საქართველო 1946 - 1992 წლებში. საბჭოთა სისტემის კრიზისი. სსრ კავშირის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 12:41

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ რამოდენიმე წელიწადში ომამდელ დონეს გადააჭარბა. მწყობრში ჩადგა ახალი მსხვილი საწარმოები, ჰიდროელექტროსადგურები, შახტები, სარწყავი არხები და სხვ. მაგრამ ამასთან ერთად, ხელისუფლება კვლავ მძიმე იდეოლოგიური პრესის ქვეშ ამყოფებდა საზოგადოებას. ისევ იწყება რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მხოლოდ სტალინის სიკვდილმა შეაჩერა (1953 წ.).

ახალმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სათავეში ედგა ნ. ხრუშჩოვი, შეარბილა შიდაპოლიტიკური რეჟიმი. ამასთან, 30 - 40 - იან წლებში ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება მხოლოდ სტალინს გადააბრალა. არაფერი ითქვა თვით საბჭოური სისტემის მანკიერებაზე. კომპარტიის XX ყრილობაზე 1956 წლის თებერვალში სტალინის პიროვნების კულტის მხილება არსებითად სტალინის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ანტისტალინური კამპანია იღებდა ისეთ შეფერადებას, თითქოს მის რეპრესიულ აქციებს, გარკვეულწილად, დიქტატორის ქართული წარმომავლობა განაპირობებდა.

სტალინის კრიტიკა განსაკუთრებით მწვავედ განიცადა ქართულმა ახალგაზრდობამ, რომელსაც მანამდე ოფიციალური იდეოლოგია სტალინისადმი ფანატიკურ თაყვანისცემას აჩვევდა. ამასთან შეურაცხყოფილი იყო ქართველთა ეროვნული გრძნონებიც. 1956 წლის 3 მარტს თბილისის უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო ცალკეული მანიფესტაციები, 5 მარტისათვის კი სიტუაცია ქალაქში უმართავი გახდა. ეწყობოდა დემონსტრაციები და მიტინგები, სადაც შეკრებილნი მოითხოვდნენ სტალინის რეაბილიტაციას, აკრიტიკებდნენ XX ყრილობის გადაწყვეტილებებს. ამ გამოსვლებში არაფერი იყო ანტისაბჭოური, მაგრამ ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო ეგზალტირებული ახალგაზრდების პროტესტი. 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა თბილისის ცენტრში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 100 - ზე მეტი და დაიჭრა 300 - მდე ადამიანი (ზუსტი ციფრები უცნობია).

ფაქტობრივად, მარტის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებმა დაკარგეს კომუნისტური იდეოლოგიის რწმენა. 60 - იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო ეპოქა, რომელსაც შემდეგ "უძრაობის" პერიოდი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მიმდინარეობდა გრანდიოზული "კომუნიზმის" მშენებლობები, სხვადასხვა რანგის პარტიული და სახელმწიფო ფუნქციონერები უპატაკებდნენ ზემდგომ ორგანოებს ახალ-ახალი მიღწევების შესახებ, სინამდვილეში მათი სიტყვები საქმის რეალურ მდგომარეობას სულ უფრო ცილდებოდა. ტოტალური ხასიათი მიიღო კორუფციამ. ოფიციალური პროპაგანდისა უკვე აღარავის ჯეროდა.

სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი თვალთმაქცობა და სიყალბე მორალურად რყვნიდა საბჭოთა საზოგადოებას. 60-იანი წლებიდან საქართველოში, ისევე როგორც სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებში, ფართოდ იკიდებს ფეხს ე.წ. "ჩრდილოვანი ეკონომიკა", რაც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის ქვეყანაში ეკონომიკის ობიექტური კანონების უგულებელყოფის შედეგი იყო.

არსებული სისტემის წინააღმდეგ საზოგადოების მოწინავე ნაწილის პროტესტის ყველაზე რადიკალური გამოხატულება იყო დისიდენტური მოძრაობა, რომელიც საბჭოთა კავშირში 60-იანი წლებიდან იწყება. ქართველი დისიდენტებიდან აღებული კურსის ერთგულებითა და სულიერი სიმტკიცით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მერაბ კოსტავა (1938-1989). იგი არაერთხელ იყო დაპატიმრებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ, სასჯელს იხდიდა რუსეთის შორეულ ბანაკებში.

80-იანი წლების დამდეგისათვის უკვე ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ძირმომპალ საბჭოთა წყობილებას მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა. 1985 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მ. გორბაჩოვმა სცადა კარდინალური რეფორმებით დაეძლია კრიზისი. დაიწყო "გარდაქმნა", მაგრამ ამ პროცესთან დაკავშირებული ლიბერალიზაცია და საჯაროობა საბჭოთა კავშირისათვის ბოთლიდან ამოშვებული ჯინი აღმოჩნდა. გარდაქმნის არქიტექტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ რკინითა და სისხლით ნაგებ საბჭოთა სისტემას დემოკრატიული თავისუფლებებისადმი "იმუნიტეტი" არ გააჩნდა და, როგორც შედეგი, დაიწყო ამ სისტემის სწრაფი რღვევა.

საქართველოში გარდაქმნა, პირველ რიგში, ეროვნული მისწრაფებების გაძლიერებით გამოვლინდა. 1987 წელს შეიქმნა პირველი ლეგალურად მომუშავე ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. მოკლე ხანში სხვა მსგავსი ორგანიზაციებიც ჩამოყალიბდნენ. ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც 1988 წლისათვის ფართო მასშტაბები მიიღო, სათავეში ჩაუდგნენ ციხეებიდან განთავისუფლებული ქართველი დისიდენტები. მალე დაუფარავად იქნა წამოყენებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელიც გარდაქმნის მიუხედავად პერიოდულად ისევ ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით მართვას, თბილისის ცენტრში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჯავშანტექნიკა და ჯარები გამოიყვანა. 1989 წლის 9 აპრილს, ღამით, მიტინგი გარეკეს. მოკლული იქნა 20 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ქალები. აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის ანგარიშსწორება მოხდა იმ ადგილას, სადაც 1956 წლის 9 მარტს დაიღვარა პირველი სისხლი.

მაგრამ 1989 წელს საერთო სიტუაცია სსრ კავშირში უკვე სრულიად სხვა იყო. 9 აპრილის სისხლიანმა აქციამ აღაშფოთა არა მარტო მთელი საქართველო, არამედ რუსეთის მოწინავე საზოგადოებაც, რომელმაც მტკიცედ გაილაშქრა მომხდარი ფაქტის წინააღმდეგ. საქართველოში იმ დღეებში ადგილი ჰქონდა გასაოცარ ეროვნულ ერთიანობას. ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია.

9 აპრილის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობამ რესპუბლიკაში ყოველგვარი გავლენა დაჰკარგა. ეროვნული მოძრაობა გახდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სამწუხაროდ, ამ მოძრაობის ლიდერთა შორის ერთსულოვნება არ იყო. მ. კოსტავა, რომელიც ცდილობდა ეროვნულ ძალთა ერთიანობის შენარჩუნებას, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები საბოლოოდ გაიყვნენ ორ ბანაკად, რომელთაგან მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერით, პირველ რიგში, სარგებლობდა პოლიტიკური ბლოკი "მრგვალი მაგიდა". ამ ბლოკის აღიარებული ლიდერი იყო ყოფილი დისიდენტი, სპეციალობით ფილოლოგი ზვიად გამსახურდია (1938 - 1993). სწორედ მისმა პირადმა პოპულარობამ საზოგადოების გარკვეულ წრეებში განაპირობა "მრგვალი მაგიდის" დამაჯერებელი გამარჯვება (ხმათა 62%) 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში (პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში 1921 წლის შემდეგ). ასე მშვიდობიანად მოეღო ბოლო საქართველოში კომუნისტების მმართველობას.

ზ. გამსახურდია მალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში შიდაპოლიტიკური სიტუაცია რესპუბლიკაში სერიოზულად დამძიმდა. გამსახურდიას მოუქნელი, ამბიციური პოლიტიკის გამო უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა ხელისუფლებაში მოსულ "მრგვალ მაგიდასა" და ეროვნულ მოძრაობის ოპოზიციაში დარჩენილ ნაწილს შორის. დაიძაბა ვითარება ავტონომიებშიც, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეთნიკური უმცირესობები შეშფოთებულნი იყვნენ გამსახურდიას ნაციონალისტური ფრაზეოლოგიით. თუ აფხაზებთან მოხერხდა ნაწილობრივი კომპრომისის მიღწევა 1991 წელს, ოსებთან კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამისი საბაბი გახდა საქართველოს პარლამენტის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება, რაც, თავის მხრივ, პროვოცირებული იყო ოსების მიერ, ცალმხრივად, ავტონომიური ოლქის სუვერენულ რესპუბლიკად გამოცხადებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი პერიოდის საქართველოში განვითარებული ეთნოკონფლიქტების (და ასევე თვით ქართულ ეროვნულ მოძრაობაში მომხდარი განხეთქილების) ერთ-ერთი მიზეზი, ადგილობრივ რადიკალთა ქმედებების გარდა, იყო, როგორც ჩანს, საკავშირო სუკ - ის შენიღბული საქმიანობა, რომელიც იყენებდა ნაცად იმპერიულ მეთოდს - "გათიშე და იბატონე".

საბჭოთა ცენტრთან ურთიერთობაში გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის კურსს ადგა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მაგრამ ამ აქტმა, როგორც ცალმხრივად გამოცხადებულმა, მაშინ საერთაშორისო აღიარება ვერ მოიპოვა.

1991 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ ფეთქებადსაშიშ დონეს მიაღწია. კატალიზატორის როლი შეასრულა თბილისში პოლიციის მიერ ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის დარბევამ. განხეთქილება მოხდა თვით გამსახურდიას უახლოეს გარემოცვაშიც. პრეზიდენტს განუდგა მისი ძირითადი ძალოვანი სტრუქტურის - ეროვნული გვარდიის - დიდი ნაწილი. 1991 წლის 22 დეკემბერს ამბოხებულ გვარდიასა და პრეზიდენტის სასახლის დაცვას შორის სამხედრო მოქმედებები დაიწყო. "თბილისის ომი" 6 იანვრამდე გაგრძელდა და დასრულდა გამსახურდიას საქართველოდან გაქცევით. შეიარაღებულმა ბრძოლამ, რომლის დროსაც მხარეები არტილერიასა და რეაქტიულ ჭურვებს იყენებდნენ, საგრძნობლად დააზიანა ქალაქის ცენტრალური უბანი.

სანამ თბილისში ეროვნული მოძრაობის ორი ფრთა ერთმანეთთან ანგარიშსწორებით იყო დაკავებული, მსოფლიოში დიდმნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა: დაიშალა საბჭოთა კავშირი და მსოფლიომ დე-ფაქტო, შემდეგ კი დე-იურე აღიარა მასში შემავალი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

საქართველოს იურიდიული აღიარება, აქ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო შედარებით გაჭიანურდა. მაგრამ ამ მხრივ გარღვევა მოხდა ქვეყანაში ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსის, ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ (1992 წ., მარტი). ე. შევარდნაძე 70 - 80 - იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს ხელმძღვანელი იყო, კარგად იცნობდა ადგილობრივ სიტუაციას. სამშობლოში მისი დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედს უნერგავდა, რომ ბოლო მოეღებოდა გაჭიანურებულ ანარქიასა და ქვეყანა სტაბილიზაციის გზას დაადგებოდა. შევარდნაძემ მართლაც მალე მოახერხა ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერება; პროცესის გადაყვანა პოლიტიკური ხერხებით დარეგულირების სიბრტყეში. მაგრამ მდგომარეობა აფხაზეთში და დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში, სადაც მოქმედებდნენ გამსახურდიას მომხრეთა შეიარაღებული რაზმები, დაძაბული რჩებოდა.

ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება და გარდამავალი პერიოდის დროებითი უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩადგომა, მსოფლიოსათვის გახდა სიგნალი იურიდიულად ეცნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა. უკვე 1992 წლის 23 მარტს ეს გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნებმა, იმავე წლის 31 ივლისს კი საქართველო მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მის 179-ე სრულუფლებიან წევრად. ამრიგად, საქართველო კვლავ ჩადგა თავისუფალ სახელმწიფოთა რიგებში. აღსრულდა ის, რაზეც ოცნებობდნენ ქვეყნის საუკეთესო შვილები XIX და XX ს - ის უდიდეს მონაკვეთზე.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე