«ჭაჭის არყის გამოხდაზედ შეღავათიანი საბაჟო წესების შემოღების შესახებ» Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 13:28

ტფილისი, 24 იანვარი.

რუსეთის ჟურნალ-გაზეთობამაც, როგორც იქმნა, მიაქცია ყურადღება იმ საბაჟო წესებს, რომელმაც პირქვე დაამხო ჩვენში ჭაჭისაგან არაყის ხდა 1876 წლიდან რომელმაც წვრილმან პატრონებს ვენახებისას დიდი ზარალი მისცა. “არავითარი ეჭვი არ არისო, ამბობს ერთი გაზეთი: რომ ვენახისა და ღვინის კეთება, არაყის ხდასთან ერთად უმთავრესი შტოა სასოფლო მეურნეობისა კავკასიაში; რომ ამ შტოს წარმატებაზედ დამოკიდებულია იქაურთა მკვიდრთა კეთილ მდგომარეობა და აღყვავება თვითონ მხრისა. დრო იყო და არა შორი დროც, როცა თითქმის მთელი გლეხკაცობა კავკასიისა და ერთობ სოფლის მკვიდრნი დიდის გამორჩობით ვენახისა და ღვინის კეთებაზედ იყვნენ მიქცეულნი და ამასთან ჭაჭისაგან არაყსა ხდიდნენ და ამისათვის ბევრს გლეხთა, ვენახის პატრონთა, თავისი საკუთარი სახდელი ქვაბები ჰქონდათ. ხდა არაყისა უფრო საშინაო მრეწველობა იყო და საკმაოდ მხარს აძლევდა სასოფლო მეურნეობას, რადგანაც ჭაჭა-თხლესაც თავისი სარგებლობა მოჰქონდა და ამას გარდა, როცა ყურძენი რაიმე მიზეზით ჰფუჭდებოდა, ან სეტყვისაგან გაილახებოდა და დასაწურად აღარ ვარგოდა, იმისაგანაც არაყსა ჰხდიდნენ და ამით გლეხკაცობა ხელს ინაცვლებდა. ამ ბედნიერს დროს კავკასიელნი იხსენებენ ეხლა, როგორც “ოქროს დროსა”. ამ “ოქროს დრომ” მოაღწია 1876 წლამდე და მას შემდეგ კი საქმეთა მდგომა-რეობამ სასწრაფოდ ფერი იცვალა და დღეს წარმოადგენს სურათს მთლად დამხობისასა.

მთავრობას, როგორც ეტყობა, ყურადღება მოუქცევია ამ მართლადა საზარალოს წესებისათვის და დღეს, ერთის გაზეთის სიტყვით, სახელმწიფო საბჭოში ფინანსთა სამინისტროს პროექტი წარუდგენია, რომ ჭაჭისა და თხლისაგან არაყის ხდას შვება და შეღავათი მიეცეს და ამით ხელი მოემართოთ ვენახის სხვილთა და წვრილთა პატრონენთა. ჩვენდა სამწუხაროდ, გაზეთს, რომლისაგანაც ეს ცნობანი მოგვყავს, დაწვრილებით და თვალნათლად არ მოჰყავს, რა შვება და შეღავათი განუზრახავს, მიანიჭოს ვენახის პატრონებსა ფინანსთა სამინისტრომ თხლე-ჭაჭისაგან არაყის ხდის გამო. იგი გაზეთი ამას ამბობს, რომ:
“მთავრობის სფეროში საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ამ ახალ წლის 1-ს ივლისიდამ ამიერ-კავკასიაშიც შეტანილ იქმნას ზოგადნი წესნი იმპერიისა არაყის ხდისათვის დადგენილნი და მომქმედნი. ამავე დროიდან შემდეგის ზომის ბაჟია დაწესებული თხლე-ჭაჭისაგან გამოხდილ არაყზედ. იმ არაყზედ, რომელიც გამოხდი-ლი იქნება შინაურის ქვაბითა თხლე-ჭაჭისაგან ვენა-ხების პატრონთაგან ამიერ-კავკასიაში, ჩერნოგორიაში, ყუბანისა და თერგის მხარეს, სტავროპოლის გუ-ბერნიაში, თუ ვინიცობაა არაყი გასაყიდად გაიტანება, გადახდება ორ კაპეიკნახევარი გრადუსზედ ტრალერის “სპირტომეტრით” შემოწმებულზედ. ორ წელიწადში ერთხელ გრადუსზედ თითო კაპეიკი ბაჟი მოემატება იმ დრომდე, ვიდრე იქამდე მივა, რომ ჭაჭის არყის ბაჟი მარტო ოთხის კაპეიკით იყოს ნაკლები პურის არაყის ბაჟზედა. დასამჟავებელი ჭურჭელი არაყის სახდელ ქარხნისა /საცა კი ქარხანაა და არა შინაური სახდელი ქვაბი/ უნდა იტევდეს არა ნაკლებ 360 ვედრასა.”

როგორც ეტყობა, შვება და შეღავათი ამ შემთხვევაში ორგვარია: ერთი თვითონ ზომა ბაჟისა, რომელიც გრადუსზედ 21/2 კაპეიკამდე ჩამოახდინა ახლად განზრახულმა კანონმა და მეორე ისა, რომ 360 ვედრიანი ჭურჭელი დაუწესებიათ მექარხნეთათვის გამოსახდელ მასალის დასამჟავებლად. ჩვენა გვგონია, ეს ამოდენა ჭურჭელი იმიტომ დაუვალებიათ მექა-რხნეთათვის, რომ წვრილმა ქარხანებმა შინაურს ქვაბებს ცილობა არ გაუწიონ გლეხკაცობას, რომელსაც მარტო შინაურ სახდედლის ქვაბის შოვნის ღონე ძლივა აქვს, ხელიდამ არ გამოაცალონ ის გამორჩომა და სარფა, რასაც შინ გამოხდა ჭაჭა-თხლისა მოუტანს. ღმერთმა ჰქმნას, ეს ახლად განზრახული კანონი კარგად მოუხდეს ჩვენს ქვეყანასა და იგი სიმდიდრე, რომელიც აქამდე ჩვენი გლეხ-კაცობა იძულებულიყო თითქმის გადაეყარა აწ მომქმედ საბაჟო წესის წყალობითა, უკანვე დაუბრუნდეს და უწინდელებრ ხელის გასამართავ წყაროდ შეექმნეს.


ილია ჭავჭავაძე

Last Updated on პარასკევი, 10 აპრილი 2009 14:14