაც პასუხი “არ ეგების”.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:15