საქართველო განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში (XI - XIII ს-ის პირველი მეოთხედი) Print E-mail
ავტორი ვებ-მასტერი   
პარასკევი, 10 აპრილი 2009 11:54

ისტორიული ქართული მიწებიდან ბაგრატ III -ის გარდაცვალების დროისათვის გაერთიანებული საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ კიდევ რჩებოდა თბილისი, რომელიც წარმოადგენდა პატარა მაჰმადიანური საამიროს ცენტრს, და სამხრეთ საქართველოს ნაწილი, რომელსაც 1001 წ. ბიზანტიის იმპერია დაეუფლა. ამიტომ ბაგრატ III-ის მემკვიდრეების მთავარი საზრუნავი ამ ტერიტორიების შემოერთება იყო.

გიორგი I (1014-1027 წწ.) უშედეგოდ ეომა ბიზანტიელებს ქართული მიწების დასაბრუნებლად. მისი ვაჟის, ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის დასაწყისში კი ბიზანტიელები თვითონ შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ბაგრატ IV იბრძოდა თბილისისა და ბიზანტიელთა ხელში დარჩენილი ციხესიმაგრეების გასანთავისუფლებლად, მაგრამ მან ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე მსხვილ ფეოდალთა პარტიკულარიზმისა და თურქ-სელჩუკთა შემოსევების გამო, რომლებიც საქართველოში პირველად შემოიჭრნენ 1064 წ.

სელჩუკთა შემოსევებმა განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის. საქართველო მათ მიერ სასტიკად იყო აოხრებული, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი გაჟლეტილი ან ტყვედ წაყვანილი. ამან აიძულა მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.) ხლებოდა სელჩუკთა დიდ სულთანს, მალიქ-შაჰს, და მისთვის ყოველწლიური ხარკის გადახდა აღეთქვა. მაგრამ ამანაც არ აღკვეთა ცალკეული თურქული რაზმების თარეში ქართულ მიწებზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქებში (მათ შორის თბილისშიც) სელჩუკთა გარნიზონები იდგნენ.

მდგომარეობა შეიცვალა XI ს-ის 90-იან წლებში, როდესაც მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ სელჩუკთა სახელმწიფო ანარქიამ შეიპყრო, ხოლო დასავლეთიდან მას ევროპელმა ჯვაროსნებმა შეუტიეს. შექმნილი ვითარება კარგად გამოიყენა საქართველოს ახალმა მეფემ, დავით IV (1089-1125 წწ.) მან 1097 წ. სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და დაიწყო ბრძოლა მათი საქართველოდან სრული განდევნისათვის. დავითი ენერგიული პიროვნება იყო, ნიჭიერი სარდალი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ აქციეს. ქართველებმა დავით მეფის ხელმძღვანელობით არაერთგზის დაამარცხეს სელჩუკთა ჯარები და 1122 წ. იერიშით აიღეს თბილისი, რომელიც საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა.

ქართული მიწების განთავისუფლების შემდეგ 1123-1124 წწ. დავით IV-მ სელჩუკები მეზობელი სომხური და აზერბაიჯანული პროვინციებიდანაც გარეკა, ხოლო ეს მიწები თავის სამეფოს შემოუერთა. ამრიგად, დავითის მეფობის ბოლო წლებში მისი სამფლობელოები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული.

დავით IV დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ქალაქების, გზების, ხიდების მშენებლობას, რამაც საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას შეუწყო ხელი. თავისი დროისათვის მეტად განათლებული, წიგნების მოყვარული მეფე ზრუნავდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებაზეც. მაგალითად, მისი მითითებით დასავლეთ საქართველოში, გელათის მონასტერთან შეიქმნა აკადემია, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, ასტრონომია, მათემატიკა, რიტორიკა, მუსიკა და სხვ. მეორე აკადემია დაარსებული იქნა იყალთოში (აღმოსავლეთ საქართველო). ასეთი მრავალმხრივი აღმშენებლობითი მოღვაწეობისათვის დავით IV-ს ქართველმა ხალხმა "აღმაშენებელი" უწოდა.

დავით აღმაშენებლის დროიდან იწყება ფეოდალური საქართველოს ე.წ. "ოქროს ხანა", - პოლიტიკური ძლიერების, ეკონომიკისა და კულტურის აყვავების ყველაზე გამორჩეული პერიოდი. გიორგი III-ისა (1156-1184 წწ.) და თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ეპოქაში საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. საგარეო ომები მეტწილად ქართული ჯარის გამარჯვებით მთავრდებოდა. თავისი მასშტაბურობით და პოლიტიკური შედეგებით ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შამქორის (1195 წ.) და ბასიანის (1203 წ.) ბრძოლები, სადაც ქართველებმა დაამარცხეს ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და მცირე აზიის გამგებელთა ძალები. თამარ მეფის ხანაში საქართველოს სახელმწიფო ამიერკავკასიის დიდ ნაწილს მოიცავდა, მისი პოლიტიკური გავლენა კი ვრცელდებოდა მეზობელ ტერიტორიებზე ჩრდილო კავკასიის მთიანეთიდან შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე, სადაც 1204 წელს თამარის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ბერძნულ-ქართული ტრაპიზონის იმპერია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა ქართული იარაღის წარმატებებს, იყო მრავალრიცხოვან ომებში დახვეწილი სამხედრო საქმე. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენდნენ მეფის მუდმივი ლაშქარი და ფეოდალურ სისტემაზე აგებული რაინდი-აზნაურების რაზმები, დამხმარე ძალას - მოკავშირეთა და მოქირავნეთა კონტინგენტები, ძირითადად ჩრდილო კავკასიიდან. XII-XIII ს-ის პირველ მეოთხედში ქართველებს შეეძლოთ ერთდროულად ველზე გამოეყვანათ 60-90 ათასი მეომარი. ეს იყო უმთავრესად ცხენოსანი ჯარი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული.

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰა ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.

ვაჭრობა-ხელოსნობის ძირითად ცენტრებს ქალაქები წარმოადგენდნენ. თბილისში XIII ს-ის დამდეგს 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აგრეთვე ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი და სხვ. საქართველო ვაჭრობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან.

XI-XIII ს-ის დასაწყისში ფეოდალურმა ქართულმა კულტურამ თავისი აყვავების უმაღლეს წერტილს მიაღწია. განვითარდა ფილოსოფიური აზროვნება, ისტორიოგრაფია, ფილოლოგია, საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ხელოვნება. XII ს-ის დასასრულს განეკუთვნება დიდი ქართველი მგოსნის, შოთა რუსთაველის შემოქმედება, რომლის პოემა "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია.

XII ს-შია შექმნილი აგრეთვე ქართული საისტორიო თხზულებათა ოფიციალური კრებული "ქართლის ცხოვრება". მასში ისე იქნა გაერთიანებული VIII-XII სს-ის ავტორთა ქრონიკები, რომ გამოსულიყო საქართველოს ისტორიის უწყვეტი აღწერა უძველესი ხანიდან კრებულის შედგენის დრომდე. შემდეგ, XVIII ს-მდე პერიოდულად ხდებოდა "ქართლის ცხოვრების" შევსება ახალ-ახალი თხზულებებით. ასე ჩამოყალიბდა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წერილობითი წყარო, რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს აგრეთვე კავკასიის სხვა ქვეყნების შესახებ.

განსახილველ პერიოდში შექმნილი ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები (XI ს.), გელათის მონასტერი, მეფის სასახლე გეგუთში, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესია-მონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა აგრეთვე ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.

თამარის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი IV ლაშა (1213-1222 წწ.). მისი მეფობის დასაწყისი ახალი სამხედრო წარმატებებით აღინიშნა. გამარჯვებებით ფრთაშესხმული გიორგი IV პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს საზღვრებს 1220 წ. მოულოდნელად ჩინგიზ-ყაენის მონღოლები მოადგნენ. მათთან ბრძოლაში მეფე გიორგი დაიჭრა და მალე გარდაიცვალა. საქართველოს ტახტზე ავიდა მისი და რუსუდანი (1222-1245 წწ.).


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე