ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლა (XIII - XV სს.) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 12:00

რუსუდანის მეფობის დროს ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში თავი იჩინა შინაგანმა კრიზისმა, რამაც შეარყია ქვეყნის ძლიერება და გახდა გარეშე მტერთან ბრძოლაში ქართველთა მძიმე დამარცხებების მიზეზი. კერძოდ, 1225 - 1231 წწ. საქართველოში რამოდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა ხვარაზმშაჰმა ჯალალ ად-დინმა. მან თბილისიც კი აიღო და მისი ქრისტიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტა. მართალია, ამის შემდეგ მალე თვითონ ჯალალ ად-დინიც დამარცხდა მონღოლებთან ბრძოლაში და დაიღუპა, მაგრამ მისი თარეშით დასუსტებული საქართველო უფრო ძლიერი მტრის - მონღოლების პირისპირ აღმოჩნდა. 1243 წ. რუსუდან დედოფალი იძულებული გახდა ოფიციალურად ეცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა.

მონღოლებს არ გაუუქმებიათ ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ქართველთა წინააღმდეგობის შედეგი იყო. დამპყრობლები იმას დასჯერდნენ, რომ საქართველოს მეფე აღიარებდა ჩინგიზიდების უზენაეს ხელისუფლებას, გადაიხდიდა ყოველწლიურ ხარკს და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებოდა მათ სამხედრო ძალით.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტს ორი პრეტენდენტი გაუჩნდა: გიორგი ლაშას ვაჟი, ულუ-დავითი და რუსუდანის ვაჟი, დავით-ნარინი. მონღოლებმა 1247 წ. ორივე უფლისწული ერთდროულად დაამტკიცეს მეფეებად, რაც, ცხადია სახელმწიფოს დაშლის წინაპირობას ჰქმნიდა.

მონღოლთა ბატონობა მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს. ყოველწლიურად დიდი ხარკის გაღებამ ქვეყნის ეკონომიკას საფუძველი მოურყია. გარდა ამისა, ქართველებს რეგულარულად უხდებოდათ მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა, რაც ისევ მატერიალურ ხარჯებთან და, რაც მთავარია, ადამიანთა მსხვერპლთან იყო დაკავშირებული.

შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად მეფე დავით-ნარინი 1259 წ. აუჯანყდა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ეს იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკური დაშლის დასაწყისი, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველო, მისადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო სომხეთთან ერთად, ულუ-დავითისა და მისი მემკვიდრეების ხელში დარჩა, როგორც მონღოლთა იმპერიაში შემავალი ავტონომიური სამეფო.

აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები ამ დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ცნობილია მათ მიერ ორგანიზებული აჯანყებები 1260-1261 და 1297-1311 წლებში, რომლებსაც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მოჰყვა. მონღოლთა ბატონობისაგან საქართველოს საბოლოო განთავისუფლება მოხდა მეფე გიორგი V ბრწყინვალეს დროს (1314-1346 წწ.). გიორგი V -მ შემოიერთა აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სამეფო და, ამრიგად, აღადგინა ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობა.

განთავისუფლებული საქართველო აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ XIV ს-ის 80-იანი წლებიდან ქვეყანას ახალი მტერი მოევლინა თემურლენგის სახით. ეს მრისხანე შუააზიელი დამპყრობელი 1386-1403 წლებში 8-ჯერ შემოესია საქართველოს და სასტიკად ააოხრა იგი, გაჟლიტა ან ტყვედ წაიყვანა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი განადგურება, რაც კი გადახდენია ქართველ ხალხს მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად ამისა, თემურმა მაინც ვერ მოახერხა საქართველოს სრული დამორჩილება.

თემურლენგის ლაშქრობებმა ფეოდალურ საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს: კატასტროფულად დაეცა ეკონომიკა, შემცირდა მოსახლეობა, ქვეყანა კულტურული დაქვეითების გზას დაადგა. ქართველები ჩართულნი აღმოჩნდნენ იმ გაუთავებელ ომებში, რომლებსაც თემურლენგის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოები აწარმოებდნენ; ბოლო არ უჩანდა მომთაბარე ტომების შემოსევებს.

XV ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თურქი ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ 1453 წ. ქვეყანას ქრისტიანულ ევროპასთან კავშირი მოუსპო. საქართველო მარტო აღმოჩნდა მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში, იქცა მათი პერმანენტული აგრესიის ობიექტად.

განუწყვეტელი ომები, ეკონომიკისა და კულტურის დაქვეითება გახდა საქართველოს შინაგანი განვითარების შეფერხების მიზეზი. დაიწყო სტაგნაციის ხანგძლივი პერიოდი, რისი ერთ-ერთი შედეგი იყო ქვეყნის პოლიტიკური დაშლა. XV ს-ის ბოლოსათვის საქართველო დაიყო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. მაგრამ, არც ეს პატარა სახელმწიფოები იყვნენ უნიტარულ-ცენტრალიზირებული ერთეულები და, თავის მხრივ, შეიცავდნენ რიგ ვასალურ სამფლობელოებს, რომელთგან უძლიერესნი - სამეგრელოს, აფხაზეთისა და გურიის სამთავროები - მალე გამოეყვნენ იმერეთის სამეფოს და მისგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

სამეფო-სამთავროების შემადგენლობაში ყალიბდებიან კიდევ ნახევრად დამოუკიდებელი სენიორები - სათავადოები, რაც თავადის სამფლობელოს ნიშნავს (წოდება "თავადი" XV ს-ში გამოეყო გაბატონებულ კლასს). თავადები, მსხვილი მიწათმფლობელები, მეფეებისა და მთავრების ვასალები იყვნენ, მაგრამ თავის სამფლობელოებში სარგებლობდნენ ადმინისტრაციული, სასამართლო და საგადასახადო იმუნიტეტით; ჰყავდათ საკუთარი სამხედრო ძალები. ტერმინი "აზნაური" ამის შემდეგ მხოლოდ წვრილ ფეოდალს აღნიშნავს. აზნაურები მეფეების, მთავრების, თავადებისა და ეკლესიის ვასალები იყვნენ. ფეოდალი-ვასალების მოვალეობა თავისი სიუზერენების წინაშე, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურს გულისხმობდა.

საქართველოს პოლიტიკური დაშლის დროისათვის ქვეყანაში უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული იყო ბატონ-ყმური ურთიერთობები. გლეხებისა და ქალაქების ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობის დიდი ნაწილი მეფეების, ფეოდალებისა და ეკლესიის ყმა იყო. პირადად თავისუფალი გლეხების ფართო ფენა შემორჩა მხოლოდ საქართველოს მთიან რაიონებსა და აფხაზეთში.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე