საქართველო 1921 - 1945 წლებში Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 12:34

ლენინური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კომუნისტები აქტიურად შეუდგნენ თავის მოწინააღმდეგე ძალთა დათრგუნვას და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. გაუქმებულად გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და არჩევითი ორგანოები, არაპროლეტარული პარტიები. მოისპო მიწაზე კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ხელში გადავიდა მთელი მრეწველობა, რკინიგზები, ფლოტი, ბანკები და სხვ. დამსჯელი ორგანოები მასობრივად ხვრეტდნენ ან გადასახლებაში აგზავნიდნენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ ეჭვმიტანილ პირებსაც. განსაკუთრებით, ყოფილ ოფიცრებს, თავად-აზნაურობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ათეიზმის დანერგვის მიზნით კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს; მარტო 1922 - 1923 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია იქნა დანგრეული.

სისხლიანი ტერორის მიუხედავად 1921 - 1924 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ანტიკომუნისტურ გამოსვლებს. მაგრამ ისინი დაქსაქსულ ხასიათს ატარებდნენ და ხელისუფლება ადვილად ახერხებდა მათ ლოკალიზებასა და ჩახშობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1924 წლის აჯანყება. აჯანყებულებს კავშირი ჰქონდათ ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. დაგეგმილი იყო ერთდროული გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ კომუნისტებმა მოახერხეს შეთქმულთა რამდენიმე ლიდერის წინასწარ დაპატიმრება. ამიტომ, დაწყებულ აჯანყებას ორგანიზებული ხასიათი არ მიეცა და იგი სასტიკად იყო ჩახშობილი.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ოფიციალურად ეხლა ასე ეწოდებოდა ქვეყანას) თავდაპირველად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მაგრამ მის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი იდგა, ხოლო ქართველი კომუნისტები მხოლოდ მოსკოვის კარნახით მოქმედებდნენ. მოსკოვშივე იქნა შემუშავებული საბჭოთა საქართველოს შემდგომი სახელმწიფო მშენებლობის გეგმა, რასაც უნდა გაეადვილებინა მისი ჩართვა ერთიანი საბჭოეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში.

საქართველოს სსრ, ფაქტობრივად, ფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში 1921 წლის ბოლოს სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე შევიდა აფხაზეთის სსრ (1931 წლიდან - ავტონომიური რესპუბლიკა). გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (1921 წ.) და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (1922 წ.). თვით საქართველოს სსრ, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, ლენინის წინადადებით 1922 წელს გაერთიანებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციაში, რომელიც იმავე წლის ბოლოს შექმნილ სსრ კავშირში შევიდა. 1936 წელს ამიერკავკასიის ფედერაცია გააუქმეს, ხოლო საქართველო უკვე უშუალოდ იქნა შეყვანილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

20 - იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა სახელმწიფოში გამალებული ტემპებით იწყება ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, რომლის ნამდვილი მიზანი იყო არსებული რეჟიმის მაქსიმალურად გაძლიერება. საქართველოში შენდება მრავალი ფაბრიკა და ქარხანა, ჰიდროელექტროსადგური, შახტები, გაიზარდა მანგანუმისა და ქვანახშირის ამოღება. სოფლის მეურნეობაში ფართოდ ინერგება ტექნიკური კულტურები; განსაკუთრებით, ჩაი და ციტრუსები, რომლებითაც გამიზნული იყო უზარმაზარი საბჭოთა ბაზრის დაკმაყოფილება. მაგრამ დამკვრელურ ტემპებში აგებული საწარმოები დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდნენ, სახნავ-სათესი ფართობების ზრდა მიმდინარეობდა ტყეების მასობრივი გაჩეხვის ხარჯზე. მთელი რეგიონების მონოკულტურებისათვის დათმობამ, საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობას ტრადიციული ელფერი დაუკარგა.

კომუნისტური დოგმატიკა სსრ კავშირში სოციალიზმის აშენების მთავარ პირობად ინდუსტრიალიზაციასა და კოლექტივიზაციასთან ერთად თვლიდა კულტურულ რევოლუციას. ამიტომ, 20 - 30 - იან წლებში საქართველოში სწრაფად იზრდება საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა. ვითარდება მეცნიერება, ხელოვნება. 1940 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. მაგრამ სწორედ ამ დროიდან შემოქმედებით ინტელიგენციას, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს უკიდურესად შეეზღუდათ ინდივიდუალური აზროვნების შესაძლებლობანი. ყველაფერი დაუმორჩილეს კომუნისტური დიქტატურის იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირის მრავალმილიონიანი მოსახლეობის საბოლოო დაშინებისა და სულიერი გატეხვის მიზნით სტალინურმა ხელმძღვანელობამ 30 - იანი წლების მეორე ნახევარში ფართო გასაქანი მისცა რეპრესიებს, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის არსებობის პირველივე დღეებიდან ჰქონდათ ადგილი, მაგრამ განსაკუთრებით მასობრივი ხასიათი მიიღეს 1937 - 1938 წლებში. საქართველო სსრ კავშირის ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანი იყო, სადაც რეპრესიული მანქანა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული წლების განმავლობაში აქ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრიტეს, ხოლო ათობით ათასი - გადაგზავნილი იქნა "გულაგის" ბანაკებში, სადაც მრავალმა მათგანმა ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული. რეპრესირებულთა შორის იყვნენ ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. მათ შორის ქართული კულტურის ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები როგორც მწერალი მ. ჯავახიშვილი, პოეტები ტ. ტაბიძე და პ. იაშვილი, რეჟისორი ს. ახმეტელი, მეცნიერი-ფილოლოგი გრ. წერეთელი, დირიჟორი ე. მიქელაძე და სხვ.

მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობდა სოფლადაც, სადაც საყოველთაო კოლექტივიზაციას, რომელიც ამ პერიოდში დასრულდა, ათასობით გლეხის სიცოცხლე შეეწირა.

30 -იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესანიშნავი კადრები იმსხვერპლეს, რასაც არ შეიძლება დარტყმა არ მიეყენებინა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის, მაგრამ სწორედ ამ რეპრესიების წყალობით საზოგადოებაში დანერგილმა ყოვლისმომცველმა შიშმა უფრო განამტკიცა ავტორიტარული სტალინური რეჟიმი და საშუალება მისცა მას მოეხდინა საბჭოთა კავშირის მთელი ძალების ტოტალური მობილიზება გერმანიასთან ომში, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები პრაქტიკულად არ ყოფილა (მხოლოდ 1942 წ. ზაფხულში შემოიჭრნენ გერმანელები აფხაზეთში და მცირე ხნით დაიკავეს იქ ერთი სოფელი), მაგრამ ქვეყანამ ოთხწლიან ომში საერთო საქმისათვის თავისი დემოგრაფიული და მატერიალური რესურსების მაქსიმუმი გაიღო.

საქართველოში, რომლის მოსახლეობა 1940 წ. შეადგენდა 3 612 ათას ადამიანს, მობილიზებული იქნა და მოქმედ არმიაში გაიგზავნა 700 ათასზე მეტი კაცი, რომელთაგან 300 ათასზე მეტი უკან არ დაბრუნებულა. საქართველოს წარგზავნილთა ნაწილი იბრძოდა ეროვნულ ქართულ დივიზიებში, უმრავლესობა კი მრავალეროვანი საბჭოთა არმიის დანარჩენ ნაწილებსა და შენაერთებში იხდიდა მხედრულ ვალს.

ქართველები იბრძოდნენ აგრეთვე პარტიზანულ რაზმებში, როგორც სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ასევე ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ქართველთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანიის მხარეზე აღმოჩნდა და მისი დროშის ქვეშ იბრძოდა. მათგან ბევრი მოქმედებდა იმ მოტივითა და შეგნებით, რომ გერმანიის გამარჯვება საქართველოს განთავისუფლებას მოუტანდა. მაგრამ ასეთთა რიცხვი სრულიად უმნიშვნელო იყო იმ ლეგიონებთან შედარებით, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ სსრ კავშირის გამარჯვებისათვის.

საბჭოთა არმიის ქართველ მეომართა უმრავლესობას გულწრფელად სწამდა, რომ ისინი იცავდნენ "სოციალიზმის მონაპოვარს", რომელიც მაშინ კომუნისტური პროპაგანდის მიერ უმაღლესი ღირებულების რანგში იყო აყვანილი. ამასთან ქართველმა ჯარისკაცმა იცოდა, რომ სადაც არ უნდა ებრძოლა მას, მოსკოვთან, უკრაინაში თუ ვოლგაზე, იგი ამავე დროს საქართველოსაც იცავდა ომის საშინელებებისაგან და იმ მონობისაგან, რაც ჰიტლერულ რეჟიმს მოჰქონდა მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებისათვის.

იგივე მოტივები ამოძრავებდათ ზურგის მშრომელებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მტერზე გამარჯვების საქმეში. საქართველოს მთელი ეკონომიკა ფრონტისათვის მაქსიმალური დაძაბვით მუშაობდა. კვალიფიცირებული მუშახელის დიდი ნაწილის არმიაში გაწვევის მიუხედავად, რესპუბლიკის მანქანათმშენებელმა და ლითონდასამუშავებელმა საწარმოებმა გააორკეცეს პროდუქციის გამოშვება. ომში წასული მუშების მაგივრად ჩარხებთან მათი ცოლები, დები, შვილები დადგნენ. გამოშვებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და ფორმის ტანისამოსის დიდი რაოდენობა; აშენდა 200 ახალი საწარმო. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამზადების გეგმებს გადაჭარბებით ასრულებდნენ. საქართველომ შეიფარა აგრეთვე მრავალი ათასი ევაკუირებული ადამიანი ნაცისტების მიერ დროებით ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიებიდან, რესპუბლიკის სახელგანთქმულ კურორტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში კი მკურნალობას გადიოდნენ დაჭრილი საბჭოთა მებრძოლები.

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ დიდ გამარჯვებაში, რომელიც ფაშიზმთან ბრძოლაში მოიპოვეს საბჭოთა კავშირის ხალხებმა.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე